„ბიძია, დამეხმარე, რა“! „5-10 კაპიკი ხომ არ გექნება?” „ღმერთმა დაგლოცოს, შვილო!“ - საქართველოში, ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ყური იდენტური ფრაზებისთვის არ მოუკრავს. მოწყალებას ითხოვენ ყველგან: პრესტიჟულ უბნებსა თუ გარეუბნებში და სოციალური უფსკრული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია, არსებობს, კიდევ უფრო ღრმავდება. არსებულ ვითარებას დრამატიზმს ბოშები სძენენ, რომელთათვისაც უსახლკარობა და გაჭირვება მემკვიდრეობითი რუტინაა, მათი მომაბეზრებელი სითავხედე კი, - პროფესიული უნარ-ჩვევა.
“სახელმწიფომ ისინი საზღვარზე არ უნდა შემოუშვას, რადგან ქუჩაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. ჩვენი მათხოვრებიც გვეყოფა!”
„ერთხელ, სააკაძის ბაღში ვიჯექი, გევრდით პარკი მედო, უცებ, მოვიდა „ციგანკა“, ხელი დაავლო პარკს და გაიქცა...“
„ბოშები ორგანიზებულად მათხოვრობენ, ეს მათი საქმიანობაა და ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანენ. ჯერ ნორვეგიიდან „დაადეპორტეს“, მერე - აზერბაიჯანსა და რუმინეთიდან. მგონი, ყველა აქ ჩამოვიდა”, - ასე აფასებენ თბილისელები ბოშებს.
ბოშები, ქართველი მათხოვრებისა არ იყოს, ბავშვებით სპეკულირებენ და, როგორც ჩანს, სამართალდამცავები ამაზე თვალს ხუჭავენ. რამდენჯერმე ვცადე, უშუალოდ მცირეწლოვან ბოშას გავსაუბრებოდი, მაგრამ უშედეგოდ - რამდენიმე ხმოვანი აღმოხდა და გაიქცა.
ერთი საინტერესო ფაქტის თვითმხილველიც გავხდი: პეკინის ქუჩაზე, ნახევრადშიშველ ბოშა ბავშვს გამვლელმა ტანსაცმელი მისცა, შემდეგ, პატრული გამოვიძახეთ და მის მოსვლამდე ვცადეთ, გაგვერკვია, თუ რა ხდებოდა ამ ბავშვის თავს, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ, ბოშა გაიქცა. უკან გავყევი, კვალი დავკარგე და გეზი სწრაფი კვების ობიექტებისა და რესტორნებისკენ ავიღე. გზად ისევ ის ბავშვი შემხვდა - ისევ ნახევრადშიშველი იწვა და ახალ „მსხვერპლს“ ელოდა. გამვლელისგან ნაჩუქარი ტანსაცმელი კი იქვე მდგარ შუა ხნის ბოშა ქალს ეჭირა...
ქუჩა გადავკვეთე და ბრიტანელ ტურისტებს გადავეყარე, ვკითხე, ქუჩაში ფულს თუ გთხოვენ-მეთქი. ტურისტმა ქამრის სარტყელს წაავლო ხელი და ტანსაცმლის ქაჩვა დაიწყო, შემდეგ, დამტვრეული ქართულით მითხრა:
- იციან, უცხოელი რომ ვარ და დოლარები ახსენდებათ.
ტურისტს გავეცალე და კვების ერთ-ერთ დაწესებულებას მივადექი. საუბარი დაცვის თანამშრომელს გავუბი:
- მოწყალების სათხოვნელად ხშირად შემოდიან?
- კი, მაგისთვის ვდგავარ.
- მხოლოდ ბოშები გაწუხებენ თუ ქართველებიც?
- ორივე. ისე, ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს და ამ დაწესებულებაში არც სხვა დაგელაპარაკება.
- ის მაინც მითხარით, ერთი და იგივე ხალხი მათხოვრობს, ან მათ წინააღმდეგ რა ზომებს იღებთ?
- თუ საკითხი ასე გაინტერესებთ, თვითონ გაარკვიეთ.
ქუჩის ბოლოს კიდევ ერთ რესტორანს მივადექი, მენიუ მოვიმარჯვე და საუბრის დასაწყებად მომენტს ვარჩევდი. ბოლოს, მიმტანს ვკითხე:
- ბოშები გაწუხებენ?
- „ციგნები“? კი, დაცვას ვეძახი და იმას გაჰყავს ობიექტიდან.
- ერთი და იგივე „ტიპები“ მოდიან?
- არა, ან შეიძლება, ერთი და იგივეცაა. სახეზე ვერ ვიმახსოვრებ.
რესტორნებში ჩემი ვოიაჟის მიზეზი იმის გარკვევა იყო, არსებობენ თუ არა ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც კვების ობიექტებს „აწიოკებენ“. ფაქტია: ყველა ბოშას თავისი ქუჩა აქვს და იქ „პატრულირებს“, ძირითადად, ბავშვები ითხოვენ მოწყალებას და შემდეგ, გამომუშავებული თანხა მოზრდილ ქალბატონებთან მიაქვთ. თუ ბოშები ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობენ და ამაზე სამართალდამცავები თვალს ხუჭავენ, სახელმწიფომ ბავშვთა ექსპლუატაცია მაინც არ უნდა დაუშვას. „ქართული სიტყვა“ სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა:
- მოწყალების მთხოვნელ ბავშვებზე, განსაკუთრებით ბოშებზე თუ გაქვთ ინფორმაცია? ისინი ქუჩაში მოწყალებას ჯგუფურად ითხოვენ, ამ ფაქტებს მონიტორინგს უწევთ?
- ასეთი ფაქტები სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშშია ასახული. ამ პრობლემას ცალკე ქვემუხლი დავუთმეთ და ამაზე ვმუშაობთ. გვაქვს პროგრამა, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის გარკვეული სახის მომსახურებას ითვალისწინებს. არსებობს სხვადასხვა სახის თავშესაფარი. აგრეთვე, მონიტორინგს ვუწევდით პროცესებს და სტატისტიკა დაფიქსირებულია ზემოხსენებულ, 2014 წლის მოხსენებაში. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ამ საკითხით მუდმივად ვინტერესდებით.
- მობილური ჯგუფები თუ გყავთ, რომლებიც უშუალოდ გაეცნობიან ბავშვთა პრობლემებს, რათა ქუჩას მოშორდნენ და თავშესაფრებში დაბინავდნენ?
- სამი მობილური ჯგუფი გვყავს, რომელიც დაკომპლექტებულია სოც. მუშაკებითა და ფსიქოლოგებით. ეს ადამიანები ცდილობენ, ბავშვებთან კონტაქტი დაამყარონ და შემდეგ, თავშესაფარში გადაიყვანონ. აგრეთვე, ბავშვებს ვეხმარებით დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, ვცდილობთ, ჩავრიცხოთ სკოლაში და მათი ყოფა ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებას შევუთავსოთ. ყველა ბავშვს ვეხმარებით, განურჩევლად ეთნოსისა. სამწუხაროდ, ბავშვებს, ზოგ შემთხვევაში, პროსტიტუციას აიძულებენ. ბევრია ოჯახში ძალადობის მსხვერპლიც. კონკრეტული ფაქტებით და „ქეისებით“ თუ ვინმე დაინტერესდა, შეუძლია, ჩვენს ანგარიშში იხილოს.
- მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე რეაგირებთ?
- კი, რა თქმა უნდა, გვირეკავენ და გვაწვდიან ინფორმაციას, როცა ქუჩაში უსახლკარო ბავშვს ნახავენ. ხშირად შსს არ რეაგირებს და ამიტომ პრობლემის მოგვარება ჩვენ გვიწევს, თუმცა თანამშრომლობას ისევ შსს-ს ვთხოვთ... არსებობს რეფერირების ბრძანება, რომელიც შსს-ზეც ვრცელდება, ანუ საპატრულო პოლიციას პასუხისმგებლობა ეკისრება, დააფიქსიროს ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ამას სათანადო რეაგირება მოაყოლოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბავშვი, რომელიც მოწყალებას ითხოვს, ძალადობის მსხვერპლია. მოკლედ, ამ კუთხით ბევრი პრობლემაა. არსებული სისტემა, რომლითაც ვაფიქსირებთ მსხვერპლ ბავშვებს, არაეფექტურია. უპატრონო ბავშვების უკანონო ქმედებების გამოძიებაც საკმაოდ პრობლემურია და შსს ძირითადად ჩვენი მიმართვის შემდეგ ინტერესდება ხოლმე.
სამწუხაროდ, ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი ბავშვების პრობლემა ხვალ და ზეგ ვერ მოგვარდება. ასეთი ვითარება მხოლოდ სახელმწიფოსი კი არ, ალბათ, საზოგადოების ბრალიცაა - გამვლელები იშვიათად თუ ინტერესდებიან იმ ბავშვების პრობლემებით, რომლებიც დღე და ღამე ქუჩაში არიან. ამ მოზარდების მომავალიც, ალბათ, ისეთივე პირქუშია, როგორიც მათი სახეები...