სოსო ცისკარიშვილი პრეზიდენტისა და პრემიერის ერთ კაბინეტში 8 საათით ჩაკეტვის ინიციატივით გამოდის
როგორ აფასებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას, რას ფიქრობს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებსა და ლარის კურსის გაუფასურებაზე, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირებაზე, შეურიგდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს და რამდენად სწორია ოპოზიციური პარტიის ლიდერის რუსეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგების მიზნით? - ,,ვერსიას' ,,ექსპერტთა კლუბის' პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.
ბატონო სოსო, დენის ტარიფი ლარის კურსის ცვლილებების გამო გაძვირდა და რას ფიქრობთ ,,ექსპერტთა კლუბში', რამ გამოიწვია ლარის მკვეთრი გაუარესება - მთავრობის ეკონომიკური გუნდის სისუსტემ თუ ერთ კონკრეტულ უწყებას სდებთ ბრალს?
- ლარის მიმართ ცალსახა განაჩენი უსაფუძვლო იქნება, რადგან ასეთ ცვლილებებს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ახლავს. ჩემთვის ის უფრო გასაკვირია, ვალუტის ცვლილებასთან დაკავშირებული პროგნოზები დროულად რომ არ გაკეთდა და დოლარს, რომელიც ამ პერიოდში ძლიერდებოდა, ყოველგვარი საყვედურის გარეშე, სულ ცოტა, ორი თვე მაინც ვაცალეთ. ვერ ვიტყვით, ჩვენი ვალუტის რყევა, რასაც უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში თვალს ვადევნებთ, ერთი სუბიექტის არასწორმა ქმედებამ განაპირობა... ერთი შთაბეჭდილებაც მინდა გაგიზიაროთ: როდესაც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საკმაოდ უკმეხად მოიხსენიებდა, ლარს ხანმოკლე, მაგრამ შესამჩნევი გამოჯანმრთელება დაეტყობოდა ხოლმე, თუმცა, როცა იგივე პირი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან გარკვეულ ქებას მოისმენდა, ლარს ,,გული უწუხდებოდა' და მაშინვე თავს იუფასურებდა. ჩვენი ხელისუფლებისა და მათ შორის პარლამენტის შეცდომაა, ეროვნული ბანკი, როგორც სუბიექტი და მისი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, როგორც მმართველი, ერთმანეთისგან ვერ გამიჯნეს და რატომღაც ჩათვალეს, რომ ჯავრი ორივეზე ერთად უნდა ეყარათ.
- ჯავრის ამოყრაში ,,ეროვნული ბანკის შესახებ' კანონში ცვლილებებს გულისხმობთ, რომლითაც ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის სამსახური უნდა გამოეყოს?
- დიახ... მუდმივი პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში ვიმყოფებით, რაც უპირველესად, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს ვნებს. ეს კანონიც ამის ერთ-ერთი დასტურია.
- სხვათა შორის, პირველიდან მესამე მოსმენამდე ანუ დამტკიცებამდე კანონპროექტში 60-ზე მეტი ცვლილება შევიდა. ახლა ირკვევა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეკომენდაციით, კანონი ისევ შესაცვლელია. გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის საბანკო სექტორი უნდა გადავაყოლოთ?
- ვინ მოამზადა ეს კანონპროექტი, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პერიოდში, 60-ჯერ უნდა შესწორებულიყო და ის სახე, რაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის მისაღები იქნებოდა, მაინც ვერ მიეღო? ეს ხომ პოლიტიკური აქციაა და არა კანონმდებლობის დახვეწის სურვილი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უკანასკნელ დღეებში პრემიერ- მინისტრისა და პრეზიდენტის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ?! სირცხვილია, გული მწყდება და მიკვირს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს რას ერჩის? ჯერ კიდევ 2013 წლის გაზაფხულიდან რატომ დაიწყო ასეთი თავდასხმები მისივე შერჩეულ პრეზიდენტზე? თანდათან იკვეთება, რომ ყველაფერი 10 000 კვ.მეტრი ფართობის ბრალია, თუმცა ასეც რომ არ იყოს, თუ ადამიანი აღიარებს თავის საკადრო შეცდომას სახელმწიფოს პირველი პირის მიმართ, როგორ ვენდოთ ამა თუ იმ თანამდებობაზე მეორე, მესამე, მეცხრე, ან მეასე კანდიდატის დასახელებისას? ფაქტია, კადრებისადმი ასეთი დამოკიდებულება, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელისთვის საქმიანობის სურვილის მომშლელია. ერთი მხრივ, ხედავ, რომ რიგით მოქალაქედ თვითმომნათვლელმა ბატონმა ბიძინამ ალიაქოთი ატეხა პრეზიდენტის ინსტიტუტის ირგვლივ, მეორე მხრივ კი ამბობს, არაფერში ვერევიო. არ გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი ისეთი შეზღუდული ცნობიერების ადამიანი, ვერ ხვდებოდეს ან არ წუხდეს პრეზიდენტთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე. დარწმუნებული ვარ, პრემიერ- მინისტრი და პრეზიდენტი 8 საათით ერთ კაბინეტში რომ შეუშვათ და კარი გარედან გადაუკეტოთ, ერთმანეთს ერთ უკმეხ სიტყვას არ ეტყვიან, არც იკამათებენ! ამიტომ რაც მალე დავასრულებთ ცეცხლზე ნავთის დასხმას, უკეთესი იქნება. არადა, სწორედ ამ სპორტითაა დაკავებული დღეს ,,ქართული ოცნების' ელიტა, სადაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის ავტორის, თამაზ მეჭიაურის სახით, ახალი სოლისტი გამოჩნდა. მეჭიაური გულწრფელად გამოტყდა, ვერ გავიგე, რა ილაპარაკა პრეზიდენტმა ამ კანონთან დაკავშირებითო, მაგრამ, როგორც კი მისი განცხადება მოვისმინეთ, თურმე, საბანკო კანონის ცვლილება იყო საჭირო, რათა დავემოძღვრეთ, როგორ დაკარგა ამომრჩევლები პრეზიდენტმა, რომელიც გზააბნეული ღამურას რეჟიმშია, ყველაფერი დალაგდა. ამის შემდეგ კიდევ ვინმე იტყვის, რომ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა არ არის, როდესაც ერთი ადამიანის საამებლად, საკუთარ შერჩეულ პრეზიდენტს ასე ექცევით? ქართულ მედიას რომ გადახედოთ, იმდენ ნეგატიურ ინფორმაციას წაიკითხავთ საკუთარ ქვეყანაზე, რომ შემდეგ, ნატო- სა და ევროკავშირზე საუბარი უხერხულია. არ ვარ ტრფიალი რუსული ანდაზის - ,,сор из избы выносить нельзя', ეს რუსული სოციალიზმის ფორმულაა, მე კი დემოკრატიის მომხრე ვარ და მე-18 საუკუნის ირლანდიელი მწიგნობრის, ოლივერ გოლდსმიტის ანდერძს ვიზიარებ, რომლითაც თუ შეცდომას დაუშვებთ, უპირველეს ყოვლისა, ხმამაღლა უნდა განაცხადოთ. მარტივად რომ ავხსნათ, პრობლემა კი არ უნდა დავმალოთ, მხოლოდ მაშინ უნდა ვილაპარაკოთ, თუ ეს ქვეყანას წაადგება!
- ბატონო სოსო, პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირების თემა განვავრცოთ, რას ნიშნავს მარგველაშვილის სიჯიუტე მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო და დაპატიჟების მიუხედავად, ოლიმპიადის გახსნასაც არ დაესწრო?
- მრავალი წელია ვიცნობ ჯერ სტუდენტს, ახალგაზრდა მეცნიერს, შემდეგ ძალიან საინტერესო მოქალაქეს, გიორგი მარგველაშვილს და ცნობილია რა, მისი პირადი თვისებები ჩემთვის, რასაკვირველია, თუ ბატონ ბიძინას დააინტერესებდა ჩემი აზრი, ვეტყოდი, თქვენს მიერ შერჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი თქვენზე ნაკლებად ჯიუტი არ გეგონოთ- თქო! უპირველეს ყოვლისა, გიორგი მარგველაშვილი უაღრესად პატიოსანია, ფასეულობები და ცნებები ერთმანეთში არ აურევია, მაგრამ, როდესაც მის სიჯიუტეზე მასზე ჯიუტი წარმდგენი საუბრობს, გასაოცარია. ივანიშვილი უნდა მიმხვდარიყო, რომ ზოგიერთი მისი რჩეულისგან განსხვავებით, მარგველაშვილი ,,პრივატიზაციას' არ ექვემდებარება! ის თავისუფალი მოქალაქეა, რომელსაც საკუთარი აზრი და ამ აზრის არგუმენტაციის უნარი აქვს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ,,ქართული ოცნების' ელიტაში ყალიბდება ტრადიცია, როდესაც პრეზიდენტის ლანძღვა- გინებით, საკუთარ პოლიტიკურ შემქმნელს მუდმივად ერთგულებას უმტკიცებს და ეს ცუდია. ესაა ერთგულების ფიცი ,,ქართული ოცნების' იმ წევრთათვის, რომელთაც საკუთარი სავარძლები ურჩევნიათ ადამიანურ და მოქალაქეობრივ ავტორიტეტს.
- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა აკაკი ბობოხიძის ძმა შეიწყალა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალიასა და ვანო მერაბიშვილის შეწყალებასაც აპირებს.
- ეს ,,ქართული ოცნების' ოცნებაა... სხვათა შორის, თუ სასჯელებსა და ბრალდებებს გადავხედავთ, ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სიმწრის ღიმილი დაეუფლება. ეს ადამიანები ახლა ციხეში სხედან და მათი ბრალდებების დამძიმების მსურველი არ გახლავართ, მაგრამ ვიდრე ვინმეს შეიწყალებენ ან პატიმრობას მიუსჯიან, იქნებ, საჯაროდ გააცნონ საზოგადოებას, რა ბრალდებით დააკავეს. ჰკითხონ საზოგადოებას, რაიმე სხვა ბრალდებები ხომ არ გაუგიათ მათთან დაკავშირებით? რაც შეეხება კაკო ბობოხიძის ძმის შეწყალებას, ამას პრეზიდენტზე თავდასხმის ქარიშხალი მოჰყვა, მაგრამ სტალინის დროსაც კი აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, როდესაც მამის გამო, შვილი ზარალდებოდა ან პირიქით! 20 000 ლარი გაფლანგა და ამის გამო იჯდა ციხეში, მაგრამ პროკურატურის უნიათობის ბრალია, ამ ადამიანს სხვა ბრალდებები რომ ვერ დაუმტკიცდა. ახლა, როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა, რასაც მასზე თავდასხმების ქარიშხალი მოჰყვა, ნურავის ვეტყვით, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ არსებობს! პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა არ შეიძლება!
- ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე ახსენეთ, შეურიგდით?
- არ გვიჩხუბია, მეტიც, არც კი გვიკამათია. თავს უფლებას ვაძლევ, რომ თავისუფლად გამოვხატო საკუთარი აზრი, თუმცა ეს ზოგიერთი ტელეკომპანიისთვის უკვე აკრძალული აღმოჩნდა.
- ,,გურიანიუსისთვის' მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა, შეხვდეს და ,,იდისკუსიოს' ექსპერტებთან, რათა ერთად განიხილონ, კონკრეტულად რომელი წინასაარჩევნო დაპირება შესრულდა და რომელი არა. ,,ექსპერტთა კლუბის' პრეზიდენტი ბრძანდებით, გაქვთ სურვილი, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეთ და ,,იდისკუსიოთ'?
- მოხარული ვარ, რომ თქვენგან მაინც გავიგე მისი ამ ინიციატივის შესახებ, რადგან სამწუხაროდ, ეს ინტერვიუ არ მინახავს. რასაკვირველია, სიამოვნებით ვეცდები, შევხვდე, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, ბატონ ბიძინას ამის სურვილი ექნება. გიმეორებთ, პირადი შეუთავსებლობა მასთან არ მაქვს, მეტიც, პატივს ვცემ მის უზარმაზარ ამაგს ამ ქვეყნის წინაშე და გული მწყდება, რომ თავად ერჩის საკუთარ თავს!
- ხომ არ იცით, კონკრეტულად რა საკითხებზე იმსჯელეს ბიძინა ივანიშვილმა და არაბმა შეიხმა ნახევარსაათიან შეხვედრაზე?
- ამ შეხვედრას არ დავსწრებივარ და არც ისეთ აპარატურას ვფლობ, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში მოსმენას შევძლებდი. შესაბამისად, ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ არაბები, მაგრამ ზუსტად ვიცი, საქართველოთი ირანელი ინვესტორები დაინტერესდნენ. მას შემდეგ, რაც ცივილიზებულმა დასავლეთმა ირანს სანქციები მოუხსნა, რამდენიმე დღეში ამ ქვეყნიდან სხვადასხვა დელეგაცია ჩამოვიდა და უკვე ბიზნესწინადადებების შეთავაზებაც დაიწყო, ამიტომ ეს წინადადებები უნდა გამოვიყენოთ, რათა შავი ზღვის ზოლით დავაინტერესოთ, თანაც სწორედ ჩვენსავე საკუთარ, აფხაზეთის მონაკვეთზე. შესაძლოა, ეს რუსეთიდან დამატებითი სანქციის ფასად დაგვიჯდეს, მაგრამ არაფერია. ისეთ ტვირთმზიდ მცურავ საშუალებებს, როგორებიც ნავთობის გადასატანად ირანს აქვს, არც ერთი სხვა სახელმწიფო არ ფლობს და ცხადია, ჩვენი შავიზღვისპირეთი ამ ქვეყნისთვის საინტერესოა.
- ბატონო სოსო, ცნობილია, რომ ნინო ბურჯანაძესთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. რამდენად სწორია, ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსეთში რომ ჩადის და ცდილობს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაალაგოს? ეს ოპოზიციური პარტიის ლიდერის საქმეა?
- საქმე ბევრად მარტივადაა: ქვეყანაში ოპოზიცია არსებული ხელისუფლების ოპონენტია, მაგრამ როდესაც საზღვრებს სცდება, ამ ქვეყნის დესპანი უნდა იყოს. როდესაც საზღვარგარეთ საკუთარი ხელისუფლების დისკრედიტაციას იწყებ, გასარკვევია, რა სჭარბობს ასეთ ოპოზიციონერში - საკუთარი თავით ტკბობა თუ სახელმწიფო ინტერესები? არ მგონია, ქალბატონ ნინოს საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი გაეკრიტიკებინა... ამ დარგში სხვა ოპოზიციური სუბიექტები ბევრად წარმატებულები არიან...
- ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს გულისხმობთ?
- არა მარტო. რაც მთავარია, ქალბატონი ნინოსთვის მოსკოვი უცხო გარემო არ გახლავთ, მან უმაღლესი განათლება მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ნაცნობობაც შესაბამისი აქვს და ცხადია, სერიოზული კონტაქტებიც. ნებისმიერ ადამიანს ვგულშემატკივრობ, რომელიც საქართველოს ინტერესების დასაცავად, საზღვარგარეთ მოქმედებს. სამწუხაროდ, თბილისში დაბრუნებულ ბურჯანაძეს, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის არცერთი პირი არ შეხვდა, თურმე, დრო ვერ გამონახეს. უკაცრავად, მაგრამ ქალბატონი ნინო პლისეცკაიას იუბილეზე კი არ წასულა, ეს იყო გრანდიოზული კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა. რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებს თავი რომ დავანებოთ, მსოფლიო გლობალიზაციის კარიბჭესთან ატუზული ქვეყანა ვართ და იქნებ, ხელისუფლების წარმომადგენლები ოდნავ მაინც დაინტერესებულიყვნენ, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ამ კონფერენციაზე! ნუთუ, შეიძლებოდა, ასეთი ინფორმაციის მქონე ადამიანს არ შეხვედროდნენ?
- საქართველოს ხელისუფლების პასუხი ასეთია: 6 ქვეყანასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციას შეუერთდა!
- ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო! უკეთესი იქნებოდა, ეს სანქცია ძველებურად მიძინებული ყოფილიყო. მსგავსი მკაცრი სანქცია არავის გამოუცხადებია რუსეთისთვის. დღემდე დამამძიმებელია მისთვის ჩვენი სანქცია და ესაა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა. პუტინოფობიით შეპყრობილ არც ერთ სხვა ევროპულ ქვეყანაში ასეთი აზრიც კი არავის მოსვლია!