პრემიერის გარდაცვალების დღემდე უცნობი ოთხი დეტალი _ რას იხსენებს მარინა მოლოდინი
ეს ზაფხულის სეზონის ბოლო არა-ჩვეულებრივი ინტერვიუ, მართლაც, არა-ჩვეულებრივია _ ადამიანი, რომელიც ცხონებულ ზურა ჟვანიასთან 1990-იანი წლების პირველი ნახევრიდან მეგობრობდა, პრემიერის ბუნდოვან გარდაცვალებაზე საუბრისას ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან, დღემდე უცნობ დეტალზე ამახვილებს... 1995, 1999 და 2003 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი მარინა მოლოდინი, რომლის აქტიური მეცადინეობითაც თავის დროზე მთის კანონი იქნა მიღებული, ერთერთი მათგანია, ვინც ,,ჟვანიას გუნდში' მისი გარდაცვალების შემდეგაც დარჩა. ,,არჩევანი გარდაცვლილი მეგობრისა და სიმართლის სასარგებლოდ გავაკეთე... საერთოდ, ზურასთვის ბევრჯერ უღალატიათ, მაგრამ ყველას პატიობდა. ჩემი აზრით, სწორედ ამ პატიებამ დაღუპა', _ ამბობს სამი შვილის დედა მარინა მოლოდინი, რომლის ერთი პირმშოს ნათლია ზურაბ ჟვანია იყო, მეორის კი გია ბარამიძეა...
მარინა, ხარშილაძე- ძაძამიას სასამართლოდან რას ელი?
- არაფერს, უფრო სწორად, რასაც ველოდი, ის ხდება.
- რას ელოდი?
- რას და, ნაციონალების დაქირავებული ზურას ყოფილი ,,მეგობრები' გამოვიდოდნენ და დავალებას გაახმოვანებდნენ. ეს ადამიანები ზურას საწინააღმდეგოდ ყველაფერს იკადრებენ და იტყვიან. არც ის გამიკვირდება, ხარშილაძემ და ძაძამიამ, რომლებიც, ჩემი აზრით, ამ მკვლელობის თანამონაწილენი არიან, თავი ჩაგრულის როლში გამოიყვანონ. მოკლედ, ყველაფერს გააკეთებენ, თავიანთი ნამოქმედარი ,,გააპრავონ'!
- ესე იგი, პრემიერის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგაც დარწმუნებული ხარ, რომ ეს მკვლელობა იყო?
- დიახ, მკვლელობა იყო და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს.
- აზრი ერთია, მტკიცებულებები - მეორე. ხარშილაძე- ძაძამიას პროცესიდან მკვლელობის ნიშნები ჯერჯერობით არ იკვეთება...
- როგორც ვიცი, სასამართლო ხარშილაძე- ძაძამიას საქმეს იხილავს: მათ კანონით მინიჭებული უფლება არ შეასრულეს - დაცვის ობიექტი მიატოვეს. რაც შეეხება ჟვანიას საქმეს, გამოძიება ჯერ დასრულებული არაა, თუმცა ძალიან ბევრი ახალი დეტალი და მოწმე არსებობს...
- ასეა თუ ისე, დაცვის წევრების სასამართლომ გარკვეული მითები დაანგრია. ასე, მაგალითად, წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ემიგრაციაშია, ამტკიცებდა, რომ დაინახა, როგორ შეიტანეს კორპუსში ტომრები. დაცვის წევრები ამას ადასტურებენ და ამბობენ, რომ რაულ უსუპოვის ცხედარი ჯერ ბინიდან გამოიტანეს, შემდეგ კი მიხვდნენ, შეცდომა დაუშვეს და უკანვე შეიტანეს...
- არ ვთვლი, რომ ხარშილაძე- ძაძამიას ,,აღსარებებით' რამე მითი დაიმსხვრა. სხვათა შორის, ნათელა მოდებაძე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, დაკითხული არაა... როცა სასამართლო მკვლელობის საქმის განხილვას დაიწყებს, მაშინ გამოჩნდება, რა გაქარწყლდება და რა არა. კობა ხარშილაძის მონათხრობი, რომ გვამი ჯერ გამოიტანა, შემდეგ კი დააბრუნა, ჩემთვის აბსოლუტური ზღაპარია. ის ცდილობს, თავისი დანაშაული როგორმე გადაფაროს, მაგრამ გადაფაროს კი არა, დაადასტურა, რომ ამ მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე და ,,გამპრავებელია'. ყველაფერს თავი დავანებოთ, ზურა მართლა იმ მდგომარეობაში რომ ენახა, რა მდგომარეობაშიც თითქოს ნახა, გვამის გადაადგილების უფლება ვინ მისცა?
- როგორც თვითონ ამბობს, ასე იმიტომ მოიქცა, რომ პრემიერის ღირსებას გაუფრთხილდა...
- ღირსებას კი არ გაუფრთხილდა, კვალი წაშალა. მეგობარი, რომელიც მეგობრის ღირსებას უფრთხილდება, ასეთ სისულელეებს არ ილაპარაკებს! ადამიანს, ვის ოჯახშიც დადიოდა, ვის შვილებსაც ასეირნებდა და ვის დედასაც ეფერებოდა, ასეთ სიბინძურეს არ დააბრალებს!
- მარინა, რა იცი, იქნებ, გულწრფელია?
- მისი გულწრფელობის არ მჯერა! ვიდრე მოასვენებდნენ, ზურას სახლში ვიყავით შეკრებილები, კობა ხარშილაძე მოვიდა, ნაციონალებს აგინებდა და ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარებოდა, რომ ეს მკვლელობა იყო.
- ამის მომსწრე კიდევ ვინაა?
- ძალიან ბევრი ვინმე. მთელი სამეგობრო იქ ვიყავით... ხარშილაძე რომ მოვიდა, გაფართოებული თვალებით ვუყურებდით.
- ანუ ჰკითხეთ, რა მოხდაო?
- დიახ, ყველას გვაინტერესებდა...
- და რა გიპასუხათ?
- იგინებოდა, მაგათი დედაცო და ამბობდა, რომ ზურა მოკლული იყო.
- კონკრეტულად ნაციონალებზე თქვა, მაგათი დედაცო?
- არა.
- აბა, რა იცი, რომ ნაციონალებს აგინებდა?
- ყველა ვთვლიდით, რომ მაგათი მოკლული იყო... კონკრეტულად ხელს დღესაც ვერავის ვადებთ... ვიცით, რომ მოკლულია, მაგრამ არ ვიცით, მკვლელობა რა ვითარებაში მოხდა. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს...
- ხარშილაძეს არ ჰკითხეთ, ნაციონალებზე ეჭვი რატომ ჰქონდა?
- ეს ისეთი სიტუაცია იყო, რომ არავინ არავის არაფერს ეკითხებოდა. შეშფოთებულები და გაოგნებულები ვიყავით, თუმცა მაშინვე, პირდაპირ ეთერში განვაცხადე, ეჭვი არ მეპარება, ზურა მოკლულია- მეთქი. სხვათა შორის, თავიდან გვჯეროდა, რომ ეს საქმე ძალიან მალე გაიხსნებოდა... ხარშილაძეს რა უნდა დავუჯერო, როცა მკვლელობის დროს რესტორანში ქეიფობდა, საიდანაც საბილიარდოში წავიდა...
- ყბადაღებული სეიფი ხარშილაძემ გახსნა თუ ძაძამიამ?
- ხარშილაძემ.
- ესე იგი, იმ დროს, როცა, შენი თქმით, ნაციონალებს აგინებდა, ხარშილაძეს სეიფი უკვე ,,გასუფთავებული' ჰქონდა?
- ამის შესახებ მაშინ არ ვიცოდით.
- მარინა, ამ დეტალის წამოტივტივების გამო, მოწმედ რომ დაგიძახონ, მზად ხარ?
- იმას ვლაპარაკობ, რაც იმ დღეს მოვისმინე...
- თუკი ხარშილაძე მაშინ ნაციონალებს აგინებდა, აბა, მერე ,,პლასტინკა' რატომღა შეცვალა?
- ზურას მკვლელობის მერე ხარშილაძე დაწინაურდა - გამგებელი გახდა, ძაძამიამაც ბიზნესი დაიწყო ანუ ეს ადამიანები დაასაჩუქრეს. ვერასოდეს დავუშვებდი, რომ ხარშილაძე და ძაძამია ნაცმოძრაობაში გავლენიანი ფიგურები გახდებოდნენ, მაგრამ ისინი სულგაყიდულები აღმოჩნდნენ.
- ეს ორი ადამიანი ზურას გვერდით როდის გამოჩნდა?
- სულ მის გვერდით იყვნენ... სიმართლე გითხრა, მათ ინტელექტზე დიდი წარმოდგენა არასოდეს მქონია.
- ჟვანია ორივეს ენდობოდა?
- სამწუხაროდ, ზურა ყველას ენდობოდა და სწორედ ამ ნდობამ დაღუპა...
- გარემოცვა, მათ შორის მეუღლე აცხადებს, რომ დიეტაზე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვალებამდე პრემიერმა ძეხვი მიირთვა... ამ შეუსაბამობაზე რაღას იტყვი?
- ამ საქმეში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა. დიახ, ნამდვილად დიეტაზე იყო - ვიდრე ზურას მოასვენებდნენ, ქალბატონმა რემამ გვითხრა, წუხელ, თორმეტს წუთები აკლდა რომ გავისტუმრე. მანამდე შევთავაზე, ევახშმა, მაგრამ ზურიკომ მითხრა, დიეტაზე ვარო... ამიტომ ნაკლებად მჯერა, რომ ზურამ ძეხვი ჭამა და კონიაკი დალია. მეორე შეუსაბამობა ისაა, რომ ჯერ თქვეს, ძეხვი სააკაძის მოედანზე მდებარე მაღაზიაში იყიდეს, მერე აღმოჩნდა, თურმე საბურთალოს ქუჩაზე შეიძინეს...
- ეს შეუსაბამობა ცნობილია, მაგრამ მარინა, სხვა რამე გკითხე ანუ ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც პრემიერის კუჭში ძეხვისა და ალკოჰოლის ნარჩენებია აღმოჩენილი, ყალბია?
- სასამართლოზე ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ სხეულზე დაზიანებები ჟვანიასა და უსუპოვსაც სიცოცხლეში აქვთ მიყენებული... სხვათა შორის, აშშ-დან მოსული ექსპერტიზის დასკვნაც გააყალბეს - იქ სულ სხვა რამ წერია და სულ სხვა რამ წაგვიკითხეს.
- ნაციონალები არც უარყოფენ, რომ ამერიკული ექსპერტიზის უხერხული დეტალები არ გაასაჯაროვეს...
- იქ უხერხული არაფერი წერია. მაშინ დეპუტატი ვიყავი, პარლამენტში ამერიკული დასკვნის ასლები დაგვირიგეს, სადაც გარკვევით ეწერა, რომ იმ ბინაში გაზი სასიკვდილო არ ყოფილა...
- მარინა, გარდაცვალების შემდეგ ზურაბ ჟვანიას გვერდით რამდენიმე ადამიანი დარჩით. ნაციონალებს, მათ მხარეს რომ გადასულიყავი, რამე შემოუთავაზებიათ?
- იმ პერიოდში არა და ვერც შემომთავაზებდნენ, რადგან იცოდნენ, ზურას ერთგული ვიყავი. შეთავაზება მოგვიანებით იყო...
- მაინც როდის?
- როცა ოპოზიციაში, ზურაბ ნოღაიდელის პარტიაში წავედი...
- ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, თითქმის 2008 წლამდე, მიხეილ სააკაშვილთან, როგორც ვიცი, გარკვეული ურთიერთობა გქონდა... მიშასთვის ამ თემაზე არაფერი გითქვამს ან გიკითხავს?
- ზურას თემაზე მე და მიშას საუბარი მაშინ გვქონდა, როცა ჰოლანდიაში მივფრინავდით...
- ამ დროს პრემიერი რამდენი ხნის გარდაცვლილი იყო?
- რამდენიმე თვის... თვითმფრინავში მიშამ თვითონ დამიძახა და დაჟინებით მეუბნებოდა, ზურა მე არ მომიკლავსო!
- ეს თემა თავისი სურვილით წამოჭრა?
- დიახ.
- არ ჰკითხე, რატომ ამბობდა, ზურა არ მომიკლავსო?
- არა... იცოდა, ეს თემა ძალიან მაინტერესებდა და მითხრა, თვალებში აღარ მიყურებ, მაგრამ გეუბნები, ზურა მე არ მომიკლავსო. მივუგე, თუ არ მოგიკლავს, მაშინ გამოძიებას ხელი შეუწყვე- მეთქი.
- მარინა, ზურასთან 90-იანი წლების დასაწყისიდან მეგობრობდი... რასაც ახლა გკითხავ, გულწრფელად მიპასუხე: ჟვანიას ძმასთან, გოგლასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- არაჩვეულებრივი... დასასვენებლად ერთად დადიოდნენ, ბაზალეთზეც ერთად ჩამოდიოდნენ ხოლმე. გოგლა და მისი ცოლ-შვილი ქალბატონ რემასთან და წყნეთშიც ხშირად მინახავს...
- ნინო ქადაგიძე- ჟვანიასა და გოგლა ჟვანიას როგორი ურთიერთობა აქვთ?
- ნორმალური...
- ძმის გარდაცვალების შემდეგ, გოგლა ჟვანია პოლიტიკაში ჩაერთო და მეტ-ნაკლებად, პოლიტიკური ფიგურა გახდა... საზოგადოების მცირე ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ გარდაცვალების თემით სპეკულირება ხდება...
- არა, არა... ოჯახი მხოლოდ იმითაა დაინტერესებული, სიმართლე გაირკვეს და მკვლელი, ბოლოს და ბოლოს, დაისაჯოს...
- ერთი სიტყვით, ყასიდადაც არ უშვებ, რომ პრემიერი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა?
- არა!
- რატომ?
- ზურას რეიტინგმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ- მინისტრი გახდა.
- ეს რა შუაშია?
- მანამდე მისი რეიტინგი მაინცდამაინც მაღალი არ იყო, რადგან წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ტალახს ესროდნენ, მაგრამ სხვა პოლიტიკოსი, ვინც ამდენ სიბინძურეს ისე აიტანდა, როგორც ზურა იტანდა, არ მეგულება. მისი ეშინოდათ, ამიტომ საშიშროებას ვგრძნობდი, მით უმეტეს, ნაცმოძრაობას გულზე დიდად არ ეხატებოდა - ზურა ნაციონალთა სიბინძურეების ერთადერთი შემაფერხებელი ბერკეტი იყო.
- მარინა, თუკი ჟვანია რამეში ხელს უშლიდა, ვთქვათ, დაიჭერდნენ. მოკვლა რა აუცილებლობა იყო?
- ზოგი ამბობს, რომ ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო, მე კი მგონია, მკვლელობა შემთხვევით, ემოციურ ნიადაგზე მოხდა.
- მაშასადამე, ე.წ. საფერფლის ვერსიის გჯერა?
- არა... ყოველ შემთხვევაში, დაგეგმილი რომ ყოფილიყო, ისე მოკლავდნენ, საზოგადოებას ამდენი კითხვის ნიშანი არ გაუჩნდებოდა.
- შენი ვერსიით, ეს შემთხვევითი მკვლელობა სად მოხდა?
- ვფიქრობ, შავნაბადაზე, თუმცა დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი... საერთოდ, ამ საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, თუნდაც ის, თუ რატომ მოყვა იმ ღამეს პრეზიდენტი სააკაშვილი ავარიაში...
- ეს მილიონჯერ დასმული კითხვებია... როგორც მეგობარმა, ალბათ, იცოდი, რომ ჟვანიას ე.წ. კონსპირაციული ბინები ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარეობის დრო ჰქონდა, არა?
- შეიძლება, ჰქონდა, მაგრამ არა იმისთვის, რასაც ესენი ,,აცხობენ'. არ ვიცი, კონსპირაციული ბინა ჰქონდა თუ არა, მაგრამ რომც ჰქონოდა, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ იმის გარკვევა გვაინტერესებს, ეს მკვლელობა იყო თუ არა.
- მიშამ ხომ გითხრა, მე არ მომიკლავსო?
- მერე, რა? ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
- როცა გეუბნებოდა, ზურა მე არ მომიკლავსო, სააკაშვილი თვალებში გიყურებდა?
- კი, მიყურებდა.
- დაუჯერე?
- არა. თუ პრეზიდენტი ვარ და მეგობარს მიკლავენ, ყველაფერს გავაკეთებ, ეს მკვლელობა გავხსნა, მაგრამ ამის სურვილი ვერ დავინახე. პირიქით, ყველა მასალას ნაცარს აყრიდნენ და კვალს შლიდნენ, რომ მკვლელობა გაზსა და სექსუალურ ორიენტაციას დაკავშირებოდა.
- მარინა, ამ თემაზე სხვა დროს კითხვებს არ დავსვამდი, მაგრამ ყველაფერი უკვე ღიადაა ნათქვამი: ორიენტაციასთან დაკავშირებით, ალბათ, გახსოვს, 90-იანი წლების ბოლოს ვიდეო გავრცელდა, სადაც ისმოდა ფრაზა: ,,ჩემი კუტუნია ბიჭი'...
- სხვებს ამაზე უარესები აქვთ ნათქვამი, თან ეს ფრაზა არაფერს ნიშნავს. სხვათა შორის, ისინი, ვინც ამ ვიდეოში ჩანდნენ, მერე ნაცმოძრაობაში იყვნენ...
- ...რაულ უსუპოვი თქვენს წრეში პირველად როდის გამოჩნდა?
- ახლოს არ ვიცნობდი, პარტიის ოფისში ვხედავდი ხოლმე, თუმცა ყველა ამბობს, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო.
- მარინა, მოდი, შენს ანუ მკვლელობის ვერსიას გავყვეთ: ვთქვათ, პრემიერი მოკლეს, მაგრამ სხვა ადამიანის მოკვლა რაღა საჭირო იყო ან მაინცდამაინც უსუპოვი რატომ შეარჩიეს?
- როგორც ვიცი, უსუპოვის ნაცვლად სხვა უნდა ყოფილიყო. - ვინ სხვა? - ერთი ბიჭი, რომელიც ზურასთან დიდი ხანი მუშაობდა, მაგრამ ის ვერ მოძებნეს და ამიტომ უსუპოვს მიადგნენ.
- ყველაფერი ეს საიდან იცი?
- ეს ისაა, რაც მაშინ ჩვენი გუნდისგან მესმოდა...
- ე.წ. ჟვანიას გუნდი პრემიერის გარდაცვალებიდან რამდენი ხნის შემდეგ დაიშალა?
- ჩვენი ერთიანობა მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ოჯახს ჩამოცილდებოდნენ და საუბარს სხვა ვერსიაზე დაიწყებდნენ...
- ზურაბ ჟვანია შენი ერთი შვილის ნათლია იყო, გია ბარამიძე - მეორე შვილისაა ანუ არჩევანი შვილების გარდაცვლილ და ცოცხალ ნათლიას შორის გააკეთე...
- არჩევანი სიმართლეზე გავაკეთე! ვანო, წეღან გითხარი და ახლაც გავიმეორებ, შინაგანი განწყობა მქონდა, რომ ზურას, ადრე თუ გვიან, ჩამოიცილებდნენ. მკვლელობაზე კი არ ვფიქრობდი, არამედ მეგონა, პოლიტიკიდან წასვლას აიძულებდნენ და ეს მასთან ბოლო შეხვედრის დროსაც ვიგრძენი.
- ბოლო შეხვედრაზე რა მოხდა?
- ზურასთან, კანცელარიაში მივედი. მთის კანონზე ვსაუბრობდით და მითხრა, მალე ჩვენი ბიუჯეტი 4 მილიარდი გახდება, ჩამოწერე, მთისთვის საჭირო რა არის და დაგეხმარები, რომ მთა ავაღორძინოთო. სხვათა შორის, იმაზეც ვილაპარაკეთ, ,,გაერთიანებულ დემოკრატებს' ვაშლიჯვრის ოფისი შეგვენარჩუნებინა და არც ზურას გუნდი უნდა დაშლილიყო... ამასობაში, მოახსენეს, ვანო მერაბიშვილი მოვიდაო, სხვა ზურა დავინახე - ხელები აუკანკალდა. მივხვდი, ნაციონალებს ორი დემოკრატი ერთად არ უნდა ენახათ.
- ჟვანიამ გითხრა, კაბინეტიდან გასულიყავი?
- არა, ზურა ამას არ მაკადრებდა, მაგრამ მივხვდი, რაღაც ხდებოდა... ვანო შემოვიდა და ზურამ უთხრა, აი, მარინა მთის კანონთან დაკავშირებით მოვიდაო. ვანო მერაბიშვილს ვინ ეკითხებოდა, ზურასთან რისთვის ვიყავი ან ზურამ რატომ აუხსნა? - ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს... ამ შეხვედრის მერე გამიათმაგდა შიში, რომ ზურას მოიშორებდნენ...
- უცნაური მოცემულობაა: ბარამიძესა და სხვებს ბრალს სდებ, რომ ზურას მკვლელებთან დარჩნენ, ამ დროს ზურაბ ნოღაიდელს, რომელმაც ჟვანიას ადგილი დაიკავა - პრემიერი გახდა, ყასიდადაც არ საყვედურობ; მეტიც, როცა ოპოზიციაში წავიდა, მისი პარტიის სახე გახდი.
- საქმე სწორედ მაგაშია: მიშა ამ ამბავში სუფთა რომ ყოფილიყო, არავის ჰკითხავდა, პრემიერად ვინ დაენიშნა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მოვეთაფლეთ და ჩვენი გული მოეგო, შემოთვალა, გუნდი ვისაც გადაწყვეტს, ზურას სამეგობროდან პრემიერი ის გახდებაო. ნოღაიდელს პირველმა მე ვუთხარი, გვინდა, პრემიერ- მინისტრი შენ გახდე- მეთქი. მიპასუხა, გაგიჟდი, ქალოო?! მოკლედ, ნოღაიდელის გაპრემიერება მიშას კი არა, ზურას მეგობრების არჩევანი იყო.
- კი ბატონო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეგობრებმა საჯაროდ იეჭვეთ, რომ ჟვანია მოკლეს, ნოღაიდელმა, პროტესტის ნიშნად, პრემიერის პოსტი რატომ არ დატოვა?
- იმიტომ არ დატოვა, რომ გამოძიება ბოლომდე მისული არ იყო...
- გამოძიება არც ახლაა ბოლომდე მისული...
- ჰოდა, ველოდებით...
- მაინც ვერ გავიგე, თუკი ნოღაიდელი არა, ბარამიძე და სხვები რატომ აითვალწუნე?
- არავინ ამითვალწუნებია, უბრალოდ, მათ ისეთივე განწყობა აღარ აქვთ, რაც ზურას მკვლელობის პირველ დღეებში ჰქონდათ, ისინი ძალიან ცუდად იქცევიან და ველოდები სასამართლოს: მაინტერესებს, პროცესზე რას იტყვიან.
- ხათუნა გოგორიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკელების დასკვნა ნინო ჟვანია- ქადაგიძესთან ერთად აქვს ნანახი...
- ვანო, შინაგანად ერთსაც არ სჯერა, რომ ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა, მაგრამ სხვა გზა აღარ აქვთ, თორემ ის დასკვნა, ხომ გითხარი, მეც წაკითხული მაქვს და იქ სხვა არაფერი წერია, გარდა იმისა, რომ ბინაში არსებული გაზის დონე სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. გმირობა ყველას არ შეუძლია. ისინი ცხოვრობენ პრინციპით: ,,მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!'
- მარინა მოლოდინი გმირულად მოიქცა?
- საგმირო არაფერი გამიკეთებია! ისე მოვიქეცი, როგორც ნამდვილი მეგობრები იქცევიან - ის ვერსია, რასაც ცხვირში მტენიდნენ, არ დავიჯერე. მე დღესაც ზურას პრინციპით ვცხოვრობ და მინდა, თავისუფალი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო მალე ვნახო!
- ისიც უცნაურია, რომ მეგობრები ხარშილაძე- ძაძამიას პროცესს არ ესწრებით...
- ვის პროცესზე მივიდეთ?.. ხარშილაძის ნაბოდვარს მოვუსმინოთ?.. იმ სასამართლოზე მივალთ, როცა ჟვანიას მკვლელობის გამოძიება დამთავრდება და პროკურატურა საქმეს სასამართლოს გადასცემს!..
- მარინა, მართალია, ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ ხომ იცი, ინტრიგა მიყვარს. ჰოდა, უნდა გკითხო: ამ ნაციონლებს მიწაში კი დებ, მაგრამ დაგავიწყდა, მათთან მეგობრობდი?!
- კი, ვმეგობრობდი...
- ზურას გარდაცვალების მერეც მეგობრობდი...
- ძალიან ბევრ ნაციონალთან დღესაც ვმეგობრობ...
- თუკი ბარამიძესა და სხვებს განაციონალება არ ეპატიებათ, ნაციონალებთან მეგობრობა შენ რატომ გეპატიება?
- აქ ,,დიდ თავებზეა' ლაპარაკი, თორემ ის ნაციონალები, რომლებთანაც ვმეგობრობდი და ვმეგობრობ, ზურას მკვლელობას ისევე განიცდიდნენ და განიცდიან, როგორც მე და ჭირისუფლებად მედგნენ.
- ჟვანიას გარშემო უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ტრაგედიის ღამეს, როგორც ცნობილია, დაცვამ პირველად გია ბარამიძეს დაურეკა. რატომ გია?
- ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს გუნდში გია ბარამიძე ერთერთი ვაჟკაცი იყო... ალბათ უნდოდათ, მიეყვანათ და დადგმული სცენა ენახვებინათ, რათა მერე გაჩუმებულიყო...
- რომელი დადგმული სცენა?
- ის სცენა, რომელიც, როგორც ვიცი, ნინოსაც აჩვენეს.
- ანუ, ეს ის სცენაა, რაზეც ხარშილაძე საუბრობს?
- დიახ...
- ნაციონალები პრემიერის ქვრივს ფინანსურად დაეხმარნენ?
- როგორც ვიცი, ზურას ხელფასი და დაცვა, ვიდრე ბავშვები სრულწლოვნები გახდებოდნენ, შეუნარჩუნეს. ბადრი პატარკაციშვილიც ეხმარებოდა...
- მიშა ან სანდრა ზურას ოჯახს შეხვედრია?
- რამდენიმე შეხვედრა იყო... როგორც ვიცი, ხათუნა გოგორიშვილი აქტიურობდა... სხვათა შორის, 3 თებერვალს, როცა გვამი ჯერ კიდევ პროზექტურაში იყო, რესპუბლიკური საავადმყოფოდან ზურას სახლში წავედი და გიული ალასანია იქ დამხვდა - ქალბატონ რემას გვერდით ეჯდა...
- ცხედარი ნახე?
- მხოლოდ სახე... სხვათა შორის, როგორც კი ტუჩზე ნაჭდევი დავინახე, მაშინვე ვთქვი, რომ კლავდნენ, ალბათ, სიმწრისგან მოკვნიტა- მეთქი.
- ესე იგი, თავიდანვე ეჭვობდი, რომ მოკლეს?
- როგორც კი გავიგე, რომ გარდაიცვალა, მაშინვე მკვლელობის ვერსია გამიჩნდა... მახსოვს, დედაჩემმა გამაღვიძა, ტელევიზორი ჩართეო. მივუგე, რა იყო, ზურა მოკლეს- მეთქი?! არ ვიცი, ეს რატომ ვუთხარი... სასწრაფოდ ჩავიცვი და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავიქეცი...
- გარდაცვლილი პრემიერის გარშემო არის ისეთი რამ, რაც მარინა მოლოდინმა იცის, მაგრამ მალავს და არასოდეს იტყვის?
- ასეთი არაფერია... ...არ მინდა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ის ადამიანი ვერ ვნახო, ვინც ზურაზე ხელი ასწია და მოკლა! ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის პრესტიჟია: თუკი პრემიერის მკვლელობა შერჩებათ, მომავალში შეიძლება, კიდევ ბევრი პოლიტიკოსის მკვლელობის მოწმე გავხდეთ!
- მარინა, ერთი წამითაც არ უშვებ, რომ გამოძიებამ მკვლელობის მტკიცებულებები ვერ მოაგროვოს და სასამართლომ ძალაში ის ვერსია დატოვოს, რასაც ნაცონალები ამბობენ? მოვლენების ამ სცენარით განვითარება ჟვანიას გარემოცვისთვის ხომ უფრო დიდი ტრაგედია იქნება?
- ასე არ იქნება!
- ...ზეციურ საქართველოში ზურას რომ შეხვდე, რას ჰკითხავ?
- ვინ მოგკლა- მეთქი. სხვათა შორის, ახალი გარდაცვლილი იყო, ზურა სულ მორგში მესიზმრებოდა: მაგიდაზე წამოჯდებოდა და რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებდი. ბოლოს, თავი დავარწმუნე, როგორც კი დამესიზმრებოდა, გამეღვიძა და ჩამეწერა, რასაც მეტყოდა. ერთხელაც მითხრა, ჩემს მკვლელს ნუ ეძებთ, თვითონ მიშამ მომკლაო.
- მიშას ამ სიზმრის მერე ელაპარაკე?
- არა, მანამდე...