"მღებრიშვილი არც ისე დიდი ხანია, რაც მთავრობაშია, თუმცა, ვფიქრობ, იმ სფეროს, რომელსაც თავკაცობდა, კარგად უძღვებოდა. მას აქვს სათანადო განათლება და გამოცდილება, აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, არა მგონია, მაინცდამაინც დიდი ლობირება დასჭირვებოდა მის კანდიდატურას. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მისი კანდიდატურის შერჩევა საკადრო დეფიციტის პირობებში მოხდა. ეს ვითარება ლამის დააკანონა წინა ხელისუფლებამ, რომელმაც ლამის ჩვეულებრივ ამბად აქცია სახელისუფლებო კარუსელი. ერთი და იგივე პირი ხან განათლების მინისტრი იყო, ხან სასჯელაღსრულების და ხანაც თავდაცვის...", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ფრთხილად - პოლიტიკურმა კატათაგვობანამ მთავარი გამოწვევები არ დაგვავიწყოს" / "არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენდა სანქციების ფორმალიზება რუსეთის წინააღმდეგ".
"რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რა ხანია მესმის, რომ მას ცვლიან, თუმცა ეს ვარაუდები არ მართლდება. ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე თანამდებობებზე პირთა შერჩევის მიდგომები არ შეიცვლება და ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ის საუკეთესო პრემიერი ეგონება. გამიხარდა კახი კახიშვილის დანიშვნა. მას კარგად ვიცნობ, კომპეტენტური და სანდო ადამიანია, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირებთან შეკამათება არასდროს უჭირდა. პირადად ვარ ამის შემსწრე "ექსპერტთა კლუბში". ვფიქრობ, შსს-ში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ახლა მთავარია, ახალი უსაფრთხოების სამსახური დაკომპლექტდეს პროფესიონალი, სანდო კადრებით და ის არა ხელისუფლების უსაფრთხოების გარანტი იყოს, როგორადაც წინა ხელისუფლების დროს იქცა, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ეს დავიდარაბა საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით უკავშირდება ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტისადმი მის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას. მაპატიონ და, ძალიან მეეჭვება, პრეზიდენტზე ლაპარაკისას ღარიბაშვილი, კალაძე და სხვები მთლად საკუთარ აზრს გამოხატავდნენ. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ კომიკურიც კი იყო პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი მეჭიაურის შეფასებები, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლიდან ვერაფერი გაიგო, არადა, ეს გამოსვლა იყო კარგად არგუმენტირებული და დასაბუთებული. ეჭვი მაქვს, ან ბატონი მეჭიაურისთვის მართლაც ჩინურია მსგავსი გამოსვლები, ან ისიც ცდილობს, ბატონ ბიძინას ასიამოვნოს. გარდა იმისა, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა, პარლამენტის წევრებს უნდა ხელეწიფებოდეთ საგნობრივი დისკუსია და არა მხოლოდ იმაზე ლაპარაკი გაუთავებლად, რომ თურმე პრეზიდენტმა დაკარგა თავისი ამომრჩევლები", - განაგრძობს რესპონდენტი.
"კრიტიკულ დამოკიდებულებას მშვენივრად უპასუხა თვითონ პრეზიდენტმა, როდესაც თქვა, რომ მან ფიცი "ქართული ოცნების" კი არა, სახელმწიფოს წინაშე დადო. რასაკვირველია, რომ არა ივანიშვილი, მარგველაშვილი ვერც მინისტრი იქნებოდა, ვერც ვიცე-პრემიერი და ვერც პრეზიდენტი, მაგრამ ის ღირსებები, რაც აქვს მარგველაშვილს, არც 2012 წელს შეუძენია და არც 2015-ში. ადამიანი რაც იყო, ისევ ის არის. თუ ჩავუკვირდებით, რა ვითარებაა თუნდაც ამ საბანკო კანონთან დაკავშირებული გაუგებრობისას, მივხვდებით, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრის პოზიცია სრულიად არაადეკვატურია. როგორც ირკვევა, მას სურს, შემოდგომაზე ჩამოვიდეს სავალუტო ფონდის წარმომადგენელი, გაუკრიტიკოს ეს კანონი, რომელსაც, სავარაუდოდ, აუცილებლად მიიღებენ და შემდგომ შეიტანოს მასში დამატებითი შესწორებები. რა პოზიცია აქვს პრეზიდენტს? მან კონსულტაციები გაიარა, მოისმინა სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, მისი ვეტო სხვა არაფერია, თუ არა შეთავაზება, რომ კანონში ყველა მნიშვნელოვანი შესწორება შევიდეს სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა კრიტიკის გარეშე", - ამბობს ექსპერტი.
"აი, აქამდე მივიდა ორი უმაღლესი თანამდებობის პირის შეუთანხმებლობა. უმრავლესობის უმრავლესობა თვლის, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ბრალია და ის უპირისპირდება გუნდს. არადა, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია მარტო ერთი მხარე იყოს დამნაშავე. ზოგადად, ვიტყოდი, ფრთხილად - პოლიტიკურმა კატათაგვობანამ მთავარი გამოწვევები არ დაგვავიწყოს. ისე კი, ვისურვებდი, გვესაუბრა საქმეზე და არა ამა თუ იმ ნაბიჯის პოლიტიკურ გარნირზე... არა მგონია, გიორგი მარგველაშვილს მიდრეკილება ჰქონდეს, სადმე დეკორაციის ფუნქცია შეასრულოს. ჩემთვის სრულიად გასაგებია, რატომ შეიკავა მან თავი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრებისგან. მან ფესტივალისადმი თავისი პატივისცემა და დამოკიდებულება გამოხატა გახსნის მეორე დღესვე, როდესაც შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს", - განმარტავს სოსო ცისკარიშვილი.
"რაც შეესება დავით კეზერაშვილის ამოღებასს ინტერპოლის ძებნილთა სიიდან -პირდაპირ თავდასხმა მოაწყო "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტზე, როდესაც მან აკაკი ბობოხიძის ძმა შეიწყალა. ამ ისტერიკით ხელისუფლებამ გვარიანად დააფიქრა დასავლური სტრუქტურები, მათ შორის, ინტერპოლი იმის თაობაზე, ხომ არ არის ყოფილი ჩინოსნების დევნა სწორედ პოლიტიკური მოტივით განპირობებული. ვფიქრობ, ინტერპოლში ეს ეჭვი არსებობდა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მარგველაშვილზე თავდასხმით განუმტკიცა და შედეგიც მივიღეთ. ხომ ცხადია, რომ პროკურატურა ვერ თუ არ ახერხებს დაუმტკიცოს ინტერპოლს იმ პირთა დანაშაულები, რომელთა შესახებ გამოდის, საზოგადოებამ პროკურატურაზე ბევრი იცის. ახლა ხელახალ წრეზე აპირებენ წასვლას, მაგრამ მეეჭვება, ამისგან რამე გამოვიდეს", - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
"ტარიფის გაზრდის აუცილებლობა პრიმიტიული რეალობით შეგვიძლია ავხსნათ: როდესაც ნედლეულს ყიდულობ ერთი ვალუტით და სხვა ვალუტით ყიდი, იძულებული ხარ, გაითვალისწინო ამ ორ ვალუტას შორის არსებული თანაფარდობა და მისი ცვლილება. მართალია, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეს ფასთა ზრდა გამოიყენოს ხელისუფლების "მისაჯირყნად", მაგრამ მათი პოზიცია მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ვინც უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, აუცილებლად დადგებოდა ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით ტარიფების გადახედვის აუცილებლობა. ახლა, როდესაც `თელასმაც~ მიმართა განაცხადით სემეკს, იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება მოახერხებს და დეკემბრამდე, როდესაც უნდა დასრულდეს `თელასის~ მოთხოვნის განხილვა, ეროვნულ ვალუტას როგორმე მიუახლოებს იმ ნიშნულს, რომელიც თუნდაც შარშან ამ დროს იყო. ასეთ შემთხვევაში ტარიფი ან აღარ გაიზრდება, ან გაიზრდება უმნიშვნელოდ. ალბათ, ეს საკმაოდ რთული იქნება, ვნახოთ", - დასძენს ექსპერტი.
ხოლო შეკითხვაზე - "რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინას სანქციები დაუწესოს. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო და უკრაინა, კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო დაწესებულ შემზღუდველ ზომებს, კერძოდ, იქ ნაწარმოები პროდუქციის შესყიდვის შეზღუდვას. რას სახის სანქციებია მოსალოდნელი რუსეთისგან?" - პასუხობს:
"არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენდა სანქციების ფორმალიზება რუსეთის წინააღმდეგ. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს ე. წ. სანქცია წელიწადზე მეტია, რაც ძალაშია. სავარაუდოდ, ჩვენს ხელისუფლებაში ვერ მოიპოვეს შესაბამისი არგუმენტი ევროპელებისთვის და ეს იყო ერთგვარი რევერანსი ევროპის წინაშე. თუმცა კარგი იქნებოდა, ვიდრე ამ ნაბიჯს გადავდგამდით, შეგვეხსენებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა მასთან, რაც თავში არ მოსვლია არც ერთ იმ სახელმწიფოს, რომლებიც ახლა ტრაბახობენ ამ სანქციებით, მათ შორის, არც უკრაინას. ჩვენ ასევე 2008 წელს დავტოვეთ დსთ-ის სივრცე. სევასტოპოლიდან საქართველოში თევზს შემოვიტანთ თუ არა, სრულიად უმნიშვნელო მგონია, თუმცა ეს შესაძლოა იქცეს საკმარის მიზეზად რუსეთისთვის, რათა კონტრნაბიჯები გადადგას. თუმცა სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა მოიფიქრონ ახალი, რაც აქამდე არ გვიწვნევია რუსეთისგან. კარგი იქნებოდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მწვავე რეაქცია ჰქონოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ბატონი შოიგუს განცხადებაზე, რომ საქართველო არასდროს გახდება ნატოს წევრი".