საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი დამცველი გამოუჩნდა

საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი დამცველი გამოუჩნდა

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა პარლამენტის წევრებისთვის, გადახედონ თავის გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისითაც კი, ის ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვინაიდან არის უამრავი მუხლი, რომელიც შეიძლება წაიკითხოს სხვადასხვაგვარად. ეს სერიოზულ პრობლემას შექმნის სამომავლოდ. გარდა ამისა, იგი კონსტიტუციასთან არის შეუსაბამობაში. ასევე, შეუსაბამობაშია ასოცირების დღის წესრიგთან. კანონპროექტმა კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ნათელია, რომ ამ კანონის მიღების მიზანია, რასაც არც ინიციატორები უარყოფენ, რომ მოხდეს ეროვნული ბანკის დასუსტება, ეროვნული ბანკის გახლეჩა, ასევე საქართველოს პრეზიდენტის როლის შემცირება როგორც კონსტიტუციის, ძალთა ბალანსის გარანტი“, _ ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა. 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, რომ კანონში შესული შენიშვნები საბანკო სექტორმა მოამზადა, ეროვნულ ბანკს კი კონკრეტული წინადადებები მათთვის არ შეუთავაზებია: „ქადაგიძისგან მე შენიშვნა არ მომისმენია, გარდა იმისა, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს არ უნდა გამოეყოს. თვითონ იყო იმ სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც გამოიყო და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ გახდა, მერე შეიერთა. თვითონ როცა იყო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაიმეთი დაზარალდა? მაშინ საბანკო სექტორი არ დაზარალებულა? პრობლემა არ შეიქმნება თუ სწორად გაკეთდა ყველაფერი. უამრავ ქვეყანაშია მსგავსი პრაქტიკა, ცენტრალური ბანკიდან ზედამხედველობის სამსახური ამერიკაშია გამოყოფილი, სკანიდნავიის ქვეყნებში, ავსტრიაში, პოლონეთში, თურქეთში და ა.შ. ჩვენთან უფრო მკაცრი კრიტერიუმებია კანონში“.

 პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სრულად გამოიყენებს ათდღიან ვადას, რომელიც კანონის ხელმოსაწერად აქვს და საბოლოოდ, ასევე მოლოდინისამებრ, კანონს ვეტოს დაადებს. ის, რომ ქადაგიძის, პრეზიდენტის და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების სურვილები და მოსაზრებები ბოლო დროს ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, ახალი არაა. რეალურად კი... პრეზიდენტი აპირებს, პარლამენტს ალტერნატიული კანონპროექტი შესთავაზოს და ეს მაშინ, როცა სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობდნენ, რომ არსებობს ალტერნატიული კანონპროექტი, თუმცა ეს კანონპროექტი მათ პარლამენტში არ შეუტანიათ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პრეზიდენტი სწორედ ნაციონალების კანონპროექტს წარადგენს, რადგან ექსპერტთა ვარაუდით, გამორიცხულია, ათ დღეში ალტერნატიული კანონპროექტი მომზადდეს, ანუ იგი უკვე მზად უნდა იყოს, მზად კი ნაციონალებს აქვთ. 

„ჩემი ინფორმაციით, პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ გასაგები და მკაფიო წერილი მოიწერეს. დაველოდებით, რაზე ჩამოყალიბდება საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი, გაიზიარებს თუ არა მათ შენიშვნებს და თუ ეს შენიშვნები არ გაიზიარა, მაშინ ჩვენ ალტერნატიულ წინადადებას დავაყენებთ“,_ ეს განცხადება მიხეილ მაჭავარიანმა 6 ივლისს გააკეთა, თუმცა პროექტი თვალით არავის უნახავს. 

არადა, იმ კანონში, რომელსაც მარგველაშვილმა ვეტო უნდა დაადოს, საერთაშორისო ორგანიზაციების ძირითადი რეკომენდაციები გათვალისწინებულია და არსებობს მსგავსი საერთაშორისო პრაქტიკა; 
ახლა ირკვევა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის კანონზე ვეტოს გამოყენების შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსაც გააცნო, თუმცა შეხვედრის შემდეგ ამ საკითხზე ღიად არ უსაუბრია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის ვეტოს გამოყენების საფუძველი გაუგებარი აღმოჩნდა და განაცხადა, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში ეროვნული ბანკის საზედამხედველო სამსახურთან დაკავშირებით უნდა დაინერგოს, პოლონეთში ეფექტურად მუშაობს. 

_ კანონპროექტის დღეს არსებულ ვარიანტში საბანკო სექტორის მიერ მითითებული ხარვეზები გამოსწორებულია. მნიშვნელოვნად შეიცვალა თავად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და სააგენტოს უფროსის წარდგენის და არჩევის წესი, კერძოდ, საბჭოს 5 წევრს წარადგენს მთავრობა და არა პარლამენტის ცალკეული ფრაქციები, რაც პოლიტიკური მოტივირების საშიშროებას ქმნიდა. ამასთან, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა, საბჭოს შემადგენლობას დაემატა კიდევ ერთი წევრი ეროვნული ბანკის საბჭოდან, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო აირჩევს თავის შემადგენლობიდან. მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში, რომელიც ხარისხობრივად გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვისაა დაწესებული. 

„მთავარი პრობლემა არ არის საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამოსვლა, რადგან არის ქვეყნები, სადაც ინსტიტუციურად საბანკო ზედამხედველი, არათუ ეროვნულ ბანკთან არსებულ ფორმატშია დამოუკიდებელი ინსტიტუტის სახით, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია, არამედ საერთოდ გამოსულია ცენტრალური ბანკიდან (პოლონეთი, ფინეთი, შვეიცარია, ესტონეთი, ლატვია, შვედეთი, დანია, ისლანდია, მალტა, მონტენეგრო, ნორვეგია, თურქეთი, იაპონია და ა.შ) არამედ ის, რომ ბევრი დებულება ფუნქციათა გამიჯვნის საკითხებში წინააღმდეგობრივი ხასიათისა იყო და დუბლირების ელემენტებს ატარებდა. პრობლემური იყო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და ბოლო რიგის კრედიტორის უფლებამოსილების განხორციელების საკითხი“, _ განაცხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ.