რატომ გამწვავდა კავკასიის რეგიონში ვითარება და ვინ მოაბეზრა თავი მამუკა არეშიძეს

რატომ გამწვავდა კავკასიის რეგიონში ვითარება და ვინ მოაბეზრა თავი მამუკა არეშიძეს

ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პარალელურად, კავკასიის რეგიონში კონფლიქტური მდგომარეობა უფრო გამწვავდა: რუსეთი საქართველოში ე.წ. საზღვარს სწევს, აზერბაიჯანელები და სომხები მთიანი ყარაბაღის გამო უფრო აქტიურად დავობენ, თურქეთი ისლამურ სახელმწიფოს ღიად უცხადებს ომს, ჩვენი მეზობელი უკრაინაც ღიად ებრძვის რუსეთს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რეგიონში მსგავსი დაძაბულობა ჩვეული მოვლენაა, მისი განცხადებით საქართველოს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის არც ისლამური სახელმწიფოს მხრიდან.     პირდაპირი საფრთხე საქართველოს არ შეექმნება, რადგან ახლა, ,,კავკასიის ემირატისთვის' ჩვენი ქვეყანა არ არის პრიორიტეტი. ყოველთვის ვამბობდი, რომ დარტყმის ობიექტი შუა აზია იქნებოდა. პრაქტიკულად ერთი კვირაა, თურქმენეთის საზღვარზე ბრძოლები მიმდინარეობს. მართალია, ადგილობრივი ხელისუფლება ამას მალავს, მაგრამ ფაქტია, რომ 12 მესაზღვრეა დაღუპული. თურქმენეთის სამ პროვინციაში თალიბანის დაახლოებით 5-6 ათასი მეომარია თავმოყრილი. 

- რამდენიმე ხნის წინ თურქეთმა ისლამურ სახელმწიფოს ღიად გამოუცხადა ომი. ეს დაპირისპირება საქართველოზე როგორ აისახება? 
- კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს სტრუქტურა ჩამოყალიბებული არ არის. ისლამური ხალიფატი ვიღაცას არაორგანიზებული ძალა ჰგონია, რომელიც პარტიზანული მეთოდებით იბრძვის. თუმცა ასე არ არის. ერაყი იქნება ეს თუ სირია, ეს არის საარმიო სტრუქტურა. 

- სტრუქტურაში რას გულისხმობთ? 
- აი, მაგალითად, ერაყში ამ სტრუქტურას ხელმძღვანელობენ ერაყის ყოფილი ოფიცრები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სასწავლებლები და აქვთ დიდი გამოცდილება. კავკასიაში ასეთი ტიპის სტრუქტურა ჯერ არ შექმნილა. კი გაცემულია პროვინციის შექმნის ბრძანება. დანიშნულია ხელმძღვანელიც, მაგრამ ისლამურ ხალიფატს არ აქვს ურთიერთობა კავკასიის ემირატთან იმის მიუხედავად, რომ ბევრი მებრძოლი უკვე გადავიდა იქიდან. ასეთი სტრუქტურა საქართველოშიც არ არსებობს და ღმერთმა ნუ ქნას, შეიქმნას. ის ძალები, რომლებიც ხალიფატს უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ორგანიზებულები არ არიან. მათი ორგანიზებულობა გამოიხატება მხოლოდ სირიაში ხალხის გაყვანით. ისიც უნდა ითქვას, რომ ივლისში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. 

- თურქეთის ინიციატივით ნატო- ში სპეციალური შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას განიხილავენ. ეს ვითარებას უკიდურესად ხომ არ დაძაბავს? 
- პირველ რიგში ვითარების გასაანალიზებლად შემდეგი უნდა გავითვალისწინოთ - ყველა მსხვილ მოთამაშეს თავისი ინტერესები აქვს. რუსეთს, თურქეთს, აშშ-ს, ირანს, საუდის არაბეთს... ხალიფატის ლიკვიდაცია არავის აწყობს, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევს, მართონ. მაგალითად ირანს ხალიფატის არსებობით გაუჩნდა ლეგალური საფუძველი, რომ შიიტური ძალების ორგანიზება მოაწყოს ახლო აღმოსავლეთში. თურქეთი ამ თვალსაზრისით უფრო რთულ მდგომარეობაშია, რადგან თურქეთი არამარტო სირიას, არამედ თურქეთის მუშათა პარტიის წარმომადგენლებსაც ებრძვის. ისინი თავის მხრივ ებრძვიან ხალიფატს. თურქეთისთვის მიუღებელია სირიაში სადამის გამარჯვება. თურქეთის ბრძოლა ფართომასშტაბიანი არ იქნება. რომ არა ნატო- ს აქტიურობა, თურქეთი ამ ბრძოლას არც დაიწყებდა. ამის მიღმა ბევრი გეოპოლიტიკური თამაში დგას. 

- რამდენიმე ხნის წინ, უცხოური მედია აქტიურად განიხილავდა მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტის განახლებას. შესაძლებელია, მდგომარეობა აზერბაიჯანშიც გამწვავდეს? 
- ზოგადად, მდგომარეობა ყარაბაღის გარშემო ყოველთვის დაძაბული იყო. აზერბაიჯანი არ დაიწყებს საომარ მოქმედებებს, სანამ გამარჯვება გარანტირებული არ ექნება. ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში, აქაც მსხვილი მოთამაშეები მანიპულირებენ. ვიდრე არ იქნება მყარი გარანტია, თუნდაც თურქეთისგან, ის ასეთი წვრილ-წვრილი კონფლიქტებით შემოიფარგლება. 

- თურქეთი ახლა ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის და აზერბაიჯანისთვის არ სცალია... 
- ნამდვილად არ სცალია, ასე რომ, ყარაბაღის ზონაში კონფლიქტის გააქტიურებას არ ვვარაუდობ. თუ არ ვიგულისხმებთ წვრილწვრილ შეტაკებებს. ის შეხედულება, რომ კავკასიის რეგიონში არსებულ კონფლიქტებს საზოგადოება ერთმანეთს უკავშირებს, ჩემთვის ცნობილია, თუმცა გეტყვით, რომ დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში სულ იქნება, რათა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს არ ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური ამბიცია. 2008 წლამდე საქართველო იყო ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკურ სივრცეში სიტყვა ეთქმოდა და მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგის სუბიექტი იყო. დღეს ეს სიტყვა აღარ გვეთქმის. ახლა ჩვენ მოვლენების განვითარების შემყურენი ვართ, თუმცა არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც, რადგან თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში არიან ისინიც. აზერბაიჯანი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. დღეს ყველას აწყობს, რომ ჩვენ ვიღაცაზე დამოკიდებულნი ვიყოთ. 

- ჩვენ ვისზე ვართ დამოკიდებულები? 
- ჩვენ დასავლეთზე, აზერბაიჯანი თურქეთზე, სომხეთი რუსეთზე და ასე შემდეგ. 

- უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, პერიოდულად საბრძოლო მოქმედებები მიდის. ფიქრობთ, რომ სააკაშვილის ოდესაში მოღვაწეობა წარმატებული იქნება? 
- სააკაშვილი, როგორც მას ახასიათებს, ბეწვის ხიდზე დადის ყოველთვის. ეს მისი პოლიტიკური ცხოვრები წესია. ხან გამოსდის, ხან - არა. ოდესაში საზოგადოება ორად არის გაყოფილი. ნეიტრალური ადამიანი პრაქტიკულად არ არსებობს. სააკაშვილს ეშინია ძალის. თუმცა ამ შემთხვევაში ძალა უკრაინაში არ არსებობს. 

- უცხოური მედია ხშირად წერს, რომ სააკაშვილს ადგილობრივი ოლიგარქები ებრძვიან. ზოგი მის პასუხისგებას ცილისწამებისთვის ითხოვს, ზოგი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ედავება, ზოგიც მის ტერიტორიებზე უკანონოდ შეჭრას. 
- მართალია, მაგრამ მე კონსოლიდირებული ძალის არარსებობას ვგულისხმობ. სანამ სააკაშვილს პრეზიდენტი პოროშენკო მხარს უჭერს, ის იქ იქნება. სააკაშვილი ან დიდი ანგარიშით წააგებს, ან დიდი ანგარიშით მოიგებს. ნიჭიერი კაცია, მაგრამ - არა ბრძენი. მისთვის ცუდის და კარგის კეთებას ერთი და იგივე გემო აქვს. წარმოიდგინეთ, ოლიგარქების გუნდი რომ დაჯგუფდეს. აი ეს უკვე ძალა იქნება.
 
- ეს რამდენად მოსალოდნელია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ამას წინ, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის ტერიტორიაზე შეიჭრა და ღობის დემონტაჟი მოითხოვა, რაც აშკარად უკანონო იყო. 
- დიახ, უკანონობა ჩაიდინა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე შენიღბა, რომ დაჩაგრული ადამიანების თვალში ქულები დაიწერა. ოდესაში მეც მაქვს კონტაქტები და ვიცი, რომ საზოგადოების ნაწილი მას აღმერთებს, თუმცა მაძაგებლებიც ჰყავს. 

- გამოდის, რომ ამ ეტაპზე მას როგორც პოლიტიკურ ფიგურას საფრთხე არ ემუქრება? 
- საფრთხე ყოველთვის ემუქრება. მას ასეთი ტაქტიკა აქვს - სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. თუმცა დამარცხების შემთხვევაში, უცებ გამოდის ბრძოლის ველიდან. 

- თქვენი აზრით, რატომ დაინიშნა სააკაშვილი მაინცდამაინც ოდესის გუბერნატორად? ცოტა ხნის წინ, მან ილიჩევსკის პორტის ხელმძღვანელიც მოხსნა... 
- ილიჩევსკი ერთადერთი საზღვაო პორტია, რომელიც უკრაინას დარჩა. ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ადგილია. რუსეთის სამხედრო ამოცანაში შედიოდა მარიუპოლის დაკავება და დნეპრისპირეთის გავლით გზის გაჭრა. მათი ამოცანა ამ ტერიტორიის და მთლიანად შავი ზღვის სანაპიროს წართმევა იყო. თუ უკრაინამ დაკარგა ოდესა, მაშინ უკრაინა დასავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის აღარ იქნება. რატომ ოდესა? არჩევანი ორნაირად შეიძლება შეფასდეს. პირველი ეს სააკაშვილისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, შესაძლოა ფანტასტიკური ტრამპლინი იყოს და მეორე - პოროშენკოს შესაძლოა ყელში ამოუვიდა სააკაშვილის ხუშტურები და გადაწყვიტა, თავიდან მოიშოროს. იმიტომ გააგზავნა ოდესაში, რომ თუ რამე არ გამოუვა, დაადანაშაულებს. ამ ორი ვარიანტიდან, სიმართლესთან ორივეა ახლოს.
 
- ბატონო მამუკა, ოლიმპიური ფესტივალის გახსნაზე იყავით? 
- არა, ტელევიზიით ვუყურე. პრეზიდენტი რომ არ დაესწრო, მაგაზე ნურაფერს მკითხავთ. არ მინდა მაგათ ინტრიგებში ჩარევა. თავი მომაბეზრეს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია და მირჩევნია, კოსოვოს დელეგაციაზე გესაუბროთ. მათ ვიზიტს რუსები აუცილებლად სათავისოდ გამოიყენებენ. გასაგებია, კოსოვოს დამოუკიდებლობა ასამდე ქვეყანამ სცნო, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის - ოთხმა თუ ხუთმა, მაგრამ ამ რეგიონებში განსხვავებული მოვლენები განვითარდა. კოსოვოში ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდი მოსულმა ადამიანებმა განახორციელეს. აფხაზეთში კი ადგილობრივმა მოსახლეობამ მეორე ადგილობრივ მოსახლეობას მოუწყო გენოციდი და იქიდან გაყარა. 2008 წელს, როდესაც დასავლეთმა სცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა, რუსებმა სცნეს აფხაზეთი და ,,სამხრეთ ოსეთი'. მესმის, კოსოვო ოლიმპიური კომიტეტის წევრია და მისი არშეშვება არ შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ახალგაზრდული ფესტივალი ისეთი ღონისძიება არაა, სადაც კულუარული მოლაპარაკებების გამართვა არ შეიძლებოდა. 

- მოლაპარაკებები რომც გამართულიყო, კომიტეტი დათანხმდებოდა, მისი წევრი ფესტივალს არ დასწრებოდა? 
- არ ვიცი. მეც მაინტერესებს, იყო თუ არა ასეთი მოლაპარაკებები და თუ იყო, ფაქტია, შედეგი ვერ მივიღეთ. რომ არ დაგვეშვა ეს დელეგაცია, ალბათ გამორიცხული არ არის, ოლიმპიური კომიტეტიდანაც გავერიცხეთ.