რატომ გაძვირდა დენი 4 თეთრამდე და რატომაა აუცილებელი ჰიდრორესურსების განვითარება

რატომ გაძვირდა დენი 4 თეთრამდე და რატომაა აუცილებელი ჰიდრორესურსების განვითარება

ექსკლუზიური ინტერვიუ დავით მირცხულავასთან   

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი), ,,ენერგო-პრო ჯორჯიას' მოთხოვნა დააკმაყოფილა და 1 აგვისტოდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, დენის 4 თეთრამდე გაძვირების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, კომისიას უკვე მიმართა ს/ს ,,თელასმაც' და სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში (კომისიას განსახილველად 150-დღიანი ვადა აქვს), გაირკვვევა, გაძვირდება თუ არა დენიც თბილისში. ამ დღეებში, ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა' იმ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა, რომლებსაც საქართველოში რუსეთი ფლობს. იმის გამო, რომ ახლა აქტუალური დენის გაძვირებაა, ამ ჩამონათვალში, მხოლოდ ენერგოობიექტებზე შევჩერდებით. ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის' ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან შეთანხმებით, ენგურჰესის ერთობლივ მართვაზე იღებს გადაწყვეტილებას; რუსული სახელმწიფო კომპანიების მფლობელობაში არსებული ,,ინტერ რაო' საქართველოში ფლობს ს/ს ,,თელასს', შპს ,,მტკვარი ენერგეტიკას', ,,ხრამჰესი 1'-სა და ,,ხრამჰესი 2'-ს, პირველ და მეორე ენერგობლოკებს (ყოფილი მე-9 და მე-10 ენერგობლოკები); 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, დარიალჰესსა და ლარსიჰესშიც რუსული კვალია, შილდაჰესი რუსეთს 2012 წელს გადაეცა, ხოლო ალგეთიჰესი, ავანიჰესი და სკურდიდიჰესი _ 2014 წელს. ,,ვერსიის' ინფორმაციით, ,,ხრამჰესი 1' და ,,ხრამჰესი 2', რუსულ ,,ინტერ რაოზე' 2009 წელს, ჯამში, 104 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ვიდრე რუსეთს გადაეცემოდა, ორივე ჰესზე გამომუშავებული 1 კვტ/სთ ელექტროენერგია, დაახლოებით, 1.8 თეთრი ღირდა, ხოლო 104 მილიონი დოლარი საპრივატიზაციო თანხის გადახდის შემდეგ, ამ ჰესებზე გამომუშავებული დენის ფასი 10.8 თეთრამდე გაიზარდა... რატომ გაძვირდა დენის ტარიფი 4 თეთრამდე? არის თუ არა სემეკის ეს გადაწყვეტილება სიგნალი ინვესტორებისთვის? მოჰყვება თუ არა დენის გაძვირებას ბუნებრივი აირის ფასის ზრდა? ,,ვერსიას' ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, პროფესორი დავით მირცხულავა ესაუბრება. 

- ბატონო დავით, დენის ტარიფი მაინცდამაინც 4 თეთრამდე რატომ გაძვირდა? 
- ტარიფის დათვლა არც ისე რთულია. ლარის კურსის გაუფასურებამდე, ტარიფი გათვლილი იყო იმ მონაცემებით, როდესაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, 1.73 იყო. ლარის გაუარესების შემდეგ, დენის ტარიფი რომ არ შეცვლილიყო, თბოელექტროსადგურებზე დენის გამომუშავება დაახლოებით, 280 მილიონ კვტ/სთმდე შემცირდებოდა, რაც ნიშნავს, რომ მარტსა და აპრილში, საჭირო მოცულობის ბუნებრივი აირის უქონლობის გამო, თბოსადგურები გაჩერდებოდნენ. თბოსადგურებზე გამომუშავებული დენის გარდა, იმპორტიც იგულისხმება. ისიც უნდა შემცირებულიყო და ჯამში, იმპორტისა და თბოსადგურების დეფიციტი 500 მილიონ კვტ/სთ-მდე გვექნებოდა. ამ პერიოდში, იმპორტირებული დენის წილი 200 მილიონი კვტ/სთ-ია და რეალურად, ძალიან დიდი დეფიციტი გვექნებოდა. არაერთხელ მითქვამს, რომ დენის გამანაწილებელი კომპანიები მონოპოლისტები არიან, მათი რეფორმირება აუცილებელია და რაც სწრაფად დაიწყება, უკეთესია. ამას ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებაც მოითხოვს. მონოპოლური სტრუქტურებიდან, თბოსადგურებზე გამომუშავებული ენერგიის წარმოებასა და იმპორტსაც ,,ენერგო- პრო ჯორჯია' ახორციელებს და სწორედ აქ გაჩნდა დეფიციტი. ეს დეფიციტი როგორღაც უნდა შეივსოს, რათა ქვეყანამ დაბალანსებულად გაიაროს ზამთარი. საუბარია ზამთრის ენერგიაზე, რომელიც ყველაზე ძვირია. რატომ გაძვირდა ტარიფი ახლა? ბალანსს წლების მიხედვით რომ გადავხედოთ, საქართველოში თბოსადგურები აგვისტოშივე უნდა ავამუშაბოთ, რათა ზამთრის რთულ პერიოდში, წყლის მარაგები შევინარჩუნოთ. ცალკეული ექსპერტები აცხადებენ, რომ ტარიფში მეტი რესურსია და 4 თეთრამდე არ უნდა გაძვირებულიყოო. თუ მათ მიაჩნიათ, რომ რეალურ ციფრებზე მიუწვდებათ ხელი, შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ და სემეკის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. მივესალმები, თუ გამოჩნდებიან ექსპერტები, რომლებიც რეალურად დაასაბუთებენ, რომ ტარიფი არ უნდა გაზრდილიყო. 

- ანუ, თქვენი გათვლით, 4 თეთრამდე უნდა გაზრდილიყო? 
- დიახ და ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ ვთქვი, რომ ტარიფის ზრდას სწორედ ამ დიაპაზონში - 3.75-დან 4 თეთრამდე ველოდი. მე რომ ტარიფში ის ნიშა მენახა, რომელიც არ უნდა გადახდილიყო, ცხადია, ამას ხმამაღლა ვიტყოდი და სასამართლოსაც მივმართავდი. ჯერ კიდევ 2012 წლამდე ვამბობდი, რომ მაშინ არსებულ დენის ტარიფში ნამდვილად არსებობდა ნიშა, რომელიც უნდა გამოთავისუფლებულიყო და შესაბამისი გათვლებიც მქონდა. ახლა ასეთი ნიშა მე ვერ დავინახე. სამწუხაროდ, ტარიფის ზრდა ლარის კურსის ცვლილებას მოჰყვა, რაც უმძიმესი გადაწყვეტილებაა. თუმცა მთავრობის განცხადება, რომ სოციალურად დაუცველი აბონენტების სუბსიდირებას განახორციელებს, სწორია. ზოგადად, ყოველგვარი სუბსიდირების წინააღმდეგი ვარ, რადგან საბაზრო ეკონომიკა ასეთ მოვლენას არ ცნობს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ამდენი სოციალურად გაჭირვებულია, მათთვის ტარიფის ტვირთის შემსუბუქება მნიშვნელოვანია. კარგია, რომ მთავრობამ საყოველთაო კომპენსაციაზე უარი თქვა. 

- მთლიანობაში, ქვეყნის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგეტიკაში, თბოსადგურებზე გამომუშავებული ენერგიის წილი რამდენია? 
- 80%-მდეა ჰიდროელექტროსადგურების წილი, რადგან საქართველო ჰიდროენერგეტიკის ქვეყანაა. თუმცა ზამთარში, თბოსადგურები დომინანტურია, ამიტომ ამ პერიოდში, ჯამურ გენერაციაში, თბოსადგურების წილი 48%-მდე ადის. თბოსადგურები გაზზე მუშაობენ. დენის იმპორტს კი ძირითადად რუსეთიდან ახორციელებენ, სადაც ასევე დიდი პრობლემებია. სწორედ ამიტომ უნდა განვითარდეს ჩვენი ჰიდროენერგეტიკა და აშკარაა, ეს აუცილებელია! 

- მაშინ რატომ აკეთებს სახელმწიფო აქცენტს თბოსადგურების მშენებლობაზე? 
- ვერ დაგეთანხმებით, რადგან 2012 წლიდან ბევრი ჰიდროელექტროსადგური შევიდა მწყობრში, მათ შორის, ფარავანჰესი, ლარსიჰესი, სექტემბრიდან დარიალჰესიც ამოქმედდება. უამრავი ჰიდროპროექტი ხორციელდება, მაგრამ ენერგეტიკისთვის ყველაზე სტრატეგიულად საჭირო იმ პროექტების განვითარებაც აუცილებელია და პირველ რიგში, ხუდონჰესს, ნამახვანჰესს ვგულისხმობ, რომელთაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული სტაბილურობის თვალსაზრისით, ალტერნატივა არ აქვს. ხუდონჰესი, დამატებით ნახევარ მილიარდამდე კვტ/სთ-ის გამომუშავების საშუალებას მისცემს ენგურჰესს, ანუ უიაფეს ენერგეტიკულ წყაროს, ნახევარ მილიარდსაც დაუმატებს და ეს სწორედ ის დეფიციტია ზამთრის პერიოდში, რაზეც უკვე გესაუბრეთ. ჯამში, ამ ჰესების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს მოთხოვნას ტარიფის ზრდაზე. თუ ამ პროექტებს განვახორციელებთ, პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საქართველოს ეკონომიკა, რადგან ჰიდრორესურსების განვითარება უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის, დასაქმებული ადამიანების შემოსავალს ზრდის, რაც ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. თუ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჰიდრორესურსების პოტენციალის ათვისება აუცილებელია. თუმცა ამასთან, კარგია, რომ თბოსადგურებიც შენდება. კომბინირებული თბოსადგურის ეფექტურობა, რომელიც ახლა შედის მწყობრში, 54%-ია, რაც უკვე არსებული თბოსადგურების დაახლოებით 30%-იან ეფექტურობას საგრძნობლად აღემატება. ეს ნიშნავს, რომ იგივე ოდენობის ბუნებრივი აირის საშუალებით, ახალი თბოსადგური 24%-ით მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ის სადგურები, რომლებიც გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. რა თქმა უნდა, ჰიდროპოტენციალი უნდა ავითვისოთ, მაგრამ თბოსადგურებიც უნდა ავაშენოთ. უმძიმესი ნაბიჯია ტარიფის გაძვირება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს რეალობაა. საქართველოს ენერგეტიკულად დამოკიდებულების ხარისხი 70%-მდეა, რაც ნიშნავს, რომ საბაზრო ფასებისა და ვალუტის კურსის ცვლილებას, ტარიფის რყევები ყოველთვის მოჰყვება. 

- თუ ქვეყანაში ჰიდრორესურსები განვითარდება და ჰესები აშენდება, ენერგომატარებლების 70%-იანი იმპორტი შემცირდება? 
- რა თქმა უნდა! როდესაც სტრატეგიულ პროექტებზე - ხუდონსა და ნამახვანზე ვსაუბრობთ, ან სხვა ჰიდროპროექტებზე, ყველაზე მთავარი ის არის, რომ მათი საშუალებით, ზამთრის ენერგიას მივიღებთ. თავის მხრივ, ზამთრის ენერგია, იმპორტირებულ დენსა და გაზის წვის შედეგად მიღებულ ენერგიაზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ამიტომ ჰიდრორესურსების განვითარებას ალტერნატივა არ აქვს! ხშირად ამბობენ, ჰესებს იმიტომ ვაშენებთ, რომ თურქეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ. ნორვეგიამ, თავისი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი ისე აითვისა, რომ სუფთა ენერგიის ექსპორტს დანიასა და გერმანიაში ახორციელებს. მეტიც, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, ნორვეგია დაახლოებით, 600 კილომეტრიანი წყალქვეშა სადენით უკავშირდება ევროპის ქვეყნებს. ამ პროექტის განხორციელება საქართველოშიც შესაძლებელია, მაგალითად, წარმოვიდგინოთ რომ შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელს გავიყვანთ და რუმინეთს დავუკავშირდებით, რაა ამაში ცუდი? გადახედეთ ევროპაში არსებულ ტარიფებს და მიხვდებით, რამხელა მოგებას მოგვიტანს ასეთი პროექტი. 600-კილომეტრიანი წყალქვეშა კაბელის მშენებლობა 2008 წელს დაასრულა ნორვეგიამ და მაშინ ეს პროექტი 600 მილიონი ევრო დაუჯდა. ვფიქრობ, იგივე თანხებით შეგვიძლია რუმინეთს და იქიდან კი ევროპის ქვეყნების ენერგოსისტემასაც დავუკავშირდეთ. რთული პროექტია და შესაძლოა ზოგს უტოპიად მოეჩვენოს, მაგრამ რატომაც არა? შესაბამისად, თურქეთს, რუსეთს, ევროპულ ქვეყნებს თუ სომხეთს მივაწოდებთ ელექტროენერგიას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შევუწყობთ ხელს. 

- დენის ტარიფი ზამთრის დეფიციტის გამო ძვირდება. არ შეიძლებოდა, ზამთრის მოხმარების დასაბალანსებლად, ზაფხულში ელექტროენერგიის ექსპორტისგან თავი შეგვეკავებინა? 
- არა, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. საქართველოს ძირითად მდინარეზე წყალდიდობის პერიოდი მაისიდან იწყება, ასეა ძირითად სადგურზე - ენგურჰესზე, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი აქვს. ენგურჰესი, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის ნახევარია, ჯამში, 4 მილიარდ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ვარდნილჰესთან ერთად, მაგრამ დღეს მისი საექსპორტო პოტენციალი მხოლოდ 200 მილიონი კვტ/სთ-ია. ცნობილია, რომ ზამთრის პერიოდში, დაახლოებით, 700-800 მილიონ კვტ/სთ ენერგიის იმპორტს ვახორციელებთ და აქ აშკარა დისბალანსია. 

- ეკონომიკის ექსპერტის თემურ ბასილიას განცხადებით, ენერგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთში დაახლოებით 3-4 თეთრის ეკვივალენტი ყოფილა, საქართველოში კი დენის ტარიფი თითქმის 17 თეთრამდე გაიზარდა. ბატონი თემური ლოგიკურ კითხვას სვამს - ასეთ პირობებში, როგორ უნდა დავაინტერესოთ აფხაზეთი, რომ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს? 
- ბატონი თემური ბრწყინვალე ეკონომისტია და ასეთი მნიშვნელოვანი დეტალები კარგად იცის. ენგურჰესის სადგური აფხაზეთის ტერიტორიაზეა, წყალსაცავი და სადერივაციო გვირაბის ნაწილი - ჩვენს მხარეზე. ფაქტობრივად, საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მქონე სადგური აფხაზეთშია, სადაც ჩემი ინფორმაციით, თანხა საერთოდ არ გროვდება. ენგურჰესს არასდროს მიუღია შემოსავალი აფხაზეთიდან. რეალურად, აფხაზები უფასოდ იღებენ ელექტროენერგიას, რაც უზარმაზარი პრობლემაა. 90-იანი წლებიდან დღემდე, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 60%-ით გაიზარდა, მაგრამ მათ დენი უფასოდ მიეწოდებათ, რაც საქართველოს ენერგოსისტემას უმძიმეს ტვირთად აწევს. სამწუხაროდ, ესაა რეალობა, გალის რაიონი დღეს ოკუპირებული ტერიტორიაა და ამით ყველაფერია ნათქვამი. 

- არის თუ არა ტარიფის გაძვირება სიგნალი ინვესტორებისთვის, რადგან ენერგეტიკაში, რომელიც ინვესტიციების სიუხვით გამოირჩეოდა, შარშან და წელსაც ინვესტიციები შემცირდა? 
- ენერგეტიკაში ინვესტიციების სიუხვე ყოველთვის არ ყოფილა, მხოლოდ ბოლო წლებში გაიზარდა. 2000 წლიდან 2012 წლამდე, ერთადერთი, ხადორის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რომელიც 2003 წელს დასრულდა და ექსპლოატაციაში 2004 წლის თებერვალში გაუშვეს. ფაქტობრივად, ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დასრულებული პროექტი ჩაიბარა. მხოლოდ 2012 წლის შემდეგ დაიწყო ინტენსიური მშენებლობა ენერგეტიკაში. რეალურად, ახლადაშენებული ჰიდროსადგურების (ეს ახალი სადგურები დერეგულირებულია, როგორც მცირე ჰესები) ტარიფებს ბაზარზე არსებული მოთხოვნილება განსაზღვრავს, რომელიც სავალუტო კურსის ცვლილების გამო, ასევე მერყეობს. ამ შემთხვევაში, ეს ინვესტორებისთვის მართლაც კარგი სიგნალია და ნიშნავს, რომ ჯანსაღ ეკონომიკასთან გვაქვს საქმე. 

- ,,ენერგო- პროს' გარდა, სემეკს ,,თელასმაც' მიმართა და სავარაუდოდ, დენი თბილისშიც გაძვირდება. ეს პროცესი გაზის ტარიფზეც აისახება? 
- თუ მსოფლიოში არსებულ საერთო ტენდენციებს გადავხედავთ, გაზის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. დიახ, ,,თელასმაც' წარადგინა ტარიფის კორექტირების მოთხოვნა სემეკში. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ წინა მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმები, მაგრამ იმდენი კრიტიკული შენიშვნა მაქვს ,,ენერგო- პრო ჯორჯიასა' და თუ გნებავთ, ,,თელასსა' და სახელმწიფოს შორის ადრე გაფორმებულ მემორანდუმებზე, რომ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. 

- რას გულისხმობთ? 
- მემორანდუმებს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში, 2007 და 2011 წლებში გაფორმდა. ისინი უდიდესი შეცდომა იყო, რამაც საქართველოს ენერგოსისტემას დიდი დარტყმა მიაყენა. დღეს კი ენერგეტიკის სფეროში რადიკალური რეფორმების აუცილებლობაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებსაც მაშინ ხმა არ ამოუღიათ და ამიტომ მათგან კრიტიკას ვერ მივიღებ. ვერც იმ ადამიანების კრიტიკას მივიღებ, რომლებიც ენერგეტიკის დარგს დღეს აგინებენ, მაგრამ 2007-2011 წლებში, რუსეთთან გაფორმებულ მემორანდუმებს, რომელთაც სემეკს ფუნქცია დაუკარგეს და სანოტარო ბიუროდ გადააქციეს, რატომღაც არ ახსენებენ! ,,ენერგო- პრო ჯორჯიასა' და ,,თელასს' ამ მემორანდუმებით ჰქონდათ საინვესტიციო ვალდებულებებიც. კერძოდ, თითოეულს 100 მეგავატი სიმძლავრის ორი ჰესი უნდა აეშენებინა, რაც არ შესრულებულა. ,,თელასის' განაცხადი ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით კი იმასაც ნიშნავს, რომ მემორანდუმიდან, ანუ მისი პირობებიდან გამოდის და საბოლოოდ დამთავრდება ამ ,,მემორანდუმების ეპოქა', რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ფაქტია. თუმცა ვფიქრობ, სემეკმა დეტალურად უნდა შეისწავლოს ,,თელასის' განაცხადი, შესაძლებელია, გარკვეული დაბალანსებაც კი მოხდეს... 

- და შედეგად, თბილისში დენი აღარ გაძვირდება? 
- ვერ გეტყვით, რომ არ გაძვირდება, მაგრამ შესაძლოა, ისე არ გაიზარდოს, როგორც ,,ენერგო- პროს' შემთხვევაში.