,ნინოზე ,,სვეტსკად' და გემოვნებით ქართულ პოლიტიკაში არავინ იცმევს!' - ბურჯანაძის პარტიის პოლიტიკური მდივნის თეზისები
...შეხვედრა აბულაძის ქუჩის 8 ნომერში დამითქვა და მხოლოდ ადგილზე მისული მივხვდი, რომ თავი დემოკრატიული მოძრაობის ოფისში ამოვყავი... ერთმანეთი, როგორც ძველ ნაცნობ-მეგობრებს სჩვევიათ, გულიანად მივიკითხ-მოვიკითხეთ და ვიდრე ყავას მოადუღებდა, გამახსენდა, 22 წლის ასაკში მეგობარს ნიძლავი რომ დაუდო, თბილისის ზღვა სიგრძეზე (11 კილომეტრი) გადაცურა და ვიდეომაგნიტოფონი მოიგო. სხვათა შორის, მაშინ თბილისში სულ ორი-სამი ,,პრისტავკა' ყოფილა... მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღეს უმაღლესი დიპლომატიური რანგის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ნინო ბურჯანაძის პარტიის პოლიტიკური მდივანია...
- გიგლა, ბურჯანაძის ოფისში შემომიტყუე, არა?
- კი, შემოგიტყუე...
- რატომ არ მითხარი, აქ რომ მეპატიჟებოდი?
- ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას დამატებითი თქმა უნდოდა...
- მეგონა, ისევ ცალკე ოფისი გქონდა...
- ცალკე ოფისი მაშინ მქონდა, როცა ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი, მაგრამ ოფისები დროებით დავხურეთ, რადგან ფინანსურად დიდად გალაღებულები არ ვართ...
- ვინ დაიჯერებს, რომ ,,დემოკრატიული მოძრაობა' ფინანსურად არაა გალაღებული...
- (იღიმება) კარგად შეფუთული პიარიცაა და მითიც, რომ თითქოს დიდი ფინანსური რესურსები გვაქვს, მაგრამ მერწმუნე, ასე არაა, თუმცა რეგიონებში ოფისები ყველგან გვაქვს...
- ეს ოფისი ნაქირავებია თუ კერძო საკუთრებაა?
- დიდი ხანია, ნაქირავებია.
- რამდენს იხდით?
- მართალი გითხრა, ეს დეტალები არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ...
- ახლა პარტიაში რა თანამდებობა გიკავია?
- ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტიკური მდივანი ვარ.
- ესე იგი, რუსები თუ მოვლენ, ,,დოსტუპი' მექნება...
- (იღიმება) რატომ, კაცო, რუსები? ეგებ, არავინ მოვიდეს ან ამერიკელები, ანგლოსაქსები ან ევროპელები მოდიან?!
- ..ნინო ბურჯანაძე ოფისშია?
- არა. რუსეთიდან ჩამოფრინდა, პრესკონფერენცია ჩაატარა და ამჟამად ევროპაშია, ხვალ ან ზეგ ჩამოვა.
- ევროპაში დასასვენებლადაა?
- არა, საქმიანი შეხვედრები აქვს.
- ვისთან?
- ეს ოფიციალური შეხვედრები არაა... საზოგადო მოღვაწეებსა და პოლიტიკურ წრეებს ხვდება, ვისთანაც პირადი კონტაქტები მრავალი წელია, აქვს და ამ შეხვედრებს გავაშუქებთ...
- ევროპაში ფულის საშოვნელად წავიდა?
- ფულის საშოვნელად სხვები დადიან... რუსეთში ძალიან საინტერესო კონფერენციაზე ვიყავით და ამას ფინანსებთან კავშირი აქ ჰქონდა. დაფინანსებას, რა თქმა უნდა, მწირს, ბიუჯეტიდან ვიღებთ.
- გიგლა, ყავა კი მინდა, მაგრამ რამე ხომ არ ჩამიყარე, უცებ რუსეთუმე არ გავხდე!..
- (გულიანად იცინის) არა, არა... რატომ რუსეთუმე? ჩვენ კლასიკური, ეროვნულ იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა ვართ. ილია ჭავჭავაძე და სხვები რუსეთუმეები იყვნენ, კაცო?
- არა, ილია რუსეთუმე ნამდვილად არ ყოფილა და ღიად ამბობდა, რომ საქართველოს ხსნა დასავლეთია!.. გიგლა, ჩემი მასპინძლობისთვის არ დაგსჯიან?
- ქართულ პოლიტიკაში ქალბატონი ნინოს მსგავსი დემოკრატი, კლასიკური გაგებით, შეიძლება, არავინაა: საქმიან ურთიერთობებს პირადი დამოკიდებულებით არ აგებს. ასე რომ, ვინმესთან შეხვედრა- არშეხვედრაზე ლაპარაკი არაა ხოლმე... ვანო, ბუნებრივია, შენი მასშტაბები და ჟურნალისტური ხრიკები ვიცი, ამიტომ ყველა საკითხზე ვილაპარაკებ, მაგრამ როგორც ადამიანი, რომელიც პარტიას გვიან შეუერთდა, ასევე მრავალი თაობით თბილისელი და დიპლომატი, ჩემს ხედვებსაც გეტყვი. საერთოდ, ჩემში მეხოტბეობა არ ზის.
- ოპოზიციონერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსულ სამთავრობო ელიტას ხვდება და ვიზებსა თუ ბაზარზე ლაპარაკობს. კრემლისტები კი, საპასუხოდ ამბობენ, ნინო ყველაზე პროქართველი პოლიტიკოსია და ყველაფერი კარგად იქნებაო. ბურჯანაძემ, რომელსაც ე.წ. სახელმწიფო ბერკეტები არ აქვს, ურთიერთობა როგორ უნდა დაალაგოს?
- ჩემი ხედვა ასეთია: ბურჯანაძის პოლიტიკური ბეგრაუნდი ორჯერ დიდია, ვიდრე - თბილისში დარჩენილი პოლიტიკოსებისა: ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ორგზის პარლამენტის თავმჯდომარე იყო...
- მიშას ორგზის ,,გამპრავებელი'...
- დეპუტატი, კომიტეტის თავმჯდომარე და... წლების განმავლობაში ნაცნობობის დიდი ბაზა მხოლოდ რუსეთში არ დაუგროვდა - მომსწრე ვარ, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს ტელეფონით როგორ თავისუფლად, შენობით ელაპარაკება და ბოლო დროს, რამდენჯერმე აშშ-შიც მიიპატიჟეს. მოსკოვში კი საერთაშორისო სიმპოზიუმზე - ,,21-ე საუკუნის გამოწვევები - რეგიონული საფრთხეები' ისე მიიწვიეს, როგორც პარლამენტსგარეშე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან წლებია, სერიოზული ურთიერთობა აქვს.
- საპრეზიდენტო არჩევნებში 10 პროცენტი აიღო და ესაა ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერობა?
- პარლამენტსგარეშე ოპოზიციაზე ვლაპარაკობ, თუმცა მაშინ ქალაქის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ვიყავი და ვიცი, ,,ქართული ოცნება' დღევანდელ პრეზიდენტს ყურით როგორ დაატარებდა და როგორ დანიშნა...
- შეიძლება, მაგრამ მაგალითად, ჩემ გარშემო შენი პოლიტიკური ლიდერისთვის ხმა არავის მიუცია...
- ვერა- ვაკეში, ნაძალადევსა და დიდუბეში, საერთოდ, ათივე რაიონში, ამომრჩევლის ძალიან დიდი პროცენტი ხმას ნინო ბურჯანაძეს აძლევდა.
- საიდან იცი?
- ასე გიპასუხებ: ამა თუ იმ რაიონში, როცა შეხვედრაზე ბაქრაძე მოდიოდა, 150 ადამიანზე მეტს ვერ კრეფდნენ, მარგველაშვილთან, მაქსიმუმ, 400 ადამიანი იყო ხოლმე, ესეც მთელი ადმინისტრაციული რესურსით ჩართვით. ჩვენ შეხვედრაზე კი 800-1000-ზე ნაკლები ამომრჩეველი არ ყოფილა. ხალხს ძალით ხომ ვერ გამოვიყვანდით?!
- ფულს მისცემდით და გამოიყვანდით!
- სად იყო ფული? ფული ,,ქართულმა ოცნებამ' და ნაციონალებმა მოიკითხონ, მილიარდები რომ ჰქონდათ და აქვთ. ვიმეორებ: ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ისე იყო მიწვეული, როგორც ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ეს შეხვედრა, წმინდა პოლიტიკური საკითხების გარდა, მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და მედიასთან ურთიერთობისთვისაც გამოვიყენეთ - ჩვენი, უფრო სწორად, საქართველოს მოსახლეობის აზრი კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ.
- საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ნატო უნდა!
- აქამდე მივალ... სიმპოზიუმზე ქალბატონი ნინოსგან ითქვა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყანაში ვიმყოფები, რომელთანაც ამ კუთხით პრობლემები გვაქვს, ჩვენი უპირველესი მოთხოვნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. იმედია, რუსეთი არ ჩაერევა და ოსებსა და აფხაზებთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალება გვექნებაო. ჩვენმა მედიამ არ გააშუქა, არადა, კიდევ ერთხელ გახმაურდა, რომ დიახ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ქართველების ეთნოწმენდა ჩატარდა.
- აი, ნაღმამდეც მივედით: სწორედ რუსეთს უნდა, რომ ოსებსა და აფხაზებთან პირდაპირი მოლაპარაკება გვქონდეს და მერე, თქვას, თქვენ ვერ რიგდებით და მე რა შუაში ვარო?! გიგლა, მართლა გჯერა, რომ სოხუმი აფხაზებმა წაგვართვეს, ცხინვალი კი - ოსებმა? - რა თქმა უნდა, არა! - აბა, პირდაპირ რაზე უნდა დაველაპარაკოთ, მით უმეტეს, როცა სამაჩაბლოსა და აფხაზეთშიც მაღალ თანამდებობებზე რუსი სამხედროები არიან?
- ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ერთადერთი ფორმატი იყოს. საკითხი ასეა დასმული: მოგვეცეს საშუალება, კონტაქტზე თქვენი სუბიექტური ჩარევის გარეშე ვიყოთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, გლობალური საკითხები, ერთის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებასთან საუბრით და, მეორეს მხრივ, ქართველ ხელისუფალთა ჩართვით არ გადაწყდეს. გამოჩნდა საოცარი დეტალი: არ ვიცი, რამდენად შეიძლება დავუჯეროთ, მაგრამ იქაური ელიტა ქართულ ხელისუფლებასთან საუბრისთვის მზადაა და თუ მოსკოვში ვერ ჩავლენ, შეხვედრა მესამე რანგის ტერიტორიაზე გაიმართოს ან მაღალი რანგის შეხვედრებისთვის თბილისშიც კი ჩამოვიდეს. ნაციონალურ ხელისუფლებაზე აღარ ვსაუბრობ, მაგრამ ახალ ხელისუფლებას ამ კუთხით თითი- თითზე არ აქვს დაკარებული.
- რა ვიცი, იმ ბიჭმა, მელიამ რომ უჩქმიტა, მგონი, განათლების მინისტრის მრჩეველია, ,,რეაქციაში' თქვა, ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტი ხელისუფლებას ეხმარებაო...
- ამ ,,ჩქმეტანა' ბიჭმა ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ მის პოლიტიკურ ანალიზზე კომენტარს ვერ გავაკეთებ... ხელისუფლება ნინო ბურჯანაძის მიერ მოსკოვიდან წამოღებულ საკითხებს გაურბის და დღემდე კონტაქტზე არ გამოვიდა - თანაშემწის საშუალებით, ღარიბაშვილს არაერთხელ შევუთვალეთ, შე დალოცვილო, პოლიტიკური ქულები არ გვინდა, შეგვხვდი და გეტყვით, რა დაგვაბარეს და რისი სურვილი აქვთო, მაგრამ ხელისუფლება ამისთვის ფსიქოლოგიურად, მორალურად, პროფესიულად და საზოგადოებრივად მზად არაა, რაც მთავარია, ჩვენთან ურთიერთობა დასანახად არ უნდა, რადგან ნინო ბურჯანაძესა და ჩვენს პოლიტიკურ ძალას სერიოზულ მეტოქედ განიხილავს.
- გიგლა, რამე მოხდა და არ ვიცი?
- ამქვეყნად რამე არის, რაც შენ არ იცი?
- ბურჯანაძე უკვე ხელისუფლებაშია და გამომრჩა?
- არა.
- აბა, გამაგებინე, ბურჯანაძე რუსეთის ხელისუფლებას რა სტატუსით ელაპარაკება?
- ოპოზიციონერისა და ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსის სტატუსით, რომელიც საკითხებს აყენებს და ამბობს, რომ ყველაფერი ხელისუფლების გადასაწყვეტია. ამავე დროს თქვა, როცა ხელისუფლებაში მოვალ, ამ საკითხებს ოფიციალურ დონეზე დავაყენებ, ახლა კი მხოლოდ ოპოზიციონერის დონეზე ვაყენებო, მაგრამ საოცარია: ამან გარკვეული შედეგი გამოიღო - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და დუმის თავმჯდომარე ნარიშკინთან შეხვედრაზე ვიზების გამარტივებისა და პროდუქციის ჩამონათვალის გაზრდის საკითხი დადგა. იმავე დღეს, არ ვიცი, დასანახად გაკეთდა თუ არა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განკარგულება გასცა, ამ საკითხებზე მუშაობა დაიწყო და ეს ჩვენმა ხელისუფლებამაც აღიარა.
- გიგლა, ჩემო კეთილო ადამიანი, მეც მაგას ვამბობ, რომ რუსეთის ხელისუფლება ბურჯანაძეზე ,,მუშაობს'. ისე, თუკი პროდუქტია პრობლემა, ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ და, რა, რუსეთს ევროპაზე დიდი ბაზარი აქვს?
- არა, მაგრამ ევროპაზე რომ გახვიდე, იმ დონის წარმოება უნდა გქონდეს და ვიდრე იქამდე გახვალ, დაიღუპები.
- ჰოდა, გონიერმა პოლიტიკოსმა ხელი ბიზნესის განვითარებასა და წარმოების დახვეწას უნდა შეუწყოს... რა ამის პასუხია და, სუფთა ევროპელი ტიპი ხარ - ევროპულადაც გაცვია და ამ პარტიაში რა გინდა, ვერ ვხსნი!
- ვანო, თუ საქმე ჩაცმაზე მიდგა, ნინოზე ,,სვეტსკად' და გემოვნებით ქართულ პოლიტიკაში არავინ იცმევს!
- ეს შენი შეფასებაა მე კი ძალიან მომწონს, მაგალითად, მაკა ჩაჩუას სტილი...
- მაკა ჩაჩუას პოლიტიკოსად ნუ აღიქვამ. ქართველი პოლიტიკოსი ქალები არიან ბესელია, კობახიძე, მაია ფანჯიკიძე...
- თინა ხიდაშელის სტილს რა უწუნებ?
- დავაყენოთ ესენი და ქალბატონი ნინო - შედარება ასი ერთთან იქნება, ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ და ამას ძალიან ცნობილი თბილისელი ქალბატონებიც აღიარებენ, რომელთაც ჩაცმის ,,გემო' იციან და პარიზში ყიდულობენ...
- პარიზში ყიდვა გემოვნებას არ ნიშნავს!
- (იცინის) რაც შეეხება ევროპას, ჩვენს პროგრამაში წერია, რომ მხარს ევროპასთან ინტეგრაციას ვუჭერთ. თუ ისტორიითაც ღრმად წავალთ, საქართველო ყოველთვის ევროპა იყო, ამიტომ ნურავინ გვამუნათებს, რომ ველურები ვართ. უბრალოდ, ინსტიტუციონალური წყვეტა მოხდა.
- და ეს წყვეტა რუსეთის კისერზეა.
- არა, მონღოლ- თათრებიდან დაიწყო.
- საქართველოში მეფობა რუსეთმა გააუქმა!
- რუსეთს ხომ არ ვამართლებ, მაგრამ როცა ასოცირების ხელშეკრულების წევრი შალახოს ქვეშ გავხდით - ესეც საოცარი იყო, ისეთივე ანეკდოტი, როგორც ერთ-ერთ სამინისტროში გერმანიის დროშის თავდაყირა დაკიდება...
- კი ბატონო, ეს ძალიან ცუდია!
- პროტოკოლის უცოდინრობა და გამოუცდელობაა და როგორც ქართველ კაცს, გული მტკივა, თორემ ისე არ ვლაპარაკობ, როგორც ოპოზიციონერი... ევროპაში ჩვენი პროდუქცია რომ გავიდეს, ეტაპებია გასავლელი, აქეთკენ მივდივართ, მაგრამ თუ პროდუქტი ევროპაში იმ რაოდენობით არ გავიტანეთ, რატომ უნდა დალპეს და ყოფილი დსთ-ს ქვეყნებისა და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის უდიდესი ბაზარი რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც თვითონ ევროპელები და ამერიკელები უმაღლეს დონეზე იყენებენ?! რა არის იმაში ცუდი, რომ ეს საკითხი ჩვენი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან დადგა?!
- ქართული ანდაზაა, არამკითხე მოამბეო...
- საკითხი დააყენა, ნიადაგი მოამზადა და ახლა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს. ვანო, ამ შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის ლიდერი ჩამოხვედით, მაგრამ ჩვენ საუბარი ხელისუფლებასთან გვინდაო. ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირმა კი ბაქოში, ძალიან საინტერესო ევროპულ ტურნეზე, თვალი მოჰკრა, ერთ სუფრასთან პუტინი და სხვები რომ ისხდნენ და ზურგი მიუშვირა. შე დალოცვილო, ყველა მომენტი გამოიყენე. პოლიტიკა ხომ მომენტების გამოყენების ხელოვნებაა! აბაშიძე- კარასინის ფორმატი საკმარისი არაა და იქნებ, დონე ამაღლდეს. ეს საკითხები ქალბატონმა ბურჯანაძემ ჩამოიტანა და შესთავაზა, განიხილეთ, ან მე გამომიყენეთ, არ ვმალავ, გარკვეული ურთიერთობა და კონტაქტი მაქვს, თუ არადა, ჩემს გარეშე გააკეთეთო და ამაში გაუგებარი რა არის?
- გიგლა, ხომ არ ნერვიულობ?
- არა, ბიჭო, ემოციური კაცი ვარ და ასეთი საუბარი მიყვარს...
- რამდენი წლის ხარ?
- ბიბლიური წლის ვარ - 54-ის.
- ანუ, ,,იბიარდზე' ნამყოფი ხარ?
- (იცინის) ,,იბიარდზე' ნამყოფი ვარ...
- ესე იგი, რუს ქალებში ფული გადაგიხდია?
- რასპუტინები არ ვართ... სტუდენტობის ჟამს, როგორიც ყველა, ჩვენც ისეთები ვიყავით. რუსეთში დავდიოდით, გარშემო ლამაზი გოგონები იყვნენ და ამაში საძრახისი რა არის?! რუსეთთან ურთიერთობა იმიტომ კი არ გვინდა, რომ მოგვწონს, არამედ, საჭიროა იმიტომ, რომ ვერც აშშ და ვერც ევროპული ქვეყნები, თუკი რუსეთთან მოლაპარაკება არ დაიწყო, საკითხებს ვერ მოგვიგვარებენ და ამის დასტური ისიცაა, რომ ახლახან, ნატო- მ ჩვენი უსუფაშვილი დანაბარებით გამოისტუმრა, არც კი გაბედოთ კარასინი- აბაშიძის ფორმატის შეწყვეტა, რადგან არ მინდა, ამით რუსეთთან ურთიერთობა დავძაბოო ანუ პირდაპირ გვეუბნება, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გამო არ ვიომებო.
- გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, საქართველოში რუსები შემოვიყვანოთ!
- არავითარ შემთხვევაში, გამორიცხულია!
- გიგლა, მარტივად მიპასუხე: ნინო ბურჯანაძის პარტიის პოლიტიკური მდივანი რუსეთს ოკუპანტად თვლის თუ არა?
- რა თქმა უნდა, ოღონდ სააკაშვილის ხელშეწყობით.
- რუსეთმა საქართველო 200 წლის წინ დაიპყრო! მოკლედ, ვთანხმდებით, რომ რუსეთი ცუდია, არა?
- რუსეთი ცუდი არ არის, უზარმაზარი ცივილიზაციის ქვეყანაა და ცუდი რატომ უნდა იყოს, მაგრამ...
- ახლა, პუშკინსა და ლერმონტოვზე არ გელაპარაკები...
- მაშინ ასე ვთქვათ: რუსეთი არის ქვეყანა, რომლის ჯარებიც ჩვენთან ჩვენი ნების გარეშე დგას, მას ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და, ცუდია თუ კარგი, ის ხომ არ ვარ, ერთი გაჭირვებული მინისტრი რომაა...
- გაჭირვებულ მინისტრზე გამახსენდა: პუტინი მტერია?
- სწორად დასმული კითხვა არაა. არ მინდა, პრიმიტიულად ვუპასუხო, რომ ქვეყნის მტერი ერთი კაცია. რუსეთის ის ხელისუფლება, რომელმაც მიწები წაგვართვა, მტერი გამოდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასთან უნდა ვისაუბროთ...
- ნინო ბურჯანაძემ კრემლში ერთხელ თუ მაინც დასვა კითხვა: რატომ აღიარა რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა?
- ეს კითხვა, ტრადიციულად, ისმის და, ახლაც რომ ჩავიდა, თქვა, როცა 21-ე საუკუნის გამოწვევებსა და მშვიდობაზეა ლაპარაკი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, კავკასიაში მშვიდობა ვერ დამყარდებაო.
- მოსკოვში წასვლას გეგმავ?
- სექტემბერ- ოქტომბერში, თუ საჭიროება იქნება, შეიძლება, წასვლა მოგვიწიოს...
- საჭიროება ფულის შოვნას ნიშნავს?
- არა. ბიუჯეტიდან ვფინანსდებით და კერძო დამფინანსებლებიც თუ გამოჩნდებიან, ესაა და ეს.
- ჰოდა, თუკი მოსკოვში წახვალ, ზემოხსენებულ კითხვას ჩემეული ფორმულირებით დასვამ?
- კი, ამასაც ვიტყვი, მაგრამ ისიც გაითვალისწინე: პოლიტიკაში ერთი და იგივე საკითხი შეიძლება, მყიფედაც დასვა და რბილადაც, რბილად დასმა საშუალებას გაძლევს, დიალოგი გაგრძელდეს...
- გიგლა, შინ რომ შემოგივარდე, რბილად მეტყვი, თუ შეიძლება, მიბრძანდიო?
- არა, არა... კი ბატონო, მუშტი ვურტყათ, მაგრამ შეიძლება, საუბარი აღარ გაგრძელდეს... შეიძლება, არ შევაგინო და თავში არ ჩავარტყა, მაგრამ ვუთხრა, საქართველო ანექსირებული გაქვს-მეთქი.
- ...9 წელი სააკაშვილს ემალებოდი, ამ პერიოდში, 2008 წლამდე, ბურჯანაძე სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო. გაქვს მორალური უფლება, ბურჯანაძის პარტიის პოლიტიკური მდივანი იყო?
- მაქვს და იცი, რატომ? - ვიცოდი, რომ დაჭერა- გამოშვების, შეწყალების, შევარდნისა და, საერთოდ, ძალისმიერ საკითხებს ბურჯანაძეს არც უთანხმებდნენ და არც ეკითხებოდნენ.
- შეიძლება, მაგრამ მინიმუმ, საჯაროდ უნდა გაეპროტესტებინა...
- მახსოვს, გირგვლიანის საკითხი გააპროტესტა და მერაბიშვილს ცნობილი ფრაზაც უთხრა, ყველაფერი ეს შემოგიტრიალდება და ვინც დასაკავებელია, სასწრაფოდ დააკავეო. იგივე 7 ნოემბერს, ხალხი რომ გადარჩენილიყო, პარლამენტის შენობა გახსნა...
- 9 ნოემბერს კი მიტინგის დარბევა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებით გაამართლა...
- წასული რომ ვიყავი, ვფიქრობდი, ვის მივმართო- მეთქი, მაგრამ ეს საკითხი რომც დაეყენებინა, მოგვარება გამორიცხული იყო...
- რა ამის პასუხია და, პრესკონფერენცია, რომელიც ნინო ბურჯანაძემ მოსკოვურ ვოიაჟს მიუძღვნა, მხოლოდ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა' კი არა, ,,რუსთავი 2'- მაც პირდაპირ ეთერში გადასცა. ამაში ფული გადაიხადეთ?
- არა, რა ფული, ამის ფული სად არის? ფულს არავის ვუხდით... თუ ვინმეს ,,რუსთავი 2' არ სწყალობს, ბურჯანაძეა და, ალბათ, თავისი ინტერესით ჩართო... საერთოდ, ბოლო ხუთი წელია, საქართველოდან რუსეთში ცნობილი ფიგურა არც ხელისუფლებიდან ჩასულა და არც - საზოგადო მოღვაწეებიდან.
- რუსეთთან დიპლომატური ურთიერთობა არ გვაქვს და რატომ უნდა ჩავიდეთ?
- მერე რა მოხდა, რომ არ გვაქვს? ოდესმე რამე მოძრაობა ხომ უნდა დაიწყოს? ყველაფერი გაყინულია! იქ ჩასვლით ევროპასთან მეგობრობასა და ევროპულ გზას ხომ არ უარვყოფთ?
- არ უარყოფთ, მაგრამ ნატო თქვენთვის ,,ფუი, ეშმაკივითაა'...
- 2008 წლამდე ნატო- ში გაწევრიანებას მხარს ვუჭერდით, მაგრამ 2008 წლის მერე სიტუაცია შეიცვალა - გარკვეული არ გვაქვს, ნატო- ში როგორ შევდივართ.
- ბურჯანაძემ თქვა, ნატო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე მიგვიღებსო, მაგრამ მსგავსი ინიციატივა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არასოდეს გამოუჩენია. ასე რომ, ეს ანტინატოური იდეოლოგიაა!
- ეს თემა დღევანდელმა ხელისუფლებამ წამოსწია, დასავლეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაქუცმაცებას მაინც არ აღიარებს, ნატო- ში შევიდეთ და, ადრე თუ გვიან, აფხაზეთიც დაგვიბრუნდება და ე.წ. სამხრეთ ოსეთიცო. ჯერ ერთი, ნატო- ში შესვლა კი არა, მაპ-იც არ გვაღირსეს. მეორეც...
- გიგლა, მაპატიე, ნატო- ს ასეთი იდეაც არ აქვს და ეს მიზანმიმართული იდეოლოგიაა!
- არ მეგონა, თუ ესენი ასეთი სუსტები იქნებოდნენ - ვერ ხსნიან ეტაპებს და ფორმას, როგორ ესახებათ საქართველოს ნატო- ში შესვლა. ეს უახლოეს წლებში გამორიცხულია.
- შეიძლება, თუმცა ნატო- ს საპირწონე ევრაზიული კავშირი არაა!
- ევრაზიული კავშირიც გამორიცხულია, მაგრამ უნდა აიხსნას, როგორ საქართველოზეა ლაპარაკი.
- ნეიტრალური საქართველო გინდა?
- არა, არა... როგორ ხდება საქართველოს ნატო- ში შესვლა...
- გიგლა, ქვემოდან ხმაური ისმის, ხომ მშვიდობაა?
- 13 ივნისს წყალი ჩამოვიდა...
- აი, სათაურიც: ბურჯანაძეს წყალი ჩაუვიდა!
- წყალი ბურჯანაძის კაბინეტში კი არა, პირველ სართულზე შემოვარდა...
- ხმა დადის, ადგილობრივი არჩევნების დროს, ბურჯანაძის მთავარმა ოფისმა რეგიონებში ხალხი ,,გადააგდო' და ფული არ მისცაო...
- არა... ყველა პარტიაში ხდება, ვიღაც განაწყენდება... ფული იმას მივეცით, ვისზეც ოფიციალურად, კანონის ძალით იყო გაწერილი. ამის იქით, რომც გვდომებოდა, ვერავის მივცემდით, რადგან ამის ფული არ გვქონდა...
- პარტიის გარდა, კიდევ რას საქმიანობ?
- შუა საუკუნეების ქრისტიანულ მისტიციზმზე ჩემი ერთი ნაშრომი უნდა გამოიცეს და ახლა ამაზე ვმუშაობ. გარდა ამისა, მეცნიერებას არ ჩამოვცილებულვარ... როგორღაც ხომ უნდა ვიცხოვრო და ჩართული ვარ ამერიკულ- გერმანულფრანგულ ჰოლდინგში...
- მართლა ამერიკული ახსენე თუ მომესმა?
- არ მოგესმა...
- და აქ ამ ამერიკული ჰოლდინგის ამბავი იციან?
- რა მოხდა მერე?!
- რამდენი შვილი გყავს?
- ერთი - 22 წლის ცისია- ეკატერინე...
- ამბობენ, რომ პარტიაში რუხი კარდინალი ბადრი ბიწაძეა...
- არა... ოთხი თვეა, არ მინახავს - აქ არ მოდის ხოლმე... რაღაც სიტუაციებია, როცა ვხვდებით, ვმეგობრობთ. ძალიან ღირსეული და კარგი კაცია.
- რაზმები ისევ გყავთ?
- როდის გვყავდა? 26 მაისს რომ იყო? 26 მაისს რაც ჩვენმა ხალხმა იტანჯა...
- რასაც ლიდერებზე ვერ ვიტყვით...
- ლიდერებმაც - შვილი დაუჭირეს, სახლებში შევარდნა, უბედურება იყო და მეტი რა უნდა გაეკეთებინათ?!
- ეს ხომ გამოცხადებული დარბევის ქრონიკა იყო...
- ვანო, მეგობრობისა და პატივისცემის მიუხედავად, ქალბატონი ნინოსადმი ცოტა სუბიექტური ხარ, როცა ნინო ძალიან გაფასებს.
- რა იცი, რომ მაფასებს?
- ვიცი... შენს პროფესიონალიზმს აფასებს...
- არ გინდა, რამე შენც მკითხო?
- როგორ ფიქრობ, ერთი წლის მერე, რა იქნება?
- 5-პროცენტიან ბარიერს, ჰა და ჰა, გადალახავთ...
- ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერ ხუთსაც გადავლახავთ.
- წამო, ევროპაში წავიდეთ!
- წავიდეთ... სხვათა შორის, აშშ-ში ახლა პირველად ვიყავი...
- პარტიიდან გაიპარე?
- არა... მაიამიში მეგობარმა დამპატიჟა... აშშ საინტერესო ყოფილა...
- რუსეთს ხომ სჯობია?
- რუსეთსაც, მერწმუნე, თავისი პეწი აქვს...
- ...გიგლა, თავისუფალი ხარ?
- ამ 9 წელში გადაფასება მოხდა და, სიგიჟემდე არა, მაგრამ აბსოლუტურად თავისუფალი ვარ - კომპლექსები აღარ მაქვს!
- თუ ატყობ, როგორი პროდასავლური დიალოგი გამოგვივიდა...
- ვანო, რასაც ახლა ვიტყვი, არ ამოჭრა: ჩვენს პარტიულ ვიწრო წრეში ის მომწონს, რომ ძალიან ღირსეული ოჯახიშვილები არიან. აი, პარტიებს რომ ვუყურებ, წუპაკი პარტიელები არიან...
- ვის გულისხმობ?
- არ ვიტყვი, მაგრამ ცხოვრობენ პარტიული ლოზუნგებით. აქ კი ყველა ოჯახიშვილი, საღი და კარგია...