თურქეთი ექსტრემისტების წინააღმდეგ

თურქეთი ექსტრემისტების წინააღმდეგ

თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს შეფასებით, რეგიონში ვითარებას ცვლის მისი ქვეყნის საჰაერო დარტყმები ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთი მეამბოხეების ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ. ეს განცხადება დავუთოღლუმ გააკეთა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მას შემდეგ, რაც თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ექსტრემისტების პოზიციებზე სირიასა და ერაყში.

თურქეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ 27 ივლისს ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებთან ისაუბრა „ახალ პირობებზე“ რეგიონში. იმ გარემოებას, რომ თურქეთს შეუძლია ძალის ეფექტიანად გამოყენება, შესაძლოა მოჰყვეს შედეგები, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს ვითარება სირიაში, ერაყსა და მთელ რეგიონშიო,- ასე გადმოსცემს გაზეთი „ჰურიეთი“ დავუთოღლუს განცხადებას, აშკარად ფრთხილ განცხადებას... მასში, როგორც დარწმუნდებოდით, სამჯერ არის ნახსენები „შესაძლებლობის“ ცნება.

ასევე დავუთოღლუს თქმით, ანკარას სურს ყველამ სწორად შეაფასოს ახალი პირობები, რომლებიც შეიქმნა სირიასა და ერაყში თურქეთის საჰაერო ოპერაციების შედეგად და, შესაბამისად, განსაზღვროს საკუთარი პოზიცია.

ნატო 28 ივლისს გამართავს საგანგებო შეხვედრას სწორედ თურქეთის თხოვნით.

თურქეთი დიდხანს ითვლებოდა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის არცთუ ენთუზიასტ წევრად, მაგრამ გასულ კვირაში მკვეთრი ცვლილება მოხდა მის პოზიციაში: ანკარა აშშ-ს დაყაბულდა სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ თურქეთის ტერიტორიიდან საჰაერო იერიშების განხორციელებაზე და 24 ივლისს თვითონაც განახორციელა საჰაერო დარტყმები ექსტრემისტების პოზიციებზე სირიაში. ეს ნაბიჯი მოჰყვა თურქეთის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტებს. 23 ივლისს თურქეთის ბლოკპოსტს ცეცხლი დაუშინეს შეიარაღებულმა პირებმა სირიიდან - ტერიტორიიდან, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. დაიღუპა ერთი თურქი ჯარისკაცი. მანამდე, 20 ივლისს, თურქეთის ქალაქ სურუჩში თვითმკვლელმა (სავარაუდოდ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის მქონე პირმა) მოაწყო აფეთქება, რომელმაც 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თუმცა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვის გარდა, იერიში მიიტანეს ქურთების ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიაზე - PKK-ზეც. ეს მაშინ, როცა ანკარას, მიუხედავად იმისა, რომ PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, მასთან სამშვიდობო პროცესი აქვს დაწყებული 2012 წლიდან. ახლა PKK აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ერაყში მის პოზიციებზე თავდასხმით ანკარამ, ფაქტობრივად, ბოლო მოუღო სამშვიდობო პროცესს. მანამდე PKK-მ, თავის მხრივ, თავდასხმა მოაწყო თურქ ჯარისკაცებზე - მოკლა ორი მათგანი ქალაქ დიარბაკირთან.

პრემიერ-მინისტრი დავუთოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი მზად არის ითანამშრომლოს ქურთებთან, კერძოდ, სირიელი ქურთების ორგანიზაციასთან (PYD), რომელსაც აქვს კავშირი PKK-თან, თუ ის არ შეუქმნის საფრთხეს თურქეთს, გაწყვეტს კავშირს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან და დაეხმარება ოპოზიციის ძალებს. დავუთოღლუს თქმით, თურქეთი არ აპირებს სირიაში სახმელეთო ჯარის გაგზავნას.

ამასობაში, თურქეთმა საკუთარ ტერიტორიაზეც გაააქტიურა ზომები ექსტრემიზის წინააღმდეგ: 27 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, 35-მდე ადამიანი დააკავეს „ისლამურ სახელმწიფოსა“ და PKK-თან კავშირში ეჭვის მიტანის საფუძველზე.