დენს პურისა და სხვა პროდუქტის გაძვირებაც მოჰყვება - ხელისუფლების ,,ცხელი' შემოდგომა

დენს პურისა და სხვა პროდუქტის გაძვირებაც მოჰყვება - ხელისუფლების ,,ცხელი' შემოდგომა

20/30-ის ექსპერტი: ,,ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და ისე იცხოვროს, როგორც მისი მოსახლეობა ცხოვრობს _ შემცირებული პრემიებით, ჯიპებით და სამივლინებო ხარჯებით!'    
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის - სემეკის გადაწყვეტილებით, დენის ტარიფი დაახლოებით, 4 თეთრამდე გაძვირდა. ახალი ტარიფი ძალაში 1 აგვისტოს შევა და 31 დეკემბრამდე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის დასაწყისში, სემეკი ტარიფს კიდევ ერთხელ გადახედავს. სემეკს ამ მოთხოვნით რამდენიმე ენერგოკომპანიამ მიმართა, მათ შორის, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ'. კომპანიები ტარიფის გადახედვას ლარის კურსის მკვეთრი გაუარესების გამო ითხოვდნენ, იგივეს ითხოვს ,,თელასიც' და სავარაუდოდ, სექტემბეროქტომბერში დენი თბილისშიც გაძვირდება.    

რატომ გაძვირდა დენის ტარიფი
 

20/30-ის ანალიტიკოსი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ,,ვერსიასთან' საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დენის ტარიფის გაძვირებით დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სემეკმა არც ენერგოკომპანიების მოთხოვნა გაითვალისწინა _ დენის ტარიფი, 4.8-ის ნაცვლად, მხოლოდ 3.9 თეთრით გაზარდა და არც ხელისუფლების, რომელიც ერთი თვის წინ მოსახლეობას პირდებოდა, რომ ტარიფი არ გაიზრდებოდა: 
,,სემეკი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ერთი ან მეორე მხარის ინტერესების დაცვა კი არა, სამართლიანი ტარიფის დადგენაა. სამართლიანი ტარიფი იმას ნიშნავს, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და მომხმარებლის ინტერესებიც მაქსიმალურად გაითვალისწინოს. პროცედურულად ასეა _ განვლილი საფინანსო წლის, განხორციელებული ინვესტიციების, სამომავლოდ აღებული საინვესტიციო ვალდებულებების, შესყიდვის ფასის ცვლილების გათვალისწინებით, ტარიფის კორექტირება ყოველწლიური პროცესია. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური რეალობა არსებობს და მომხმარებელი ან ენერგოკომპანია სემეკს ტარიფის კორექტირების მოთხოვნით მიმართავს, მარეგულირებელი კომისია ვალდებულია, ეს საკითხი განიხილოს და ან დააკმაყოფილოს, ან არგუმენტირებული უარი უთხრას. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, სემეკს ,,ენერგო- პრომ ჯორჯიამ' მიმართა, რადგან სავალუტო კურსის ცვლილების გამო, აუცილებელი იყო შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულების ცვლილება. მარტივად რომ ავხსნა, ტარიფი ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილია ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი და მეორე _ საოპერაციო ხარჯები, რომელშიც შედის კომპანიის მოგება, ხელფასები, პრემიები, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასე შემდეგ. ახლანდელი ტარიფის ცვლილების გათვალისწინებით, მეორე ნაწილი ანუ საოპერაციო ხარჯების კომპონენტი აბსოლუტურად არ იცვლება. მხოლოდ დენის შესაძენი და დისტრიბუციაში გასაშვები ფასი შეიცვალა. მას შემდეგ, რაც სემეკმა ,,ენერგო- პროს' ფინანსური საფუძვლები გადაიანგარიშა, აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წელს ამ კომპანიას 66 მილიონი ლარის პრობლემა შეექმნა. ტარიფი რომ არ გაზრდილიყო, კომპანიას პრობლემა შეექმნებოდა, რასაც დენის გრაფიკით მიწოდება ან ხშირი გამორთვა მოჰყვებოდა. სამართლიანი ტარიფის აღდგენის თვალსაზრისით, სემეკმა სავსებით ობიექტური და რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო'. 

დენის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ ზეწოლაზე მიანიშნებენ, თუმცა ლევან კალანდაძე ამ პოზიციას არ იზიარებს, რადგან 2015 წელს, როდესაც წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია, ხელისუფლებას დენის ტარიფის ზრდა არ აწყობს. მისი თქმით, მთავრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ტარიფი არ გაზრდილიყო, მაგრამ ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, სხვა გზა არ არსებობდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სემეკის გადაწყვეტილებით, ხელისუფლება უკმაყოფილოა, რაც ლევან კალანდაძის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ სემეკმა აშკარად ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. 

,,ცხადია, სემეკის გადაწყვეტილება არ მოგვწონს, მაგრამ თუ მეორე კუთხით შევხედავთ, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორი ანუ რამდენად ერევა ხელისუფლება ფასწარმოქმნის საკითხში. როდესაც პოლიტკკური კონიუნქტურის მიუხედავად, დამოუკიდებელი სემეკი ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას იღებს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ინვესტორებისთვის სწორ სიგნალს ნიშნავს. ეკონომიკური კუთხით რომ შევაფასოთ, საქართველოში ის კი არ არის პრობლემა, რომ დენის ტარიფი გაძვირდა, არამედ _ მოსახლეობის შემოსავალია დაბალი. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს, ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს, რათა ცხოვრების დონე ტარიფს დაეწიოს. ზოგადად, ტარიფის გაზრდა- არგაზრდის საკითხს ხელისუფლება არ წყვეტს, ეს მისი საქმე არ არის, მთავრობის საქმეა პოლიტიკა. ტარიფის შესახებ გადაწყვეტილებას ის კომპეტენტური ადამიანები იღებენ, რომლებიც სემეკში მუშაობენ'.  
    

გაზრდა- არგაზრდა - ამომრჩევლის საკითხავი 

ტარიფის კორექტირების მოთხოვნით, ენერგოკომპანიებმა სემეკს 2015 წლის აპრილში მიმართეს. ხელისუფლების ოპონენტებში მაშინვე ნიჰილისტური განწყობა გაჩნდა _ ეს ხომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ,,ქართული ოცნებაა', რომელმაც ტარიფების გადახედვის მოთხოვნით, სემეკს მიმართა. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც სამი წლის წინ, ენერგოტარიფები დაახლოებით, 4 თეთრით შეამცირა და ახლა რატომ დუმს, როდესაც სემეკმა დენი ისევ 4 თეთრით გააძვირაო? პოლიტიკური ოპონენტების გარდა, საზოგადოებასაც გაუჩნდა ლოგიკური კითხვა - როდის დაუშვა ,,ქართულმა ოცნებამ' შეცდომა: სამი წლის წინ თუ ახლა? 
ლევან კალანდაძე: ,,საზოგადოებამ არასოდეს უნდა დაიჯეროს წინასაარჩევნო დაპირებები ენერგოტარიფების შემცირებასა და პურის გაიაფებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ხელისუფლების კომპეტენცია არ არის! პოლიტიკური სუბიექტი ამომრჩეველს უნდა დაპირდეს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბიზნესგარემოს გააუმჯობესებს, რომლის შედეგი იქნება ტარიფის შემცირება, პურის გაიაფება და ასე შემდეგ. წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს, რომელი დაპირებაა რაციონალური და რომელი _ არა, რა უნდა დაიჯეროს და რა არა. იმედი მაქვს, 2016 წლისა და შემდგომ არჩევნებში, ამომრჩეველი უფრო მომთხოვნი და მაკონტროლებელი იქნება იმ დაპირებების მიმართ, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიის მქონე პოლიტიკური ძალა უხვად არიგებს ხოლმე. 
რაც შეეხება 2012 წელს, დიახ, სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება და ტარიფები შეამცირა, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ტარიფი ორი კომპონენტისგან შედგება, ახლა მხოლოდ პირველი კომპონენტი იზრდება და ეს კომპანიის მიერ ელექტროენერგიის შესაძენი ღირებულების ცვლილებაა. 2012 წელს, ტარიფის მეორე კომპონენტი ანუ საოპერაციო ხარჯების ნაწილი შეიცვალა. როგორც სემეკ- ში აცხადებდნენ, სწორედ კომპანიის მოგების ნაწილში არსებობდა გარკვეული რეზერვი, რომლის დაკორექტირებითაც ტარიფი გაიაფდა. აშკარა სპეკულაციაა, როდესაც აცხადებენ, რომ ვინაიდან 2012 წელს ტარიფი შემცირდა, ახლა სწორედ იმავე მიზეზით ძვირდება, მაგრამ როგორც აგიხსენით, მაშინაც და ახლაც, აბსოლუტურად სხვადასხვა კომპონენტი დაკორექტირდა, რაც ერთმანეთთან კავშირში არ არის'.
 
2012 წლამდე, არც სააკაშვილის და არც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, სემეკის ერთი გადაწყვეტილებაც არ გვახსოვს, როდესაც მოსახლეობის ინტერების გათვალისწინებით, ენერგოტარიფი შემცირდა. ათვლის წერტილად, 1995 წელი ავირჩიოთ, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო დენის, გაზისა და წყლის გრაფიკით მიწოდების ხანა. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისის გარეუბნებში 6-7-საათიანი, ცენტრში კი 3-4-საათიანი გრაფიკი მოქმედებდა, რეგიონები მთლიანად ჩაბნელებული, გაყინული და მწყურვალი იყო. იმ დროს, სემეკი გამუდმებით ენერგოკომპანიების ინტერესებს ითვალისწინებდა ანუ ტარიფებს ზრდიდა, ოღონდ მისი შემცირების გადაწყვეტილებას არ იღებდა. ასე იყო ეკონომიკის სხვა დარგებშიც _ საკმარისი იყო, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი გაზრდილიყო, რომ მეორე თუ არა მესამე დღეს, საქართველოში ბენზინი და დიზელი ძვირდებოდა, თუმცა მაშინ, როცა მსოფლიო ფასები დასტაბილურდებოდა, ჩვენს ქვეყანაში საწვავი არ იაფდებოდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკური კითხვა ჩნდება _ მართალია, ლარის კურსის გაუარესებას დენის გაძვირება მოჰყვა, მაგრამ დავუშვათ, ლარი დასტაბილურდა, გვაქვს გარანტია, რომ სემეკი მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებს და ტარიფს გააიაფებს?

ლევან კალანდაძე: ,,ამ გარანტიის მოცემა არ შემიძლია! ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სემეკის წევრებს ინტენსიურად ვხვდები და გარკვეულ საკითხებსაც გავდივართ. სემეკში აცხადებენ, რომ თუ ლარის გამყარების პროგრესი გაჩნდება, მზად არიან, ტარიფი ხელახლა გადაიანგარიშონ. თუმცა ასეც რომ არ მოხდეს, სემეკი ვალდებულია, 2016 წლის დასაწყისში, ტარიფი ხელახლა გადაიანგარიშოს და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, ახალი ტარიფი დაადგინოს. რაც შეეხება მიკერძოებულობას, დიახ, სემეკი ერთ-ერთი, ყველაზე პოლიტიზირებული სტრუქტურა იყო წინა ხელისუფლების დროს. მახსოვს შეკვეთით გაზრდილი ტარიფები, რომელიც ცალკეული ინვესტორების მადაზე იყო მორგებული, მაგრამ დღეს ეს თემა ჩახსნილია. სემეკს დამოუკიდებლობის ხარისხი გაუჩნდა და ცდილობს, ეს დამოუკიდებლობა დაიმკვიდროს'. 
    

ქამრებშემოჭერილი ბიუჯეტის სოციალური ტვირთი 

ტარიფის ზრდას ,,თელასიც' მოითხოვს და ეს გარდაუვალი რეალობაა. დენის გაძვირებას კი ჯერ პურის და შემდეგ სხვა პირველადი პროდუქტის გაძვირებაც მოჰყვება. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ტარიფის სუბსიდირების გეგმა უკვე შეიმუშავა და გადაწყდა, რომ სახელმწიფო დენის გაძვირების ტვირთს მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეუმსუბუქებს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაუჯდება. მართალია, ენერგოკომპანიებმა ტარიფის ცვლილება ლარის კურსის ვარდნის გამო მოითხოვეს, მაგრამ ზუსტად ამავე მიზეზით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა. ახლა კი ქამრებშემოჭერილი ბიუჯეტიდან, რომელიც ისედაც სოციალურია, მთავრობამ დამატებით 20 მილიონი უნდა გაისროლოს სუბსიდირებისთვის. საინტერესოა, რას ვუიაფებთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომელიც 4 თეთრით გაძვირებულ დენის საფასურს არ გადაიხდის, მაგრამ გაძვირებული პურის ყიდვა ხომ მოუწევს? 
ლევან კალანდაძე: ,,დიახ, ტარიფის ზრდის შედეგი ორი სიტყვით გამოისახება - ცხოვრება გაძვირდება! ეს ის გარდაუვალი რეალობაა, რაც ელექტროენერგიისა და სხვა სტრატეგიული ნედლეულის გაძვირებას თან სდევს. ბუნებრივია, ეს პურზე აისახება, რადგან პურის წარმოება ერთ-ერთი, ენერგოტევადი დარგია, რომლის საბოლოო ფასში, ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მნიშვნელოვანია. გეთანხმებით, დენის გაძვირება სამომხმარებლო ფასების ზრდას გამოიწვევს. 

მართალია, ხელისუფლება ტარიფის სუბსიდირებას გეგმავს, რაც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეეხება, მაგრამ პროდუქტების გაძვირებას მთავრობა ვერ შეეხიდება. დიახ, ქამრებშემოჭერილი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტად უნდა შემოიჭიროს ქამრები, კეთილი, ინებოს და უფრო მეტად გაიჭირვოს! ხელისუფლებამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც მისი მოსახლეობა ცხოვრობს - შემცირებული პრემიებით, ჯიპებით, სამივლინებო და მაქსიმალურად შემცირებული ადმინისტრაციულ- ბიუროკრატიული ხარჯებით! ასეთ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი ეს არის, არა მხოლოდ წმინდა რაციონალური, ეკონომიკური და ფინანსური, პოლიტიკური თვალსაზრისითაც კი. ჩვენ ახლა იმაზე ვსაუბრობთ, რომ ტარიფის გაძვირება სერიოზული ,,დარტყმაა' ხელისუფლებისთვის, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ერთადერთი, რაც ამ გადაწყვეტილებას ,,გააპრავებს', ის არის, რომ ხელისუფლებაც იმ რეჟიმში გადავიდეს, როგორშიც საზოგადოება გადადის _ მთავრობამ ქამრები უნდა შემოიჭიროს, რაც შესაძლოა, საზოგადოებამ პოზიტიურად აღიქვას. პიარის თვალსაზრისით, იგივე ,,ქეისი' იყო თბილისის წყალდიდობა, როდესაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები რეზინის ჩექმებით, ტალახიანები იდგნენ და რიგითი მოქალაქეების მსგავსად, სტიქიას ებრძოდნენ. როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება მისნაირია და მასაც ისევე უჭირს დენის ტარიფის გაძვირების გამო, მაშინ ეს გადატანადი ტვირთია და ხელისუფლებასაც შანსი ექნება, საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოიპოვოს'.  
 

ოპოზიციის ,,კოზირი' - სოციალური ჯანყი?! 

დენის ტარიფი 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე ძვირდება. შუაში ორი დიდი სეზონური ინფლაციაა მოსალოდნელი _ აგვისტო- სექტემბერსა და ნოემბერ- დეკემბერში. ამ პერიოდში გაზრდილი ტარიფი, ინფლაციურ ფონს უფრო დაამძიმებს და სექტემბერში, 10 ლარით მომატებული პენსიაც აზრს კარგავს. ამავდროულად, ესაა პერიოდი ანუ შემოდგომა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველაფერი სწორედ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს და ტარიფის გაძვირებით, ოპოზიციას ხელი ეწყობა, რომ შემოდგომის აქციებზე უფრო მეტი ხალხი გავიდეს. სადაა აქ ლოგიკა? 

ლევან კალანდაძე: ,,არ არის ლოგიკა, ესაა რეალობა ლოგიკის გარეშე! ის, რაც ახლა თქვით, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ტარიფის ზრდა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. მთავრობა ამ პროცესს მიღმაა ანუ ტარიფის ზრდა დამოუკიდებელი სემეკის ობიექტური გადაწყვეტილება იყო. მეორე თემა, რაც წლის ბოლოს მოსალოდნელ ინფლაციას უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში სავარაუდო პრობლემებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირების გამო, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება კომფორტულ მდგომარეობაში ნამდილად არ არის. მთავრობას საკმაოდ ,,ცხელი' შემოდგომა ელის და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს ერთგვარი გამოცდაცაა, რომელიც ჩვენ, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა ჩავაბაროთ. დღეს ბევრი რამ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ, რაციონალურ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას განახორციელებს, რამდენად სწორად დაიგეგმავს საბიუჯეტო პროცესს'. 

არ მახსენდება, რომ ენერგოტარიფების შემცირების, ხელფასის ან სტიპენდიის გაზრდის მოთხოვნით, საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში გამოსულიყო. მძიმე სოციალურ- ეკონომიკურ ფონზე, ეს მოტივი მოსახლეობას არ აღელვებს, ქუჩაში ძირითადად, პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდის. სოციალური თემატიკით დატვირთული აქციები ევროპული ქვეყნების ფუფუნებაა, თუმცა ერევანმა ევროპული გამოცდა ახლახან ,,ჩააბარა', როდესაც ხალხი ქუჩაში ტარიფების შემცირების მოთხოვნით გამოვიდა. თუ იგივე პროცესი საქართველოშიც გაგრძელდება, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ შემოდგომაზე სოციალური ჯანყი არ მიიღოს? 

ლევან კალანდაძე: ,,გარკვეული სტერეოტიპი, რომ ქართველები სოციალური თემების გამო ქუჩაში არ გამოდიან, მცდარია. მართალია, ერევანში განვითარებულ მოვლენებთან პირდაპირი კორელაცია არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა, ქართველებიც გამოვიდნენ ქუჩაში. კონკრეტული რეცეპტი _ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, არ მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. პროცესები სწორად უნდა დაგეგმოს, ბიზნესსა და ინვესტიციებზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს, მიზეზს უნდა შეებრძოლოს და არა _ შედეგს. მიზეზი კი ცხოვრების დაბალი დონე და ინვესტიციების სიმცირეა. გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, საზოგადოება საკმაოდ კარგ ანალიზს გააკეთებს. მთავარია, დავინახოთ, რომ მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს. პიარის თვალსაზრისით, ხელისუფლება ადამიანებისნაირი უნდა იყოს და ამიტომაც ვეუბნები ჩემს მეგობრებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, რომ რაც უფრო მეტი კონტაქტი და კომუნიკაცია ექნებათ ადამიანებთან, თუნდაც მის აგრესიულ ნაწილთან, მით უკეთესი იქნება'.