ამ დღეებში, საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიები საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს და საგამოძიებო ნაწილის უფროს მამუკა ვასაძეს შეხვდნენ. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება დღემდე ბურუსით მოცული და პასუხგაუცემელია... შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შექმნილია ახალი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც მოტივირებულია, რომ გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს... ,,ქართული სიტყვა“კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრა:
- მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა, თუ რა ვითარებაში დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს შევხვდი და ვიცი, რომ საგამოძიებო პროცესი დაიწყო და იმედი მაქვს, ყველაფერი ლოგიკურ დასკვნამდე მივა. მინდა, მჯეროდეს, რომ სიტყვებს კონკრეტული საქმეები მოყვება და, ბოლოს და ბოლოს, ამ საქმეს ნათელი მოეფინება.
- საქმეში, თუ იცით, რომელი ექსპერტი ჩაერთვება?
- ეს ინფორმაცია არ მაქვს და, რომც ვიცოდე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჯაროდ ვერაფერს გეტყვით.
- საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე დასკვნა არ დევს. საზოგადოებრივი ინტერესი კი, უწინდებურად მაღალია...
- ნამდვილად დიდია ინტერესი, გამოძიებული იქნას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზი. ყველა დროში არსებობდნენ და არსებობენ ძალები, რომელთაც არ სურთ, რომ ზვიად გამსახურდიას საქმე იქნეს გამოძიებული და ჰაერში ჩამოკიდებული დარჩეს. ვიდრე ამ საზარელი დანაშაულის მოწმეები არ დაიხოცებიან, ყველა კვალი, 1993 წლიდან დღემდე, არ წაიშლება.
როცა დანაშაული მოხდა, პირველი დაკრძალვისას, დაიკარგა მასრა და გულა, მთავარმა მოწმეებმა გარეცხეს ზეწრები, ბალიშის პირები, მთლიანად ქვეშაგები, ლეიბები ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში დაწვეს...
2010 წელს, კომისიამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ულურიაში დამწვარი სახლის მაცივარ-სამარხში ორი ადამიანის დამწვარი ძვლები იპოვა. ჩვენი ვარაუდით, ეს ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრები - ირაკლი გოგიძე და ვაჟა ჭინჭარაულის ნაშთებია.
მოსახლეობამ გვიამბო, რომ 1993 წლის დეკემბრის დასაწყისში, სახლში ღამეს ორი შეიარაღებული მეომარი ათევდა. ღამე ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დაიფერფლა. ეს ამბავი იმ პერიოდს ემთხვევა, როცა გოგიძემ და ჭინჭარაულმა მუჟავას პარტიზანული ბანაკი დატოვეს - ბადრი ზარანდიასა და ზურაბ შონიას პარტიზანულ ბანაკს ვგულისხმობ. როცა ისინი ლუგელას ხეობისკენ წამოვიდნენ, გზად იმ სახლში გაათენეს და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დახოცეს. სახლი დილამდე იწვოდა, მერე, ცხედრებისგან დარჩენილი ძვლები მოაგროვეს და მაცივარში დამარხეს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დნმ-ის გაკეთებაზე უარი თქვა, მიზეზად კი ის მოიდო, რომ ამ ძვლებზე ექსპერტიზა არ კეთდება, რაც საეჭვოდ მომეჩვენა.
- მთავრობები იცვლებიან. სიმართლის დადგენა კი, როგორც ამბობთ, არ ხერხდება... რატომ?
- იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ზვიადი მოკლეს, ყველა მთავრობებში ახერხებენ, პრივილეგირებული პოზიცია, მნიშვნელოვან ადამიანებთან, ანუ მათთან, რომლებიც ამ ქვეყნის მართლმსაჯულებასა და ძალოვან სექტორში ბევრ საკითხს წყვეტენ, ძალაუფლებრივი ბერკეტები და კონტაქტები შეინარჩუნონ.
- ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოსაძიებლად საგამოძიებო პროცესი ბევრჯერ წამოიწყეს. 2009 წელს, საპარლამენტო კომისიაც კი შეიქმნა.
- დიახ, 2009-2011 წლებში, ამ საპარლამენტო კომისიას მე ვხელმძღვანელობდი.
- კომისიამ ფუნქციონირება შეწყვიტა?
- არა, ჩვენ მუშაობა დავასრულეთ და გამომცემლობა ,,არტანუჯმა“ გამოსცა წიგნი - ,,ზვიად გამსახურდიას საქმე“. ეს ჩვენი კომისიის ძირითადი დოკუმენტია, სადაც, ძირითადი მოწმეების გარდა, ის ადამიანებიც არიან ნახსენები, რომლებსაც, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. წიგნში შეკრებილია კომისიის მიერ მოპოვებული ყველა მასალა. მას ახლავს საძიებელი, სადაც ნებისმიერ საკითხსა და მოვლენებთან დაკავშირებულ ადამიანზე შეგიძლიათ, ინფორმაცია მოიპოვოთ.
2011 წელს, საპარლამენტო კომისია დაიხურა. მან დაადგინა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. პრეზენტაციის შემდეგ, დოკუმენტი საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა, რომელმაც ჯერ საქმე დაშალა და შემდეგ, თაროზე შემოდო.
- რას ნიშნავს ,,საქმე დაშალა”?
- ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე დაანაწილეს, ცალკე გამოყვეს აფხაზეთის ომის დაწყებისა და თბილისში მშვიდობიანი მიტინგების დაშლისას დაღუპულთა თემა.
- ამ მასალებს ახალი გამოძიება იყენებს?
- საპარლამენტო დოკუმენტი მოკვლევაა, რომელიც სრულფასოვან გამოძიებად ვერ ჩაითვლება. ერთია მოკვლევა და მეორე - გამოძიება. საპარლამენტო დოკუმენტი მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, პროკურატურის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასებას, ყველა ვერსიის აწონ-დაწონვას, მეორეს მხრივ კი, - დამატებითი სამუშაოების ჩატარებას. საპარლამენტო კომისიამ ბევრ მოწმეს მოუსმინა და მიზნად ამ მოსმენილის გადამოწმებაც ჰქონდა.
- გამოდის, რომ კომისიამ პროკურატურას ფასდაუდებელი საქმე გაუკეთა...
- ნამდვილად კარგი სამუშაო ჩავატარეთ, წიგნად შეკრული ,,ზვიად გამსახურდიას საქმე” დღეს საქართველოში მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ დაიღუპა დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ფრიად პოპულარულია.
- ბატონო კონსტანტინე, პროკურატურის დღევანდელ მუშაობას როგორ აფასებთ?
- სრულიად არადამაკმაყოფილებლად.
- 1993 წლიდან დღემდე, მერამდენე პროკურატურაა, რომელიც გამოძიებას იწყებს და არ ამთავრებს...
- წარმოიდგინეთ, 1994 წლის თებერვლიდან დღემდე, საქმე, პრაქტიკულად, არ დახურულა, მაგრამ შეკითხვები პასუხგაუცემელია... პროკურატურა, უბრალოდ, იწერდა მთავარი მოწმეების გამონათქვამებს და არც ერთ შეკითხვას არ უსვამდა. ეს, უბრალოდ, მონათხრობების ჩაწერა იყო, რომლის არც გადამოწმება ხდებოდა, არც - დაპირისპირება. რეალურად, ეს საქმის მიჩუმათება და მიჩქმალვა, გამოძიების პროცესების იმიტირება გახლდათ.
საპარლამენტო კომისიის შექმნიდან მალევე კი, მთავარი მოწმე ლუდმილა აბშილავა გარდაიცვალა. თქვენს ყურადღებას მივიპყრობ ზვიად გამსახურდიასდროინდელი უშიშროების მინისტრის, თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობაზე, რაც კომისიის შექმნიდან მეორე დღესვე მოხდა. საინტერესოა, რომ მკვლელობისთვის დაპატიმრებულ თამაზ გოგიას, რომელიც მეხუთე წელია, სასჯელს იხდის, თამაზ ნინუასთან შეხება არ ჰქონია.
- როგორც ამბობდნენ, თამაზ ნინუას შეხება არც შავ-ბნელ საქმეებსა და სკანდალებთან ჰქონდა...
- თამაზ ნინუა და მისი მეუღლე Sp-4 ტყვიით არიან მოკლულები. ეს ტყვია მხოლოდ იმ ქილერებს აქვთ, რომლებიც სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებენ.
- ასეთი ტყვიები კერძოდ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს აქვთ?
- რუსეთის. ამ ტყვიას ხმა არ აქვს, არც დენთის კვალი რჩება და არც - აირები, რომელიც იარაღიდან გამოსვლის დროს გამოიყოფა.
- ზვიად გამსახურდიას ცხედართანაც ასეთი ტყვია ხომ არ უპოვიათ?
- არა, იქ 9,2-მილიმეტრის ტყვია იპოვეს, რომელიც ,,უგერიდან“, ,,სტეჩკინიდან“ ან სხვა იარაღიდანაა გასროლილი.
- არსებობს ე.წ. როსტოვის დასკვნა. რუსულ მხარეს ამ საქმის გამოძიება რატომ აინტერესებდა?
- რუსეთის მხარეს უფრო ცხედრის იდენტიფიკაცია აინტერესებდა. გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ სიკვდილი საფეთქელთან შემავალი და ყურის ნახვრეტთან გამავალი ტყვიის შედეგად დადგა. ვერსიები ჰქონდათ ძვლების მოტეხილობებთან დაკავშირებითაც, რომ ეს გრუნტის ზეწოლის შედეგად მომხდარი დაზიანებები იყო, რაც არადამაჯერებლად მიმაჩნია.
მოტეხილობები შეიძლება, გროზნოში, ექსგუმაციიის დროს მექანიკური ზეწოლის შედეგია, როცა ცხედარი პლასტკის ტომარაში გადაჰქონდათ, თუმცა თუ ეს არ დადასტურდა, მაშინ გამოდის, რომ ზვიად გამსახურდიამ ძვლების მოტეხილობები 1993 წლის დეკემბრამდე მიიღო.
- ბატონო კონსტანტინე, ნეიტრალური ექსპერტიზა ბევრჯერ მოითხოვეთ. ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს?
- მოვითხოვეთ და ამისთვის კალიფორნიაში მოვნახეთ სერიოზული ბიურო, რომლის მომსახურებაც 10 000 დოლარი ჯდებოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს თანხა არ გადაიხადა. უფრო მეტიც, 2004 წლიდან, ირაკლი ოქრუაშვილის მეცადინეობით, საგამოძიებო მოქმედებები არ განახორციელა. საქმის გამოძიებით არ იყო დაინტერესებული მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილიც. სამწუხაროდ, იგივე მოხდა არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად ყოფნის პერიოდშიც.
- სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მოსულმა ხელისუფლებამაც ვერ გაარკვია, როგორ დაიღუპა ზვიად გამსახურდია. ამასობაში ოცდაორი წელი გავიდა. ამ ჩახლართული საქმის გამოძიების შანსი კიდევ არსებობს?
- ჯერ კიდევ არის რესურსი, თუმცა რაც დრო გადის, იწურება, მცირდება მოწმეების წრე, რომელთაც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები გააჩნიათ. უბრალოდ, საჭიროა პოლიტიკური ნება, რახან ამდენი წლის განმავლობაში ეს ნება არ დაფიქსირდა, გადავწყვიტეთ, საზოგადოება ჩავრთოთ:
ვაანონსებ საზოგადოებრივ ინიციატივას, რომლის მიზანიც იქნება, ბოლომდე ვიბრძოლოთ. საზოგადოებრივ მოძრაობას ასე ჰქვია - ,,ირინა ენუქიძის სახელობის საზოგადოებრივი ინიციატივა - ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის”.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების გამოსაძიებელი ინიციატივა ირინა ენუქიძის სახელობის უნდა იყოს?
- იმიტომ, რომ ირინა სამართლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა.
- ბატონო კონსტანტინე, მას შემდეგ, რაც კომისიამ მუშაობა დაასრულა, კარგა ხანი გავიდა და... დიდხანს დუმდით. თქვენი გააქტიურება რას უკავშირდება?
- აქტიურობას არ ვწყვეტდი, სოციალურ ქსელში ჩემი ხუთი ათასი მეგობარი და ორი ათას ხუთასი მხარდამჭერი ჩემს აზრებს იზიარებდა. წიგნის - ,,ზვიად გამსახურდიას საქმე“ პრეზენტაციები საქართველოს ბევრ ქალაქში მოვაწყვე, ასევე, თბილისის უნივერსიტეტებშიც. მინდა, გითხრათ, რომ დიდია საზოგადოების ინტერესი.
- რომელიმე ეტაპზე, ხელისუფლებისგან დაპირება გქონდათ?
- არა. მინდა, მოვლენებს იმედიანად შევხედო და დასასრულამდე მივიდეთ. თავს შეურაცხყოფილად და სულში ჩაფურთხებულად ვგრძნობ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია. ვაცხადებ: დანებებას არ ვაპირებთ!
- რადიო ,,თავისუფლების“ ჩრდილოკავკასიური ბიუროს თანამშრომელი, ხასინ რადუევი წერს, გროზნოში თავშეფარებულ ზვიად გამსახურდიას დიდი პატივით ექცეოდნენ და როცა ქვეყანა დატოვა და საქართველოში დაბრუნდა, ყველა გაკვირვებული იყოო. თქვენი აზრით, მამათქვენი ასეთ სახიფათო გზას რატომ დაადგა?
- ზვიად გამსახურდიას არ შეეძლო, მშვიდად, დევნილობაში ეყურებინა, თუ როგორ ეცემოდა სოხუმი, როგორ დევნიდნენ ქართველებს საკუთარი ეზო-კარიდან. მისი დაბრუნება თავგანწირული მცდელობა იყო, გადაერჩინა აფხაზეთი და საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის იდეა. სამწუხაროდ, ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ზვიადმა კარგად იცოდა, თუ რა ხდებოდა სამეგრელოში და იცოდა, რაზეც მიდიოდა.
საქართველო საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი გამოვიდა. ამიტომაც ყველა რისხვა თავს დაგვატყდა. ყველაზე მეტად ქართველები დავისაჯეთ და მავთულხლართების ისტორია ამ დასჯის გაგრძელებაა.
- გინდათ, თქვათ, რომ ისევ დინების საწინააღმდეგოდ მივდივართ?
- აბსოლუტურად.
- და ეს რა დინებაა?
-- თუ მას საბჭოთა კავშირის აღდგენის პროცესს დავარქმევთ, მაშინ ბრძოლა ისევ გრძელდება, რადგან ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე - უცხო ქვეყნის ინტერესების დაცვა. სამწუხაროდ, ბევრ ქართველს ვხედავთ, ვინც მზადაა, სხვისი ინტერესებისთვის იბრძოლოს. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანი რაღაცნაირად შლეგია.
- თქვენი ვაჟი, ზვიად გამსახურდია უმცროსი, თურმე, კინოსაქმითაა დაინტერესებული. ალბათ, დიდი ზვიად გამსახურდიას ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებს, არა?
- ზვიად გამსახურდია უმცროსი ბერლინში ცხოვრობს, მის მიერ გადაღებული ფილმები თავისებურად კონცეპტუალურია და რაღაცნაირად ცნობილი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ფილმებს ჰგავს. მუსიკის შერჩევაში უფროსი ძმა, დემეტრე და შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ალექსანდრე კორძაია ეხმარებიან. შესაძლოა, დიდი ზვიად გამსახურდიას ცხოვრებით და მოღვაწეობითაც დაინტერესდეს.
- თბილისის აეროპორტისთვის სახელის მინიჭებაზე კამათი მიმდინარეობდა, თქვენც გქონდათ მოსაზრება...
- ვფიქრობ, შოთა რუსთაველი ყველა დროში, მათ შორის, საბჭოთა პერიოდშიც კი დაფასებული პიროვნება გახლდათ და მის სიდიადეში ეჭვი არავის შეუტანია. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, რომ აეროპორტს თანამედროვე პოლიტიკოსის სახელი დარქმეოდა, ყოფილიყო ზვიად გამსახურდია, ან მერაბ კოსტავა, ან ნოე ჟორდანია.
- კოლხური კოშკი რა მდგომარეობაშია?
- გამსახურდიების საგვარეულო კოშკი იერშეცვლილია - ვერ ვცნობ. ჩემი ვარაუდით, იქ დღეს ჩემი ძმა, ცოტნე ცხოვრობს, თუმცა კოშკის რეკონსტრუქციასთან ამას საერთო არ აქვს.
- ფიქრობთ, რომ ისტორიულ კოშკს იერსახე მთავრობებმა დაუკარგეს?
- ჩემს თვალში, ასეა და ვისაც რა უნდა, ის იფიქროს.
- ბატონო კონსტანტინე, არჩევნები ახლოვდება. პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებთ?
- ვმონაწილეობ ინტერპარტიულ ფორმატში, რომელიც მუშაობს სამართლიან და დემოკრატიულ გარემოსა და არჩევნებზე, ახლახანს სოციალურ ქსელებში 2012-2014 წლებში გამოქვეყნებული ჩემი სტატუსები წიგნად გამოვეცი. სტატუსები სამად იყოფა: პოლიტიკა-ეკონომიკა, კულტურა-ხელოვნება-ისტორია და მესამე, რელიგიური დღესასწაულები. წიგნის სათაურია ,,რა ვქნისა ციხე ავაგე“...