რუსები თავისას არ იშლიან და ნელ-ნელა საქართველოს შუაგულისკენ მოიწევენ. უნდა ველოდოთ თუ არა ოკუპანტებს თბილისში? - “ქართული სიტყვა” მცოცავ ოკუპაციაზე უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, უკრაინის შემდეგ, რიგში ისევ საქართველოა?
- სამწუხაროდ, ასეა - რუსეთი მცოცავი ოკუპაციიდან მიზანმიმართულ აგრესიაზე გადავიდა. აგრესიის მეორე ეტაპი კი, სამხედრო ინტერვენციაა, რასაც ოკუპაცია მოჰყვება.
- ხელისუფლება, როგორც ოპოზიცია ამბობს, ინერტულია და საერთაშორისო ასპარეზზეც პასიურობს. თუკი მართლაც, ასეა, სამხედრო ინტერვენციის რისკი მეტად ხომ არ იზრდება?
- მდგომარეობის გართულების გეოპოლიტიკურ ასპექტებს ყურადღებას არ ვაქცევთ. სააკაშვილის ბაქი-ბუქმა და მილიტარისტულმა რიტორიკამ სწორი გზიდან გადაგვახვევინა. როცა “ნაციონალები” მოვიდნენ, დასავლეთსა და რუსეთს შორის პარტნიორული და სტაბილური ურთიერთობა იყო, რაც ხელს, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაძლევდა, მაგრამ ეს ხელსაყრელი სიტუაცია ვერ გამოვიყენეთ და 2008 წლის ომი მივიღეთ. სხვათა შორის, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ სააკაშვილს 2008 წლის მოვლენები აწყობდა - თავისივე პოლიტიკური იმიჯის გამყარება სურდა...
დღეს ვითარება ბევრად გართულდა და ხელისუფლება გაცილებით რთული პრობლემების წინაშე დგას.
- რატომ?
- დასავლეთსა და რუსეთს შორის, პრაქტიკულად, ცივი ომი მიმდინარეობს, რომელიც უკვე ცხელ ფაზაშია. დაახლოებით, ისეთივე ვითარებაა, როგორიც 1982-1985 წლებში იყო... 1983 წელს, საბჭოთა “გადამჭერმა” კორეული თვითმფრინავი ჩამოაგდო და 130 ადამიანი დაიღუპა. ცოტა ხნის წინ, დომბასში მალაიზიური ლაინერი ჩამოაგდეს და ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანა უკვე ტრიბუნალს ითხოვს, რასაც რუსეთი საეჭვოდ ეწინააღმდეგება.
კიდევ ერთი: მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი პოლონეთში წესრიგის აღდგენას ცდილობდა, ამერიკელებმა ევროპაში, სსრკ-ს შესაძლო შეტევის მოსაგერიებლად, ბირთული არსენალი და სხვა სახის შეიარაღება განალაგეს. ისეთი ცხელი წერტილი, როგორიც 80-იანებში პოლონეთი და ავღანეთი იყო, დღეს საქართველოსა და უკრაინის სახით გვაქვს. ისტორია მეორდება და საკითხავია, საქართველოში პოლონური ვარიანტის მიღებას რამდენად შევძლებთ. მაშინ პოლონელებმა არ დაუშვეს, რომ სსრკ-ს აგრესია ინტერვენციად და ოკუპაციად გადაქცეულიყო.
- იმედია, ისტორია არ განმეორდება... ბატონო ვახტანგ, საზღვრის გადმოწევის საბაბი ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენი ხომ არ გახდა?
- საზღვრის გადმოწევის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, სტრატეგიული ობიექტებია. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ ჯერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის რაღაც ნაწილი გადავიდა, ახლა კი, - ბაქო-თბილისი-სუფსა. რუსეთის სამხედრო დოქტრინაში პირდაპირ წერია, რომ მისი მთავარი ამოცანა მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს, ჩვენს რეგიონში, სტრატეგიული ობიექტებისა და კომუნიკაციების დაცვა და კონტროლია. რუსები იმას აკეთებენ, რაც უკვე დეკლარირებული აქვთ.
- მიუხედავად ამისა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რუსებს არ უნდა გავუთამამდეთ და მათ არც საზღვარი გადმოუწევიათო...
- დღევანდელი ხელისუფლების მესმის და ეს, ჩემი აზრით, სწორი პოლიტიკაა. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ოცნების“ წარმომადგენლები პროვოკაციულ განცხადებებს ერიდებიან, თუმცა ქარიშხალს მშვიდობიანი პოლიტიკით ვერ შეაჩერებ... რეალურად, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, 2008 წლის აგვისტოს განმეორება აღარ დაუშვას. მყიფე მშვიდობა ნარჩუნდება, მაგრამ აგრესორს წითელი ზღვარი არ უნდა გადმოვალახინოთ. ეს მცოცავი ოკუპაცია აღარაა, ეს სამხედრო აგრესიაა! ეს ორი ცნება იმით განსხვავდება, რომ სამხედრო აგრესიის დროს ოკუპანტი სტრატეგიულ ტერიტორიებს იკავებს. აგრესიას კი, ინტერვენცია მოჰყვება, რაც ქვეყნის მთავარი ქალაქებისა და დედაქალაქის დაკავებას ნიშნავს.
- სხვათა შორის, ოსი სეპარატისტები “ბრიტიშ პეტროლიუმთან” წვდომას მოითხოვენ, რათა ნავთობსადენის უსაფრთხოება უზრუნველყონ. შესაძლებელია, ნავთობკომპანია ამაზე დასთანხმდეს?
- საინტერესო შეკითხვაა და ამაზე ლაპარაკი არც ყოფილა... სწორი აქცენტირებაა, თუმცა BP კერძო კომპანიაა და ნებისმიერი დამოუკიდებელი ქმედების უფლება აქვს. სხვათა შორის, კომპანიას ასეთი შემთხვევა ნიგერიაშიც ჰქონდა - ნავთობსადენს, რომელიც ნიგერიიდან ლაგოსადმე, იქიდან კი, დასავლეთისკენ მიდის, პრობლემა სეპარატისტებმა შეუქმნეს. საბოლოოდ, ბრიტანულმა კომპანიამ სეპარატისტებთან ურთიერთობა დაამყარა. მოკლედ, ასეთი პრეცედენტი არსებობს, მაგრამ არ მგონია, „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ ახლა შემხვედრი ნაბიჯი გადადგას. ეს ოსების მხრიდან პოლიტიკური შანტაჟია და BP-ის არსებული კონტრაქტის დარღვევა მოუწევს. ვიცე-პრემიერმა კალაძემ განაცხადა, რომ ნავთობსადენისთვის ალტერნატიული გზა მოინახება, მაგრამ არ ვიცი, ეს ნავთობკომპანიას რამდენად აწყობს. ისე, მიუხედავად იმისა, რომ დასავლური კომპანიაა, სანქციების პირობებშიც კი, BP „როსნეფტთან“ აქტიურად თანამშრომლობდა.
- ბატონო ვახტანგ, ამბობენ, რომ 2008 წლის შემდეგ, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან სპეცრაზმი და პოლიცია პატრულირებდა, 2012 წლიდან კი, პატრულირება შეწყდა... ოსმა სეპარატისტებმა კი განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა თითქოს დე ფაქტოდ აღიარა და ახლა, დე იურედაც უნდა აღიაროს...
- მინდა, წინა ხელისუფლების აპოლოგეტ ანდრო ბარნოვს შევახსენო, რომ დღევანდელი მდგომარეობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი სააკაშვილი და მისი გუნდია. მათ რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია არ შეექმნათ და კოდორისთვის ზემო აფხაზეთი არ ეწოდებინათ, დღეს ეს ტერიტორიები დაკარგული არ იქნებოდა! ჯობია, ამ ხალხმა სიტუაციის გამომწვევი მიზეზები გაარკვიოს. იქ სპეცრაზმი არ არსებობდა და ეს სიცრუეა. პოლიცია პატრულირებდა, მაგრამ სტაციონარული პუნქტები არც მაშინ იყო და არც - ახლაა. გორში ხშირად დავდივარ და კარგად ვიცი, იქ რაც ხდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ საზღვართან სტაციონარული ტიპის პოსტები საჭიროა. გარდა ამისა, იქ, ქართულ მხარესთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც უნდა განლაგდეს. პოსტი ხურვალეთთანაა... არავინ ამბობს, რომ იქ შეიარაღებული ძალები უნდა განლაგდნენ, ეს დაუშვებელია... ჩვენ ძალების დემონსტრირება უნდა შევძლოთ. რაღაც მომენტში ე.წ. კუნთების გათამაშება საჭიროა!
- აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მხოლოდ ერთი მაგისტრალი აკავშირებს, რომლიდანაც 450 მეტრის მოშორებით, რუსი ოკუპანტები დგანან. ალტერნატიული გზა, რომელიც საგანგებო მდგომარეობაში ხერხემალში გადატეხვას თავიდან აგვაცილებს, რატომ არ არსებობს?
- ეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში უნდა იყოს გაწერილი - ალტერნატიული კომუნიკაციური სისტემები აუცილებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს და ეს სერიოზულ გარემოებად არ მიაჩნიათ. რუსების მთავარი ამოცანა კი, საქართველოს პარალიზებაა - სურთ, თბილისი-გორის მაგისტრალი ხელში ჩაიგდონ. ისე, არსებული სცენარი 6 თვის წინ ვივარაუდე.
- ბატონო ვახტანგ, სტანდარტულ შეკითხვას დაგისვამთ: ხელისუფლებამ სიტუაციის დასარეგულირებლად რა ნაბიჯები უნდა გადადგას?
- არც ხელისუფლებაში ვარ და არც - ისეთი ინფორმირებული, როგორც მთავრობის წარმომადგენლები. ამიტომ, კონკრეტულ ნაბიჯებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ევროკავშირთან ერთად მონიტორინგი და საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებაა საჭირო.
- ცნობილია, რომ რუსებმა ცხინვალის რეგიონში მძიმე ტექნიკის მობილიზება და სამხედრო წრთვნა დაიწყეს...
- მზადყოფნაში 1500 ჯარისკაცია, N1 განგაში გამოაცხადეს და მძიმე ტექნიკაც გამოყვანილია. 2008-შიც, 58-ე არმია მასშტაბურ წრთვნებს ატარებდა და დღესაც, დაახლოებით, იგივე სურათია.
- მოკლედ, ომის საფრთხე აშკარაა, არა?
- ჩვენ ომი, რა თქმა უნდა, არ გვინდა, მაგრამ მთავარი ისაა, რუსებს რა უნდათ. ფაქტია, ისინი ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ და პირდაპირ აგრესიაზე გადმოდიან. დასავლეთისა და ირანის ურთიერთობები დათბა, ამიტომ საქართველოს სატრანზიტო დერეფანი შეიძლება, ირანელებმა დასავლეთის ნავთობით მოსამარაგებლად გამოიყენონ, რაც რუსებს არ უნდათ და ეცდებიან, ეს გზაც გადაკეტონ.
ჩემთვის რუსეთის პერმანენტული ხისტი პოლიტიკა არალოგიკური და პარადოქსულია. ისიც რთული სავარაუდოა, დღევანდელ ცივ ომში ვინ იქნება გამარჯვებული, რუსებს, ჯერჯერობით, ყველაფერი „გასდით“.