თბილისის ზღვა... ზღვა კი არა, 11,6 კვ/მ ფართობის მოლურჯო-მომწვანო წყალსაცავი... ჯერ კიბით გორაკზე ავედი და იქიდან პირდაპირ ქვა-ღორღიან პლაჟზე დავეშვი. აჩეჩილ თმას ვინღა დაეძებს, ქარი ნაპირზე დატრიალებულ ჭუჭყს თვალებში მაყრის. ვის აღარ ნახავთ აქ?! აი, “მაყუთიანი მამიკოს” შვილებს კი, ნამდვილად, - ვერა.
ზოგი შეზლონგზე წევს, რომელიც 2 საათით 3 ლარად ქირავდება. ზოგი, ვისაც შეზლონგში ფულის დახარჯვა არ სურს, ან ფული საერთოდ არ აქვს, ძირსაა გართხმული. პლაჟზე შესვლისთანავე, საჭმელი და სასმელი მოვიკითხე: ლობიანსა და ერთ კათხა ლუდს ერთი და იგივე ფასი აქვს - ორვე 2 ლარი ღირს. გაზიან სასმელს, სტანდარტულ ფასთან შედარებით, 30-40 თეთრით ძვირად იყიდით.
აქ ყველა ასაკის ადამიანია. ზოგს გარუჯვა უნდა და ეტყობა კიდეც - მიუშვერია სხეული მცხუნვარე მზისთვის. ბიჭების ნაწილი “ტურნიკზე” “აზიდვებს” აკეთებს და კუნთების გამაგრებას ცდილობს გოგონების თვალწინ... ზოგს ბანაობა და ჭყუმპალაობა სიამოვნებს... ცურვის მოყვარულები ვერ ვნახე - ამკრძალავი ხაზი ნაპირთან ისე ახლოსაა, რომ ხელის ორ გემრიელ მოქნევასაც ვერ მოასწრებ, ისე გადაცდები საცურაოდ დასაშვებ ზონას და აკრძალულ ტერიტორიაზე აღმოჩნდები.
პლაჟზე ჩრდილი, წამლად რომ გინდოდეს, არაა, თუმცა აქ ჩრდილისთვის, ალბათ, არც არავინ მოდის. ბიჭები, ძირითადად, “შორტებში”, გოგონები კი, საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი, თან ქარის ყოველ “გამოქროლებაზე” სახეზე ხელს იფარებენ და თავის მტვრისა და სილისგან დაცვას ასე ცდილობენ. აქ ისეთებიც არიან, გარკვეული მიზეზების გამო, სხეულის საჯაროდ “წარმოჩინებას” რომ ერიდებიან. პრინციპში, თუ მათ გვერდით წამოგორებულ, ალმაცერი გამოხედვის მქონე ბიჭებს დააკვირდებით, “ჩაფუთნულობის” მიზეზსაც მარტივად მიხვდებით.
მოშორებით სახეზე ტრუსწაფარებული ბიჭი გაშხლართულა და, თუ კანის ფერით ვიმსჯელებთ, სასურველ შედეგს, ალბათ, მალე მიაღწევს.
ადგილს გააჩნია, მაგრამ წყალში, ასეა თუ ისე, ნამდვილად ბევრი მცენარეა. იმ ადგილას, სადაც წყალმცენარეები ნაპირიდანაც კი მოჩანს, არავინ ცურავს. იქვე, ახლოს, ბიჭები პლაჟის ფრენბურთს თამაშობენ.
მაშველებისკენ მივდივარ. ისინი სტადიონისკენ მიმითითებენ, სადაც წყლის ველოსიპედითა და კატერით გასეირნების ფასს გავიგებ... და სწორედ ამ დროს ვხედავ: ბიჭი პირსაწმენდებზე წამოწოლილ გოგონებთან მიდის და სურათს უღებს.
- არ გვინდა, ნუ გვიღებ, - ეუბნებიან.
- აუ, რატოოოო? თქვენი სახელები მაჩუქეთ...
- პანდა, - პასუხობს ერთ-ერთი და დაბნეულ ბიჭს განუმარტავს, რომ პანდა მსუქანი, საყვარელი ცხოველია.
- აუ, ახლა “ნასმი” ვარ. “ნასმი” რო არ ვიყო, გავცურავდი და “ვაფშე”, “მკიდია”, რო შორს გაცურვა არ შეიძლება, - “გაიბლატავა” ბიჭმა, მაისური კისერზე დაიხვია და გოგონებს მოუტრიალდა, - ხო გამომყვებოდით?
ვერ გავიგე, რამე, ალბათ, მიმიკით ანიშნეს და ბიჭმა, ახლა სურათს თქვენი ტელეფონით გადაგიღებთო, შესთავაზა. მერე ის გამოიკითხა, რომელი უბნიდან იყვნენ და გოგონებიც აჰყვნენ.
- გოგოებო, მორიდებული “როჟები” ნუ ხართ, გავიხსნათ, რა... –- და ბიჭი ფეხებთან მიუცუცქდა ქალიშვილებს.
- აბა, ცივი წყალიო, - გავიგონე და მოხუც ქალს წყლის ფასი ვკითხე. ვიდრე პასუხს გამცემდა, ჩანთის ძირს დადება, იქიდან ლიტრიანი ბოთლის ამოღება და ჩემთვის შემოჩეჩება მოასწრო. აზრზე რომ მოვედი, ბოთლი უკვე ხელში მეჭირა. ბებო კმაყოფილი მიღიმოდა.
- 1 ლარი...
გადავუხადე.
მერე მომაძახა, 50-თეთრიანებიც მაქვსო - ალბათ, უფრო პატარა ბოთლებში...
ვიდრე სტადიონამდე მივალ, გზად, პირდაპირ პლაჟზე, ნაგვის ბუნკერი “შემომხვდა”, რომლიდანაც გადმოყრილ ნაგავს ქარი ჰაერში ატრიალებს. გზას უცნობ წყვილთან ერთად ვაგრძელებ... ბიჭი მეუბნება, თბილისში უკეთესი ალტერნატივა არაა და დანარჩენის არც საშუალება გვაქვს, თორემ კარგი კი ვიცით, რაც არის და აქ არ მოვიდოდითო. ამასობაში 20-თეთრიანი ვიპოვე - სტუდენტური ბარათისთვის სამგზავრო ფულად გამოვიყენებ...
ნაპირზე “ჰოთ დოგის” დახლი დგას, მაგრამ დახლთან არავინაა. ამიტომ, გინდ 2 ლარი ეწეროს, გინდ - 10, დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს. იქვე ვიღაც “კარტს”, სიგარეტს, მზესუმზირას, “სალფეთქს”, მიწის თხილსა და ბურბუშელას ყიდის. მოხუც, რუჯმოკიდებულ ქალს “პერაშკები” დააქვს, მაგრამ ორჯერ დასმული კითხვის მიუხედავად, ფასი არ გამიმხილა - ეტყობა, მიხვდა, რომ არ ვიყავი მყიდველი...
ყველაფერი ეს პლაჟზე წამოწოლილი დამსვენებლებისგან 5 მეტრის დაშორებით ხდება.
როგორც იქნა, სტადიონამდე მივაღწიე და ლუდის სმით გართულ მამაკაცებს ვკითხე, რაც მაინტერესებდა: წყლის ყვითელი ველოსიპედით, 1 საათით სეირნობა 15 ლარი, ნახევარი საათით 10 ლარი ღირსო.
ერთი კატერიც დგას, რომლითაც წყალსაცავზე 1 წრის დარტყმა 50 ლარი ჯდება.
აქ მეტი არაფერია... ამიტომ გორაკზე ავრბივარ, რომ მერე, კიბეზე დავეშვა.
- სად მომიყენა მანქანა, ამის დედაც... - მესმის გარუჯული ქალის ხმა და ნაბიჯს ვუმატებ.
მოკლედ, ეს თბილისის ზღვაა. თუ ვინმეს გინდათ, მიბრძანდით. მისვლა და ბანაობა უფასოა.