„გოგონებო, ოლიმპიადის დღეებში, მაქსიმუმ, 7 დღით, 4 ბიზნესმენს სჭირდება ლამაზი, მიმზიდველი და, რაც მთავარია, უკომპლექსო (ძალიან უკომპლექსო) გოგონები ესკორტისთვის, ძალიან მაღალი ანაზღაურებით (ძალიან). ვინმე თუ ხართ დაინტერესებული, პირადში მოგვწერეთ“, - ეს განცხადება პრომო სააგენტო „25-ე კადრმა“ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა... მოგვიანებით, „ქართულ სიტყვას“ დაუკავშირდა გოგონა, რომელიც აცხადებს, რომ ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს „25-ე კადრი“ დღეში 1000 დოლარის გადახდას ჰპირდება და ფიქრობს, რომ პრომო გოგონებს, „კარგი საქმისთვის იქ ნამდვილად არავინ იბარებს...” ცოტა ხნის შემდეგ, აღნიშნული სააგენტოს “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდიდან ეს შემოთავაზება გაქრა. “ქართული სიტყვის” ინკოგნიტო რესპონდენტი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სხვა სააგენტოებმაც გაავრცელეს და ამის დასადასტურებლად სურათს მანახებს, რომელზეც იგივე ტექსტი და იგივე შემოთავაზებაა დაფიქსირებული. ისე, მე და ჩემი რესპონდენტი, ერთობლივი მცდელობის მიუხედავად, ამ სააგენტოებს, “25-ე კადრის” გარდა, “ფეისბუქზე” ვეღარ ვპოულობთ. უკომენტაროდ გთავაზობთ ამ გოგონასა და „25-ე კადრის“ “ფეისბუქ-საუბრის” ჩანაწერს:
გოგონა: - სტატუსის წაშლით ვერაფერს მოაგვარებ და, არ ვიცი, მდედრი ხარ თუ მამრი, მაგრამ აუცილებლად გეყოლება შვილი, ან ნათესავი გოგო და გისურვებ, რომ შენნაირმა ადამიანმა წაიყვანოს სამუშაოდ მდიდარ, ღიპიან ბიძებთან და 1000-მა დოლარმა შესძინოს უკომპლექსობა! მიმიფურთხებია შენი საქმისთვის. ჩაიხედე შენს თავში და სანამ ეგეთ რამეს შესთავაზებ ვინმეს, დაფიქრდი! სამარცხვინოა!
პრომო სააგენტო: - გვესმის თქვენი რეაქცია, თუმცა სრულწლოვან ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება, რომელიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელშეუხებელია.
გოგონა: - მართალი ხარ, სრულწლოვანს აქვს არჩევანის საშუალება, მაგრამ ის, რომ აგიტაციას უწევ ვიღაც ოთხი ბინძური ბიზნესმენის „ხუშტურებს“, ეს ნორმალურია? მეც ვმუშაობდი პრომოდ და რაც ვნახე, პრომოების 50% პატარა, ლამაზი, უტვინო ბავშვი იყო, რომელსაც უჭირდა და თავის რჩენას პრომოობით ცდილობდა! პირველ რიგში, დასახურები ხართ და მერე - დასაჭერები!
პრომო სააგენტო: - სხვის მაგივრად რატომ ღელავთ, ჯერ ერთი, არსად იყო ნახსენები, რომ ინტიმი აუცილებელი პირობა იყო, ნებისმიერ სურვილში შედიოდა, თუნდაც, კლუბში მათთან ცეკვა. ვარჩიეთ, ყველაფერი ღიად დაგვეწერა და თვითონ გადაეწყვიტათ, უნდოდათ თუ არა. პატარა გოგონები, თავისთავად, არც განიხილებოდნენ.
გოგონა: - კარგი და რატომ წაშალე სტატუსი? ამ ყველაფერს ესე არ დავტოვებ. არ ვარ, არც ინტრიგანი და არც - უსაქმური, რომ თქვენნაირებზე დრო დავკარგო, მაგრამ როდესაც საქმე ახალგაზრდა, ლამაზ ბავშვებს ეხება, მე არ გავჩუმდები.
პრომო სააგენტო: - თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე აირჩიეს გოგონები და იმიტომ.
გოგონა: - ყოჩაღ, იამაყეთ, რომ დაადებილეთ ლამაზი, შტერი გოგონები, ყოჩაღ! სად არის თქვენი ოფისი, თუ საიდუმლო არ არის?
პრომო სააგენტო: - ნუთუ, ამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას? მოკლედ, როგორც გითხარით, გოგონები უკვე არჩეულები არიან, ბრმად არავის არავინ მიჰყავს, როგორც თქვენ ამბობთ, აუხსნიან დეტალურად პირობებს, თუ დათანხმდებიან, ითანამშრომლებენ, თუ არადა, არა. ვასრულებთ ამ თემაზე თქვენთან საუბარს.
გოგონა: - მხეცები ხართ! დავიჯერო, ძუნძგლიანი 500 ლარის გულისთვის გიღირს ეგეთი ბინძური სამუშაოს შესრულება? ტფუ...“
ამით ეს დიალოგი მორჩა. სააგენტოს პასუხი აღარ გაუცია. გამოდის, რომ, ამ დროს, გოგონები უკვე არჩეული ჰყავთ... ამის შემდეგ, წყაროს მიერ მოწოდებულ ნომერზე რეკავს სხვა გოგონა, რომელიც „ქართულ სიტყვასთან“ წინასწარ შეთანხმებულია და ცდილობს, სააგენტოდან მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს:
- გამარჯობა, „25-ე კადრია“?
- არა, - პასუხობენ და სხვა ნომერს აძლევენ, - აქ უნდა დარეკოთ.
რეკავს...
- გამარჯობა, „25-ე კადრია“?
- დიახ, გისმენთ...
- “ფეისბუქზე” ვნახე, რომ ლამაზი, უკომპლექსო გოგონები გესაჭიროებოდათ და ბევრს გადაუხდიდით. სურვილი მაქვს და მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, რა თანხას იხდით, მოკლედ, ყველაფერი...
- ანუ... ჩვენ მაგ კომპანიასთან, ვინც ეგ შემოგვთავაზა, აღარ ვთანამშრომლობთ, შესაბამისად, სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებით, თუმცა როგორც ვიცი, სხვა სააგენტოებსაც მიაწოდეს ეს ინფორმაცია და, იქნებ, მათ დაუკავშირდეთ, თუ მონაწილეობა გნებავთ. ჩვენ, სამწუხაროდ, ვეღარ დაგეხმარებით.
- შეგიძლიათ, მითხრათ, რომელ სააგენტოებს?
- ვაიმე, არ ვიცი... შეგიძლიათ, “ფეისბუქზე” ნახოთ, ბევრი სააგენტოა და თითქმის ყველასთან აქვთ მიწერილი, ასე რომ...
- ალბათ, დასაქმების სააგენტოებს, ხომ?
- არ ვიცი, კონკრეტულად რომელს... ვერ დაგეხმარებით.
ეს დიალოგიც აქ წყდება, თუმცა ვიმეორებ: ამ სააგენტოებს, “25-ე კადრის” გარდა, “ფეისბუქზე” ვეღარ ვპოულობთ და ამ უკანასკნელსაც ზემოხსენებული ინფორმაცია საკუთარი გვერდიდან წაშლილი აქვს.
პირველი საუბრის შემდეგ, 2-3 წუთში, „ქართულ სიტყვასთან“ შეთანხმებული გოგონა ისევ იმ ნომერზე რეკავს:
- უი, უკაცრავად, ისევ თქვენთან დამერეკა...
- აა.. თქვენ რეკავდით ისევ?.. ალო... - გოგონა ხმას არ იღებს და ისევ სააგენტოდან ლაპარაკობენ, - რა ქენით, გაარკვიეთ?
- ვერა, ვერაფერი გავიგე, არადა, ძალიან მაინტერესებდა...
- რა ვიცი... ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებით. იმიტომ, რომ... მაგ კომპანიას რაღაც საეჭვო ფუნქციები აქვს და თქვენ არ გირჩევთ მაგასთან თანამშრომლობას, ასე რომ...
- საეჭვო? უი, არ ვიცოდი, რას გულისხმობთ?
- მოკლედ, თუ გადაწყვეტთ, კარგად გაარკვიეთ... ნახვამდის.
სულ ეს იყო... მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოსთან საუბრისას წყაროს უთხრეს, მსურველები უკვე ავიყვანეთო, მეორე გოგონასთან საუბრისას ეს უარყვეს... არ ვიცით, რა კომპანიაა, არც იმ 4 ბიზნესმენის ვინაობა ვიცით, მაგრამ ამას, სიმართლე რომ ვთქვათ, მნიშვნელობა არც აქვს. უბრალოდ, “ქართულმა სიტყვამ” ის გაახმაურა, რაც უამბეს. ასე რომ, ფრთხილად, “ფეისბუქში” უცნობების საეჭვო შემოთავაზებას არ წამოეგოთ!