აშშ-ს საელჩოსთან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას სანთლებით გააპროტესტებენ
13 ივნისის ტრაგედიამ პოლიტიკური ტემპი ნაადრევად დააგდო, ქართულმა ოპოზიციამ კი საზაფხულო არდადეგები გამოაცხადა. მთავრობის მიმართ ნაციონალების მიერ დაანონსებული უნდობლობის პროცესის დაწყება, ალბათ, ვერეს წყალმა გაიყოლა. ე.წ. კაბელების საქმის ,,კეთილად დასრულების' შემდეგ ირაკლი ალასანიას თავისუფალ დემოკრატებსაც უჭირთ გასაპროტესტებელი საკითხების მოძებნა, თუმცა ეს ორი პარტია საპარლამენტო ოპოზიცია მაინცაა და რაც უნდა იყოს, პარლამენტის კედლებში, ასე თუ ისე, ჩნდებიან ხოლმე. აი, არასაპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი კი, რომელიც ბოლო დროს ყველაზე აქტიური იყო და პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად საარჩევნო კოდექსის შეცვლას საგაზაფხულო სესიების ბოლომდე ითხოვდა, სადღაც გაქრა.
წელიწადზე მეტია, ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების წესის გაუქმებაზე აპელირებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს. მაისიდან ეს მოძრაობა განსაკუთრებით აქტიური გახდა, პრეზიდენტთან ერთად ცვლილებების მხარდამჭერი კონფერენციაც ჩატარდა და პარლამენტარების ხელმოწერაც შეგროვდა, თუმცა სულ _ 59, ოპოზიციას კი საკონსტიტუციო უმრავლესობამდე 17 ხმა დააკლდა. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ოპოზიციის ლიდერები დროებით ტაიმ- აუტს აანონსებენ. როგორც გავარკვიეთ, არასაპარლამენტო ნაწილი, იგივე ინტერპარტიული ჯგუფი, სადაც 10-ზე მეტი პარტიაა გაერთიანებული, სექტემბრიდან მაჟორიტარების წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს. დასრულებულია დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებსა და პარლამენტარებთან ოფიციალური შეხვედრებიც, თუმცა ამ დღეებში ,,ახალი მემარჯვენეების' ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე რამდენიმე დეპუტატს შეხვდა, რაც დაგვიდასტურა კიდეც. სავარაუდოდ, ოპოზიციის ელჩმა ,,რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა', რადგან ხელისუფლებისგან ხელშესახები პასუხი რომ მიეღო, გასულ კვირას, პოლიტიკურ თათბირზე თვენახვერიანი პაუზის გამოცხადებამდე არ მივიდოდა საქმე. უფრო სწორად, ეს არც არავის გამოუცხადებია, ,,ვერსიამ' თავად გაარკვია ინტერპარტიული ჯგუფის ყველაზე აქტიური ლიდერებისგან და მათ სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. როგორც ქრისტიან- დემოკრატების ბურჯანაძესთან არშეერთებული ნაწილის ლიდერმა გოჩა ჯოჯუამ გვითხრა, გასულ კვირას, სავარაუდოდ, ინტერპარტიულმა ჯგუფმა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ჩაატარა:,,შესაძლოა, ეს ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა იყოს, რადგან ზაფხული, განსაკუთრებით აგვისტო, პოლიტიკურად მკვდარი პერიოდია. ოპოზიცია არც დანებებულა, არც კმაყოფილია და არც იმ შედეგებს დასჯერდება, რაც კოდექსთან დაკავშირებით მიიღო. სამწუხაროდ, მე ისევე, როგორც სხვა ლიდერების უმეტესობა, ამ შეხვედრაზე არ ვიყავი, ამიტომ უფრო კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით'.
13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ბუნებრივ პაუზაზე საუბრობს ,,ახალი მემარჯვენეების' ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძეც, რომლის თქმით, შესაძლოა, პარლამენტში შეხვედრები, ჯერჯერობით, შედეგისმომცემი არაა, თუმცა გრძელდება: ,,ზოგადად, ზაფხული პოლიტიკურად ისედაც ყოველთვის დუნეა, მაგრამ ამის მიუხედავად, საკითხი ჩვენთვის კვლავ მთავარ თემად რჩება. აგვისტოში, როცა პოლიტიკურად მართლა არაფერი ხდება, საარჩევნო სისტემის საკითხზე განსაკუთრებულ აქტიურობას საზოგადოებას ვერ მოვთხოვთ. გრძელდება შეხვედრები პარლამენტში და მის გარეთ. შესაძლოა, ხელისუფლებასაც შევხვდეთ. ამის წინაპირობა არსებობს. აქტიურ ფაზაში ეს ყველაფერი პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლებისთანავე გადავა, სავარაუდოდ, სექტემბერში. ოპოზიცია არათუ დანებდება, არამედ დღის წესრიგიდანაც არ მოხსნის ამ თემას. ვადასტურებ, რომ რამდენიმე დეპუტატებთან მქონდა შეხვედრა და პარლამენტის თავმჯდომარესაც ვესაუბრე. თუმცა საუბარი და მსჯელობა შედეგი კი არა, პროცესია. ჯერჯერობით, ისევ 59 ხელმოწერა გვაქვს და ,,ოცნების' არცერთ დეპუტატს დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი'.
,,ქართული დასის' ლიდერს ჯონდი ბაღათურიას პარტიული გეგმებიც აქვს და ,,ინტერპარტიულიც'. ,,სემეკისა' და აშშ-ს საელჩოს შენობებთან სხვადასხვა დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციების გარდა, ბაღათურია ოპოზიციის საშემოდგომო გეგმებზეც გვესაუბრა და განაცხადა, სექტემბრიდან ჯერ კიდევ შევარდნაძისდროინდელი ბიზნესმენი მაჟორიტარების მხილებას დავიწყებთო: ,,13 ივნისის მერე ,,ქართულმა დასმა', სხვა პარტების მსგავსად, მორატორიუმი გამოაცხადა და ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმი დროებით შევაჩერეთ. ახლა უკვე ჩვეულ რეჟიმში აღვადგინეთ მუშაობა... ისე, აქციის გამართვას აშშ-ს საელჩოსთან ვაპირებთ. მათ დავალებული აქვთ, ერთსქესიანთა ქორწინება საქართველოშიც დააკანონონ და ამ აქციით უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ კედელი, რომელიც საქართველოში გარყვნილების დაკანონებას არ დაუშვებს. თუმცა ამ თემაზე წივილ- კივილს არ ვაპირებთ. საღამოთი სანთლებს ავანთებთ, რაც ღამის შუქზე მეტ ეფექტს მოგვცემს. ამავე თემაზე ჩვენი იურისტები რეფერენდუმის მომზადებაზე მუშაობენ. ასევე, ვაგრძელებთ ბრძოლას საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად, რადგან არსებული მაჟორიტარული სისტემა მიუღებლად მიგვაჩნია. რეალურად, ხელისუფლებას არაფერი შეუცვლია. ახლა ვგეგმავთ საკითხის განხილვას, რომ საზოგადოებას კარგად გავაცნოთ მაჟორიტარები, საერთოდ, საიდან წარმოიშვა ეს სისტემა, ვინ არიან, რა ქონებას ფლობენ ეს მაჟორიტარები, რისთვის იყენებენ პარლამენტის წევრის მანდატს... თუმცა აზრი ორად იყოფა _ პარტიების ნაწილი ემხრობა, რომ ეს კამპანია სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყოს, როცა პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს. რაღაც ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს მოძრაობა ახლავე უნდა დავიწყოთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მაჟორიტარებს უფრო შორეული წარსული აქვთ, ვიდრე ნაციონალური მოძრაობაა. იგივე ხალხი ჯერ კიდევ შევარდნაძის გუნდში იყვნენ, მერე სახელმწიფო გადამტრიალებელ სააკაშვილთან გადაბარგდნენ და ახლა იგივე კასტა ივანიშვილის გუნდში გადავიდა. ჩვენი ქვეყანა კონკრეტული სახელისა და გვარისგან კი არა, ამ ფეოდალთა კასტისგან უნდა დავიცვათ. მათ საქართველო ტორტად მიაჩნიათ და ცდილობენ, ყველაზე დიდი ნაჭერი თავისთვის ჩამოიჭრან. აი, ასეთ პარაზიტად იქცა მაჟორიტარული ინსტიტუტი. ვფიქრობ, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და უფრო მახვილი კუთხეებით წარმოვუჩინოთ მაჟორიტარების ნამდვილი სახე. ისინი 4 წელი, მანდატის ამოწურვამდე, ჯერ მოსახლეობას ძარცვავენ, 4 წლისთავზე კი თავიანთი ნაძარცვი ფულის ტომრებიდან ცოტას ხარჯავენ, რათა ისევ იყიდონ მანდატი და წლებია, ასე გრძელდება'.
ოპოზიციის გადაწყვეტილებით, სწორედ იმ აზრმა გაიმარჯვა, ვინც ამ კამპანიის დაწყებას სექტემბერში ემხრობოდა, მანამდე კი, საკონსტიტუციო ცვლილებებს პაკეტის დაზუსტება- შესწორებაზე ვიმუშავებთო, განუცხადეს ,,ვერსიას'. როგორც გავარკვიეთ, შესაძლოა, შემოდგომაზე ამ თემაზე პირველი საპროტესტო აქციებიც დაიწყოს.