პროვოკაციული საუბარი საზღვარზე

პროვოკაციული საუბარი საზღვარზე

„რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი გადის როკის გვირაბთან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კომენტარის საპასუხოდ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 22 ივლისის განცხადების თანახმად, პროვოკაციულია აქცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გამო მოეწყო და სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია „სასაზღვრო ზოლის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის“ თაობაზე.

ერგნეთში 20 ივლისს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 ივლისს გამოეხმაურა. სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის ცნობით, „საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებული და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ატაცებული ცნობა, თითქოს ადგილი ჰქონდა „სასაზღვრო ზოლის გადაწევას საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში“, არ შეესაბამება სინამდვილეს“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან გამართული აქცია „მიმართულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გარშემო ნეგატიური საერთაშორისო რეზონანსის შექმნისკენ“. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია: „სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო საინფორმაციო დაფების დაზიანება იწვევს დაძაბულობის გაძლიერებას სასაზღვრო რაიონებში. ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე შემდგომში მოერიდება წინასწარგანზრახულ და პოლიტიზებულ პროვოკაციებს, რაც ემსახურება რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას“.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთი რომ ამ საკითხებზე აზრს არ შეიცვლიდა, მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ საკითხების რუსეთთან ორმხრივად განხილვა საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის. ამასთან, ელენე ხოშტარიას თქმით, მსგავსი მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთების საშუალებას რუსეთს საქართველოს ხელისუფლება აძლევს:

„მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილის პოზიცია, რომ არაფერი გადმოწეულა და არის იმ საოკუპაციო ხაზში, ანუ შედის პრაქტიკულად საზღვრის განმარტების კაზუისტიკაში და კამათში, რაც ყველაზე საშიშია. რუსეთის ერთ-ერთი ამოცანა არის ის, რასაც ადრეც აკეთებდა, რომ, აი, თუ არ გინდათ, რომ გაუგებრობა იყოს საოკუპაციო ხაზზე, დასხედით ოსეთთან და განსაზღვრეთ, სად გადის საზღვარი, რითაც ცდილობს, რომ მოახდინოს ამის ლეგიტიმაცია. ამიტომ ჩვენგან ძალიან ხმამაღლა და პრინციპულად უნდა იყოს საერთაშორისო დონეზე დაყენებული საკითხი, რომ ოკუპაციის ნებისმიერ მონაკვეთზე ჩვენ არ ვცნობთ არც ერთ ხაზს, როგორც საზღვარს, და ოკუპაცია უნდა დავგმოთ პრონციპულად“.

ელენე ხოშტარიას თქმით, ყველაფრის მიუხედავად, არასაკმარისია საქართველოს ხელუსუფლების ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია საზღვრებთან დაკავშირებით მკაცრია და ის არ იცვლება:

„საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გადის როკის გვირაბთან. ამას აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთისა და ერთი ორი ქვეყნის გამოკლებით. რაც შეეხება საოკუპაციო ზოლზე იმ ბანერის დაყენებას, ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ განცხადებები. ამის თაობაზე გვქონდა მწვავე საუბარი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ბატონი ტუსკი იმყოფებოდა აქ. მეც, შეძლებისდაგვარად, პრაღის ფორმატი გამოვიყენე ამისათვის. ეს არის 2008 წლის ტრაგიკული შედეგი, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირად არ უნდა შევეგუოთ“.

საზღვრის საკითხებზე საუბარი რუსეთის ხელისუფლებასთან არ ღირს, ვინაიდან ამ თემას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და სწორედ რუსეთის ინტერესებშია ამ თემებზე საუბარში საქართველოს ჩათრევა, ამბობს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი:

„რუსეთს ძალიან უნდა სწორედ ამგვარ საუბარში, დიალოგში, კონტაქტში თუ განხილვაში ჩაითრიოს ქართული მხარე და უნდა, რომ ეს საუბარი აქციოს საზღვრის ხაზის დადგენის, ე.წ. დელიმიტაციის, პროცესის მოდელად, რისი დაშვებაც, უბრალოდ, არ შეიძლება“.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრო ნიშნების უკანონო მონტაჟს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. განცხადების თანახმად, „რუსეთის საგარეო უწყება ამჯერადაც, ტრადიციულად, აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად წარმოქმნილი საკუთარი ე.წ. „რეალობის“ ტირაჟირებას და ჯიუტად მოიხსენიებს საქართველოს განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთსა და, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, ცხინვალის რეგიონს - „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩრდილოეთიდან საქართველოს ერთადერთი მეზობელი რუსეთის ფედერაციაა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 % და ახორციელებს მცოცავ ანექსიას.