”შეფიცულების” გამოჩენამ ჩვენს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრი ამ იდეას მიესალმა. მოსახლეობის აზრით, ოპოზიციამ უნდა შეიმუშაოს მექანიზმები, რომლითაც ხალხს დაიცავს. ამ მხრივ მათ საკმაოდ მწარე გამოცდილება აქვთ.
2009 წელს მიმდინარე აქციების დროს ხელისუფლება ოპოზიციის მხარდამჭერებს ზონდერების მეშვეობით არბევდა. ზონდერებს ხანდახან დეპუტატების სიდედრებიც ეხმარებოდნენ.
საზოგადოებისგან განსხვავებით, ”შეფიცულების” გამოჩენას ნაციონალები მტრულად შეხვდნენ. კობა ხაბაზი საერთოდ გადაირია. მისი მტკიცებით, ამ შეფიცულებს უფლება არ ჰქონდათ, იმ სახელით ესარგებლათ, რითიც ქაქუცას თანამებრძოლები სარგებლობდნენ.
”შეფიცულები” ფიცის დადებიდან სკანდალში მალევე გაეხვივნენ. ერთ-ერთ აქციაზე სამართალდამცავებმა გია ბურჯანაძე დააკავეს. მართალია, ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, მაგრამ ამას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ”ნაციონალები” თავისთვის ქილიკობდნენ, ”შეფიცულებმა” ვინ უნდა დაიცვან, როცა საკუთარ თავს ვერ იცავენო.
ვინ და როგორ უნდა დაიცვან ”შეფიცულებმა”, რატომ არის კობა ხაბაზის შეფასება მიუღებელი, როგორ უნდა მოხდეს ერის კონსოლიდაცია, ამის შესახებ შეფიცულების მეთაური გია ბურჯანაძე ”ახალ თაობას” ესაუბრება.
შეფიცულების ფიცის დადება დიდი ზარ-ზეიმით მოხდა. ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი თქვენ მიმართ იმედიანად განეწყო. თუმცა, მალევე ერთ-ერთ აქციაზე მოხდა თქვენი დაკავება, რის შემდეგაც ნაციონალები ამბოდნენ, რომ მათ ვინ უნდა დაიცვან, როცა თავის თავს ვერ იცავენო.
- ხელისუფლება ასეთ შეფასებას აკეთებს? ძალიან კარგია. გამოდის, მან
აღიარა, რომ მოძალადეა.
მთლად ასე არ ყოფილა, ხელისუფლება როგორ აღიარებდა, რომ მოძალადეა...
- რადგან ეს თქვა, გამოდის, რომ აღიარა. ეს ხელისუფლება მოძალადეა.
თავად ხელისუფლების შეფასებაზე რას იტყვით, რომელიც ამბობს, შეფიცულებმა ვინ უნდა დაიცვან, როცა თავის თავს ვერ იცავენო.
- ვინ უნდა დაიცვას? ხალხმა უნდა დაიცვას ერთმანეთი მოძალადე ხელისუფლებისაგან. ამ მოძალადეების წინააღმდეგ მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. კონსოლიდაციისა და გაერთიანების შემთხვევაში მათგან თავსაც დაიცავს და აქედანაც გაუშვებს. დარწმუნებული ვარ, ეს დრო აუცილებლად დადგება. შეფიცულები ჩვენს მისიას შევასრულებთ და ხალხს უსამართლო ხელისუფლებისგან დავიცავთ.
შეფიცულების იდეის გაჩენას ხელისუფლება მტრულად შეხვდა. მათი თქმით, სახალხო კრება რუსული პროექტია. ამიტომაც თქვენ არ გქონდათ უფლება, ქაქუჩა ჩოლოყაშვილის 'შეფიცულების" სახელი დაგერქმიათ.
- სახალხო კრება არის ქართველი ხალხის დამკვეთის შემსრულებელი. ვინ ასრულებს სხვების დაკვეთას, ძალიან მალე გამოჩნდება. საინტერესოა, შეფიცულებთან დაკავშირებით ვინ გააკეთა ასეთი შეფასება.
კობა ხაბაზი მიიჩნევს ასე.
- ვინ არის კობა ხაბაზი?
დეპუტატია. საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.
- გამახსენდა. ეგ ხაბაზი კომიკოსია.
მის შეფასებაზე რას იტყვით?
- ხომ გითხარით, ხაბაზი კომიკოსია. კომიკოსის განცხადებაზე კომენტარი როგორ გავაკეთო? საპასუხოდ ვიტყვი იმას, რომ სპექტაკლში ”ქაქუცა” კოტე აფხაზის როლს ვთამაშობ. მე იქაც ვარ შეფიცული. კობა ხაბაზი კი, როგორც გითხარით, კომიკოსია. ამიტომ მასზე მეტს არაფერს ვიტყვი.
მაშინ ის გვითხარით, ”შეფიცულებში” რა ხდება. აპირებდით, რომ შეფიცულთა რაზმები მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეფუძნებინათ.
- ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ ”შეფიცულებს” მთელი საქართველოს მასშტაბით დავაფუძნებდით. ”შეფიცულები” საქართველოს ბევრ რეგიონში დავაფუძნეთ. ფიცის დადება დანარჩენ რეგიონებში მოხდება. მოსახლეობა ამას დადებითად უყურებს. ჩვენთან მთელი საქართველო ერთიანდება. ბევრმა არასწორად გაიგო ”შეფიცულების” იდეა. ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ ჩვენი მთავარი დანიშნულება ხელისუფლების ზონდერებთან დაპირისპირებაა.
მოსახლეობა მიიჩნევს, შეფიცულები იმისთვის შეიქმნა, რომ ისინი
ზონდერებისგან დაიცვათ.
- ჩვენ უსამართლობასთან ვაპირებთ ბრძოლას. ზონდერებიც დიდი უსამართლობაა. მოსახლეობას მათგანაც დავიცავთ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი დანიშნულება მათთვის ყბის მონგრევაა. ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს - გვინდა, ყველანი ერთმანეთის გვერდით დავდგეთ. უკვე დროა, ქართველმა ხალხმა კონსოლიდაცია მოახდინოს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. შეფიცულებიც ერის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
შეინიშნება ერის კონსოლიდაცია?
- პროცესი დაწყებულია. შეფიცულებში კონსოლიდაცია ხდება. აქ ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან გაერთიანებული. მათ განსხვავებული ასაკი, პოლიტიკური მრწამსი და შეხედულებები აქვთ. ამის მიუხედავად, ერთმანეთის გვერდით დგანან, ერთად აპირებენ უსამართლობასთან ბრძოლას. ვიღაცას ჰგონია, რომ ჩვენთან მხოლოდ კუნთმაგარი ახალგაზრდები არიან. ასეთებიც არიან, მაგრამ შეფიცულებში მოხუცი მანდილოსნები და ახალგაზრდა გოგონებიც არიან. მათ ყველას ერთი მიზანი აქვთ - სურთ ქვეყნის გადარჩენა. ეს მხოლოდ ერის კონსოლიდაციით არის შესაძლებელი.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, რის გაკეთებას აპირებთ კიდევ?
- შეფიცულები საქართველოს ყველა რეგიონებში დებენ ფიცს. სხვა გეგმების შესახებ მოსახლეობა მოგვიანებით შეიტყობს. 2 მაისს სახალხო კრება ვატარებთ დიდ ბრიფინგს, სადაც დავსახელებთ თარიღს, როდესაც დაიწყება საყოველთაო გამოსვლები. სახალხო კრებას ერთი მიზანი აქვს - ჩვენ გვინდა, ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.
ამ მიზნით ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათ სჯერათ, რომ საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებენ.
- ჩვენ არ გვჯერა, რომ ხელისუფლება სამართლიან არჩევნებს დაუშვებს. ასეთი არჩევნები მხოლოდ მაშინ ჩატარდება, როცა ”ნაციონალები” ხელისუფლებიდან წავლენ.