რა კავშირი აქვს მერაბიშვილს, კოდუებს, ახალაიებს, კირკიტაძესა და უდესიანს ავტოსკანდალთან

რა კავშირი აქვს მერაბიშვილს, კოდუებს, ახალაიებს, კირკიტაძესა და უდესიანს ავტოსკანდალთან

 

გადააქვთ თუ არა რუსთავის ავტობაზრობა მცხეთაში

„რუსთავის ავტობაზრობა _ AUTOPAPA' და საწარმოთა კომპლექსი აუქციონის წესით გაიყიდება. ობიეტის საწყისი ფასი 30 მილიონი აშშ დოლარია, აუქციონი 3 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს, 18:00 საათზე დასრულდება. გასაყიდად გატანილია შპს ,,მიკადო ჯორჯიას' 100%-იანი წილი _ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობანაგებობის მესაკუთრე; შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ 100%-იანი წილი _ კომერციულ პროექტებთან ერთად, ავტობაზრობის ოპერაციული მართვა; შპს „რუსთავ ტერმინალ პლიუსის“ 100%-იანი წილი _ საბაჟო კონტროლის ზონის ოპერაციული მართვა, ლიცენზირებული მეწარმე, საბაჟო ტერმინალის მმართთველი; შპს „რუსთავ კომფორტის“ 100%-იანი წილი _ სასტუმრო კომპლექსის ოპერაციული მართვა, კვების ობიექტებთან ერთად; ასევე 100%-იანი მართვის უფლება პორტალ ჰტტპ://აუტოპაპა.გე _ ელექტრონული ავტობაზრობა, საიტი, სერვერი, უფლება განვითარებისა და მომსახურების ხელშეკრულებებზე. რუსთავის ავტობაზრობის მფლობელი უკრაინული ,,პრივატ ჯგუფია', რომელმაც 2014 წლის ბოლოს, ,,პრივატბანკი საქართველო' გაყიდა. რუსთავის ავტობაზრობაში რამდენიმე პირის, მათ შორის, გია უდესიანის, დავით კირკიტაძის, ვანო მერაბიშვილის, ასევე კოდუებისა და ახალაიების ინტერესები იკვეთება.    რატომ ყიდის ,,პრივატჯგუფი' ავტობაზრობას? 

,,რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA' – ყველაზე დიდი და თანამედროვე კომპლექსია კავკასიაში, რომლის მთლიანი ფართობი 225 000 კვ.მ-ია. ავტოკომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია ავტობაზრობა, რომელიც იტევს 5 000 ავტომობილს; საბაჟო კონტროლის ზონა (ტერმინალი) - 2 000 ავტომობილის ტევადობით; სამვარსკვლავიანი სასტუმრო - 63 ნომრით; სავაჭრო ცენტრი - 1 000 კვ.მ; სერვისცენტრი - 576 კვ.მ; კვების ობიექტების და მაღაზიების ქსელი - 27 ერთეული; რესტორანი ,,უკრაინკა'; ავტოსამრეცხაო; რეკლამის განთავსების ადგილები; ტექნიკური და სერვისების მომსახურების სადგური - 10 ბოქსი. 

ავტოკომპლექსი AUTOPAPA თბილისი- წითელი ხიდის მაგისტრალურ გზაზეა განთავსებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან აკავშირებს. უშუალოდ ავტობაზრობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოა განთავსებული, სადაც დოკუმენტების გაფორმების ყველა სახის მომსახურება ხორციელდება, რაც ავტომობილების ექსპორტ- იმპორტსა და რეექსპორტს უკავშირდება. აქვე შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაცია, საბაჟო დეკლარაციის გაფორმება და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი გადაადგილების ნებართვის აღება. ერთ-ერთი ვერსიით, რუსთავის ავტობაზრობაზე მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც 2014 წლის ბოლოს, მეზობელი აზერბაიჯანი ,,ევრო 4'-ის სტანდარტს შეუერთდა. ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა.  მანამდე, ყაზახეთში შემცირდა რეექსპორტი, რადგან ეს ქვეყანა 2011 წლიდან, ევრაზიული კავშირის წევრია. ევრაზიულ კავშირში კი წევრი ქვეყნებისთვის, ერთიანი საბაჟო ტარიფები მოქმედებს და მესამე ქვეყანასთან ვაჭრობის დროს, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული. მოგვიანებით, ევრაზიულ კავშირს სომხეთიც შეუერთდა და რეალურად, საქართველოში ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად დაეცა. თუმცა გაყიდვების შემცირებამ ავტოდილერების ფინანსური მდგომარეობა გააუარესა და არა ავტობაზრობის, სადაც თითოეული ავტომობილის პარკინგზე ოფიციალური გადასახადია დაწესებული. ავტობაზრობის გაყიდვის მიზეზი ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებს უკავშირდება. დღეს უკვე არავინ კამათობს, რომ რუსთავის ავტობაზრობაში ვანო მერაბიშვილის, გია უდესიანის, დავით კირკიტაძის, კოდუებისა და ახალაიების ინტერესები იკვეთება. სხვა ვერსიით, მოქმედმა ხელისუფლებამ ავტობაზრობის მფლობელებს 30 მილიონი შესთავაზეს, რათა ტერიტორია დაეთმოთ, მაგრამ მფლობელებმა ეს წინადადება არ მიიღეს და ავტობაზრობის აუქციონზე გაყიდვა გადაწყვიტეს. ხშირ შემთხვევაში, უკრაინელი ინვესტორების ძირითად ბიზნესპარტნიორებად საქართველოში, სწორედ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გვევლინებიან. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უკრაინულმა ,,პრივატ ჯგუფმა' 2014 წლის ბოლოს ჯერ ,,პრივატბანკის' ქართული ფილიალი გაყიდა, რომელიც ,,საქართველოს ბანკმა' შეიძინა და ახლა უკვე ავტობაზრობასაც ყიდის. 

,,ვერსია' ,,რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA'-ს დირექტორს, ევგენი უსტინოვს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ავტობაზრობის გაყიდვა ავტომობილების რეექსპორტის შემცირებას არ გამოუწვევია. მისი თქმით, კავკასიის მასშტაბით, საქართველო ავტოჰაბის ფუნქციას ფოთისა და ბათუმის პორტების საშუალებით, კვლავ აგრძელებს. ევგენი უსტინოვი ამ მიმართულებებს პერსპექტიულად მიიჩნევს იმდენად, რამდენადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ და დაინტერესებულები არიან, რომ საკუთარი ტვირთების ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ. მართალია, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს ავტობაზრობის აქტივობა დაბალი იყო, მაგრამ 2015 წლის 6 თვის მონაცემებით, პირველადი ავტომობილების რეგისტრაციის ხარჯზე, აქტოვობა საგრძნობლად გაიზარდა. ევგენი უსტინოვის თქმით, ბოლო დროს, საქართველოში იაპონურ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან ეს მანქანები ხარისხიანი და დაბალფასიანია. შესაბამისად, ქართველი მომხმარებელი თვეში, დაახლოებით, 4 000-მდე იაპონურ ავტომობილს იძენს. 

- ბატონო ევგენი, რა მიზეზით გადაწყდა რუსთავის ავტობაზრობის აუქციონის წესით გაყიდვა მაინცდამაინც ახლა? 
- პროექტი ,,რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA', პრივატბანკისთვის არის არაპროპფილური, ანუ ეს აქტივი არ არის დაკავშირებული ჩვენი ბანკის მთავარ საქმიანობასთან. პრივატბანკი თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას უკრაინასა და ევროკავშირში საბანკო ბიზნესის განვითარებაზე აპირებს. საუბარია, ჩვენს ბანკებზე ლატვიასა და კვიპროსზე, ასევე პორტუგალიის, იტალიისა და გერმანიის ფილიალებზე. როცა პრივატბანკს საქართველოში ჰქონდა თავისი ბანკი, ჩვენ გამოვიყენეთ ორივე პროექტის: ბანკისა და ავტობაზრობის სინერგია. ახლა განვიხილავთ შესაძლებლობას, მოვიზიდოთ პარტნიორი წილობრივი მონაწილეობით, რომელიც შეძლებს მიიღოს დამატებითი სარგებელი AUთOღAღA-ს პროექტში მონაწილეობით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აუქციონი ივლისის ბოლოს დასრულდება. თუ იქნება პრივატბანკისთვის საინტერესო წინადადება, მაშინ ეს უკანასკნელი მზადაა, განიხილოს ამ პროექტის აქტივების სრულად გაყიდვის საკითხი. მიმდინარე წლის ივნისში, კომპანიამ Pricewaterhousecoopres, პროექტ ,,რუსთავის ავტობაზრობის AUTORARA'-ს ფინანსური და ბიზნესანალიზი მოახდინა. ანალოგი- კომპანიების მეთოდის გამოყენებით, განისაზღვრა პროექტის საბაზრო ღირებულების დიაპაზონი. Pricewaterhousecoopres- ის ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნული პროექტის მაქსიმალური საბაზრო ღირებულება შეიძლება იყოს 76,9 მილიონ ლარამდე. 

- ხომ არ უკავშირდება ავტობაზრობის გაყიდვა იმ ფაქტს, რომ 2014 წლის ბოლოს, უკრაინული ,,პრივატბანკი საქართველოს' აქციები ,,საქართველოს ბანკმა' შეიძინა? 
- ეს სიმართლეა. ამ ორ ფაქტს შორის ურთიერთკავშირი არსებობს. საქართველოში პრივატბანკის ფილიალის გაყიდვა და რუსთავის ავტობაზრობა AUTORARA-ს გაყიდვა - ეს თანმდევი ნაბიჯებია იმ ერთი გადაწყვეტილების, რომელიც მიიღო პრივატბანკმა უკრაინაში. მიზეზების შესახებ კი, უკვე მოგახსენეთ. 

ავტობაზრობას მცხეთაში გადაიტანენ? 
,,ვერსიის' წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლება რუსთავის ავტობაზრობის მცხეთის შესასვლელში გადატანას გეგმავს. თავის დროზე, თბილისი- წითელი ხიდის მაგისტრალური გზა ავტობაზრობის ტერიტორიისთვის იმიტომ შეარჩიეს, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების აზერბაიჯანსა და სომხეთში რეექსპორტი გაადვილებულიყო. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში რეექსპორტი შემცირდა, გადაწყვიტეს, ავტობაზრობისთვის სხვა ტერიტორია გამოენახათ და არც მეტი, არც ნაკლები - ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ისეთ საუნჯეს მიადგნენ, რომელსაც იუნესკო იცავს! წყაროს ინფორმაცია ,,ვერსიამ' საქმეში კარგად ჩახედულ, ერთ-ერთ გავლენიან, ყოფილ თანამდებობის პირთან გადაამოწმა, რომელმაც გვითხრა, რომ ასეთი გადაწყვეტილების შესახებ არ სმენია. თუმცა თუ ავტობაზრობის მცხეთაში გადატანა მაინც იგეგმება, მისი ინფორმაციით, ეს რამდენიმე ადგილზეა შესაძლებელი:

 ,,სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს დიდი ტერიტორიაა. სავარაუდოდ, შესაძლებელია, ავტობაზრობა იქ განთავსდეს, რადგან აუთვისებელი და დაუტვირთავი მიწის ნაკვეთია. შესაძლოა, საუბარი იყოს ჯვრის მონასტრისა და წიწამურს შორის არსებულ ნაკვეთებზე, რომლებიც ფაქტობრივად, ჯვრის არეალია და სასოფლო- სამეურნეო მიწის სავარგულების გარდა, ვერაფერში გამოიყენებთ. ნატახტარის მიმდებარედ, დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთში, ანუ ვლადიკავკაზში მიმავალ გზაზე, მცხეთაგუდაურის მიმართულებით, ამ ორ გზას შორის, დაახლოებით, 50 ჰა-მდე არასასოფლო- სამეურნეო მიწაა. შესაძლოა, ესეც გამოიყენონ, თორემ მცხეთის გარშემო, მიწის დიდი ფართობის მოძიება ძნელად წარმომიდგენია. ზოგადად, ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, ვინაიდან ის ტერიტორიებიც კი, რომლებიც ჩამოგითვალეთ, იმდენად ისტორიულ ზონაშია განთავსებული, რომ ავტობაზრობისთვის ნამდვილად მენანება. არადა, ავტობაზრობის რუსთავში განთავსება სტრატეგიულად, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე კახეთისა და ქვემო ქართლის მიმართულებით, ასეთი ბაზრობის არსებობა, საქართველოსთვის დიდი ფუფუნებაა. იმის გამო, რომ ყაზახეთი და სომხეთი ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრები არიან, საქართველოდან ავტომობილების გაყვანა შეიზღუდა, თორემ რუსთავის ტერიტორიაზე ავტობაზრობის მოწყობა, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი იყო'.

 ,,ვერსია' საქართველოს პარლამენტის წევრს, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს დაუკავშირდა, რომელმაც რუსთავის ავტობაზრობის მცხეთაში შესაძლო გადატანის ფაქტი კატეგორიულად უარყო: ,,ასეთი რამ პირველად მესმის თქვენგან. მცხეთაში ავტობაზრობის გადატანა არ იგეგმება!'

 ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია კიდევ ერთ თანამდებობის პირთან გადავამოწმეთ. ,,ვერსია' მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზურაბ აბესაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დიმიტრი ხუნდაძის მსგავსად, გვიპასუხა, რომ ამ ფაქტის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო და მცხეთაში ავტობაზრობის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება არავის მიუღია.  
   
ექსმაღალჩინოსნების ინტერესები ავტობაზრობაში 
კულუარული ინფორმაციით, ,,რუსთავის ავტობაზრობის' გაყიდვის შემდეგ, ეს ფუნქცია ავტოჰაუსებს დარჩება. კერძო მფლობელები კუთვნილ ავტომანქანებს ინტერნეტის საშუალებით გაყიდიან, ან ავტოჰაუსებში მიიყვანენ. შედეგად, მანქანებიც გაძვირდება და ავტოჰაუსების შემოსავალიც გაიზრდება. ამ ყველაფრის უკან რამდენიმე პირის ინტერესი იკვეთება, მათ შორის ერთ-ერთი გია უდესიანია, რომელსაც ამგვარი ინტერესი ,,ვერსიასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუშიც კი არ დაუმალავს. ჟურნალისტის, ეკა სეხნიაშვილის კითხვაზე: - ,,ავტოჰაუსი რუსთავის' ბიზნესში, თქვენს თანაპარტნიორად დავით კირკიტაძეს ასახელებენ... მონოპოლისტად მიგიჩნევენ ამ სფეროში', გია უდესიანმა უპასუხა: ,,მე და ჩემმა უცხოელმა პარტნიორებმა ავაშენეთ ავტობაზრობა. ჩადით ახლა და ნახეთ, რამდენი მანქანა დგას იმ ბაზრობაზე, გადახედეთ სხვა ავტობაზრობებსაც რუსთავში, იქ რამდენი დგას. გაკოტრების პირასაა ეს ბაზრობა, რომელ მონოპოლიებზე მესაუბრებით?'... ნაციონალური მოძრაობის კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსნის ინტერესები იკვეთება ,,რუსთავის ავტობაზრობაში'? ,,ვერსიას' თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,დემოკრატიული მოძრაობის' ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე ესაუბრება: 

- ბატონო შალვა, რუსთავის ავტობაზრობის გადატანაზე თუ გსმენიათ რამე? 
- ვიცი, რომ რუსთავის ავტობაზრობის გაყიდვა სურთ, მაგრამ გადატანაზე არაფერი მსმენია. არ გამაგიჟოთ, ამხელა ტერიტორიას სად გადაიტანენ ან სხვაგან გადატანას რა აზრი აქვს?! 

- ერთ-ერთი ვერსიით, რუსთავის ავტობაზრობის მფლობელებს, დაახლოებით, 30 მილიონი დოლარი შესთავაზეს, რათა ტერიტორია დაეთმოთ. საუბრობენ გია უდესიანისა და დავით კირკიტაძის ინტერესებზეც... 
- ამ ვერსიას გიდასტურებთ... უდესიანისა და კირკიტაძის ინტერესზე რა გითხრათ, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ რუსთავის ავტობაზრობაში ვანო მერაბიშვილის ინტერესები იკვეთება. 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ჩოგოვაძეს გაუგზავნა რეზოლუცია, რომლითაც ავტოდრომი საავტომობილო ფედერაციისთვის უნდა გადმოეცა. ზუსტად ერთ თვეში, პირადად ვანო მერაბიშვილმა დამირეკა, შსს-ში მიმიწვია და მაკეტი მაჩვენა, რომელიც მაგიდაზე ედო. ეს იყო ავტობაზრობის კონტური და მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრის მაკეტი, მაგრამ მასზე ავტოდრომი ვერ დავინახე. როდესაც ვანო მერაბიშვილს ვკითხე, ავტოდრომი სად არის-თქო, ჩემს თვალწინ დაწერა წერილი, ღილაკს თითი დააჭირა და ადმინისტრაციის უფროსს, შოთა ხიზანიშვილს დაავალა, შალვა ოგბაიძეს მიეცით საბუთი, რომ ამ ტერიტორიაზე რბოლა ან შეჯიბრი პარასკევს საღამოს, 18.00 საათის შემდეგ, ასევე შაბათ- კვირას გამართონო. ამის შემდეგ, სააკაშვილს საჯაროდ მივმართე, აჩვენეთ ვანო მერაბიშვილს, ვინ არის პირველი ამ ქვეყანაში- მეთქი. მოკლედ, მერაბიშვილს უარი ვუთხარი და მორიგ შეხვედრაზე, დაახლოებით 10 კაცი დამახვედრა, მათ შორის, სააკაშვილის ბიძაშვილი ნიკა ალასანია, ასევე სპორტის დეპარტამენტის უფროსი ნამგალაური. მერაბიშვილმა პირდაპირ მითხრა, ფედერაციის პრეზიდენტობიდან უნდა გადადგე, ამ პოსტზე ნიკა ალასანია შეგცვლისო. ნიკა ალასანიას შევატყვე, რომ საქმის კურსში არ იყო. სხვათა შორის, თვითონაც მიხვდა, რომ აშკარად სხვაგან მოხვდა და აღარ უაქტიურია. მერაბიშვილმა ისიც მითხრა, უარის შემთხვევაში, შენც და შენს ოჯახსაც სერიოზული პრობლემები შეგექმნებათო. სწორედ ჩემი უარი გახდა მიზეზი, რომ საავტომობილო ფედერაციასა და ჩემს კუთვნილ ,,ლადა'- ს ცენტრში საგადასახადო შემოვიდა. ფედერაციაში აღურიცხავი 1 850 000 ლარი, ,,ლადას' ცენტრში კი ანტიფრიზი ,,მიპოვეს' და იმხელა ჯარიმა დამაკისრეს, იძულებული გავხდი, გადავმდგარიყავი. ამის შემდეგ, ჩემი მოვალეობის შემსრულებელი კანცელარიაში დაიბარეს, წერილი დააწერინეს, რომლითაც თხოვნით მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს, რათა ავტოდრომი დაიბრუნოს, რადგან იქ არსებული ინფრასტრუქტურა თითქოს ავტოდრომის მშენებლობისთვის არ ვარგოდა. ეკონომიკის სამინისტრომ ერთ დღეში ,,დაიბრუნა' ავტოდრომი, რამდენიმე დღეში აუქციონი გამართეს და ეს ტერიტორია, 180 000 აშშ დოლარად, რუსეთიდან ჩამოსულმა ბიზნესმენმა, შოთა აფხაზავამ შეიძინა. სწორედ ჩემი უარის გამო დავკარგე ბინა, მიწის ნაკვეთი და ჩემი რძლის ბინაც, რომლებიც აუქციონზე გაყიდეს. გადარჩენილი ქონება დღესაც დაყადაღებულია და სააღსრულებო ბიუროდან წერილს წერილზე მიგზავნიან, აუქციონზე გაგიყიდითო. სამიოდე კვირის წინ ქალბატონ თეა წულუკიანს, სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარეს იოსებ ბაღათურიას და პროკურატურასაც მივმართე, რათა ქონების გაყიდვის პროცესი შეეჩერებინათ. სხვათა შორის, ჩემი თხოვნა ყურად იღეს, რის გამოც მათ მადლობას ვუხდი, თუმცა წართმეული ქონების დაბრუნების კუთხით, ჩემთვის სამართლიანობა ჯერ არ აღმდგარა. 

- უდესიანი- კირკიტაძისა და მერაბიშვილის გარდა, კულუარებში ახალაიასა და კოდუას ინტერესებზეც საუბრობენ. 
- როდესაც მშობელს ავტოსპორტზე ბავშვი მოჰყავს, რომელიც ანთებული თვალებით შემოგყურებს, არც მე და არც ერთი პედაგოგი არ ვეკითხებით, ვისი შვილია. მხედველობაში მყავს, როგორც ანზორიკო და რეზიკო ბიწაძეები, ასევე გიორგი და ნოდარ კოდუები, რომლებიც არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან. გულწრფელად გეტყვით, შეჯიბრზე ხშირად ვხედავდი ერეკლე კოდუას, ქალბატონ ლაურა ღაჭავას, რომლებიც ავტოდრომზე შვილების საგულშემატკივროდ ჩამოდიოდნენ. როდესაც საავტომობილო ფედერაციას უზარმაზარი ჯარიმა დააკისრეს და უფლებამოსილება მოვიხსენი, ერეკლე კოდუა ამ ფედერაციის კოლეგიის წევრი გახდა. ამის შემდეგ, ნაციონალებმა ახალი ფედერაცია ჩამოაყალიბეს, რომლის პრეზიდენტი ცსკ-ს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილე დავით კირთაძე გახდა, ვიცე- პრეზიდენტები - ნაციონალების იდეოლოგი ლევან თარხნიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდ-ის წევრი ლევან გახელაძე, დამფუძნებლები კი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ ქავთარაძე და ფინანსთა მაშინდელი მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი იყვნენ. ამ ფედერაციას ჩვენი მრბოლელები ნაციონალურ ფედერაციასაც უწოდებდნენ. როგორც გითხარით, ავტოდრომიცა და ფედერაციაც, შოთა აფხაზავამ შეიძინა და სხვათა შორის, ინვესტიციაც ჩადო. ეს ის აფხაზავაა, რომელმაც ავტოდრომის გახსნაზე სააკაშვილი ,,გაასეირნა'. როგორც ქართლ-კახეთში ამბობენ, სააკაშვილი დანახვის ,,ციცო' იყო - იგივეს იმეორებდა, რასაც პუტინი აკეთებდა. პუტინმა რომ წელსზემოთ გაიხადა, ამანაც გაიხადა, პუტინმა სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და სააკაშვილმაც ჩაიცვა. ის ჩემი ცოდვით სავსე პუტინი ,,ფორმულაში' რომ ჩაჯდა, სააკაშვილიც ჩასვა აფხაზავამ. ისე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია - FIA-მ, ჩემს უფლებებში აღმადგინა და ძველი ფედერაციის პრეზიდენტი, ისევ FIA-ს წევრი ვარ. შესაბამისად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე მუშაობა, ახალგაზრდების აღზრდა და გზებზე მოძრაობის ჯანსაღი წესების პოპულარიზაცია მევალება.