ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება შეკითხვა, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა იმ გადაწყვეტილების კვალდაკვალ, რომელიც 22 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე მიიღეს. საუბარია თბოელექტროსადგურებისთვის გაძვირებული ტარიფის დადგენაზე, თუმცა, როგორც ოთხშაბათის სხდომის ფარგლებში გაირკვა, ელექტროენერგიის გაძვირების ალტერნატივას მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ვერმიწოდება წარმოადგენს. სემეკი ჯერჯერობით არ აკეთებს პროგნოზს სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით.
ოთხშაბათის სხდომაზე ტარიფი სამი თბოელექტროსადგურის შემთხვევაში გაიზარდა, მაგრამ არა თანაბარი მოცულობით. მაგალითად, თუკი, დღგ-ს გარეშე, "ჯიფაუერისთვის" ტარიფი 0,13 თეთრით, ხოლო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის 2,8 თეთრით გაიზარდა, „მტკვარი ენერგეტიკის" შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელმა 3,7 თეთრი შეადგინა. როგორც სემეკის წევრმა გოჩა შონიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ტარიფების სხვადასხვა სიდიდით გაზრდა ინდივიდუალურმა მიდგომამ განაპირობა:
„ეს არის სამი სხვადასხვა კომპანია, რომლებსაც აქვთ სამი სხვადასხვა ფინანსურ-ტექნიკური მაჩვენებელი. შესაბამისად, სხდომის დროს დეპარტამენტმა წარმოადგინა, რომ ამ კომპანიებს ჰქონდათ სხვადასხვა მოცულობის ზარალი მიღებული და ამან განაპირობა ეს ყველაფერი: რომელსაც მეტი ზარალი ჰქონდა მიღებული, მას მეტად გაეზარდა, ხოლო რომელსაც ნაკლები ზარალი ჰქონდა მიღებული, მას ნაკლებად გაეზარდა“.
სემეკის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილო დატოვა თბოელექტროსადგურები, რომლებიც გაცილებით უფრო მაღალი ტარიფის დადგენის აუცილებლობას ხედავენ. მაგალითად, "ჯიფაუერის" ინტერესების სახელით განმარტება გააკეთა ამ კომპანიის მფლობელის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ ბოცვაძემ და მან მომხმარებელთა ელექტროენერგიის გარეშე დატოვების საფრთხეც იწინასწარმეტყველა:
„’ჯიფაუერს’ ერთი კვ/სთ-ის გამომუშავება (თვითღირებულება) დაუჯდება 10, 5 თეთრი, ხოლო ბაზარს უნდა მიაწოდოს 7,3 თეთრად. მეორე მხრივ, უკვე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი კომპანია როგორც ყიდულობს ელექტროენერგიას, იმაზე უფრო იაფად უნდა მივაწოდოთ თურმე აბონენტებს. არ გამოდის, უბრალოდ, ბატონებო, ეს. თუ კვლავ ამ გზით წავა სემეკი, რაც დღეს ვნახეთ, შემოდგომაზე ვეღარ უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის შესყიდვას აბონენტებისთვის“.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნის განხილვას, რაც სამომხმარებლო ტარიფის გადახედვას უკავშირდება, სემეკი 23 ივლისის სხდომაზე გეგმავს და პროგნოზების გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა. თუმცა, თუკი მის მიერ გაკეთებული კომენტარების მიხედვით ვიმსჯელებთ, მომავალი მას მუქ ფერებში არ წარმოუდგენია და თვლის, რომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ სახელმწიფოს ელექტროენერგიის გეგმურ გამორთვებზე არ უნდა ელაპარაკებოდეს. ირინა მილორავას თქმით, ამ კომპანიის განაცხადი კომპლექსურად არის განსახილველი:
„თბოელექტროსადგური არ არის ერთადერთი წყარო, საიდანაც „ენერგო-პრო ჯორჯია“ შეისყიდის ელექტროენერგიას. „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიას შეისყიდის, დაახლოებით, 50-მდე ჰიდროელექტროსადგურიდან და თბოელექტროსადგურიდან, მათ შორის, იმპორტირებულ ელექტროენერგიასაც. ამის გათვალისწინებით, ჯობია, რომ ხვალ უკვე კონკრეტული ინფორმაცია, გათვლები, მოვისმინოთ სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით“.
სემეკის ხუთშაბათის სხდომაზე „ენერგო-პრო ჯორჯია“ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას მოითხოვს და, თუკი კომპანიის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ელექტროენერგიის გაძვირების საფრთხე საქართველოს ტერიტორიის 70 %-ს შეეხება (რომელსაც ამ კომპანიის მომსახურება ფარავს). როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რამაზ გერლიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ელექტროენერგიის გაძვირება ბუნებრივად გამოიწვევს არასახარბიელო ჯაჭვურ რეაქციას:
„მაშინ როცა მეწარმეს, სამეურნეო სუბიექტს, უძვირდება ელექტროენერგია, ეს დანახარჯად აისახება პროდუქციის წარმოების პროცესში და, შესაბამისად, ეს უკვე იძლევა ეკონომიკურ ეფექტს ფასების ზრდის თვალსაზრისით. მეწარმეს არ ექნება სხვა გამოსავალი, რადგან მას ხარჯი ეზრდება. ელექტროენერგიის გაძვირება მძიმედ დააწვება მოსახლეობასაც, რომლის დანახარჯებიც რეალურად იზრდება“.
რამაზ გერლიანი არ გამორიცხავს, რომ თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილებამ სტიმული მისცეს ჰიდროელექტროსადგურებსაც, რომ მათაც მოითხოვონ ტარიფების გაზრდა.