მას შემდეგ, რაც უკრაინამ და საქართველომ ნატოში გაწევრიანების შესახებ ღიად განაცხადეს, ამ ქვეყნების ტერიტორიებზე არ გამართულა ალიანსის არც ერთი მრავალეროვნული სწავლება, რომელსაც მოსკოვის შეშფოთება და გაღიზიანება არ გამოეწვიოს.
ამჯერად მოსკოვს შეშფოთების კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვს: უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლვოვთან ახლოს, იავოროვის პოლიგონზე, 20 ივლისს მიმდინარე სწავლების, „რაპიდ ტრაიდენტ -2015“-ის, ჩანაფიქრი, არც მეტი არც ნაკლები,„მიზნად ისახავს სამხედროების მომზადებას თავდაცვითი სპეცოპერაციისათვის, უკრაინის არმიის მიერ დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით“.
კრემლი განსაკუთრებით გაღიზიანებულია იმით, რომ იავოროვის პოლიგონზე მიმდინარე მანევრებში მონაწილეობას ღებულობს 500- კაციანი ამერიკული ქვედანაყოფი, რომელიც უკრაინაში საკუთარი შეიარაღებით ჩავიდა.
თუმცა უკრაინის მხარე დარწმუნებულია საპირისპიროში. კიევი მიიჩნევს, რომ მანევრები დაეხმარება უკრაინის არმიას უფრო მომზადებული შეხვდეს რუსეთის მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული სეპარატისტული ძალების პროვოკაციებს დონბასის ოლქში. „სწავლებაში 18 ქვეყნის მონაწილეობა მოწმობს საერთაშორისო მხარდაჭერას იმ ბრძოლისადმი, რომელსაც უკრაინელი ხალხი აწარმოებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავადო“, - განაცხადა 20 ივლისს სამხედრო მანევრებში მონაწილე უკრაინული სამხედრო კონტინგენტის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრ სივაკმა.
რუსეთმა განაცხადა, რომ ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს დასავლეთ უკრაინაში „პროვოკაციული ხასიათი“ აქვს. ნატოში რუსეთის წარმომადგენლის ალექსანდრ გრუშკოს თქმით, მანევრები „ძირს უთხრის“ თებერვლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას.
დასავლეთ უკრაინაში ნატოს მრავალეროვნულ სწავლებებში წარმოდგენილია, რუსეთის აზრით, მის მიმართ არამეგობრულად განწყობილი რამდენიმე ევროპული ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სამხედრო კონტინგენტიც.
დასავლეთ უკრაინაში მიმდინარე სწავლებებში, რომელიც 1 აგვისტოს დასრულდება, საქართველოს ქვედანაყოფიც ღებულობს მონაწილეობას. საქართველოს შეიარაღებული ძალები სწავლების საველე ნაწილში I ქვეითი ბრიგადის ერთი ოცეულითაა წარმოდგენილი, საშტაბო სწავლებაში კი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ასევე გენერალური შტაბის ოფიცრები მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ ქართული ქვედანაყოფი ლვოვში „რაპიდ ტრაიდენტში“ გასულ წელსაც ღებულობდა მონაწილეობას, რასაც თავდაცვის სამინისტროს საარქივო ვიდეომასალაც მოწმობს.
ლვოვში, იავოროვის პოლიგონზე, მრავალეროვნულ სწავლებებში მყოფ საქართველოს კონტინგენტს ორ დღეში საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ვახტანგ კაპანაძე მოინახულებს. ქართული არმიის სარდალი უკრაინაში გაემგზავრება ჩეხეთიდან, სადაც უკვე იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის დელეგაცია. მათ ხვალ, 22 ივლისს, შეუერთდება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ოთხშაბათს პრაღაში რადიო თავისუფლების სათავო ოფისსაც ესტუმრება და პირდაპირ ეთერში მონაწილეობას მიიღებს საავტორო პროგრამაში „დაბრკოლების ზოლი“, რომელიც თბილისის დროით 19:05 წუთზე დაიწყება.