ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადებით, ტერიტორიებს კიდევ დავკარგავთ?! - “ქართველოლოგიის ცენტრის” ხელმძღვანელის სკანდალური პროგნოზი

ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადებით, ტერიტორიებს კიდევ დავკარგავთ?! - “ქართველოლოგიის ცენტრის” ხელმძღვანელის სკანდალური პროგნოზი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი ,,სახელმწიფო ენის შესახებ”... გადაწყდა, რომ შეიქმნება ,,სახელმწიფო ენის დეპარტამენტი”, რომელიც განსაზღვრავს ქართული ენის, ქართველური ენებისა და დიალექტების მოვლა-განვითარების პოლიტიკას... ,,ქართული სიტყვაარნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ავთანდილ არაბულს დაქართველოლოგიის ცენტრისხელმძღვანელს, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს ესაუბრა, რომელთაც ,,სახელმწიფო ენის კანონზეგანსხვავებული პოზიციები აქვთ.

ავთანდილ არაბული, ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი: - შეგვიძლია, გაუზვიადებლად ვთქვათ, რომ 2015 წლის 8 ივლისი ისეთივე ისტორიული დღეა, როგორიც 1978 წლის 14 აპრილი, თუმცა ბოლო წუთამდე წინააღმდეგობები გვქონდა.

 

- ვისგან?

- იეთიმ გურჯს მაინცდამაინც საქართველოში რამ ათქმევინა: ,,სირცხვილი იმ გუთნისდედას, მამა-პაპის საფლავს ხნავდეს?!” ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გრანტებზე დახარბებულებმა მტერ-მოყვარეების დახმარებით,  ყველაფერი, რაც ღირებული გვქონდა, მართლაც, ,,გადავხანით”. ნამდვილად არ მეგონა, “სახელმწიფო ენის კანონის” მიღება თუ ამდენ ხანს გაჭიანურდებოდა.

- დღევანდელი ქართული საზოგადოება საკმაოდ აქტიური და მომზადებულია, თუმცა ენის კანონთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებზე პროტესტი არ დაფიქსირებულა...

- მართალია, აქციები არ ყოფილა, მაგრამ ნებისმიერი მოქალაქე ამბობს, რომ ენას მოვლა სჭირდება. აღსანიშნავია,  რომ ენის მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს ტესტია და თუკი ამას სახელმწიფო ვერ გააკეთებს, ამით თავის თავს დიაგნოზს დაუსვამს.

- ამბობთ, რომ 1978 წლის 14 აპრილი მსოფლიო მოვლენა იყო. მოდით, ის დრო გავიხსენოთ...

- ტოტალურ სახელმწიფოში, კონსტიტუციაში არავინ იხედებოდა, მაგრამ 1978 წელს, საქართველოში, ვიღაცამ კონსტიტუციის კანონპროექტში ჩაიხედა და აღმოაჩინა, რომ კონსტიტუციის მიღების მერე, ქართველთა სახელმწიფო ენა იურიდიულად აღარ იარსებებდა და მთელი საზოგადოება მშობლიური ენის დასაცავად შეიკრა. ხელისუფლება ცდილობდა, საპროტესტო ტალღა არ აგორებულიყო. ამ მოვლენამ ისიც გამოაჩინა, რომ საბჭოთა წყობა საკმაოდ მორყეული იყო... საქმე ისაა, რომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას ჩვენ სიმამაცის მაგალითი მივეცით, თუმცა ისინი ხომ ვერც იგებდნენ, რას ვაპროტესტებდით.

80-იანი წლების ბოლოს, ჰორიზონტზე საბჭოთა სივრცის ნგრევისა და დამოუკიდებლობის კონტურები გამოჩნდა, ჩვენ ზრუნვა მომავალზე დავიწყეთ. 90-იან წლებში, ისტორიული პერიპეტიების გამო, ენის კანონი უკანა პლანზე გადავიდა.

- გავიდა დრო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღეს სახელმწიფო ენის კანონის მიღებამ უღიმღამოდ ჩაიარა. ვცდები?

- ჩემი დაკვირვებით, საზოგადოებამ ვერ გაიგო, რა მოხდა. არადა, ყველაფერ ამაში დიდი შრომა ჩაიდო. პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის თავდადება და ბრძოლა რომ არა, მოჯადოებული წრის გარღვევა ძალიან გაგვიჭირდა. წინა ხელისუფლებამ კი, კანონპროექტის დოკუმენტები საერთოდ გააქრო.

- სახელმწიფო ენის კანონთან მიმართებაში, ,,ნაციონალებსრა ტაქტიკა ჰქონდათ?

- ენის განვითარების მათებური დოქტრინა საზღვრების გახსნას, ენის თავისუფალი განვითარებისა და ინგლისურის გაძლიერების ტენდენციას ითვალისწინებდა. ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს - მრავალეროვან სახელმწიფოში ყოველთვის მოიძებნებიან პროვოკატორები, რომლებიც ადვილად ჩააგონებენ გარკვეულ ჯგუფებს, რომ სახელმწიფო მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. კანონპროექტის მიმართ ბევრს სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა - ენობრივი უმცირესობების მიმართ კანონის გამკაცრებადაც მიიღეს. ჩვენ სახელმწიფო ენის მოვლას ვაპირებთ, ეს ყველა მოქალაქის ვალია, ეროვნული კუთვნილების მიუხედავად.

- საქართველოს არაქართველ მოქალაქეებს საშუალება აქვთ, განათლება ქვეყნის შიგნით და გარეთ თავიანთ ენაზე მიიღონ. ეს სახელმწიფო ენას აზიანებს?

- არა, მაგრამ ენის მსახურთა, ქართულ ენაზე მეტყველთა რიცხვი კლებულობს. ალექსანდრე ჯანელიძე წერდა, დედა ენა მცირე ერებისთვის ერთობ დიდი ტვირთიაო, რადგან მცირე ერს ენის მსახურთა მცირერიცხოვანი არმია ჰყავს. თუკი ჩინელებს იეროგლიფის მცოდნე მილიონი სპეციალისტი  ჰყავთ, ჩვენთან ასიოდე ენათმეცნიერი ძლივს ვწვდებით ზღვა საქმეს. ჩვენს მიერ გამოცემული ნაშრომების მყიდველიც ნაკლებია. წარმოიდგინეთ, ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი” 500-ცალიანი ტირაჟით გამოვეცით და ჯერაც არ გაყიდულა.

- მოდით, შეკითხვა ასე დავსვათ: რა არის სახელმწიფო?

- სახელმწიფოს განმარტებიდან ენის გარდა არაფერი დაგვრჩა.

- რას გულისხმობთ?

- ეკონომიკა, საზღვრები, დამოუკიდებლობა - სახელმწიფოს დამახასიათებელი ეს ცნებები აღარ გვაქვს. ამიტომ, რაც შემოგვრჩა, ის უნდა დავიცვათ. ხშირად ქართველთა იდენტობა ენასა და ქრისტიანულ რელიგიასთან იყო გაიგივებული. ენის კანონის საკანონმდებლო მოწესრიგება ევროპული ნორმაა. საფრანგეთმა ენის კანონი 1992 წელს მიიღო. 2005 წელს კი, საქართველო ჩარჩო-კონვენციას შეუერთდა.

- ჩარჩო-კონვენცია რას გვთავაზობს?

- ერმა ტრადიციების, ისტორიის გათვალისწინებით, ისეთი ზომები უნდა მიიღოს, რომ რომელიმე მცირე ერის ენა და კულტურა პირისაგან მიწისა არ აღიგავოს, ასევე, იზრუნოს თვითგამორკვევისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად საკუთარ ისტორიას ყურს არ უგდებენ და უცხოელები, ვითომ, რატომ წაიკითხავენ?!

1918 წელს, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ მიღებულ სახელმწიფო ენის კანონში გატარებული პროგრესული იდეები  ევროპის ქვეყნებისთვის ნორმად მხოლოდ ორმოცდაათი წლის მერე იქცა - სამოქალაქო თანაცხოვრების წესების განსაზღვრისას, დროს ასე ვუსწრებდით...

პირველი ენის კანონი, რომელიც 1918 წელს მივიღეთ, სულ რამდენიმე მუხლისგან შედგებოდა. მას მერე მთელი საუკუნე გავიდა და ქართული ენა ჩამოყალიბდა, როგორც პოლივალენტოვანი, სრულყოფილი ენა, რომელიც სრულად მოიცავს სახელმწიფოს ყველა სფეროს: პოლიტიკას, განათლებას, მედიას, ხელოვნებას, ლიტერატურას, მეცნიერებას. საბჭოთა პერიოდში რუსული ენა მშობლიურს ავიწროვებდა, დამოუკიდებლობას ველოდით, რომ არტახებისგან გავთავისუფლებულიყავით.

- ქართული ენა ზეწოლისგან გათავისუფლდა?

- არა. სულ სხვა რამ მივიღეთ: პოლიტიკური დიქტატი არაა, მაგრამ გავლენის თვალსაზრისით, დღეს ინგლისურ ენას უფრო მეტი გავლენა და ძალა აქვს, ვიდრე თავის დროზე რუსულს ჰქონდა. თუკი საბჭოთა ხელისუფლების დროს რუსული ენის მიმართ იმუნიტეტი გამომუშავებული გვქონდა, ამჟამად ასეთი იმუნიტეტი ინგლისურის მიმართ არ გვაქვს. თავს ვერ ვიცავთ, შესაბამისად, ენაც დაზარალდა. არც მაკონტროლებელი ორგანო არსებობს. ყველაფერი ეს საკმარისია, რომ განგაშის ზარს შემოვკრათ. ისტორიულად, ე.წ. პურისტი ერი არა ვართ, მაგრამ ცნობილია, რომ ლექსიკაში რაოდენობრივი ცვლილება კანონზომიერად თვისობრივ ცვლილებებს იწვევს და თუ ეს ცვლილებები რაღაც ფარგლებს გადასცდა, ენას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. სამწუხაროდ, ჩვენში, ყველა დაწინაურებული პიროვნება, საჯარო გამოსვლისას ცდილობს, ქართულის იგნორირებით, უცხო სიტყვა გამოიყენოს, რადგან ეს პრესტიჟულია.

- ბატონო ავთანდილ, ფიქრობთ, რომ კანონი ამას მოაწესრიგებს?

- დიახ, დარწმუნებული ვარ. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში სოლიდური ჯარიმებია დაწესებული - თუკი საჯარო გამოსვლისას პიროვნება ისეთ სიტყვას გამოიყენებს, რაც ფრანგულ ენაში მოიპოვება, 750 ევროთი დაჯარიმდება.

- ახალი კანონით, ჩვენთან მსგავს შეცდომებზე არ დაჯარიმდებიან... ენის ნორმებს ვინ დაადგენს?

- გადაწყდა, რომ შეიქმნება სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელიც ძირითადად, ენის ნორმების შემუშავებითა და სტანდარტების მიღებით იქნება დაკავებული. იქ იქნება ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან სხვადასხვა სფეროში ენის ფუნქციონირებას და შესაბამის ზომებს მიიღებენ. თუ ვინმე ენას ამახინჯებს და არ უვლის, თავად ჩვენ, ქართველები ვართ. მახსოვს ის დრო, როცა ყველა ცდილობდა, სუფთა ქართულით ელაპარაკა და არა - კუთხური კილოკავით. დღეს კი, სატელევიზიო სივრცე წალეკა კუთხურმა მეტყველებამ.

ყველაფერი სკოლიდან უნდა დავიწყოთ, სადაც ქართული ენა სათანადო დონეზე არ ისწავლება.

- ამბობთ, ქართულ ენას ასიოდე მეცნიერი ემსახურებაო. როგორია ტენდენცია - ახალგაზრდებს მეცნიერული ქართველოლოგია, ქართული ენათმეცნიერება აინტერესებთ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, აინტერესებთ. ენათმეცნიერება ისეთი სფეროა, სადაც მსურველი მეცნიერულ ამბიციებს ადვილად დაიკმაყოფილებს. ხელისუფლებამაც საგრძნობლად გაზარდა დაფინანსება და მეცნიერთა ხელფასებმა 3-4 ჯერ მოიმატა. ამ საქმეში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია გადამწყვეტი აღმოჩნდა. სამი წლის წინ, პატრიარქმა, ერთ-ერთ გამოსვლაში, აღნიშნა, რომ უცხოეთში მეცნიერული ქართველოლოგიის კერები მცირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ადგილზე დასაყრდენი ქართველოლოგიის ცენტრები დასუსტდა. თუ ამ მიმართულებით არ ვიმუშავებთ, დიასპორებში ქართული ენის შემსწავლელებს გაუჭირდებათ. მიგვაჩნია, რომ კანონი “სახელმწიფო ენის შესახებ” ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

 

 

ტარიელ ფუტკარაძე, “ქართველოლოგიის ცენტრისხელმძღვანელი: - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ 2015 წლის 9 ივლისს განხილულ კანონპროექტს ,,სახელმწიფო ენის შესახებ” დართული აქვს განმარტებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც, კანონის მიღების მიზეზი და მიზანია “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის (აფხაზეთში აფხაზური ენის სტატუსის) უზრუნველყოფა, მისი ფუნქციონირების, დაცვისა და გამოყენების მექანიზმების სრულყოფა”. თეორიულად, ყველაფერი ეს კარგადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ ვსვამ შეკითხვას: რამდენად შესრულებადია ეს კანონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ განაპირა მხარეებში, სადაც საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის? შეიძლება, ვინმემ თქვას, დღეს კანონს მივიღებთ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მერე, სრულყოფილად განვახორციელებთო?! გამოდის, რომ ეს კანონი ავტორების მიერ გაცხადებულ მიზეზსა და მიზანს ვერ მოემსახურება.

აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს აქვს კანონი რეკლამის შესახებ, სადაც ძალიან კარგადაა გაწერილი სახელმწიფო ენის გამოყენების საჭიროება.

- სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ, რომ რეკლამის კანონი კარგად მუშაობდეს.

- ჰოდა, თუ მოქალაქეები ხედავენ, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია და რამდენიმე სხვა მიღებული კანონი სახელმწიფო ენის სტატუსს ვერ იცავს, ახალმიღებული “კანონი სახელმწიფო ენის შესახებ” ვითარებას როგორ შეცვლის? გარწმუნებთ, ვერც ეს კანონი შეცვლის ვითარებას ვერც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში და ვერც - ქვეყნის იმ განაპირა კუთხეებში, სადაც ჯერჯერობით საქართველოს სახელმწიფო ენას ვერ ფლობენ.

- ბატონო ტარიელ, თქვენი მოსაზრებით, ეს მკვდრადშობილი კანონია?

- თუკი კანონის ავტორების ჩემს მიერ დამოწმებული ამონარიდით ვიმსჯელებთ, კი, ბატონო, ასეა. კერძოდ: ამ ეტაპზე შეუძლებელია “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის უზრუნველყოფა, მისი ფუნქციონირების, დაცვისა და გამოყენების მექანიზმების სრულყოფა”... მიუხედავად ამისა, ამ კანონის მიღების წინააღმდეგი არ ვარ, თუკი კანონი გზას იმ დაჯგუფებას არ გაუხსნის, რომლის მიზანიცაა, საქართველოს თავს მოახვიოს “რეგიონული ენების შესახებ ევროპული ქარტიის” რატიფიცირება, რომელშიც ათამდე ენის ჩამონათვალია.

ამ კანონს, შესაძლოა, ისეთი თანამდევი პროცესი მოჰყვეს, რაც ქვეყანას დიდ საფრთხეს შეუქმნის.

- რა საფრთხეზეა ლაპარაკი?

- პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ, ვფიქრობ, წინსწრებით, გააჟღერა შემდეგი მოსაზრება: “მოგეხსენებათ, ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ უნდა მივუერთდეთ რეგიონული და უმცირესობის ენების შესახებ ევროპის ქარტიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ თავის დროზე ევროსაბჭოსთან ავიღეთ. მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონით, ჩვენ გარკვეულ ნაბიჯს ვდგამთ იქითკენ...” რა გამოდის? - სახელმწიფო ენის კანონს იმიტომ ვიღებთ, რომ ევროპული ქარტიის რატიფიცირება მოვახდინოთ, ანუ “პატრიოტული” ნაბიჯით ინიღბება “ქარტიის” არასწორი ინტერპრეტაციით საქართველოში ათამდე ენისთვის “რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება?

- რომელ ენებზეა საუბარი? რეგიონული ენის სტატუსი ხომ მოცემულ მხარეში საქმის წარმოების ენის შემოღებას გულისხმობს?

- ,,ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის შესახებ” დიდებული დოკუმენტია, რომლის მიზანია, გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი აბორიგენი უმცირესობების ენების გადარჩენა, მაგალითად, ესპანეთში ბასკურის. ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს შესაბამისი სამდივნოს სათავეში რუსი იური კოჟემიაკოვი ჩაუდგა, ე.წ. რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება პოლიტიზებული გახდა, მაგალითად, სომხეთში ასეთი სტატუსი მიიღო რუსულმა ენამ; საქართველოშიც სურთ, ასეთი სტატუსი მიენიჭოს მეზობელი ქვეყნების სახელმწიფო ენებს, რომელთაც ნამდვილად არ ემუქრებათ გაქრობის საფრთხე. ხაზგასმით აღვნიშნავ: საქართველოში უმცირესობათა ენობრივ უფლებებს იცავს საქართველოს კონსტიტუცია და “ევროპული კონვენცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ”, რომელსაც საქართველო დიდი ხანია, მიერთებულია. დროა, პარლამენტარებმაც გაიგონ, რომ უმცირესობების ენობრივ უფლებებს იცავს დასახელებული ევროპული კონვენცია, “რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტია” კი მოწოდებულია, გადაარჩინოს საფრთხის ქვეშ მყოფი ავტოქთონი, აბორიგენი უმცირესობის ის ენა, რომელიც სახელმწიფო ენა არ არის; ასეთი კი საქართველოში არ გაგვაჩნია.

- ევროსაბჭოს წინაშე ჩვენს მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას დიდი ხანია გვახსენებენ, რატიფიცირება რატომ ყოვნდება?

- იმიტომ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ, გააყალბონ “ქარტიის” არსი და საქართველოს თავს მოახვიონ ათიდან ოცამდე “რეგიონული ენა”; ეს საქართველოს შემდგომი დანაწევრების უმოკლესი გზაა. თუკი თანმიმდევრულად მივყვებით “ევროპული ქარტიის” მამების პრინციპებს, ამ ქარტიის რატიფიცირება შესაძლებელი ენების ჩამონათვალის გარეშეცაა, ანდა, თუნდაც, ერთი ენის – აფხაზურის – დასახელებით, თუმცა, პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ ქარტიის რატიფიცირება საქართველოს დეოკუპაციასა და საქართველოს განაპირა მხარეებში სახელმწიფო ენის სწავლებამდე არ უნდა მოხდეს.

ჩვენს თემას რომ მივუბრუნდეთ, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიღება თუკი გზას “ევროპული ქარტიის” რატიფიცირებას ათამდე ენის ჩამონათვალით გაუხსნის, ეს ქვეყანას დაგვინგრევს. აქვე აღვნიშნავ, რომ თუკი პარლამენტი მიიღებს ისეთ “ენის კანონს”, სადაც ნათლად გაიწერება სახელმწიფო ენის, ან ენების სტატუსისა და მიგრანტ უმცირესობების ენობრივი უფლებების დაცვაც, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს აღარ მოუწევს ევროპული ქარტიის რატიფიცირება ენების მრავალრიცხოვანი ჩამონათვალით.

- მოდით, პირველ რიგში, ვთქვათ, რომელი ძალები ლობირებენ ათამდე ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას?

- წინა პარლამენტში თემას “ნაცმოძრაობის” ე.წ. ლიბერალური ჯგუფი ლობირებდა, ამ ხელისუფლების დროს კი, უფრო ,,რესპუბლიკური პარტიის” წევრები აქტიურობენ, მაგალითად, ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც პაატა  ზაქარეიშვილის უწყება ათზე მეტ ენას ასახელებს, რომელიც უნდა მოხვდეს ევროპული ქარტიის რატიფიცირების დანართში; დაახლოებით, ამავე შინაარსისაა პარლამენტში მომზადებული დოკუმენტი და ევროსაბჭოს ექსპერტთა რეკომენდაციებიც.

- ევროსაბჭოში ვინაა დაინტერესებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისეთი დოკუმენტი მიიღოს, რომელიც შეზღუდავს სახელმწიფო ენის ფუნქციონირებას და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის?

- წეღან აღვნიშნე: ევროსაბჭოს “რეგიონული ან უმცირესობის ენების” სამდივნო დაშორებულია ევროპული ქარტიის შემქმნელების პრინციპებს; არსებითია ისიც, რომ ბევრმა ევროპელმა ექსპერტმა არ იცის საქართველოს ენობრივ-ეთნიკური ისტორია და რუსული ოკუპაციის დემოგრაფიული პოლიტიკის სავალალო შედეგები. ასევე, არ იციან, რომ 200 წლის განმავლობაში, საქართველოში ხელოვნურად შეცვლილია დემოგრაფიული ბალანსი; რუსული პოლიტიკის გამო, საქართველოს მოსახლეობის მესამედმა არ იცის სახელმწიფო ენა და სხვა. ასეთ პირობებში, ევროსაბჭოს ამ კანონის რატიფიცირების დოკუმენტში ათი “რეგიონალური ენის” დაკანონებით, საქართველოს დეზინტეგრაციის შეუქცევად გზაზე დააყენებენ.

- საინტერესოა, სიის თავში რომელი ეთნიკური უმცირესობაა

- თუნდაც სომხური ენა ავიღოთ: საქართველოში გვიან დამკვიდრდნენ (ავტოქთონები არ არიან!) მეზობელი სომხები; მათი ენა სახელმწიფო ენაა სომხეთში, საქართველოშიც დაცულია ყველა სომეხის ენობრივი უფლება; ამ ენას საფრთხე არ ემუქრება; შესაბამისად, რეგიონული ენების ქარტიის მოთხოვნებს თუკი მკაცრად დავიცავთ, სომხური ენა საქართველოში ეთნიკური უმცირესობის ენა არის, მაგრამ არ არის “ქარტიის” მოდელის “რეგიონული ენა”; როგორც ვთქვი, ასეთი სტატუსი უნდა მიენიჭოს საფრთხის ქვეშ მყოფი ავტოქთონი უმცირესობის ენას; მაგალითად, ფრიზულ ენას გერმანიაში.

- აბა, ამ მიმართულებთ სომეხთა თუ ექსპერტთა გარკვეული ჯგუფი რატომ აქტიურობს?

- ზუსტად ვიცი, რა პრინციპებია ჩადებული “ევროპულ ქარტიაში” და ამას აღარ გავიმეორებ. ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს კი, “მოქალაქის ენობრივი უფლება” და საფრთხის ქვეშ მყოფი ენის დაცვა, “ევროპული კონვენცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ” და დასახელებული ევროპული ქარტია ერთმანეთში ერევა...

- გამოდის, რომ თუკი სახელმწიფო ენის კანონს მივიღებთ, ამ, ერთი შეხედვით, პატრიოტული ნაბიჯით ლიბერალურ ჯგუფს, რომელიც ითხოვსევროპული ქარტიისრატიფიცირებას ათამდე რეგიონული ენის ჩამონათვალით გზა გაეხსნება და ჩვენს სახელმწიფო ენას საფრთხეს შეგნებულად შევუქმნით?

- ათამდე “რეგიონული ენის” უსაფუძვლოდ დაკანონებით მორიგი ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ე.წ. რეგიონალიზაციისკენ, ქართულად რომ ვთქვათ, დანაწევრება-დაშლისკენ!

- სიტყვა ,,რეგიონსმსოფლიოში სხვადასხვა დატვირთვა აქვს?

- ,,რეგიონი” ლათინური სიტყვაა, მას სამი ძირითადი მნიშვნელობა აქვს: ერთია, “დიდი გეოგრაფიული სივრცე”, მაგალითად, კავკასიის რეგიონი, შუა აზიის რეგიონი. მეორე - ქვეყნის მხარე ადმინისტრაციული საზღვრების გარეშე და მესამე - ავტონომიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელსაც პრეზიდენტიც კი ჰყავს, მაგალითად, იტალიის ლოზანას რეგიონი.

საქართველოს სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, დამკვიდრდა “რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სანინისტრო”; ახლაც აქტუალურია ე.წ. რეგიონალიზაცია, “რეგიონული პარტიული სიები”, “რეგიონული დემოკრატია”, “რეგიონული თვითმმართველობა”... ვიღაცას ისედაც მცირეტერიტორიანი საქართველო კონფედერაციული ტიპის წარმონაქმნამდე დაჰყავს; არსებულ გეოპოლიტიკურ ველში, თუკი საქართველო უნიტარული სახელმწიფო არ იქნება, მალე აღარ იარსებებს...

დღეს მსოფლიოში აქტუალურია “რბილი ძალის პოლიტიკა”, რაც სხვადასხვა გზით ენობრივ-ეთნიკურ დანაწევრებას, ცნობიერების შეცვლას გულისხმობს; ეს გზა უფრო დამანგრეველია, ვიდრე - მტრის ტანკები; ენობრივი პოლიტიკის გარედან მართვა და საქართველოს “რეგიონალიზაცია” სწორედ მტრის რბილი პოლიტიკის ნაწილია.

 - თუმცა, გვაქვს ჩვენი ავტონომიები.

- ამ ავტონომიებს “რესპუბლიკები” ერქვა; ახლა ქართველთა ავტონომია მხოლოდ აჭარის ავტონომიაა, თან უხიფათო (ისე, ნონსენსია ქართველთა ავტონომია საქართველოში!); ახლა, მავანს უნდა, ავტონომიაზე უფრო სახიფათო ტერმინით მონათლოს საქართველოს კუთხეები და ამკვიდრებენ: “გურიის რეგიონი”, “სამეგრელოს რეგიონი”, “იმერეთის რეგიონი”, “სამცხე-ჯავახეთის  რეგიონი”... ამ პროცესს ,,ტერმინოლოგიური დივერსია” დავარქვი. ჩემი მსჯელობა სულაც არ ნიშნავს, რომ ევროორიენტაციის წინააღმდეგი ვარ; მინდა, ევროექსპერტებმა უკეთ ჩაიხედონ საქართველოს ისტორიაში:

საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ოცი საუკუნის წინ გახდა, როცა ქრისტიანობა მიიღო; ჩვენ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ერი ვართ, ეს კი არ იცის, მაგალითად, ჰაიდი ტალიავინმა, რომელიც თავის ცნობილ დასკვნაში წერდა, რომ ქართველი ერი არშემდგარი ერია. სამწუხაროდ, მსოფლიო სამეცნიერო სივრცე წალეკა რუსულ-საბჭოური, სომხური თუ ნეოოსმალური იდეოლოგიით შექმნილმა ანტიქართულმა იდეოლოგემებმა, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ერის დანაწევრებას ემსახურებიან. დეოკუპაციის შემდეგ თუ პარალელურად, საქართველოსათვის მთავარი ორი გამოწვევაა: 1. მსოფლიოში გავრცელებული ანტიქართული იდეოლოგემების დაბალანსება; 2. ქართული ენის ტექნოლოგიზება: ორენოვანი ზუსტი ტექნიკური თარგმანების უზრუნველყოფა, ქართული მეტყველების ტექსტად ქცევა და ქართული ტექსტის გახმოვანება. ყველა ის ენა მოკვდება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების ენა ვერ გახდება, თუ ისეთი კომპიუტერული პროგრამები არ შეიქმნება, რომელიც ტექსტს გაახმოვანებს, ხმას აქცევს ნაბეჭდ ტექსტად და ორენოვან სინქრონულ, ავტომატურ თარგმანს გააკეთებს. ესაა მთავარი გამოწვევა და არა - ქაღალდს შერჩენილი კანონების მიღება...

- “ქაღალდს შერჩენილი კანონების მიღებაშისახელმწიფო ენის შესახებ კანონს გულისხმობთ?

- სახელმწიფო ენის კანონის შესახებ ამგვარი შეფასება თავად ენის კანონის ავტორების თვალსაზრისიდან გამომდინარეობს; კერძოდ, თავიანთ “განმარტებით ბარათში”, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე დევს, ისინი წერენ: “ადმინისტრაციული ჯარიმების გამოყენებამ უნდა უზრუნველყოს ენობრივი ნორმების დაცვა და შექმნას პრევენციული გარემო პოტენციური დამრღვევების გაფრთხილების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისი მუხლები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ არაფრისმთქმელ დეკლარაციად დარჩება”...

ცნობილია, რომ სახელმწიფო ენის შესახებ კანონის ბოლო რედაქციაში სადამსჯელო აქციების მუხლი ამოღებულია... საერთოდ, როგორც ჩემი კოლეგა, პროფესორი მანანა ტაბიძე ერთგან წერს, “სახელმწიფო ენის ფუნქციონირების რეგულაციები გაწერილია რეკლამის, პრესის, სამართლის, განათლებისა და სხვა სფეროთა კანონებში. მოქალაქეთა ენობრივი კომპეტენცია სასჯელის თემა ვერ გახდება, სახელმწიფო ენის ცოდნის მიხედვით, სამსახურებრივი უზრუნველყოფის საკითხები კი, კონსტიტუციის შესაბამისად ისედაც გათვალისწინებულია სამინისტროებსა და უწყებებში. კანონი ვერ დასჯის ვინმეს კუმშვა-კვეცის წესის დარღვევის გამო, ვერც გაზეთის რედაქტორს დავაპატიმრებთ უცოდინარი ჟურნალისტის სტილისტური შეცდომების მიზეზით; ქალაქში აბრების ენობრივი გაუმართავობა რეკლამის კანონითაა დარეგულირებული...”

ჩვენს ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის მესამედი ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, რისთვის გვჭირდება სახელმწიფო ენის კანონი, რომელიც რეალურად ვერ ამოქმედდება?

- ხელისუფლებას რას სთავაზობთ?

- ზემოწარმოდგენილი ორი მთავარი გამოწვევის (ქართული ენის ტექნოლოგიზება, საინფორმაციო თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით ანტიქართული იდეოლოგემების დაბალანსება) საპასუხოდ, მთავრობასთან უნდა შეიქმნას “ქართველოლოგიის ცენტრი”; პარალელურად, უნდა აღდგეს ქართული ენის ნორმების დამდგენი მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია.

რაც შეეხება “ენის კანონს”, ვისურვებდი, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო ენისა და სხვა ენების შესახებ ისეთი კანონი მიიღოს, რომელიც ნამდვილად გაითვალისწინებს სახელმწიფო ენის/ენების (ქართული, აფხაზეთში - აფხაზურის) სტატუსის რეალურ დაცვას, “ევროპული ქარტიის” შემქმნელთა რეალურ პოზიციას, ენობრივი უმცირესობების ენობრივი უფლებების დაცვის აუცილებლობასაც და, ზოგადად, ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის ინტეგრაციას და არა – დეზინტეგრაციას.