თბილისში საცობები აღარავის უკვირს. სამაგიეროდ, ამის მიზეზი ყველასთვის ინდივიდუალური და ბუნდოვანია. სექსისტები ყველაფერს მესაჭე ქალებს აბრალებენ, „პროფესიონალი” მძღოლები - „არაპროფესიონალებს“ და ა.შ. მოძრაობის განტვირთვაზე თბილისის მერმაც იფიქრა და დაასკვნა, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების შეზღუდვის საკითხი სახელმწიფო დონეზეა განსახილველი. ბატონმა მერმა თავისივე ნააზრევის გამყარება სხვა ქვეყნების მაგალითის მოყვანით სცადა და დასძინა: „ვფიქრობ, ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას და მის მაქსიმალურ მხარდაჭერას, ამას, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ და იმ ახალი ავტობუსების კვალობაზე, რომლებსაც დედაქალაქში შემოიტანენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო მეტი ხელშეწყობა მოხდება”. მოკლედ, საცობების ნარმანიასეული წამლის რეცეპტი ასეთია: მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები მარჯვენასაჭიანი მანქანა.
მევლუდ მელაძე, ავტომრბოლელი: “- მინდა, მარჯვენასაჭიანების შეზღუდვაზე ჩემი აზრი დავაფიქსირო. პირველი: საცობების პრობლემა მარჯვენასაჭიანების ბრალი არ არის და ეს ისეთივე სასაცილო არგუმენტია, როგორც საცობი და ავტომობილის ფერი.
მეორე: იაპონური ავტომობილი (მარჯვენასაჭიანი, უმეტეს შემთხვევაში, იაპონიიდან შემოდის) გაცილებით იაფი და ხარისხიანია, რაც მისაღებია ჩვენი რეალობისთვის.
მესამე: მოდი, შევეშვათ სირაქლემას პოზაში ყოფნას და კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ საცობების შექმნის, ან პროვოცირების მიზეზების ძირითადი ნაწილი:
ა. მართვის მოწმობის სიმბოლური პრაქტიკული გამოცდა - მძღოლს ვერ მოსთხოვ იმაზე მეტ დინამიკას, რაც მართვის მოწმობის გამოცდაზე მოსთხოვე.
ბ. საგზაო მონიშვნები - ვერ მოსთხოვ, არ გადაკვეთოს არარსებული, ან ერთმანეთს აცდენილი ზოლები.
გ. საპატრულო ეკიპაჟების კვალიფიკაცია - პოლიციელი ვერ მოსთხოვს მძღოლს იმას, რაც თავისთვისაც მისაღებია. ისიც ამ რეალობაში გაიზარდა.
დ. შუქნიშნებისა და გზაჯვარედინების არასწორი დაგეგმვა - მაგალითად (სულ უბრალო), ჭავჭავაძის გამზირზე მარცხნივ შეხვევა და ისიც, პირდაპირ ავტობუსის გაჩერების გასწვრივ.
ე. კულტურა - მძღოლების მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს სხვა მძღოლის კომფორტზე.
მოკლედ ჩამონათვალი დიდია და თანაც, ყველაფერი ეს ჩვენს თვალწინაა და რატომ ვებრძვით ქარის წისქვილებს, არ მესმის“.
ცნობილია, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანა, მარცხენასაჭიანთან შედარებით, ბევრად იაფია, შესაბამისად, საქართველოში იაპონური მანქანების ბუმია. თუ დილერებს მანქანები ადრე ძირითადად გერმანიიდან ჩამოჰყავდათ, დღეს ყველას თვალი ამომავალი მზის ქვეყნისკენ უჭირავს. ამ სიტუაციაში საინტერესოა თვითონ იმპორტიორების პოზიცია - დააზარალებს თუ არა მარჯვენასაჭიანი მანქანების შეზღუდვა მათ ბიზნესს? ისიც უნდა ითქვას, რომ ამიერკავკასიაში არსებულ ავტობაზრობათა შორის, ყველაზე დიდი რუსთავში მდებარეობს. რამდენად ცუდად იმოქმედებს ნარმანიას ზემოხსენებული ინიციატივა თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან საავტომობილო ვაჭრობაზე? - “ქართული სიტყვა” ავტომობილების ერთ-ერთ იმპორტიორს ესაუბრა:
- მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის მარჯვენა საჭე დისკომფორტულია, შედარებით დაბალი ფასის გამო, ბევრი მყიდველი ჰყავს. მოგეხსენებათ, მარჯვენა საჭით გერმანული მანქანებიც მომრავლდა. თუ სახელმწიფო შეზღუდვებს აამოქმედებს, შეიძლება, მეც და ძალიან ბევრი ჩემნაირიც კლიენტების გარეშე დავრჩეთ, ალბათ, იგივე სიტუაცია იქნება, როგორიც ადრე იყო, მანქანა ფუფუნებად რომ ითვლებოდა. მარცხენასაჭიანი მანქანებიც გაიაფდა, მაგრამ თუ 2006-წლიან ავტომობილს, მარჯვენა საჭით, 3000 დოლარად შეიძენთ, იმავე წლოვანებისა და კლასის მარცხენასაჭიან მანქანას, მინიმუმ, 2 000 დოლარით მეტი უნდა... ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციის პირობითი სურათია, მაგრამ ძირითადად ასეა.
ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს ავტომობილის აუქციონზე ინტერნეტით შეძენა ძალიან გაადვილებულია. შესაბამისად, დილერების როლი ნელ-ნელა კნინდება. ეს შეზღუდვა კიდევ უფრო უკან დაგვხევს. ალბათ, პოტენციური მყიდველების დიდი ნაწილი, ან ძველ მანქანებს შეწვდება, ან საერთოდ, ავტომობილს აღარ შეიძენს.
იმაზეც ალაპარაკდნენ, საჭის გადატანა ხომ შესაძლებელიაო, მაგრამ ეს პროცედურა 1000-1500 დოლარი მაინც ჯდება და ძნელია, ისეთი ხელოსანი იპოვოთ, ვისაც საჭის გადატანა კვალიფიციურად შეუძლია. შეიძლება, საჭის გადატანა ბევრმა იცის და ამ საქმეს არაერთი ხელოსანი ასრულებს კიდეც, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემენ.
- მარჯვენასაჭიანი მანქანა უფრო იაფი რატომაა?
- ჯერ იმას ვიტყვი, ზოგადად, მანქანების ფასის დაცემა რამ გამოიწვია. ეს იაპონური ბაზრის ათვისების ბრალია - აღმოსავლეთიდან ძალიან ბევრი მანქანა შემოდის და ევროპულ ავტომობილებს დიდ კონკურენციას უწევს. რაც შეეხება შეკითხვას, იაპონიაში 5-10 წლის მანქანები საკმაოდ იაფია იმიტომ, რომ ძველ ავტომობილებზე სახელმწიფო მძღოლებს დიდ გადასახადს უწესებს - მოგეხსენებათ, იქ ეკოლოგიას დიდი ყურადღება ექცევა. მანქანის მფლობელებს ამხელა გადასახადების გადახდა არ აწყობთ და ახალ ავტომობილებს ყიდულობენ, რომელთა შენახვაც ბევრად უფრო იაფი უჯდებათ.
იაპონიაში, შიდა ბაზარზე, ძველი მანქანები ძნელად იყიდება და ამიტომ, აუქციონზე ხშირად ერთ დოლარადაც კი ყიდიან, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქე ყიდულობს, ტრანსპორტირების ხარჯებს დაფარავს და ავტომობილი, რომელიც ჩვენი რეალობისთვის ახალიცაა და კომფორტულიც, ძალიან იაფი დაუჯდება.
საქართველოში მართვის მოწმობები ადვილად და მრავლად გაიცემა, ცხოვრების დონემ მოიმატა, მანქანები გაიაფდა და საცობების პრობლემაც გაჩნდა, თუმცა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვა არსებულ მდგომარეობას ვერ უშველის. ძალიან ბევრი ცუდი მძღოლია, ავარიებიც ხშირია, შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ამ ავარიების ძალიან დიდი წილი მარცხენასაჭიან ავტომობილებზე მოდის და არა - პირიქით. ან მათ, ვისაც იაპონური მანქანები უკვე ჰყავთ, რა ქნან? ასე მგონია, ამ ხალხს ისეთ გადასახადებს დააკისრებენ, ტყავს გააძრობენ. ალბათ, ესეც ბიუჯეტის შესავსებად მოიგონეს.
მარჯვენასაჭიან ავტომობილსა და მის შესაძლო შეზღუდვაზე “ქართულმა სიტყვამ” კომენტარი მძღოლებსაც სთხოვა...
გურამ ნატროშვილი: - თუ ეს რეგულაცია ითვალისწინებს, რომ ასეთი მანქანების რაოდენობა უნდა შემცირდეს, მაშინ ახალ შემოსულებს უნდა დაუწესდეს გადასახადი ან სხვა ტარიფით განაბაჟონ, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მარჯვენასაჭიან მანქანას აღარავინ იყიდის.
თუ ეს რეგულაცია მოძრაობის უსაფრთხოებას ემსახურება, მაშინ აიკრძალოს ყველა და გადასახადები აღარ დაწესდეს. ისე, თბილისს საცობების პრობლემა მარჯვენასაჭიანების გარეშეც ექნება.
მიხეილ თექთუმანიძე: - ჩემი აზრით, ის, რაც დღეს თბილისში ხდება, ანუ საცობები მარჯვენასაჭიანების შემოყვანამ განაპირობა. ხალხს, ოჯახში, 2-3 მანქანა ჰყავს და ერთი მაინც მარჯვენასაჭიანია. ყველა დამწყები გოგო იაპონური მცირელიტრაჟიანით დადის, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ორი მანქანა მყავს და ორივე მარჯვენასაჭიანია, ამ უკანასკნელთა იმპორტის დროებით შეჩერებას მივემხრობი. გაუსაძლისი მდგომარეობაა ამ სიიაფის გამო, 800 ლარი გაქვს ხელფასი და მანქანას მაინც ყიდულობ... სესხით. ტაქსისტების უმეტესობაც უკვე მარჯვენასაჭიანით დადის იმიტომ, რომ იაფია და კომფორტული.
ჯაბა გოცაძე: - ქალაქი გაივსო ამ პატარა იაპონური მანქანებით. გოგოები, ვისაც ორი კაპიკი აქვს, ყველა მარჯვენასაჭიანით დადის. რას ეტყვი, ახლა, გადააგდე მანქანა და აღარ იაროო? დამპალი 90-იანი წლების “ოპელის” ფასში, ახალ მარჯვენასაჭიანს ყიდულობ, ამაზე ხალხს უარს ვერ ათქმევინებ და ვერც საჭის გადატანას აიძულებ. თავის დროზე უნდა შეეზღუდათ და საქმე აქამდე აღარ მივიდოდა. თუ მართლა შეზღუდვა დააპირეს, ამას დიდი ამბები მოჰყვება,
დავით ლომსაძე: - ერთადერთი რეალური პრობლემა, რაც ამ ქვეყანაში გვაქვს, ტვინისა და აზროვნების ნაკლებობაა. მარცხენასაჭიანები უფრო ქმნიან პრობლემებს, ვიდრე - პირიქით, მაშინ, საერთოდ, მანქანები ავკრძალოთ და ცხენებით ვიაროთ... ავტობუსით სიარული ჯერ თვითონ ნარმანიამ დაიწყოს და მაგალითს მეც ავიღებ. ჯერ ერთი, კარგი მძღოლისთვის საჭის მარჯვნივ არსებობა პრობლემა არაა. მეორეც, ყოველთვის უფრო ფრთხილად და მოზომილად დადის. ჯობია, შეზღუდვა კენტი და ლუწი ნომრების მიხედვით იყოს და ამ საცობებსა და უბედურებაზე, ნარმანიას მაგივრად, დასკვნა ვინმე აზრიანმა და კომპეტენტურმა გააკეთოს!