განათლების უფლებაწართმეული ათასობით ბავშვი და პოლიტიკური ომი ექვსწლიანების საბაბით

განათლების უფლებაწართმეული ათასობით ბავშვი და პოლიტიკური ომი ექვსწლიანების საბაბით

მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორი თვე დარჩა, ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია ჯერაც არ დასრულებულა... საბავშვო ბაღებში საკმარისი ადგილები ისევAარა და, შესაბამისად, ათასობით სკოლამდელი აღზრდის მოზარდი განათლების უფლების გარეშე რჩება. როგორც ცნობილია, კორექტირებული თუ სეკვესტრირებული (რაც გინდა, დაარქვით) ბიუჯეტი ყველაზე მეტად განათლების სამინისტროს შეეხო და, ალბათ, გასაკვირიც არ იქნება, თუკი სკოლამდელი განათლების სფეროში თავს ბევრი ხარვეზი იჩენს...

დაუბრუნეთ ბაგა-ბაღებს წართმეული შენობები!

როგორც ირკვევა, საბავშვო ბაღების დეფიციტი ყველაზე მეტად თბილისს აწუხებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად თბილისელი ბავშვები დაზარალდნენ. მერია აცხადებს, რომ მომავალ სასწავლო წელს ბაგა-ბაღებში სიარულს 3 ათასამდე ბავშვით მეტი შეძლებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რამდენი ბავშვი დარჩება სკოლამდელი განათლების გარეშე. თუ არასამთავრობო სექტორის მონაცემებს დავუჯერებთ, ასეთი ბავშვების რაოდენობა ათობით ათასს აღწევს. რა უნდა ქნას თბილისის მერიამ, რომ ბაგა-ბაღებში ადგილების დეფიციტი შეამციროს? - ქალაქის მთავრობა ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ახალი ბაღების მშენებლობაა, რასაც განათლების საკითხების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი უტოპიურს უწოდებს და “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას აცხადებს, ახალი ბაგა-ბაღების ასაშენებლად ფული რომც იყოს, მიწის ნაკვეთები, სადაც ბაღები უნდა აშენდეს, არ მოიძებნებაო.

მანანა ნიკოლაიშვილი: “- წინა ხელისუფლებამ რეფორმა 2007 წლის აგვისტოში დაიწყო, რის შედეგადაც მხოლოდ თბილისში 75 ბაგა-ბაღი დაიხურა. იგივე სიტუაციაა ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში და ამ პრობლემას არაფერი ეშველება. როცაქართული ოცნებისხელისუფლება მობრძანდა, პრემიერ-მინისტრთან, ან პარლამენტთან სახელმწიფო საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რომელიც გაარკვევდა, თუ როგორ მიიტაცეს სახელმწიფო ქონება და ეს ქონება სახელმწიფოსთვის დაებრუნებინა. ყოფილი ბაგა-ბაღების შენობებში დღეს ზოგს ოფისი აქვს გახსნილი და ზოგს - პარტიული შტაბ-ბინა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბაგა-ბაღის შენობები მანამდეც მიითვისეს, მათ შორის, ლტოლვილებმა და, საერთო ჯამში, მათი რაოდენობა ორი ათასზე მეტია. როგორ უნდა გადაჭრას ხელისუფლებამ ეს პრობლემა? - რომ ამბობენ, ავაშენებთო, რას ააშენებენ, როცა ისეთი დეფიციტია, რომ ამ საქმეს საქართველოს მთელი წლის ბიუჯეტი არ ეყოფა”.

როგორც ჩანს, გამოსავალი მხოლოდ ერთია: ბაგა-ბაღების ის შენობები, რომლებიც თავის დროზე გაურკვეველი საპრივატიზაციო პოლიტიკის შედეგად გაასხვისეს, უნდა დაბრუნდეს.

მანანა ნიკოლაიშვილი: “- ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის ბაგა-ბაღები, რომლებიც გაასხვისეს, მიწის ნაკვეთებზე იყო დამაგრებული. დღეისთვის კი, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებშიც, ყველა ეს ნაკვეთი გაყიდულია. ბაღი კორპუსი ხომ არაა, ააშენო და მორჩა. მას, სხვა თუ არაფერი სათამაშო ეზო სჭირდება. ადრე ბაგა-ბაღების ეზოები ორ-ორი ჰექტარი მაინც იყო. ახლა კი, ნახევარი ჰექტარი მაინც ხომ უნდა ჰქონდეთ, რომ ბავშვებმა თამაში შეძლონ? ამდენ თავისუფალ ფართს ქალაქის რომელ ნაწილში იპოვით? ასე რომ, ტყულია, როცა ამბობენ ავაშენებთო. თუ ძველი შენობები არ დაბრუნდა, სახელმწიფო, ათწლეულები გავა და, საკმარის ბაგა-ბაღებს ვერ ააშენებს”.

ძველი დრო დაბრუნდა?!

ამას წინათ, ქალაქის ერთ-ერთ სკვერში, ბავშვებთან ერთად სასეირნოდ გამოსული მშობლების საუბარს შევესწარი - ბაგა-ბაღში დარეგისტრირებაზე ჩიოდნენ. თავის დროზე ჩემი შვილის ბაღში მისაყვანად მეცჩაწყობადამჭირდა, ანუ ჩემმა პროფესიამ მიშველა. ახლაც დავინტერესდი, რამე ხომ არ შეიცვალა-მეთქი და მშობლებს გავესაუბრე. როგორც აღმოჩნდა, ორი წლის შემდეგაც, არაფერი შეცვლილა: მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის დაწყების დროს მთელი ღამე კომპიუტერთან გაატარეს, ბავშვის დარეგისტრირება ერთმა მშობელმაც ვერ მოახერხა.

შორენა მოდრეკილაძე, ბაგა-ბაღს გარეთ დარჩენილი ბავშვის მშობელი: “- მთელი ღამე კომპიუტერთან გავათენე. ჯერ, გადატვირთულიაო და სისტემაში არ მიშვებდა, მერე, როცა ეს მოვახერხე, ვერც ერთ ბაღში, რომელიც ჩემი საცხოვრებელი სახლის ახლოსაა, ბავშვის დარეგისტრირება ვერ შევძელი, ადგილები არ არისო...

- სასურველ ბაგა-ბაღში განაცხადი და ბავშვის საბუთები არ შეიტანეთ?

- კი, სამ ბაღში მაქვს ბავშვის საბუთები დატოვებული, მითხრეს, ადგილი გათავისუფლდება და დაგირეკავთო, მაგრამ ორი წელია, არაფერი ისმის.

- რას აპირებთ?

- ერთი ნაცნობი მყავს და იმან დამარიგა, დირექტორს ბრჭყვიალა სამკაული უყიდე და ადგილი უცებ გამოჩნდებაო. იძულებული ვარ, ასე მოვიქცე, ბავშვს გარეთ კიდევ ხომ ვერ დავტოვებ? - ორ წელში სკოლაში უნდა შევიდეს. იცით, რა მიკვირს? - კომპიუტერისა და ინტერნეტის მოხმარება ყველამ ვიცით, მე თუ ვერ ვახერხებ შვილის დარეგისტრირებას, ბაღის ადმინისტრაცია ამას როგორ ახერხებს?”

ეს შეკითხვა ძალიან ბევრ მშობელს აქვს. ამ ამბავს მანანა ნიკოლაიშვილი

თითიდან გამოწოვილ პრობლემას უწოდებს და ამბობს:

“- ჩემი გამოთვლით, თბილისს კიდევ 105 ბაგა-ბაღი სჭირდება, რომ ბავშვებმა სკოლამდელი განათლების მიღება ყველა პირობის დაცვით შეძლონ. არ შეიძლება, ჯგუფში 20-ზე მეტი ბავშვი იყოს, ბაგის ჯგუფში კი, - 15... პირველადი მოთხოვნები რომ დაკმაყოფილდეს, მთელ საქართველოში ათასზე მეტი ბაგა-ბაღი უნდა აშენდეს.

ჩაწყობების თემასარ ვიზიარებ. როცა ხელისუფლებაც აღიარებს, რომ საკმარისი ადგილები არაა, ლაპარაკი რაჩაწყობაზეა”? სახელმწიფო ქონება თუ არ დაბრუნდა, მაშინ ქვეყანა ჩამოიშლება, რადგან განათლების დონე საქართველოში ისედაც მკვეთრად დაცემულია”.

სკოლამდელების ახალი რეგულაციები

 

ცოტა ხნის წინ, განათლების სამინისტრომ ახალი კონცეფცია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ახალი მიდგომები შემუშავდა და მომავალი წლიდან ყველა ბავშვი, ბაგა-ბაღის დამამთავრებელ წელს, ვალდებულია, სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი, როგორც მინისტრმა სანიკიძემ თქვა, სულ “თამაშ-თამაშით” გაიაროს. თუ ბავშვს ეს კურსი გავლილი არ აქვს, სკოლაში ვერ შევა. ამ სიახლის დანერგვა სერიოზულ ფინანსებთანაა დაკავშირებული და, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, ამ პროგრამის განხორციელების რესურსი განათლების სამინისტროს, უბრალოდ, არ აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ეს მუნიციპალური პროგრამაა და ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებულია, დააფინანსოს.

მანანა ნიკოლაიშვილი: “- განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტები ორნაწილიანია: ერთი დედაქალაქისთვისაა, მეორე - დანარჩენი საქართველოსთვის. დედაქალაქის სტანდარტი, რომელიც გიგი თევზაძის მეუღლეს და კიდევ რამდენიმეს დაუკვეთეს, არ ვარგა. რაც შეეხება სკოლისათვის მზაობის პროგრამას, კარგია და თუ ევროპაში შევდივართ, ყველასთვის სავალდებულოა, თუმცა მისი დანერგვა ძალიან გაჭირდება, რადგან .. სტაფი არ არსებობს... როგორც გაირკვა, თბილისში ამ პროგრამის დასაწყებად მზად მხოლოდ 45 სკოლა აღმოჩნდა...”

კიდევ ერთი საკითხი: რა უნდა ქნან იმ სოფლების ბაგა-ბაღებმა, რომლებსაც ყველა ასაკის ბავშვი, მათ შორის, ბაგის აღსაზრდელებიც და ე.წ. ექვსწლიანებიც, რომლებმაც მზაობის პროგრამა აუცილებლად უნდა გაიარონ, ერთ ჯგუფში ჰყავთ?

ერთ-ერთი ასეთი ბაგა-ბაღი, “ქართულმა სიტყვამ” დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, სპეციალური დებულების საფუძველზე, ამ ბაგა-ბაღში ყველა ასაკის ბავშვი ერთ ჯგუფშია და გარკვეული დრო ასაკის მიხედვით ეთმობათ: როცა ბაგის ასაკის ბავშვები ისვენებენ, დიდები მათთვის განკუთვნილ პროგრამას გადიან.

ბაღის გამგე ლეილა ებიტაშვილი ამბობს, რომ სკოლისათვის მზაობის პროგრამის შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან იცის. შესაბამისად, არ იცის, რა ელით ბაზალეთის ბაგა-ბაღის იმ აღსაზრდელებს, რომლებმაც სკოლისთვის მზაობის პროგრამა აუცილებლად უნდა გაიარონ.

მანანა ნიკოლეიშვილი: “- ასე არ შეიძლება... ეს საგანგაშოა და სადაც გაიგებთ, რომ ბავშვებს ასე ექცევიან, დაწერეთ! ახალ პროგრამას ბაგა-ბაღის მასწავლებელი ვერ გაატარებს, ამისთვის დაწყებითი კლასის თრენინგგავლილი მასწავლებელია საჭირო. ასეთი დავალებები ბაღის მასწავლებელს არ უნდა მისცენ და თუ მაინც მისცეს, რადგან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, პასუხი გამგებელმა და გუბერნატორმა უნდა აგოს!”

პოლიტიკური ომი ექვსწლიანების საბაბით

ბოლო დროს განხილვის საგნად კიდევ ერთი თემა იქცა: ახლადმიღებული კანონით, თუკი ბავშვს სრული ექვსი წელი არ შეუსრულდება, სკოლაში არ დაიშვება. თუ განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობოებს დავუჯერებთ,  ეს კანონი განათლების სამინისტრომ ფულის დაზოგვის მიზნით შეიმუშავა: წელს სკოლაში ნაკლები ბავშვი შევიდეს, შესაბამისად, ნაკლები წიგნი დაიბეჭდოს და ნაკლები “ნეტბუქი” დარიგდეს. ყველაფერი ეს კი, სახელმწიფოს მილიონობით ლარის დანაზოგის საშუალებას მისცემს, თუმცა მანანა ნიკოლაიშვილი ამ აზრს არ იზიარებს და ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული გადაწყვეტილება იყო:

“- ეს თემა, “ნაციონალებმამოახერხეს და წმინდა პოლიტიკურ საკითხად აქციეს. მათ ისიც გააკეთეს, რომ ხუთი და ოთხწლინახევრის ბავშვები სკოლაში დაუშვეს და ამით უამრავი ბავშვი დააავადეს. მათვე, ახალი კანონის გამო, “ქართულ ოცნებასრამდენიმე ათასი ადამიანი გადაკიდეს. არადა, მმართველმა გუნდმა, ამ შემთხვევაში, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო”.

როგორც ხედავთ, სურათი, რომელიც ბავშვების მომავალს ეხება, დღეისთვის არცთუ სახარბიელოა... ბოლოს, მანანა ნიკოლაიშვილის ფრაზას მოვიშველიებ: “დანიშნეთ ქალები მაღალ თანამდებობებზე და ასეთ შეცდომებს ნამდვილად არ დაუშვებენ!”

ისე, ჩვენში დარჩეს და, განათლების მინისტრი ქალბატონია...