რომ გაიგო, მოსკოვში წავიდაო, ერთმა ჩემმა მეგობარმა რიტორიკულად იკითხა, კი, მაგრამ როდის ჩამოვიდაო. ახლა, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ამ შეკითხვაში ლოგიკა არის და აი, რატომ: თავისი დღე და მოსწრება ამტკიცებს, რომ ნატო “ხიხიაა” და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლია. ვთქვათ, ნატო, მართლაც, “ხიხიაა”, მაგრამ საინტერესოა, ოპოზიციონერი, რომელსაც ერთი სახელმწიფო ბერკეტიც კი არ აქვს, დუმელებს და კრემლისტებს ნორმალიზაციის რა გეგმას სთავაზობს? ისე, სწორედ მაშინ, როცა მოსკოვში ჩასულ ნინო ბურჯანაძეს კრემლის ისტებლიშმენტი პროქართულ პოლიტიკოსს უწოდებდა, ოკუპანტებმა ცხინვალის რეგიონიდან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთამდე გადმოსწიეს, თუმცა მოსკოველების ქართველ სტუმარს ეს არ გაუპროტესტებია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა კი განაცხადა: “ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და საზღვარს 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ თუ 20 მეტრით, ეს ძალიან ცუდი და იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში დიდი ხანია, ხდება. ეს ისაა, რაზეც ამდენი ხანია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვსაუბრობთ. ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზა ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს, ან 2 კილომეტრს კი არა, იმ 20%-ს დაიბრუნებს და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური, საბჭოთა კავშირისდროინდელი საზღვრისკენ გადაწევა”. არსებობს თუ არა კავშირი ბურჯანაძის პუტინურ ვოიაჟსა და ხურვალეთის ინციდენტს შორის? - “ქართული სიტყვა” “პოლიტიკის საერთაშორისო აკადემიის” ხელმძღვანელ გოჩა მირცხულავას ესაუბრა:
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ჩემი და უამრავი ქართველის შეხედულება ქალბატონი ბურჯანაძის პოლიტიკური შეხედულებებისა და მისწრაფებებისგან დიამეტრალურად განსხვავდება, მინდა ვთქვა, რომ ბურჯანაძე მათზე, ვინც პუტინზე, როგორც მესიაზე, ფარულად ლოცულობენ, ბევრად პატიოსანია - მას მოსკოვური ვოიაჟი არ დაუმალავს და საკუთარ დამოკიდებულებას, თუნდაც ნატო-სთან მიმართებაში, ღიად აფიქსირებს. მრავალი ქართველი პოლიტიკოსი, საჯაროდ ნატო-ს, როგორც საკუთარ დეიდას, იფიცებს, გულში კი, იმ დღეზე ოცნებობს, თუ როდის დაიძვრებიან რუსული ტანკები თბილისისკენ. ასეთები პარლამენტშიც ბევრი გვყავს და პარლამენტს გარეთაც.
რაც შეეხება ხურვალეთში, მცოცავი ანექსიის ფარგლებში, რუსეთის მორიგ თავხედობას - ქალბატონი ნინო გვეუბნება, რუსეთთან დალაპარაკება, კომპრომისი აუცილებელიაო და თუ ამ პოზიციას არ გავითვალისწინებთ, ხურვალეთი კი არა, მისი აზრით, საქმე ბევრად უარესად გვექნება. ისე, პოლიტიკური ეტიკეტისა და იმის დემონსტრირებისთვის, რომ კრემლი ბურჯანაძეს ანგარიშს უწევს, რუსებს თავი სწორედ ამ დღეებში უნდა შეეკავებინათ, მაგრამ ხურვალეთში ადმინისტრაციული საზღვარი სწორედ მისი ვიზიტისას გადმოსწიეს, ანუ ამით დაგვანახეს, რომ რუსეთს თავის წინადადებებზე უნდა დავთანხმდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდება და შეიძლება, თბილისამდეც ჩამოვიდეს!
ამ ნაბიჯით რუსეთმა სილა აზერბაიჯანსა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაცია “ბრიტიშ პეტროლიუმსაც” გააწნა. ვანო, როგორ ფიქრობ, ნავთობსადენის „გათავისუფლებაზე“, ან მის გარანტირებულ დაცვაზე ოკუპანტი საუბარს ვისთან დაიწყებს? - ზაქარეიშვილთან? ჩვენ ხომ გვარწმუნებენ, რომ ასეთ თემებს კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე არ განიხილავენ და იქ მხოლოდ წიწმატისა და ღვინის, ანუ კრებითი თოფაძეების გამდიდრების საკითხი განიხილება. პრაღის მომავალ შეხვედრაზე კი, კარასინი და აბაშიძე, რეალურად, ხურვალეთის ანექსიის ზეპირსიტყვიერ პარაფირებას მოახდენენ.
ძალიან შემაშფოთებელი იყო ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებაც, რომელმაც პრემიერ-მინისტრი, პრაქტიკულად, „ჩაუშვა“, ამაზე ვაფრთხილებდიო და დასძინა, ალტერნატიულ ნავთობსადენს გავაკეთებთო, ანუ კალაძემ აღიარა, ეს ტერიტორია უკვე დაკარგულია და ამას შეგუებულები ვართო. ვისი ფულით აპირებს ახალი ასაქცევი „ტრუბის“ მშენებლობას ბატონი კალაძე? - ბაქოსი თუ “ბრიტიშ პეტროლიუმის”? იქნებ, საქართველოს ბიუჯეტის?
- ბურჯანაძე ოპოზიციონერია. მსოფლიო პოლიტიკა იცნობს პრეცედენტს, როცა ოპოზიციონერმა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 10 პროცენტმა დაუჭირა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაელაგებინოს?
- მოდით, საკითხს ასე შევხედოთ: ქალბატონ ბურჯანაძეს აქვს მცდელობა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენა ჰქონდეს. ასევე, სურს, რომ ქვეყნის გარეთაც უსმენდნენ, მისი დღევანდელი რიტორიკა იმ პოზიციისგან, რომლის გამოც თავის დროზე ელენე თევდორაძემ წამოიძახა: „ბრავო, ნინო, ბრავო, ქალო!“ - დიდად განსხვავებულია.
- ეს, მგონი, მაშინ იყო, როცა ქალბატონ ბურჯანაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეჭირა, მიშას თანაგუნდელად ითვლებოდა და პეტერბურგში სიტყვით გამოვიდა, არა?
- დიახ, ეს, მართლაც, ისტორიულად გამორჩეული სიტყვა იყო, მაგრამ დააკვირდით: ბურჯანაძის პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებას ხელი ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც შეუწყვეს. დღეს კი დასავლეთი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკუთარი ელჩების პირითაც არ ელაპარაკება. ბურჯანაძეს ვერც საერთაშორისო დასავლურ ფორუმებზე ნახავთ.
რაც შეეხება ურთიერთობების დალაგებას, ეს გადაჭარბებული სურვილია. ისე, ქართველი პოლიტიკოსები, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, შეხვედრებს თეთრ სახლში მართავენ, მაგრამ მოცემულ მომენტში, ისინი არც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ და არც - საქართველო-აშშ-ის ურთიერთდამოკიდებულებას. ისინი, უბრალოდ, ქართულ პოლიტიკურ მენიუს ქმნიან და აქედან რომელ კერძს დააგემოვნებს, ეს უკვე თეთრი სახლის გადასაწყვეტია.
ამ დროს, დავაკვირდეთ, თუ რა ხდება რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ სუფრაზე: აქ მხოლოდ ერთი კერძია ბურჯანაძის სახით. სხვები კი, როგორც აღვნიშნე, ჯერ სამზარეულოში არინ და მაგიდაზე მოხვდებიან თუ არა, უცნობია, თუმცა რუსეთი არაერთ ქართველ პოლიტიკოსს აგემოვნებს. მაპატიეთ, ცოტა კულინარიული შეფასება გამოვიდა, მაგრამ რუსეთის მომხრე ქართველ პოლიტიკოსებს გავახსენებ, რომ კრემლმა ბევრი ქართველი მოინელა და კიდევ არაერთს მოინელებს. იმიტომ, რომ ჩრდილოეთში არ იციან, რა არის მადლიერება. იქ მხოლოდ გიყენებენ. შესაბამისად, ქალბატონი ბურჯანაძის რუდუნება ამთავითვე განწირულია. სხვა რომ არაფერი, დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთი არ სჭირდება და მას, აბსოლუტურად სწორად, ოკუპანტს ეძახის!
- გოჩა, თქვენი აზრით, ქართული პოლიტიკური სპექტრის უმეტესობას იმის აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია, რატომ უჭირს?
- მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფაქტორის გამო: დათვის ეშინიათ და ფული უყვართ. შესაბამისი სახის კვლევა რომ ჩატარდეს, მსოფლიოში ფულის სიყვარულსა და კონფორმიზმში ქართველი პოლიტიკოსები პირველ ადგილს დაიკავებენ! რაოდენ სამარცხვინოც უნდა იყოს, ასევე, პირველები ვიქნებით მშიშარათა შორის. დავით აღმაშენებელი, ჩვენი წინაპრები, ქართველობა, სამასი არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე - ეს საზოგადოების ნაწილისა და, პირველ რიგში, პოლიტიკოსებისთვის მხოლოდ სადღეგრძელოა!
ვანო, კიდევ ერთ პარადოქსს დააკვირდით: ეშინიათ რუსეთის და ამ შიშის გამო, რუსეთისგან ფულიც უნდა. ამიტომაც არიან ცუდი ადამიანები. ცუდი ადამიანების მიერ გაკეთებული კარგი პოლიტიკა კი არ გაიშვა!
რუსეთს ბალტიის ქვეყნები რომ აღუდგნენ, მათ უკან მაშინ ნატო არ იდგა და ამიტომ ვერც პოლონეთი დაეხმარებოდა და ვერც - ფინეთი.
თუ ადამიანი და ერი შინაგანად მედგარი და ძლიერი არაა, უნდა აღიაროს, რომ ქვეშაფსიაა. დიახ, დღეს ჩვენ ქვეშაფსიები ვართ!
- ამ ტერმინით საკუთარ თავსაც ამკობთ?
- მეც ერის ნაწილი ვარ!
კიდევ ერთი საყურადღებო გარემოებაც: გენეტიკურად, ერს, ქვეყანას, ალბათ მოწინააღმდეგე სჭირდება, რომელიც მხოლოდ ბრძოლისთვის კი არა, აღმშენებლობისა და წინსვლისთვისაც განგაწყობს. ჩვენ აღმშენებლობა და წინსვლა მხოლოდ ჩვენი ვილების მშენებლობა გვგონია, თორემ რუსეთთან ბრძოლის არც თავი გვაქვს, არც - შესაძლებლობა და შესაბამისად, 23 წელია, ერთმანეთს ვებრძვით, ვჭამთ, ვკორტნით და ქვეყანას განვითარების საშუალებას არ ვაძლევთ.
- გოჩა, ქართულ მედიასა და არასამთავრობო სექტორში რუსული ფულის ჩადებაზე რამე იცით?
- მე კი ვიცი, ჩემო ვანო, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: მე რომ ვიცი, ეს ქვეყნის სპეცსამსახურებმა უფრო დოკუმენტალურად და კვალიფიციურად არ უნდა იცოდნენ?
ბოლო წლებია, მთელ რიგ ქართულ მედიასაშუალებებზე, მხედველობაში მაქვს ბეჭდური, ინტერნეტგამოცემები და, შენ წარმოიდგინე, ელექტრონული მედიაც, მათ შორის, ე.წ. ეროვნული მაუწყებელი, რუსეთი საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს. ეს ფული საქართველოში ძირითადად ხუბუტიას მეშვეობით შემოდის. არ ვამბობ, რომ ხუბუტია თავის ფულს დებს. როგორც მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, ის ისეთი წუწურაქია, რომ ჯიბეში მორიელი უზის. შესაბამისად, დავალებას ასრულებს. ასე დაფინანსებული მედიასაშუალებების გამომცემლებს იმთავითვე ეუბნებიან, რომ ფულს დებენ ქართული მედიის განვითარებაში და, უბრალოდ, ადამიანურად ეხმარებიან, მაგრამ გჯერათ, რომ რუსეთი ფულს განვითარებაში ჩადებს, ან რუსეთის სპეცსამსახურები და მათი ნომრიანი აგენტი ქართველი ბიზნესმენები რომელიმე ჩვენგანის ადამიანური თანადგომისთვის ათენ-აღამებენ? სისულელეა! თავისას მაშინ მოითხოვენ, როცა დასჭირდებათ! გადახედეთ ცალკეულ გამოცემებს, შეხედეთ ეკრანს და თავადაც ნახავთ, სად რა ხდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფულს გამოართმევს და მერე ხუბუტიას, ან რომელიმე მეკავშირეს გადააგდებს, მაგრად ცდება. რუსი ქილერები ადამიანებს 10 ათასად კლავენ. ჩრდილოკავკასიელები კი, ბევრად ნაკლებად. არასამთავრობო სექტორშიც იგივე სიტუაციაა, თუმცა აქ ვითარება უფრო კონსპირაციულია. ამ ადამიანებმა საქმიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკვე გაშალეს. განსაკუთრებით, იმ სოფლებში, სადაც სახელმწიფო მოსახლეობას სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს და სადაც თვითმმართველობა სუსტია.
პირდაპირ აძლევენ თანხას ცალკეული ოპერაციების დასაფინანსებლად, ფულს უხდიან შვილების ჩასაცმელ-დასახურად, სწავლისთვის. უანგაროდ თუ იმისთვის, რომ საჭირო დროს თოვლში მოგორავე ან მზეს მიფიცხებულ სამშობლოს გამყიდველებს რუსეთის დროშები გააშლევინონ? ამ დროს, სპეცსამსახურებს სძინავთ.
- გოჩა, ყველაფერი, რაზეც ლაპარაკობთ, როგორც იტყვიან, არახალია. 20 წელი ერთ წრეზე რატომ ვტრიალებთ?
- კიდევ დიდხანს ვიტრიალებთ და, იცით, რატომ? - თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტში ზის ზვიად ძიძიგური, რომელმაც სამტრედიაში რუსეთს თავის დროზე ბლოკადა მოუწყო. ახლა კი, აბა, ჰკითხეთ, როგორია მისი პოზიცია რუსეთის მიმართ? ქვეყანა, ან ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ ერთი მტერი და მოწინააღმდეგე ჰყავს ხან ზვიადის, ხან ედუარდის, ხან მიშას სახით და რეალურად მტერსა თუ მოწინააღმდეგეს ვერ ხედავს და აფასებს, წინ ვერ წავა.
წინ ვერ წავა ქვეყანა, რომლის მოქალაქეთა უმეტესობა მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს.
წინ ვერ წავა ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მიზანი, მიზანი ქვეყნის აღმშენებლობის!
წინ ვერ წავა ქვეყანა, რომლის ყველა მოქალაქე ფიქრობს, რომ კანონი მასა და მის ახლობლებს კი არა, სხვას ეხება.
წინ ვერ წავა ქვეყანა, სადაც სამართალი სანთლითაა საძებნელი და ურმითაც არ დადის!
- გოჩა, ის, რაც წეღან ხუბუტიაზე მითხარით, თქვენი ეჭვია თუ ფაქტები გაქვთ?
- ვანო, ფულის გადაცემის და მოლაპარაკებების პროცესს რომ არავინ დამასწრებდა, ცხადია. სხვა კი, თუ ამით ქართული სპეცსამსახურები დაინტერესდებიან, ადვილად დაადგენენ, თუ ვის და რა მიზნებით ხვდება საქართველოში ბატონი ხუბუტია, როგორ და რამდენით იზრდება ამ შეხვედრების შემდეგ ცალკეული გამომცემლების თუ გამოცემების ანგარიშები. ისე, ორი წელია ვამბობ, რომ 2012 წლის მერე შექმნილმა ყველა მედიასაშუალებამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ დაფინანსების წყაროები გამოაქვეყნოს. დამფინანსებელთა შორის პირდაპირ ხუბუტიას ვერ იპოვით, მაგრამ საკმაოდ ბევრ და საინტერესო ფაქტს ნახავთ. ყველაზე მთავარი: როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართებით? თუ სპეცსამსახურებმა იციან, რომ ქვეყანაში მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო სექტორს უცხო, მტრულად განწყობილი, აგრესორი ქვეყანა აფინანსებს და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს გამოცემები პერიოდულად ორ-სამ ტკბილ სიტყვას შენზეც ამბობენ, ამას ეგუები და თვალს ხუჭავ, მავნებელი და მტერზე უფრო დიდი მტერი ხარ!