,,ხურვალეთთან ჩარჭობილი ერთი ბანერი ყველა რუს ტურისტსა და იქ გაყიდულ ვაშლს თუ მწვანილს გადაწონის'

,,ხურვალეთთან ჩარჭობილი ერთი ბანერი ყველა რუს ტურისტსა და იქ გაყიდულ ვაშლს თუ მწვანილს გადაწონის'

იბრძვიან თუ არა რესპუბლიკელები შს მინისტრის პორტფელისთვის და როგორ ხსნის ხელისუფლების არასწორ რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში დავით ზურაბიშვილი   

რესპუბლიკელების მიმართ ამ დღეებში ბევრი კითხვა დაგროვდა. ჯერ მარტო ზაქარეიშვილის ყველა ფრაზა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან დაკავშირებით, თქმისთანავე გაჰიტდა _ რუსეთთან ურთიერთობა გავაუმჯობესეთ, პუტინი მტერი რატომაა და ა.შ. საზოგადოების ნაწილი რუსეთის მიერ ორჭოსანთან საზღვრის გადმოწევას თინა ხიდაშელის მიერ საფრანგეთთან გაფორმებულ თავდაცვით ხელშეკრულებას უკავშირებს. ამასობაში, საკრებულომ ისტორიული მატჩის 300 ბილეთი და ცოცხალი მესის ხილვის შანსი დაისაკუთრა. ჩვენი რესპონდენტი დავით ზურაბიშვილია, რომელსაც თანაპარტიელების განცხადებების განმარტება, საკრებულოს უმრავლესობის წევრის სახელით საუბარი და კიდევ ორ საინტერესო კითხვაზე პასუხის გაცემა მოუხდა _ რა განთავსდება ყოფილი ზოოპარკის ადგილას და როდის გაიხსნება ვაკე-საბურთალოს შემართებელი მაგისტრალი. 

რა ხდება თქვენი პარტიის თავს, რატომ ხართ ასეთი პოპულარულები?
- რა ვქნათ, ჩვენი რა ბრალია. მას მერე, რაც 2 ახალი მინისტრი გვყავს მთავრობაში, ბუნებრივია, რესპუბლიკური პარტიის პასუხისმგებლობაც გაიზარდა, მით უმეტეს, ორივე ისეთია, საზოგადოებას მათი არსებობა არ დაავიწყდება და მუდმივად აქტუალურები იქნებიან. 

- თან, ახლა იმაზეცაა საუბარი, რომ გაყოფილ შსს-ში ერთერთი უწყების მინისტრობას გიგლა აგულაშვილი უმიზნებს და თურმე, ამაზე თინა ხიდაშელიც აქტიურად მუშაობს. ადასტურებთ ამ ხმებს?
 - ამაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა! არ მესმის, საიდან გავრცელდა ეს ხმა. ალბათ, ამით, ,,ოცნების' მომხრე ის ნაწილია შეშფოთებული, რომელიც ნაკლებად განსხვავდება ბურჯანაძეინაშვილის მომხრეებისგან. თორემ შსს ორად რომ იყოფა, ძალიან კარგია. მიკვირს, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კანონს რომ აკრიტიკებენ - ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონია, რაც აქამდე მიგვიღია. ვინ, ვინ და მე ნამდვილად არ მჩვევია ხელისუფლების ,,გაპრავება'. საერთოდ ვერ ვიტან ,,გაპრავების' ფენომენს. ეს მართლა კარგი კანონია. 

- ამ საკითხზე ისევ ,,ოცნების' მხარდამჭერთა გარკვეული ჯგუფი საუბრობს და სააკაშვილ- ადეიშვილის საუბრის ტექსტს იშველიებს, თუმცა მის ავთენტრუობასაც ვერავინ ამტკიცებს. ვის აწყობს ამტკიცოს, რომ თქვენ და ნაციონალები შეთანხმებით მოქმედებთ? 
- არა მგონია ამას ნაციონალები აკეთებდნენ. ასეთი ,,ჩამწყობებიც' ვერ არიან. ეს ვიდეოები თუ ჩანაწერები ძალიან უნიჭოდ დაწერილი ზღაპარია. არც იმას გამოვრიცხავ, ამ ე.წ. ულტრანაციონალისტებსა და რუსულ სპეცსამსახურებს შორის რაიმე კავშირი არსებობდეს. ეს სულელურ, ანტირესპუბლიკურ კამპანიას ჰგავს. ახლა სულ ერთი ჭორი ტრიალებს, რომ თურმე, ეს ვერაგი რესპუბლიკელები შს მინისტრის პოსტის აღებას აპირებენ და ამის გამო, რატომღაც, ნაციონალებთან არიან შეკრულები. ვის აწყობს ამ ხმების გავრცელება არ ვიცი. ფაქტია, ეს რესპუბლიკელებისა და სხვა ლიბერალური, ანტიდასავლური ძალების მხარდამჭერი არ იქნება. 
- რუსეთის მიერ საზღვრის კიდევ ერთხელ გადმოწევაზე რესპუბლიკელი მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის გამონათქვამებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა 

- საზღვრის გადმოწევა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ფარგლებში ხდება. ასეა? 
- პაატას სჩვევია ცოტა გაუგებრად საუბარი. მის ნათქვამს კარგად გაგება სჭირდება. ამ ფრაზასაც კონტექსტუალურად უნდა შევხედოთ. ითქვა მარტივი რამ: დიახ, ჩვენ გვაქვს მიღებული კანონი ოკუპაციის შესახებ. ამ კანონით ის ტერიტორიებია განსაზღვრული, რომელსაც თავად მივიჩნევთ რუსეთის მიმართ ოკუპირებულად და ვერ ვაკონტროლებთ. ის, რასაც რუსეთი აკეთებს, სწორედ ამ, ტერიტორიაზე ხდება. უბრალოდ, ასეთი ფორმულირება არ უნდა მივცეთ, რომ ეს კანონიერად ხდება. 

- კი მაგრამ, ორჭოსანი ხომ არ არის ოკუპირებული? 
- სამწუხაროდ, სადაც ბანერები დააყენეს, ოკუპირებული ტერიტორიაა. თუმცა ეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან ცუდია. პირდაპირ ვიტყვი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობას, თინა ხიდაშელის გარდა, არასწორი რიტორიკა ჰქონდა - ისეთი არაფერი ხდებაო. 

- უარესებიც ითქვა, ბაქო- სუფსის მილი მიწაში ღრმადაა და რა მოხდა, საოკუპაციო ხაზსმიღმა რომ აღმოჩნდაო. მერე თქვეს, მაშინ ცოტა გვერდზე გადმოვიტანოთო... აი, ეს რომელ კანონში წერია? 
- არა, ჩემი აზრით, ასეთ დროს, მსგავსი რამეების თქმა არ შეიძლება და არც იმ პოზიციის დაჭერა, თითქოს, არაფერი ხდება. რუსეთის პოლიტიკა და მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. თვისობრივად, ეს სიახლე არ არის, მაგრამ როცა ხდება ცუდი ფაქტი, ხელისუფლებამ ამაზე ოპტიმიზმით არ უნდა ისაუბროს. პირიქით, უნდა დაგმოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს, რაც კეთდება კიდეც. 

- აბა, ამერიკის ელჩმა რატომ გაიგო ეს ამბავი პრესიდან და საერთოდ, ევროპის ინფორმირებისთვის რაც კეთდება, საკმარისია? 
- ბატონმა ნორლანდმა შეიძლება ეს პრესიდან გაიგო, მაგრამ დაგმო კიდეც და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ხელისუფლებას შეხვედრებიც ჰქონდა. უბრალოდ, ეს რეაგირება მყისიერი უნდა იყოს, მთავრობას კი ერთი და იგივე მესიჯი უნდა ჰქონდეს. სახეზე ისევ კოორდინაციის პრობლემაა და ამის არდანახვა არ შეიძლება. მით უმეტეს, რუსეთს ყოველთვის ასეთი რეაქცია ექნება, როცა დასავლეთის, ნატო- ს მიმართულებით რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ. 

- ანუ, საზღვრის გადმოწევასა და ხიდაშელის მიერ საფრანგეთთან დადებულ ხელშეკრულებას შორის კავშირს ხედავთ? 
- თინა ხიდაშელის გააქტიურებასა და მომხდარს შორის გარკვეულ კავშირი ნამდვილადაა. ძალიან პატარა წონითი კატეგორია ვართ რუსეთთან შედარებით და მასთან ერთი- ერთზე დარჩენა ჩვენთვის საშიშია. ჩვენი საქმე იმ ანეკდოტივითაა, ცხოველები ორმოში რომ ჩაცვივდნენ და გადაწყვიტეს, ვინც ყველაზე პატარაა, ის შეჭამონ. კურდღელმა თქვა, დედამიწა რომ გაჩნდა, მეც მაშინ დავიბადეო, მელამ - მაშინ უკვე უფროსი შვილი მყავდა მკვდარიო. ბოლოს დათვი წამოდგა, სამი წლისაც არ ვარ, მაგრამ ძალიან მშიაო და ყველა შეჭამა. აი, ამ დათვთან ერთი- ერთზე თუ დავრჩით, ყველაფერს ფეხებზე დაიკიდებს. გგონიათ, დასავლეთში ყველას ეხალისება საქართველოს ამბებში ჩარევა? დღეს დასავლეთისთვის საბერძნეთის კრიზისი უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ, ბოდიში და, ყური თუ არ გავუხვრიტეთ, სულ არ შევაწუხეთ და ვთქვით, თავად მოვაგვარებთ პრობლემას რუსეთთანო, ერთხელაც გვიპასუხებენ, კი, ბატონო, მოაგვარეთო.

- დიახ, განცხადებებით, რომ აბაშიძე- კარასინის ფორმატი სასარგებლოა, რომ რუსეთ- საქართველოს ურთიერთობამ წინ წაიწია და გაუმჯობესდა არაფერი გამოვა. რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს საქართველოს მთავრობა და მათ შორის თქვენი გუნდის წევრი ზაქარეიშვილი? 
- არასწორია, ცუდი მესიჯია, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოაგვარე. პოლიტიკურად, არანაირი პროგრესი და წინწაწევა არ გვაქვს. პირიქით, რეგრესია და ეს უნდა ვაღიაროთ. ეკონომიკურ ურთიერთობებში წინ თუ წავიწიეთ, სულ სხვაა. თუმცა, როცა ვიღაც საზღვარს გიწევს და ბანერებს არჭობს, არ უნდა იძახო, სამაგიეროდ, რუსეთში მეტი მწვანილი გავიტანეთო. რუსეთს ისეთ რინგზე უნდა შევხვდეთ, სადაც არბიტრიც იქნება. 

- ჩვენი ხელით ხომ არ გაგყავს დასავლეთი ამ რინგიდან, როგორც არბიტრი, მსგავსი განცხადებებით? 
- ეს კატეგორიულად არასწორია. წარმოიდგინეთ, პუტინს თუ არავინ უშლის ხელს, რომ საქართველო ჩაყლაპოს, გვიხათრებს, სიმღერებით ავუჩუყებთ გულს თუ ჭაჭას დავალევინებთ?! დასავლეთს კი, უნდა თუ არა, რუსეთი მაინც უწევს ანგარიშს. დასავლეთის დახმარებას რუსეთთან ურთიერთობაში ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს, ეს ალტერნატივა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ვერასოდეს იქნება! რუსეთთან დიალოგიც არ უნდა იყოს ჩვენი თვითმიზანი. ეს მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, ისევ დასავლეთს დავანახოთ, რომ პროვოკატორები არ ვართ და საუბარიც შეგვიძლია. არც კი მესმის მათი, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს. 

- ასეთები კოალიციაშიც ხომ არიან? 
- თვითკრიტიკული ვიქნები და პირდაპირ ვიტყვი: ასეთი ილუზიები ,,ქართულ ოცნებაში' არსებობდა და ჩვენ არც მაშინ ვიყავით ამის მომხრე. დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 წლის თავზე, მინიმუმ ასეთი ილუზიები აღარ უნდა გვქონოდა - პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს სისულელეა. ქალბატონი ბურჯანაძე ხომ ჩაბრძანდა მოსკოვში და ეახლა რუსებს, ჰოდა, რა მესიჯი ჩამოგვიტანა?! ტერიტორიებს არ დაგიბრუნებთ, არც არაფერს გაგიკეთებთ, არ შეხვიდეთ ნატო-ში და მარტო მე მელაპარაკეთო. ანუ, გამოდის, რუსეთს უნდა მივანდოთ ჩვენი ბედის გადაწყვეტა? რამდენი რუსი ტურისტიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ეს იმ ბანერის ერთი მეტრით გადმოწევასაც ვერ გადაწონის. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა გაყიდული მწვანილი და ვაშლი რუსეთის ბაზარზე - ამ ყველაფერს ხურვალეთთან ჩარჭობილი ერთი ბანერი გადაწონის! 

- სად გადის რუსეთის პროვოკაციების მოთმენის გონივრული ზღვარი, როდემდე უნდა ვითმინოთ მცოცავი ოკუპაცია? 
- როცა რუსეთი არ ამწვავებს ურთიერთობას, შენ პუტინს იდიოტი შეგნებულად არ უნდა ეძახო. თორემ, სხვა მხრივ, დასავლეთთან მუდმივად უნდა გვქონდეს კონტაქტი და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო, რუსეთ- დასავლეთის ურთიერთობებში საქართველო ერთ-ერთი მთავარი თემა იყოს. თუმცა ჩვენი პოლიტიკის ამოსავალი წერტილი ის არ უნდა იყოს, ოღონდ რუსეთი არ გავაბრაზოთო. თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ამოვალთ, ისე ვერასდროს მოვიქცევით, რუსეთი გავახაროთ. 

- ახლა ,,შიდაომზე' გადმოვინაცვლოთ - მთელი საქართველო ვაკის პარკში, სუპერთასის ბილეთების რიგში რომ ათენებს და საკრებულო 300 ბილეთს იწერს, მერე კი ამბობს, ბილეთები სოციალურად დაუცველებისთვის გამოვიწერეთო, რას ნიშნავს? ვიცი, ბილეთი თქვენ არ აგიღიათ, მაგრამ საერთოდ, იცოდით, რომ ამას აპირებდა თქვენი უმრავლესობა? 
- არათუ ბილეთი არ ამიღია, ეს საქციელი პრინციპულად არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, ნებისმიერი უწყებისგან მოთხოვნები, 300 და 500 ბილეთი მომეციო, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ასეთ თამაშს დაესწრება პრემიერი, სპორტის მინისტრი, საპატიო დელეგაცია, მაგრამ როცა ხალხი ამ ბილეთებისთვის თავს იკლავს, ვიღაც ჩინოვნიკებმა ათასობით ბილეთი ამ გზით არ უნდა მიიღონ. რა დააშავა იმ ხალხმა, ვინც მესის სანახავად მართლა ცოცხალ რიგში ათენებს? ამ თემაზე საკრებულოში ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. მართალი გითხრათ, ვერც ის გავიგე, რას ნიშნავს, ბილეთები სოციალურად დაუცველებისთვის უნდა მიგვეცაო. რად უნდა სოციალურად დაუცველს ეს ბილეთი?! ასეთი ბილეთები მეც არ მჭირდება! ჩვენთან ბევრს არ ესმის, რომ სახელმწიფო მოხელეობა შენი პირადი კომფორტის მოწყობას არ ნიშნავს. პარლამენტში უკვე შესულია კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ვფიქრობ, დაარეგულირებს სახელმწიფო უწყებებში ძირითადი პერსონალის მუდმივობას და იმას, რომ ე.წ. საშუალო რგოლის მოხსნა და ,,თავისიანების' დანიშვნა ხელისუფლებების მისვლა- მოსვლაზე არ იყოს დამოკიდებული. 

- და ორი კითხვა, რაც თქვენს რაიონზე ყველას აინტერესებს: რა იქნება ზოოპარკის ადგილას და როდის გაიხსნება ვაკე- საბურთალოს შემაერთებელი გზა? 
- პრემიერის წინადადება სოლიდარობის პარკისა და რეკრეაციული ზონის შესახებ, ვფიქრობ, სწორია და რამდენადაც ვიცი, ოფიციალურად, ახლაც ეს წინადადებაა ძალაში. მას მეც ვემხრობი, გარემოს დაცვის მინისტრიც და ამ ზონაში არანაირი მშენებლობა, კორპუსები და ბიზნესცენტრები არ შეიძლება! ხოლო დროებითი გზის აღდგენა სექტემბრის მეორე ნახევრისთვისაა დაგეგმილი. იქ გზა ისევ უნდა იყოს, თუმცა ფუნდამენტური ცვლილებების პროექტი მოგვიანებით მომზადდება.