ქართულ ციხეებში ვაჰაბიზმი ჰყვავის!

ქართულ ციხეებში ვაჰაბიზმი ჰყვავის!

,,განგაშს რომ ატეხენ ხოლმე, ესა თუ ის ბიჭი საბრძოლველად წავიდაო, იმას რატომ არავინ აქცევს ყურადღებას, რომ ციხეები ვაჰაბიტებით გაივსო?! თავმოხოტრილი და წვერმოშვებული ტიპები არამარტო პროპაგანდას ეწევიან, არამედ ქადაგებენ და თავი მუსულმანური სამყაროს გადამრჩენელად მიაჩნიათ. თავიდან ბევრი უსაქმურობის გამო უსმენს, მერე და მერე კი, ზოგიერთი მუღამზე მოდის და მართლმადიდებლებსაც ითრევენ', - ყვება გაგა.

,,მართლმადიდებლებს როგორღა ითრევენ?!'
,,მარტივად. ცხოვრება ჭირს, ძმაო. ციხეებში მაღაზიებია და პატიმრები, რასაც უნდათ, იმას შეჭამენო, რომ ამბობენ, ასე არ არის. იმ მაღაზიაში ბანკის ბარათით მიდიხარ, ბარათზე კი ვინმემ რამე უნდა დაგირიცხოს. ფული კიდევ გარეთ როგორი საშოვნელია, კი იცი ჩემზე უკეთ. ჰოდა, იწყებენ ეს ვაჰაბიტები იმის მოყოლას, რომ ისლამური სახელმწიფოს სასარგებლოდ ბრძოლა არამარტო ალაჰისთვისაა კარგი, არამედ პირადი კეთილდღეობისთვისაც და, მინიმუმ, ორიათასდოლარიან ხელფასს ყველას ჰპირდებიან. უფრო მეტიც, თუ შეატყვეს, რომ კონკრეტული ტიპი მზად არის ომში წასასვლელად, იქიდანვე უგვარებენ ყველაფერს, რეკავენ, საჭირო ხალხთან აკავშირებენ...'

,,ადმინისტრაცია ხომ აკონტროლებს ამ სატელეფონო ზარებს?!'
,,ზარებს აკონტროლებს, მაგრამ რა უნდა ქნას, მოდი, შენ მითხარი. ტიპი ვიღაცას ურეკავს თურქეთში, ეუბნება, ესა და ეს კაცი ჩამოვა და დახვდიო. გადის კრიმინალი ციხიდან, სამი დღის მერე, თურქეთში მიდის. ხელისუფლებას უხარია, ერთი კრიმინალით ნაკლები ჰყავს, ოჯახი ბედნიერია, რადგან ციხიდან გასული უმტკიცებს, ზონაზე კაცი გავიცანი, თურქეთში მუშაობას დამპირდაო. მიდის თურქეთში და ერთ კვირაში უკვე სირიაში ავტომატი უჭირავს...'

,,და იმათ კრიმინალები თუ ყოფილი კრიმინალები მებრძოლებად რატომ აწყობთ?!'
,,ჯერ ერთი, პატიმარს ფსიქოლოგიური მომზადება არ სჭირდება, ყველაფერი ნანახი აქვს - სიკვდილიც, წამებაც... თავის გადარჩენაც სხვებზე უკეთ ეხერხება და ეს არის მთავარი. ამიტომ ფასობენ პატიმარი მებრძოლები და ეს სახელმწიფოსაც აწყობს. ხომ იცი აქაური მიდგომა? - თუ რომელიმე ავტორიტეტი გათავისუფლდა, სამ დღეს აძლევს ხელისუფლება ქვეყნის დასატოვებლად. ჰოდა, გადის კაცი ციხიდან, იცის, რომ სახელმწიფოს არ სჭირდება, მობეზრებული აქვს მოპარვა, ყაჩაღობა და მიდის ომში, სხვის ომში... თან ფიქრობს, რომ გული მაინც არ დასწყდება, მტერს თუ მოკლავს, მისი ომი მაინც არ არის, სამაგიეროდ, ფულს უხდიან...'
,,შენ რატომ არ წახვედი, თუ ასე მარტივადაა ყველაფერი?!'
,,მამაჩემს ერთი საჯიშე ბიჭი ვყავარ და კი ვარ დაბალი და ულამაზო, მაგრამ გვარი მაქვს კარგი და ხომ მინდა გვარის გამგრძელებელი? თან, ვერ ვიტან წვერს. ახლა წვერი მოვუშვა, ავტომატი ვაკაკანო, მერე შემთხვევით, დამიჭირონ და სახალხოდ თავი მომაჭრან ან დამხვრიტონ, არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო. უფრო სწორედ, ყველაფერ ამაში ორ ათასი ძალიან ცოტაა. ამას მე ვფიქრობ, თორემ ხალხია, სულ არ უნდა ფული, აჭამე და სიამოვნებისთვის იბრძოლებს, კი იცი შენ...'

,,მეორედ მეუბნები, კი იცი შენო და რა ვიცი ასეთი, გამაგებინე?'
,,რა იცი და.. ჯერ ერთი, ციხე შენც გამოვლილი გაქვს და თან ნაცების რეჟიმი. მერე ის, რომ გამწარებული და გაბოროტებული პატიმარი, ყველაფერზეა წამსვლელი და პატიმარზე უკეთესი მებრძოლი ნებისმიერმა ინატროს; მერე მესამე, შენ რომ ვაჰაბიტი გყავდა გვერდითა კამერაში და ერთმანეთის დასაკლავად  გაიწიეთ, ეგეც მახსოვს, მაგრამ ისტორია არ მახსოვს ზუსტად...'
,,მოგიყვები მაგას, როცა იქნება, მანამდე ის მითხარი, დაახლოებით, რამდენი ვაჰაბიტია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?!'

,,შენ მე დეპარტამენტის შეფი ხომ არ გგონივარ? რა ვიცი მე, რამდენია? ჩემს ზონაზე ხუთი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხუთი ცოტაა. დიდი წვერის და მოხოტრილი თავის გამო გამორჩეულები არიან ყველასგან და თან მკაცრი წესებით ცხოვრობენ - ლოცვა, ვარჯიში, დიეტა...'
,,რა დიეტა, ბიჭო, ნუ გადამრიე?!'
,,დამავიწყდა... მარხვა, მარხვა... მკაცრად იცავენ, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე არ უნდა ვჭამოთო და რა ვიცი, რა, მაგათი წესები. სხვები უყურებენ, აინტერესებთ, მოსწონთ... და ასე, ნელნელა იწყება. პრწკენაპრწკენით პატარძალი დაორსულდაო, ხომ გაგიგია, ასეა ზუსტად. ჯერ რაღაცას ჰკითხავ, მერე კიდევ რაღაცას და ომის ამბების მოყოლას იწყებენ. ჰო, იცი, რა არის ყველაზე საინტერესო?! - ომის ამბებს რომ ჰყვებიან, აუცილებლად აყოლებენ, რომ წარმატებული მებრძოლები მეფეებივით ცხოვრობენ, მერე ორი ათასს კი არა, ხუთ და მეტს იღებენ. ხუთი ათასი თვეში უკვე თემაა, პატიმარს ხომ ყველაზე მაგარი ჰგონია თავი და უკვე იქ არის, ავტომატი უჭირავს და ხოცავს სირიელებს თუ არასირიელებს, ხელფასი რომ მოუმატონ... შენს დროსაც არ იყო ნაკლები, მაგრამ მართლა პატარა საგიჟეთია ზონა, რა...'

,,ადმინისტრაციამ იზოლირება რომ გაუკეთოს ამ ვაჰაბიტებს, არ შეიძლება?!'
,,შენც კაი შტერი ხარ. შენსავით იფიქრეს სწორედ იქაც, გაუკეთეს იზოლირება და კი მიიღეს ეს შედეგი. ერთ კამერაში ჰყავთ შეყრილი ვაჰაბიტები და იმათაც ისე აქვთ იქაურობა მორთულმოკაზმული, შეიხის საცხოვრებელი გეგონება. ხალიჩები და მთელი ამბები, რა. ეგეც ინტერესია, ეგეც იმათ წისქვილზე ასხამს წყალს. ერთად კი არ უნდა შეყარო, უნდა დაშალო და ასე ძლიერები აღარ იქნებიან. მაგრამ მაგას ჭკუა უნდა და მოფიქრება...'

რამდენს უხდიან და როგორ ხდებიან ქრისტიანი პატიმრები ,,ისლამური სახელმწიფოს' მებრძოლები

ციხიდან რამდენიმე კვირის წინ გათავისუფლებული ქუთაისელი გაგა ცს მონაყოლი, ერთი შეხედვით, სახალისოა, მაგრამ ისეთ რამესაც ამბობს, რასაც ხელისუფლებამ ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს. საუბარი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლ პანკისელ ბიჭებზეა, ბიჭებზე, რომლებიც თურქეთში თითქოს სამუშაოდ მიდიან, შემდეგ კი, ,,რაღაცნაირად' სირიაში ხვდებიან და იბრძვიან. სამწუხაროდ, ათზე მეტი პანკისელი უკვე დაიღუპა, უფრო ცუდი კი ისაა, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს' დროშის ქვეშ კიდევ არაერთი პანკისელი ქისტი იბრძვის და სიცოცხლეს სასწორზე დებს.

,,აქედან რომ გადის პატიმარი, მერე მიდის თურქეთში... რომ დაუტყდეს იმ ხალხს და მართლა თურქეთში დარჩეს და იმუშაოს, არა?!'
,,აუფ, ბიჭო, რა არის ეს დახურული სისტემა, იქ რა ჭკვიანი ჩანდი და გარეთ რა შტერი ხარ?! რა დაუტყდეს, გადაირიე? ჯერ ერთი, საზღვარზე ხვდება ის ხალხი და მეორეც, იმათთვის ან დამატებითი ავტომატი ხარ, ან გვამი. ისე გამოგჭრიან ყელს, როგორც საახალწლო ღორს და დაგაგდებენ სადმე. მთავარი ის არის, წასვლაზე თანხმობა არ თქვა, თორემ იქამდე თუ ჩაგიყვანეს, მერე დამთავრებული თემაა ანუ შენ გგონია, რომ ჩახვედი, იბრძოლე, ორისამი თვე დარჩი, ფული გააკეთე, წამოხვედი, იყიდე ,,ოპელ ვექტრა' და იქ ნაშოვნი ფულით ტაქსაობა დაიწყე? არა, ძმაო, არა... იქ იბრძვი და იბრძვი ბოლომდე. ბოლო კიდევ, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ცინკის კუბო და საქართველოში გადმოსვენებაა, შენი ლეში აქ რომ ჩაფლან, თორემ ისე წაგაყრიან სირიის მტვერს მაგ გასიებულ თავზე, აზრზეც ვერ მოხვალ...'

,,ენად რომ გაიკრიფე, ჩემზე ნაკლებ გასიებული თავი არც შენ გაქვს და სირიის მტვერსაც წაგაყრიან და საფიჩხიის შავ მიწასაც, თუ კარგია. ის მითხარი ახლა, შენ რას აპირებ, რჩები საქართველოში თუ მიდიხარ?'

,,პირობითი გამომაყოლეს. კი მითხრეს, წადიო და ვუთხარი, ეს პირობითი მომიხსენით და აქ გამჩერებლისთქო, მაგრამ არ მიხსნიან. ვიქნები აქ, ეგებ, ცოლიც მოვიყვანო, მაგრამ ეჭვით ვუყურებ გოგოებს, ნაზასავები არ უნდა იყოს და მასეთი გოგოს პოვნა მიჭირს...'

,,მაშინ დაელოდე ერთსქესიანთა ქორწინებას და ბიჭი რომ არ იქნება ნაზასავები, ის მოიყვანე შე უბედურო...'

,,არა, მართლა წასულხარ ხელიდან. რას მეუბნები ახლა, ვიღაცის ნაპროშნი გოგო დავიწვინო გვერდზე?!'

,,გვერდზე არა, ზემოდან... გაგიჭირდება, ძამია, აქ შენ, გაგიჭირდება...'

,,ჰო, ვიცი... მივხვდი მაგას, მაგრამ... საერთოდ არ მოვიყვან მაშინ ცოლს და ეგ იქნება...'

პატიმარი #0578