,,შემოდგომიდან ხელისუფლებას ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ'

,,შემოდგომიდან ხელისუფლებას ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ'

აკაკი ბობოხიძე ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

საზღვარი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კვლავ გადმოწეულია, ე,წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები _ დამონტაჟებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აღშფოთების შესახებ _ გავრცელებული, რუსულ-ქართული ურთიერთობები კი, ფაქტობრივად, დარეგულირებული _ ყოველ შემთხვევაში, ასე რუსეთში ვიზიტადმყოფი ნინო ბურჯანაძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინი და დუმის სპიკერი ფიქრობენ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიები არა, მაგრამ ალბათ, მისთვის სახეირო სხვა გარანტიები მაინც ჩამოიტანა ბურჯანაძემ კრემლიდან, რომელმაც იგი ერთადერთ პროქართველ პოლიტიკოსად შეაფასა. სად არის ამ დროს ოპოზიცია, ქვეყანაში მეორე ძალად შერაცხული ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ფაქტია, პროდასავლურ ფრონტზე ძველებურად არ თუ ვერ მუშაობს და როგორია მისი შეფასებები _ ,,ვერსიას' მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ინტერვიუს ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე აძლევს, მთელ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს, საშემოდგომოდ ხელისუფლებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობას აპირებს, მისი შეფასებების ჩანაწერს უცვლელად, სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ.    

- ბატონო აკაკი, როგორ ფიქრობთ, ბურჯანაძეს ხელფეხი ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა გამოკითხვებმა გაუხსნა, სადაც მესამედი ამბობდა, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლა სურს? რა იყო მისი ვიზიტის მიზანი? 
- მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების მოქმედებასთანაა კავშირში. იგი, თავისი უნიათობითა და უპასუხისმგებლობით, ქვეყანას არამარტო დასავლეთში ყოფნის შანსს უკარგავს, არამედ მოსახლეობაში დასავლური ცივილიზაციის მიმართ ნიჰილიზმსაც აჩენს. ბუნებრივია, ეს ხელ-ფეხს ყველა ავანტიურისტს უხსნის. ასე რომ, სახიფათო, ნინო ბურჯანაძე კი არა, დღევანდელი ხელისუფლებაა, რომელიც ქვეყნისთვის მავნებლურ ყველა პოზიციას გზას უხსნის. როგორც სხეული კარგავს იმუნიტეტს და დაუძლურებული ნებისმიერ ავადმყოფობას ემორჩილება, ასევეა ჩვენი ქვეყანაც - მან ,,ოცნების' ხელში პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევებისადმი იმუნიტეტი დაკარგა... ამიტომაა საქმე ხელისუფლებაში და არა ბურჯანაძეში, რომელიც გაცხადებულად საუბრობს საკუთარ პოზიციებზე. 

- მაგრამ მას არ შეუთანხმებია ვიზიტი ხელისუფლებასთან, არც ,,ოცნებას' დაულოცავს მისთვის გზა, პირიქით, რამდენიმე მაღალჩინოსანმა ბურჯანაძის ვიზიტს უარყოფითი შეფასებაც მისცა. 
- არა, არა! დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი ორიენტაცია არ გააჩნია და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება სურს. ასეთ პირობებში კი ქვეყანა იოლი ლუკმა სწორედ რუსეთისთვის ხდება, რომელიც კვლავ საქართველოს მთავარი პრობლემაა. ჰოდა, ეს მთავარი პრობლემა თავისი მიზნებისთვის ნინო ბურჯანაძეს გამოიყენებს თუ ირმა ინაშვილს ან სხვა ტიპებს, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ნელ-ნელა პროცესებს საქართველოში რუსეთი მართავს და რუსული ლობი ძლიერდება ქვეყანაში. 

- ეს იმიტომ, რომ თქვენ აღარ ხართ ხელისუფლებაში? 
- ამიტომ არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება უპასუხისმგებლოა. როგორ უარყოფითადაც უნდა შეაფასონ ბურჯანაძის ვიზიტი, ამის წინაპირობას მაინც თავად ქმნიან, თორემ ეს ვიზიტი ცალსახად უარყოფითი რომაა, ისედაც ყველამ იცის. ხელისუფლება იმაზეც კი არ რეაგირებს, როცა პროვოკატორები აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვას ცდილობენ და საქართველოს დროშას წვავენ სტადიონზე. ვისი უნიათობის ბრალია ეს ყველაფერი?! ამ დროს გამოდიან და ყველაფრის პასუხად ამბობენ, ნაცების მსგავსი პროვოკატორები ჰყავს აზერბაიჯანსაცო. თვითონ არიან ამ ქვეყნის უბედურება. როგორც ჩანს, ხვალ პრობლემა მარტო რუსეთთან კი არა, სხვა მეზობელ სახელმწიფოებთანაც გვექნება. აზერბაიჯანი ვინმეს რუსეთზე იოლად ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ ეგონოს. ჩვენთვის ერთიცა და მეორეც, თავისი მასშტაბებით, უდიდესი სახელმწიფოა და კარგად დაფიქრდნენ ქართველები - მეგობრებსაც მტრად ნუ აქცევენ. 

- ანუ ამ, მართლაც სამწუხარო ინციდენტის გამო, რომელიც მატჩზე მოხდა, ქართულ- აზერბაიჯანული ურთიერთობების დაძაბვას ელით და ამაში ,,ოცნებას' ადანაშაულებთ? 
- ამ ხელისუფლების ხელში ვხედავ საშიშროებას, რომ საქართველოს თავისი თავდაცვითი ზღუდეები სრულად შემოერღვეს! არ იქნება ეს ნინო ბურჯანაძე, იქნება სხვა. მთავარი ქვეყნის პოლიტიკური კლიმატია, რომელშიც ამ მავნებლებს შეუძლიათ არსებობა. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში, მთავარია, გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხებს. 
- ამჯერად, ,,სამხრეთ ოსეთის' საზღვარმა სოფელ ორჭოსანთან გადმოინაცვლა, გაჩნდა .. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები. მაშინ თქვენ მითხარით, ექსხელისუფლებისა და ნომერპირველი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელმა, რა არის ადეკვატური პასუხი ამ რეალურ გამოწვევაზე? 
- საქართველომ თავისი საგარეოდიპლომატიური ბერკეტები უნდა გაააქტიუროს რუსეთის წინააღმდეგ, ეს ხელისუფლება კი რას პასუხობს - პროვოკაციას არ ავყვებითო. გადმოწიეს საზღვარი და არ ავყვეთო, კიდევ გადმოწიეს და კიდევ შევეგუოთ, პროვოკაციას არ ავყვეთ, როგორც 2008 წელს სააკაშვილიო. მაინტერესებს, სად გადის ზღვარი იმ მომენტამდე, როცა პროვოკაციას აღარ უნდა შევეგუოთ და უნდა ავყვეთ?! ასე თუ გაგრძელდა, ძალიან მალე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია უკვე ავტობანზე აღმოჩნდება. მაინტერესებს, სად გადის ზღვარი ამ ხელისუფლებისთვის და რას ვერ მოითმენს რუსეთისგან?! 

- თქვენი აზრით, უკეთესი იქნება, ყველა ასეთ პროვოკაციას 2008 წლის მსგავსად ვუპასუხოთ, რას მოვიგებთ ამით? 
- ომის გარდა, უამრავი სხვა შესაძლებლობაა და თუ სხვა ყველა გზა ამოიწურა, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მთელი ისტორია ომია! რომ ვამბობთ, რომ არასდროს უნდა ვიომოთ და წინააღმდეგობა არც ერთ დამპყრობელს არ უნდა გავუწიოთ, მაშინ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დავნებდეთ და დანებების პოლიტიკა გამოვაცხადოთ! სამარცხვინოა ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საზღვრის გადმოწევაზე - თურმე, ელექტროხელსაწყოებით კოორდინატებს აზუსტებენ. რის კოორდინატებს აზუსტებენ, ანუ უკვე ეგუებიან იმას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოა და ახლა იმას ადგენენ, სად გადის საზღვარი ,,სამხრეთ ოსეთსა' და საქართველოს შორის? ჩვენ გადაწყვეტილების მიღების ბერკეტები და ფუფუნება არ გვაქვს. მხოლოდ ის შეგვიძლია, ხელისუფლება ვამხილოთ და მოსალოდნელი შედეგების შესახებ გავაფრთხილოთ. ,,ოცნებას' ეს არ აინტერესებს, ხალხი კი არ ვიცი, რას ფიქრობს. სანამ ყველას ოჯახში არ შემოვარდება რუსი, მანამ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია. ამ დროს ომი უკვე ყველგანაა და მაშინ არ იწყება და მთავრდება, როცა შენს სახლს ემუქრება დაბომბვა. 

- გამოდის, ოპოზიცია უძლურია საგარეო ფრონტზე მუშაობისას. შესაბამისად, არც ბურჯანაძის ვიზიტებია საშიში და ქვეყნისთვის იმიჯის შემლახველი? 
- უტრირებას ნუ გააკეთებთ, ოპოზიცია უძლური არაა. უბრალოდ, მისი მონაწილეობა ამ სფეროში შეზღუდულია. ჩვენი წევრები საერთაშორისო დელეგაციებში მწვავე საკითხებს ყველგან და ყოველთვის სვამდნენ. ,,ოცნება' კი აცხადებდა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის საუბრის თემა საქართველო არ უნდა იყოს. ეს იმ პოზიციას ჰგავს, მაძღარ დათვთან ერთად გალიაში იჯდე და იმ იმედით ეფერებოდე, რომ მოშივდება, არ შემჭამსო. მაინც შეგჭამს! დღეს კი რუსეთი მოშიებული, გაავებული, გაუმაძღარი დათვია და აუცილებლად შეგვჭამს. ჩვენი საგარეო იმიჯი კარგა ხანია დაზარალებულია და საქართველოს მიმართულებით ევროპა უკვე დიდ კითხვის ნიშანს სვამს. როცა მოსკოვში ბურჯანაძის სიარულზე ვსაუბრობთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ,,ოცნების' ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებიც ჩადიოდნენ კრემლში და პუტინზე არანაკლებ ოდიოზურ ფიგურებს ხვდებოდნენ. მათ შორის, პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური და დეპუტატი კობა დავითაშვილი. თუმცა ეს ღია პოლიტიკა ქვეყნისთვის გაცილებით უხიფათოა, ვიდრე ,,ოცნების' დაფარული პოლიტიკა. იგი სიტყვით დასავლეთისაა, საქმით კი რუსეთის. ამის კი. მანამ არ შემეშინდება, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა არ გადაწყვეტს, რომ რუსეთისკენ უნდა ვიაროთ.
 
- მაგრამ, თუ რუსული ლობი ძლიერდება და ხელისუფლებაც რუსეთისაა, ამის გადაწყვეტას ხელს რა უშლის ან ვინ, თქვენ? 
- რაც უნდა, ის გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. ერთხელაც აღმოვაჩენთ, რომ ბოლომდე ნაგავში ვართ და ჩვენს ნოსტალგიებში არსებული რუსეთი ის რუსეთი აღარ არის. ქართველებს, საბჭოთა თაობას ისევ 37-მანეთიანი ბილეთები ახსოვს მოსკოვისკენ და 10-მანეთიანი ბოზები. თუმცა ისიც კარგად დაიმახსოვრონ, რომ რუსეთში 10-მანეთიანი ბოზები აღარ არსებობენ და ვისაც ასე ახსოვს, იმას ბოზებში სიარულის თავიც აღარ აქვს... ამიტომ ამაზე ფიქრს თავი დაანებონ და კარგად დაფიქრდნენ, სად არის ჩვენი მომავალი თაობის ადგილი - რუსეთში თუ ევროპაში! ჩვენი შვილებისთვის რუსეთი უცხო ქვეყანაა და შევეშვათ ძველი ნოსტალგიებით ცხოვრებას. რაც შეეხება ბურჯანაძეს, დარწმუნებული ვარ, თავადაც არ სჯერა იმის, რასაც ამბობს. უბრალოდ, ცდილობს, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შეეკრას. ეს წინასაარჩევნო ფანდია. ეს ხელისუფლებასაც აწყობს და ეტყობა, იმედი აქვს, რომ ბურჯანაძე- ინაშვილებთან ერთად, ახალი, 50%-იანი უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ. მე კი იმედი მაქვს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს იმის გონიერება ეყოფათ, შემოდგომიდან ხელისუფლებას ჯოჯოხეთი მოუწყონ! თუნდაც საარჩევნო კოდექსის თემაზე. ,,ოცნება' ნებით არაფერს დათმობს. 

- მერე, თქვენ იქნებით დანარჩენი ოპოზიციის გვერდით? 
- ნაციონალური მოძრაობა მზადაა, იყოს საერთო ოპოზიციურ გაერთიანებაში! პრობლემა ჩვენში კი არა, სხვა ოპოზიციურ პარტიებშია და თუ ისინი რეალური ბრძოლისთვის არიან მზად, ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით.