პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი კვლავ უკმაყოფილოა - ამჯერად „პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილებების შეტანას აპროტესტებს და პრეზიდენტს მიმართავს, რომ კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ზემოხსენებულ ცვლილებებს ვეტო დაადოს:
- სამწუხაროდ, პროფესიული განათლების სისტემა, თავის საჯარო და კერძო კოლეჯებიანად, კატასტროფულ მდგომარეობაშია. პროფესიული განათლების პროფკავშირს ხელი პულსზე გვიდევს და არსებულ გამოწვევებს ვუმკლავდებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, პარლამენტისა და პროფესიული კოლეჯების დაფუძნების კომისიის წევრები დარწმუნდნენ, რომ სამი წელია, განათლების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტები ლაპარაკის გარდა არაფერს აკეთებენ. არადა, წესით, დასახული სტრატეგია უნდა განეხორციელებინათ, რომელიც 30%-ით არაა შესრულებული.
საერთოდ, რეფორმა რომ განხორციელდეს, შესაბამისი კანონმდებლობის შექმნაა საჭირო, რისთვისაც შარშან ზემოხსენებული კომისია შეიქმნა, რომელსაც კანონპროექტი - „პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ უნდა შეემუშავებინა, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ, განათლების სამინისტრომ, საჯაროობის გარეშე, აპრილის ბოლოს, კანონპროექტი, რომელიც 8 პუნქტისგან შედგება და სადაც ახალი ტერმინებია შემოღებული, პარლამენტში შეიტანა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს პროფესიული განათლების სისტემას - კოლეჯებს სარგებლობას ვერ მოუტანს და, რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის ნაცვლად, დააზარალებს და კრიზისს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს. ამიტომ, კანონპროექტი პარლამენტს უკან უნდა გაეწვია, მაგრამ ასე არ მოხდა.
26 ივნისს, პარლამენტის ბოლო საგაზაფხულო სხდომა ჩატარდა, რომელიც საღამოს რვის ნახევარზე დასრულდა. არადა, წესით, 9 საათამდე უნდა ემუშავათ. ჩემდა გასაკვირად, ბატონმა უსუფაშვილმა გამოაცხადა, სხდომას დავხურავ, ხვალ საგანგებო სხდომა ინიშნებაო. მართლაც, ასე მოხდა - შაბათს ქვეყნისთვის სამარცხვინო კანონი ნაჩქარევად დაამტკიცეს.
- ამ კანონს სამარცხვინოს რატომ უწოდებთ?
- დამანგრეველი რეფორმების გამო, პროფესიული განათლების სისტემის ქსელიდან თვრამეტიოდე კოლეჯიღა დაგვრჩა, ისიც - სწავლების დაბალი დონით. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ 2009 წლიდან სწორედ ამის გამო დავუპირისპირდი განათლების მაშინდელ მინისტრ შაშკინს და დახურული კოლეჯების აღდგენისთვის ბრძოლა დავიწყე. მინდოდა, რეგიონებში დარჩენილი და ბირჟაზე მდგარი დაუსაქმებელი ახალგაზრდები სასწავლო აუდიტორიებში დამებრუნებინა. ამის მერე განათლების ახალი მინისტრი გამოჩნდა, მჯეროდა, რომ ჯერ გიორგი მარგველაშვილი, შემდეგ კი, თამარ სანიკიძე ჩვენს გამოცდილებას გაითვალისწინებდნენ და სწორ გზას აირჩევდნენ. თავიდან სისტემაში არსებულ მთელ რიგ პრობლემებზე, მართლაც, გვეკითხებოდნენ. როცა ჩვენგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, იმის მაგივრად, რომ პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით მოგვეგვარებინა, ჩვენთან კომუნიკაცია გაწყვიტეს. იმედი გაგვიცრუა თამარ სანიკიძემ, რომელმაც საჭირო და დროული რეფორმების განხორციელება ვერ უზრუნველყო.
- ბატონო დენის, ადრე მითხარით, ღარიბაშვილი დამპირდა, მალე სანიკიძე მინისტრი აღარ იქნებაო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დაპირება დაპირებად დარჩა...
- რადგან პრემიერმა სანიკიძე ტყუილში უკვე რამდენჯერმე გამოიჭირა, ცხადია, მისი ნდობა დაკარგა, ეჭვის თვალით უყურებდა და მის თანამდებობიდან გადაყენებას ფიქრობდა, მაგრამ ფაქტია, თამარ სანიკიძესა და მის მოადგილე ნატრიაშვილს მთავრობაში სერიოზულად ლობირებენ და ისინიც განათლების სისტემის ნგრევას უშიშრად აგრძელებენ.
- ვინ ლობირებთ?
- ეჭვი მაქვს, პრეზიდენტი მარგველაშვილი, რადგან თავის დროზე სანიკიძეს “ჯიპა”-ში ბუღალტრად ამუშავებდა, მისი კადრია და უნდა, მთავრობაში იყოს.
- როგორც ვიცი, პრეზიდენტ მარგველაშვილს წერილი გაუგზავნეთ და სთხოვეთ, რომ „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონს ვეტო დაადოს...
- დიახ, ამ კანონს ვეტო სჭირდება, რადგან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მიერ არ შემუშავებულა. კანონი კერძო კოლეჯების პედაგოგიური კოლექტივისთვის არც კანონპროექტის ავტორს სსიპ “განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს” გაუცვნია და არც - სამინისტროს. ასევე, კანონს არ ახლავს ექსპერტების დასკვნა, მასში არც ფინანსური დასაბუთებაა და ეს მაშინ, როცა პროფესიული სტანდარტების, მოდულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო-დოკუმენტების შემუშავებას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება. ესაა ავანტურისტობა და მეტი არაფერი!
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, პროფესიული განათლების და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების მიმართ ვალდებულებები არსებობს. ეუთო-მ და დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, ადამიანის უფლებათა ბიურომ ახლახან საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესები შეაფასეს და მრავალი შენიშვნა დააფიქსირეს.
ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა ბატონი მარგველაშვილი განათლების მინისტრად დაინიშნა, მასთან სისტემატური შეხვედრები გვქონდა და მაშინ მითხრა, ბატონო დენის, როცა პროფესიული განათლების რეფორმების სტრატეგია დამტკიცდება, ახალი კანონი შევქნათ და ყველა ის ნაკლი, რაც აქამდე არსებობდა, აღმოვფხვრათო. ამის მერე ის პრეზიდენტი გახდა და ადგილი თამარ სანიკიძეს დაუთმო, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სანიკიძეს, როგორც გითხარით, მარგველაშვილი ლობირებს და ამიტომაც არ მჯერა, რომ აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სანიკიძემ ღარიბაშვილს ერთგულება შეჰფიცა, შენი გუნდის წევრად მიგულეო. იქნება, გაარკვიონ - ეს ქალი ვის თამაშს თამაშობს?! ყველაფერზე მაქვს მტკიცებულება, ვიდეო თუ აუდიო ვარიანტი, ჩემს ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს და მოგიწოდებთ, არ შეუწყოთ ხელი ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ჩვენც გვავნებს და პრეზიდენტის რეპუტაციასაც შელახავს.
- ბატონო დენის, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი შეუმცირეს. ამის გამო პროფესიული განათლების ცენტრები კიდევ უფრო ხომ არ დაზარალდებიან?
- პროფკავშირმა მთავრობის, აუდიტის, ფინანსთა და განათლების სამინისტროს, ასევე, პარლამენტის წინაშე საკითხი დავაყენეთ, რომ დღესვე შემცირდეს პროფესიული განათლების დაფინანსების ნაწილი, ვინაიდან პროფესიული კოლეჯები სტუდენტებს რეალურად ვერ ღებულობენ და ვაუჩერული ნაწილი აუთვისებელი დარჩება. წელს შესასრულებელი ერთი პროექტიც არაა თავისი ხარჯთაღრიცხვით შედგენილი. უბედურებაა, რომ ვერ გეგმავენ კონტინგენტის მიღებას სპეციალობების მიხედვით. არსებულ კოლეჯებში პროექტები უნდა შეედგინათ, მაგრამ არც პროექტები ჩანს და არც - სახელოსნოები. კოლეჯების დაფუძნების ცალკეული მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. ამის მაგალითია “მოსე თოიძის სახელობის ცენტრის” გაუქმება. 2013 წელს, ბრძანება დაიწერა და წერეთლის 23-40-ში ადგილიც შეარჩიეს, სადაც კოლეჯი უნდა გახსნილიყო. მომდევნო წელს კი, განათლების სამინისტროს მიერ მილიონ 222 000 ლარად გამოცხადებულ ტენდერში, 400 000 ლარით ნაკლები თანხით, ერთმა მონაწილემ გაიმარჯვა. მეგონა, კოლეჯის დაფუძნებას შევძლებდით, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, დაიდო დასკვნა, რომელიც აღნიშნული შენობის ავარიულობას ადასტურებდა და ტენდერის შედეგები გააუქმეს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: განათლების სამინისტრომ შენობა ტენდერის გამოცხადებამდე რატომ არ შეამოწმა? საუბარია საკმაოდ გამართულ კაპიტალურ შენობაზე, რომელსაც ავარიულობის არაფერი ეტყობა. ამიტომ, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ავარიულობა გამოგონილია და ეს შენობა ვიღაცას ბიზნესის საწარმოებლად უნდა გადასცენ.
ბოლო 20 წელია, პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის მიზანდასახული ნგრევა მიმდინარეობს. განსაკუთრებით მძიმე პერიოდი 2007-2012 წლებში იყო, როცა მიიღეს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომელმაც პრობლემები შეუქმნა ახალგაზრდებს. მათ, ხელობის მიღების შემდეგ, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება სურდათ. როცა ჩვენნაირ აგრარულ ქვეყანაში 25-დან 22 სასოფლო-სამეურნეო პროფილის კოლეჯს დახურავ, ასეთ საქციელს რა უნდა ვუწოდოთ? მოსწავლეებს ეს არ აკმარეს და გამოცდები დანიშნეს კოლეჯში მოსახვედრად. ეს პრაქტიკა მსოფლიოს ერთ ქვეყანაშიც არ მოქმედებს. კოლეჯების მიღმა 45%-ზე მეტი მსურველი რჩება, რადგან გამოცდები აშინებს. შარშან, 20 000 მსურველიდან სწავლას მხოლოდ 12 ათასი შეუდგა.