ერთ დროს მომგებიანი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაში შუამავლობა, ანუ “მაკლერობა”, დღეს მომგებიანი აღარაა. მიზეზი მარტივია: გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, უძრავ ქონებას ერთეულებიღა ყიდულობენ, შესაბამისად, აღარც კლიენტია და აღარც - შემოსავალი!
არაერთხელ უთქვამთ, რომ ლარის გაუფასურებამ და ეკონომიკური პროცესების შეჩერებამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლამის გააკოტრა. საბანკო ვალდებულებების, გაძვირებული პროდუქტისა თუ მომსახურების გამო, ადამიანები უძრავი ქონების შეძენაზე კი არა, უკვე იმაზე ფიქრობენ, შემოსავალი, რომელიც ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს, როგორმე ისე გადაანაწილონ, რომ თავიც გაიტანონ და არც ფინანსური ვალდებულებები დაივიწყონ. არადა, იყო დრო და არცთუ დიდი ხნის წინ, როცა ბევრი უძრავი ქონების შეძენას სწორედ უზრუნველი მომავლის გამო რისკავდა და მიაჩნდა, რომ თუნდაც რომელიმე საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით შეძენილი ბინის საფასურის გადახდას აუცილებლად შეძლებდა. როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, ახლა ბაზარზე სწორედ ასეთი ბინები “გამოდის” და მინიმალურ თანხად, პრაქტიკულად, ნახევარ ფასში იყიდება. ადამიანები იმ დანაკარგს, რომელსაც სესხის დასაფარად წლები იხდიდნენ, აღარ დაეძებენ. დღის წესრიგში მხოლოდ ის დგას, ბანკების სესხსა და ლარის კურსის დაცემის გამო გაორმაგებულ გადასახადს თავი როგორმე დააღწიონ. უძრავი ქონების მაკლერები სწორედ ამ ფაქტორს უკავშირებენ ბინების გაიაფებას. “ქართული სიტყვა” ქალაქში ერთ-ერთ ცნობილ “ბირჟას” ეწვია. ასეთი ქალაქში სულ ორი-სამია, აქედან ერთი - გლდანში, რომელიც მხოლოდ ქალაქის ამ ნაწილს არ ემსახურება: როგორც აღმოჩნდა, აქ ქალაქის ცენტრიდანაც ბევრი იმ იმედით მოდის, რომ ბინის გაყიდვას ხეირიანად შეძლებს, თუმცა მყიდველი თვეში ერთი თუ გამოჩნდება. არადა, ადრე, დღეში, მინიმუმ, ერთი ბინა მაინც იყიდებოდა.
კლიენტი გამოჩნდაო და, ჩემს დანახვაზე ერთდროულად ათი კაცი წამოვიდა. როცა ჩემი მისვლის მიზანი გაიგეს, ერთი ადამიანი შემატოვეს, ეს ყველაზე კარგი მოლაპარაკეა, ბაზარშიც კარგად ერკვევაო და ჩრდილში, კუსტარულ სკამებს დაუბრუნდნენ. ეს “კარგად მოლაპარაკე” მაკლერი კი, ყოფილი ჩინოვნიკი და ახლაც მერიის გამოცდებზე გასული, კონპეტენციაგადალახული, მაგრამ სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაწუნებული აღმოჩნდა.
- გამოცდები რომ ჩავაბარე და სამსახურში მაინც არ მეძახიან, იმაზე დაწერე. აქ რა ხდება, ეს რაში გაინტერესებს?! - მითხრა.
დავპირდი, იმასაც დავწერ, თუ სამსახურში არ დაგიძახეს-მეთქი. მერე ის მთხოვა, ჩემი თავი მძულს, მთელი დღე აქ, კლიენტის მოლოდინში რომ ვდგავარ და მოდი, სახელსა და გვარს ნუ დაწერო. კი ბატონო-მეთქი...
მაშ ასე, რა ხდება უძრავი ქონების ბირჟაზე? - “ქართული სიტყვა” ყველაზე მოლაპარაკე მაკლერს ესაუბრა.
- აქ რომ მოვედი, თითქმის ყველა ჩემსკენ წამოხვედით. კლიენტი ასე იშვიათია?
- ადრე დღე ისე არ გავიდოდა, ერთი ბინა მაინც არ გაყიდულიყო. ახლა კი, ხან მთელი თვე ისე გაივლის, რომ ჩვენთან არავინ შემოიხედავს.
- აბა, რატომღა დგახართ?
- რა ვქნათ, რაღაცას ვცდილობთ, ბინის მყიდველი თუ არ არის, ვიღაც ქირისთვის ხომ მაინც მოვა?!
- ბინის მყიდველები რატომ აღარ არიან?
- არ მითხრათ, რომ არ იცით - ხალხს, ბინის ყიდვის კი არა, პურის ფული უჭირს!
- ამბობენ, რომ ბინები ძალიან გაიაფდაო. წესით, მყიდველიც მეტი უნდა იყოს...
- მხოლოდ ის ბინები გაიაფდა, რომლებიც იპოთეკითაა დატვირთული და მეპატრონეებს მეტი გზა არ აქვთ - ისეთ ფასად “გამოაქვთ”, რა ვალიც იპოთეკარებთან აქვთ, თუმცა ეს ბინებიც აღარ იყიდება.
- წეღან მითხარით, ვისაც ბინა თავისუფალი აქვს, მაინც კარგ ფასად ყიდისო, ეს როგორ გავიგო?
- ისინი მყიდველს თვეობით ელოდებიან და ვიდრე შესაფერისს არ ნახავენ, არ ყიდიან.
- გამოდის, რომ ბინების ფასი ლარის გაუფასურებამ კი არა, იმ ადამიანებმა “დააგდეს”, ვისაც საცხოვრებელი იპოთეკით აქვთ დატვირთული. ასეა?
- ვისაც გინდათ, დააბრალეთ. ფაქტია: ბინების ფასი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ძალიან დაეცა.
- ამ უბანში ვცხოვრობ, ერთოთახიანი “ჩეხური” პროექტის ბინა მაქვს და რომ მოვინდომო, რა ფასად გავყიდი?
- ერთი წლის წინ თქვენი ბინა 32-35 ათასი დოლარი ღირდა, ახლა კი, თუ 25 ათასში გაყიდეთ, მადლობა უნდა თქვათ.
- ვისაც ფული აქვს და ყიდვა უნდა სასურველ ბინას ინტერნეტის საშუალებითაც შეიძენს...
- ოფისიც მაქვს და ინტერნეტსაც ვიყენებ, მაგრამ კლიენტს იქაც ვერ ვპოულობ.
- კლიეტებს, ეგებ, მაღალი საკომისიო გადასახადი აფრთხობთ?
- ადრე საკომისიოსთან დაკავშირებით “სტავკები” არსებობდა. ახლა მოხსნილია და საკომისიოს აღება მხოლოდ ინდივიდუალური მოლაპარაკებით ხდება. ასე რომ..…
- ბინებს არც უცხოელები ყიდულობენ? როგორც ვიცი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვინც 35 ათასი დოლარის ქონებას ფლობს, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების უფლებას ადვილად იღებს...
- ბინებით ძალიან იშვიათად ინტერესდებიან. უცხოელებისთვის კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონება კი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
- გამოდის, რომ ბირჟაზე მხოლოდ ქირა და გირაო მუშაობს...
- ახლა ისეთი სეზონია, ქირაც აღარავის უნდა. რაც შეეხება გირაოს, იმდენს აფასებენ, რომ ადამიანები იძულებული არიან, ისევ ყიდვაზე იფიქრონ,,
- ბინის გაქირავებისას ხელშეკრულება ფორმდება?
- ხელშეკრულების გაფორმებას უფრო კლიენტი ითხოვს იმიტომ, რომ მეპატრონის “ხუშტურებისგან” დაზღვეული იყოს.
- ეს რას ნიშნავს?
- ზოგიერთი მეპატრონე, დოლარის კურსის ორი პუნქტით მომატებისთანავე, ქირის გაზრდას ითხოვს. ამიტომ კლიენტს ხელშეკრულება ურჩევნია, თუმცა ბევრი მეპატრონე ამაზე არ თანხმდება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ბინის მეპატრონეს სახელმწიფოსთვის გადასახადის გადახდა უწევს, თუმცა ახალმა მთავრობამ მათზე იზრუნა და თუ ადრე 20% იხდიდნენ, ახლა მხოლოდ 5% იხდიან. რას იზამ, მთავრობა მაინც მათზე ზრუნავს, ვისაც არაფერი უჭირს?!
- მიწის ფასი როგორია?
- მიწის ფასი თითქმის არ შეცვლილა, უფრო სწორად, გაძვირების ტენდენცია შეიმჩნევა, თუმცა მყიდველი აქაც არაა.
...ახლა მკვდარი სეზონია, მაკლერები ბაზრის გააქტიურებას სექტემბრიდან ელიან და ამბობენ, რომ თუ მანამდე ლარის კურსი კიდევ უფრო არ დაეცა, სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება.