ადრეული ქორწინების პრობლემა საქართველოში საკმაოდ აქტუალურია, რაც ხვა მიზეზებთან ერთად, გენდერულ, რელიგიურ, ეთნიკურ და რეგიონალურ ფაქტორებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეები ყველამ იცის, ქართული სახელმწიფო ადრეულ ქორწინებაზე არ რეაგირებს. რითი აიხსნება სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი გულგრილობა და რის სანაცვლოდ ათხოვებენ მშობლები არასრულწლოვან გოგონებს? - “ქართულ სიტყვას” „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ესაუბრნენ:
- ნაადრევი ქორწინების მანკიერ ტრადიციას განსაკუთრებით ხშირად რეგიონებში ვხვდებით... საერთოდ, როცა ნაადრევ ქორწინებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ 16-18 კი არა, 16 წლამდე ქორწინებაც უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც ჩვენს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და, ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულიცაა.
მინდა, ის რამდენიმე მითი დავასახელო, რომელიც აღნიშნულ პრობლემაზე გულგრილობას იწვევს: ზოგი თვლის, რომ თუ არასრულწლოვან გოგონას გათხოვება უნდა, მის საქმეში ვერავინ ჩაერევა და შეუძლია, გათხოვდეს. ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი არგუმენტი და ბავშვთა უფლებების დარღვევაა. მაშინაც კი, როცა აცხადებს, რომ გათხოვება უნდა, არ ვიცით, თუ რამ მიიყვანა ბავშვი ამ გადაწყვეტილებამდე.
- როცა ადრეული ქორწინება მშობლების ნებართვით ხდება, ესეც დანაშაულია?
- მშობელი ისეთ ქმედებას, რომელიც შვილის წინააღმდეგაა მიმართული, ვერ ჩაიდენს - გაერო-ს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გამოვლენაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მშობელი კი არა, მთელი სახელმწიფოა. როცა ბავშვის ინტერესი ირღვევა, აქ აუცილებლად სახელმწიფო ორგანოები უნდა ჩაერიონ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილია ფაქტები, როცა მშობლებმა შვილის ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, გარიგება დადეს - 10 მსხვილფეხა საქონლის სანაცვლოდ გაათხოვეს. საერთოდ, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე წამყვანი თემაა, ანუ ოჯახი, რომელიც ბავშვის შენახვას ვეღარ ახერხებს, გამოსავალს გოგონას, როგორც ნივთის გასხვისებაში ხედავს, მაგრამ არ შეიძლება, ეს დანაშაული უმცირესობების პრობლემამდე დავიყვანოთ და ვთქვათ, რომ დანარჩენ საქართველოს არ ეხება. მასწავლებელი, პოლიციელი, ან ექიმი ამ პრობლემაში უნდა ჩაერიოს და რეაგირება მოახდინოს - ამის ვალდებულება აქვს და როცა არ ჩაერევა, კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას დაარღვევს.
ამ პრობლემის გადაჭრას სახელმწიფოს ნება სჭირდება, რაც ადამიანებისთვის განათლების მიწოდებაში გამოიხატება. მართალია, ბავშვებს სკოლაში ასწავლიან, რომ გარკვეული უფლებები გააჩნიათ და ძალადობისგან დაცვა შეუძლიათ, მაგრამ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ხმამაღლა ლაპარაკის არ უნდა შეგვრცხვეს...
მოზარდები ზოგჯერ მხოლოდ ცნობისმოყვარეობის, ან იმის გამო ქორწინდებიან, რომ ლეგალური სექსი ჰქონდეთ, თუმცა იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ადრეული ქორწინება ჯანმრთელობის რისკთანაცაა დაკავშირებული: დიდი ალბათობაა, რომ არასრულწლოვანს ორსულობა და მშობიარობა გაურთულდეს, რადგან მისი ორგანიზმი ბავშვის გაჩენისთვის მზად არაა...
ამას წინათ, “ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა” ინტერნეტში ფოტოსურათი გაავრცელა, რომელზეც თეთრკაბიანი, მტირალი გოგონა იყო აღბეჭდილი - თურმე, ქმარი პირველად თავის ქორწილში ნახა... გარდაბნის რაიონში მცხოვრებ ქართველებსა და არაქართველებს შევხვდით. ჩემდა გასაკვირად, ნაადრევ ქორწინებას ქართველები უფრო ამართლებდნენ, რა მოხდა, თუ ერთმანეთი უყვართ, ბედნიერები იქნებიანო. მაგალითად, თავიანთი ბებიები მოჰყავთ, რომლებიც 14-15 წლის ასაკში გაათხოვეს და ზოგი, 34 წლის ასაკში, უკვე ბებიაც გახდა. ამ ასაკის ბავშვებს საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ და დედამთილ-მამამთილზე დამოკიდებულნი ხდებიან, რაც კონფლიქტური სიტუაციის განვითრების საფრთხეებს ქმნის.
- ქალბატონო ანა, ამ პრობლემისადმი სახელმწიფოს გულგრილობას რითი ხსნით?
- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ ფართო საზოგადოება, მათ შორის, სახელმწიფო უწყებები - სასწავლო დაწესებულებები თუ შსს კარგადაა ინფორმირებული, სახელმწიფო ნაადრევი ქორწინების ფაქტებზე არ რეაგირებს. ბავშვთა ძალადობაზე ზომები უნდა გამკაცრდეს... მოვუწოდებ მოსახლეობას, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ინფორმაცია მოგვაწოდოს და შევეცდებით, სახელმწიფო სტურუქტურებთან ერთად, ადექვატური რეაგირება მოვახდინოთ.
- “რეაგირების მოხდენაში” რას გულისხმობთ?
- ძალიან მნიშვნელოვანია შსს-ს, კერძოდ, უბნის ინპექტორების ჩართულობა. ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც ნაადრევ ქორწინებას სდევს, გოგონების მიერ სწავლის შეწყვეტაა, ანუ ნაადრევად გათხოვილი გოგონა საშუალო განათლების გარეშე რჩება.
ანა ნაცვლიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: - ნაადრევი ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებული თემაა. ამ მხრივ განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მიეკუთვნებიან. ისინი არასრულწლოვანთა ძალით გათხოვებას ისეთი არასწორი არგუმენტით ამართლებენ, როგორიც მათი კულტურა და ტრადიციაა. სწორედ ამიტომ სახელმწიფო ცდილობს, გარკვეული თემის კულტურასა და ტრადიციაში არ ჩაერიოს, თუმცა, ყველასთვის ცხადია, რომ ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევაა, ძალადობის კულტურითა თუ ტრადიციით გამართლების უფლება კი არავის აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ამ პრობლემის არსებობა აღიარა და იძულებით ქორწინების კრიმინალიზაცია მოახდინა, არ არსებობს ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკანონმდებლო ნორმის პრაქტიკაში რეალიზება. სოფლებში არასრულწლოვანის გათხოვების ფაქტები ხშირია, მაგრამ ადგილობრივი პოლიცია და თვითმმართველობა ამაზე დუმან. ამიტომ, ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოზარდები ძალადობისგან დავიცვათ, თუმცა მთავარი პასუხისმგებელი მაინც სახელმწიფოა.
- სახალხო დამცველის საკანონმდებლო ინიციატივით, 16-18 წლამდე პირთა ქორწინების შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მხოლოდ სასამართლო იქნება. ეს ინიციატივა ნაადრევი ქორწინების პრევენცია იქნება?
- ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელზეც მსჯელობა ღირს, მაგრამ პრობლემას მხოლოდ ეს იდეა ვერ აღმოფხვრის - ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა სახელმწიფო პოლიტიკით და კონკრეტული მექანიზმით უნდა გამყარდეს.