30 მაისს, თბილისში, ბოდი ბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია... როგორც ჩანს, საქართველოში „შვარცნეგერობა“ ნელ-ნელა მოდური ხდება და ამაზე ბევრი ფიტნეს დარბაზი და „კუბიკებიანი“ ახალგაზრდაც მიანიშნებს. ვინ იცის, “საქართველოს ბოდი ბილდინგის ფიტნესისა და ბოდი ფიტნესის ფედერაციის” პრეზიდენტის, ზაალ რუხაძის წინამდებარე ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, ამ სპორტით შესაძლოა, თქვენც დაინტერესდეთ... ისე, საქართველოში სპორტის ამ სახეობის კიდევ ერთი ფედერაცია არსებობს, რომელსაც ოდნავ განსხვავებული სახელი აქვს...
- ბატონო ზაალ, ადამიანი ბოდი ბილდინგით რა ასაკიდან უნდა დაკავდეს?
- ამ სპორტით დაკავება რეკომენდირებული 15 წლიდანაა. ბოდი ბილდინგი მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას არ მოიცავს - ეს ცხოვრების წესია, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ორგანიზმი გარკვეულ დატვირთვას 15 წლიდან გაუმკლავდეს.
- მაშინ, როცა ორგანიზმი უკვე ჩამოყალიბებულია, სასურველი ფორმის მიღება მაინც შესაძლებელია?
- რა თქმა უნდა, თუმცა სხვადასხვა ასპექტია გასათვალისწინებელი. ვარჯიშისას დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, ცხოვრების წესს. ასევე, არსებობს გარკვეული სახის დანამატები, რომლებიც შედეგის განმაპირობებელია. მოკლედ, სასურველი შედეგის მიღება ნებისმიერ ასაკში შეიძლება.
- პროფესიონალი ბოდი ბილდერის დღის წესრიგი როგორია?
- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბოდი ბილდინგი სპორტზე ბევრად მეტია და ბევრი ასპექტის სინქრონიზებას მოითხოვს. პროფესიონალები დიდ ყურადღებას აქცევენ კვებას - არ ჭამენ ე.წ. დესერტს და შეჯიბრებამდე რამდენიმე დღით ადრე, მხოლოდ ცილებს იღებენ.
ვარჯიშისას სიმეტრიის დაცვაც მნიშვნელოვანია, რათა სხეული პროპორციულად განვითარდეს, თუმცა ყველა პროფესიონალს ინდივიდუალური მიდგომა და მიზანი აქვს, შესაბამისად, ერთმანეთისგან მათი დღის წესრიგიც განსხვავდება.
- დატვირთვის გათვალისწინებით, ბოდი ბილდინგი ჯანმრთელობას, ალბათ, ხშირად აზარალებს...
- ყველა სპორტს თავისი “გართულება” აქვს, მაგრამ თუ ბოდი ბილდერი ყველაფერს სწორად მიჰყვება - იტარებს სარეაბილიტაციო პროცედურებს და ორგანიზმს ასვენებს, პრობლემა არ შეექმნება.
- რეაბილიტაციის პროცესი რას გულისხმობს?
- ამ დროს სპორტსმენები სხვადასხვა დანამატებსა და ვიტამინებს იღებენ, რათა ძალები აღიდგინონ.
- ბოდი ბილდერები აკრძალულ დანამატებსაც იღებენ?
- კი, მაგრამ ნებისმიერ აკრძალულ პრეპარატს, მათ შორის, “სტეროიდსაც”, რომელიც ჰორმონალური დანამატია, ვგმობთ!
- “სტეროიდებს” საქართველოშიც მოიხმარენ?
- დიახ, თუმცა ვცდილობთ, ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. პრევენციული ზომები უნდა ეხებოდეს დამწყებ სპორტსმენებს, მათ კი, ვისაც დიდი გამოცდილება აქვთ, თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ეს პრეპარატი მიიღონ თუ არა.
- “სტეროიდებს” ვინ ავრცელებს?
- ძირითადად, კერძო პირები. საერთოდ, “სტეროიდები” აკრძალული არაა, ანუ ზოგ ტურნირზე დაშვებულია, ზოგზე - არა, მაგრამ რადგანაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მის გავრცელებასა და მოხმარებას ვემიჯნებით.
- ჩვენთან ბოდი ბილდინგი პოპულარულია?
- საქართველოში ბოდი ბილდინგის „პიონერები“ ირაკლი გაგუა და ვატო კოპაძე იყვნენ, თუმცა მიღწევების მიუხედავად, ფართო მასებისთვის ცნობილნი ვერ გახდნენ. აქედანაც ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სპორტი პოპულარული არ იყო, მაგრამ 30 მაისს ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, დაინტერესებამ იმატა: ადრეულ წლებში, ბოდი ბილდინგის ტურნირებს ორასიოდე ადამიანი თუ ესწრებოდა ხოლმე, 30-ში კი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს კარგი ორგანიზება ფედერაციამ გაუკეთა და 1 200 დამსწრე მოვიდა.
- “ბოდი ბილდინგისა და ფიტნესის” ფედერაცია კოორდინაციას რეგიონებში არსებულ დარბაზებსაც უწევს?
- რეგიონებში წარმომადგენლები გვყავს, თუმცა ჩვენი ეგიდის გარეშეც, ბევრი დარბაზი ფუნქციონირებს.
- ფედერაციას სპორტის სამინისტრო აფინანსებს?
- არა, თბილისის მერია.
- ესე იგი, დაფინანსება რეგიონებზე არ ვრცელდება...
- რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ თბილისური ტურნირები და „ივენთები“ ფინანსდება... ვიცით, თუ რა კრიტერიუმებია საჭირო სპორტის სამინისტროს დასაინტერესებლად. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბოდი ბილდინგი ჩვენს ქვეყანაში პოპულარული სპორტი არაა და ამ ტენდენციის შესაცვლელად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
- ეს “გარკვეული ნაბიჯები” სახელმწიფოს გარეშე როგორ უნდა გადადგათ?
- კერძო სექტორისა და თბილისის მერიის იმედი მაქვს, რადგან 30 მაისის შეჯიბრი ქართული სპორტის ისტორიაში ახალი სიტყვა იყო - ეს შოუც იყო და შეჯიბრიც. ერთწლიანი განვითარების ციკლი გვჭირდება, რათა ჩვენი პოტენციალი წარმოვაჩინოთ და შემდეგ, შესაძლოა, რეგულარული დაფინანსებაც მოვითხოვოთ.
- კერძო სექტორიდან მხარს ვინ გიჭერთ?
- უნივერსიტეტი „სეუ“, სასტუმრო „ამბასადორიალი“ და „ლისი დეველოპმენტი“.
- ოდესმე ბოდი ბილდინგი ჩვენთან კომერციულად მომგებიანი გახდება?
- რა თქმა უნდა. საერთოდ, სპორტსმენებისთვის ბოდი ბილდინგი საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობაა - რეკლამებსა და სხვადასხვა პრომო-ში მონაწილეობის მისაღებად, შეიძლება, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიგიწვიონ...
- ტურნირებიდან სპორტსმენებს შემოსავალი აქვთ?
- გლობალური მასშტაბით, ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი შეიძლება, 50 000 დოლარი იყოს.
- ბატონო ზაალ, დიდი ტურნირის ჩატარებას როდის გეგმავთ?
- მომავალ ზაფხულს, ბათუმში, შავი ზღვის ტურნირის ჩატარება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
- მასშტაბური ტურნირები აქამდე რატომ არ ტარდებოდა?
- ეს ძველი ფედერაციის ბრალია, რომელიც დღესაც არსებობს და საქართველოში ბოდი ბილდინგის განვითარებას ხელს უშლიდა და უშლის. 4 თვეა, ჩვენი ფედერაცია შეიქმნა და უკვე 86 სპორტსმენი შემოგვიერთდა, ჩვენს წინამორბედს კი, 6 ჰყავს.
- ძველი ფედერაცია ბოდი ბილდინგის განვითარებას რატომ აფერხებდა?
- ამაზე პასუხს მოვერიდები, თუმცა მიჩნდება შეკითხვა: 15 წლის განმავლობაში, შეჯიბრებებზე, 200 კაცზე მეტი დამსწრე რატომ ვერ მოჰყავდა?
- ფედერაციის პრეზიდენტს ეს ვითარება ხელს რატომ აძლევდა?
- ამ საქმეში კომპეტენტური არაა. სპორტსმენებს ერთ ადგილზე ყინავდა და განვითარების შანსს იმიტომ არ აძლევდა, რომ ძველი მეთოდები აქვს შემორჩენილი.
- ძველი ფედერაციის პრეზიდენტი ვინაა?
- კონსტანტინე მაცაბერიძე... ვიცე-პრეზიდენტის ადგილი, ხელფასი და კაბინეტი შევთავაზეთ, თუმცა უარი განაცხადა. მისი აზრით, ბოდი ბილდინგი არავის აინტერესებს და ვერ განვითარდება. ჩვენ კი, 4 თვეში საპირისპირო დავამტკიცეთ: ტურნირზე 1 200 დამსწრე მოვიყვანეთ... პირველადგილოსნები ესპანეთში საკმაოდ დიდ ჩემპიონატზე წავლენ.
- ბატონო ზაალ, რაგბისტი ხართ, “ბოდი ბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის” შექმნა რატომ გადაწყვიტეთ?
- როცა სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვედი, ამ სპორტში მძიმე მდგომარეობა დამხვდა. მაცაბერიძე ფედერაციიდან სპორტსმენებს აგდებდა და ჯარიმას ახდევინებდა. ყველას აიძულებდა, ტურნირებზე მისი სახელით გამოსულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალურ ზომებს იღებდა. სპორტსმენებს იურიდიულად არსად აფორმებდა და შესაბამისად, მათაც არ შეეძლოთ, რაიმე სამართლებრივად გაეპროტესტებინათ, ან წესდებიდან გამომდინარე, პრეტენზია გამოეთქვათ. მოკლედ, სპორტსმენებს ცუდად ეპყრობა. მის ფედერაციაში პრეზიდენტს პრეზიდიუმი ირჩევს, რომელიც მაცაბერიძის ოჯახის წევრებითაა დაკომპლექტებული. მაცაბერიძის ორგანიზაცია საერთაშორისო ფედერაციის წევრია, ამიტომ ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე, სპორტის სამინისტრო ვერაფერს გააკეთებს. მადრიდში სარჩელი უკვე გავაგზავნეთ, რათა ძველი ფედერაცია თავისი რიგებიდან გარიცხოს და ასეც მოხდება, რის შემდეგაც, სპორტის სამინისტროსაც ექნება სამართლებრივი საფუძველი, რომ ის საბოლოოდ გააუქმოს...