მამა პეტრე: ,,გიჟი ვარ!'

მამა პეტრე: ,,გიჟი ვარ!'

,,არ ვმალავ: ეკლესიაში ძალიან დიდი შური არსებობს!' _ ვინ ესვრის ქვებს ყველაზე არაორდინალურ ქართველ მოძღვარს 
...შეხვედრაზე რომ შევუთანხმდი, მითხრა, ძარღვიანი შეკითხვები მოიფიქრეო. მივუგე, წინასწარ არასოდეს ვიცი, რა კითხვას დავსვამ-მეთქი... უნივერსიტეტის ბაღში თითქმის ერთდროულად მივედით. ნაბოლარა ქალიშვილი ჰყავდა ატატებული. მომიბოდიშა, გამაგრილებელ სასმელს ვუყიდი და ახლავე მოვალო. რა პრობლემაა, აგერ, ჩრდილში დაგელოდებიმეთქი... ნახევარ საათზე მეტი ვიუბნეთ. ბოლოს ვკითხე, აბა, რას იტყვი, კითხვები ძარღვიანი იყო თუ არა-მეთქი. იმის თქმის საშუალება მომეცა, რასაც ვფიქრობო... მორწმუნეებს, ათეისტებს, ჭეშმარიტად ეკლესიურებს, მოდასაყოლილ ეკლესიურებს, მოკლედ, ყველას გირჩევთ, ეს არა-ჩვეულებრივი ინტერვიუ აუცილებლად წაიკითხეთ! ისე, კარგი იქნება, თუკი მამა პეტრეს (კვარაცხელია), იგივე პეტრე კოლხის მსგავსი ბევრი, ძალიან ბევრი სასულიერო პირი გვეყოლება!   -
ჩემს 20-წლიან ჟურნალისტურ მოღვაწეობაში, სასულიერო პირთან ინტერვიუს, მგონი, მეორედ ვწერ... როგორ მოგმართოთ? 
- მამა პეტრე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, ექვსი შვილის მამა... 

- ეს ყველაზე პატარაა? 
- დიახ, ეს მეექვსეა. 

- რა ჰქვია? 
- სოფია- სერაფიტა... სხვათა შორის, ეს ჩემი და ჩემი მეუღლის შეჯვარებაა, როგორც ბიოლოგიური, ასევე სახელის მხრივაც - სახელი ისე შევარჩიეთ, რომ ერთი მხარეც არ დაზარალებულა. 

- სხვა შვილებს სახელები არაერთობლივად დაარქვით? 
- სხვა შვილებს სახელები ჩემი ინიციატივით დავარქვით...

- უფროსი შვილი რამხელაა? 
- 14 წლისაა და ვთვლი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია - შემიძლია, ნებისმიერ თემაზე ველაპარაკო. 

- ისე, თქვენობით ვილაპარაკოთ თუ შენობით? 
- შენობით ლაპარაკი, ალბათ, უფრო მართებული იქნება, რადგან ოფიციალური საუბარი არ მიყვარს... 

- კოლხი რატომ დაირქვი? 
- ეს ბანალური გადაწყვეტილებაა: პროფესიით ისტორიკოსი ვარ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კი არა, მსოფლიოს ანტიკურ ამბებსა და რაღაცებში ძიება ძალიან მიყვარს. ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს ცივილიზაციის სათავეებთან თავისი ადგილი უკავია - თუ ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიაზე ვისაუბრებთ, ჩვენი მიღწევები აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადმონაშთია, რაზეც დღეს, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა დგას. მიუხედავად იმისა, რომ გარესამყაროსა და არაერთ წამყვან სახელმწიფოსთან კავშირიურთიერთობა ძველი აღთქმიდან გვაქვს, ეს დღეს თითქოს არ გვეტყობა, მაგრამ თუ რამეს წარმოვადგენთ, თანამედროვე პოლიტიკოსების მიღწევა და დამსახურება კი არა, სწორედ წარსულის აჩრდილების ,,ბრალია'. ერთ-ერთი ასეთი სწორედ კოლხეთის სამეფოა, რომელიც ჩემთვის, თავიდან ბოლომდე, მისტიკაა. წარმოშობითაც კოლხეთიდან ვარ და იქაური ტრადიციები თუ მიდგომები ძალიან მიყვარს. 

- კახელებს, უფრო სწორედ, ქიზიყელებს რას გვერჩი? 
- ჩემთვის საქართველო ერთიანობის გარეშე წარმოუდგენელია. 

- მეც ასე ვარ, მაგრამ მსოფლიოში კუთხურობა, მგონი, მხოლოდ ქართველებს გვახასიათებს... 
- ჩემთვის კოლხეთი მხოლოდ ერთი, რომელიმე პოლიტიკური თუ გეოგრაფიული გაერთიანება კი არა, სრულიად საქართველოა! კოლხეთის კულტურა ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავდა და ვფიქრობ, ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ისტორია სწორედ აქედან აღმოცენდა. ამიტომ, წინასწარდაუგეგმავად გადავწყვიტე, კოლხი გავმხდარიყავი. 

- ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული როლი, ალბათ, ახალგაზრდულმა რომანტიზმმაც შეასრულა... 
- რომანტიზმზე მეტად, ალბათ, ნოსტალგიამ - იქაურობა სულ მენატრება. ღმერთთან ყოფნისა და სიახლოვის სურვილიც იქ გამიჩნდა... 

- მამაშენიც ხომ სასულიერო პირია?
- არა, არა, პირიქით, შეიძლება ითქვას, ათეისტია და ხელსაც მიშლიდა, მაგრამ ბუნებით ასეთი ვარ: სწორედ ის მაინტერესებს, რაშიც ხელს მიშლიან და მინდა, გამოვიკვლიო, პირველ რიგში, ხელს რატომ მიშლიან და, მეორეც, ეს ფაქტი ხელისშესაშლელი რამდენადაა. 

- ესე იგი, თავისუფალი ხარ? 
- დიახ, ძიებაში აუცილებლად თავისუფალი უნდა ვიყო, შეზღუდვებს არც ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს ვუწესებ. ჩარჩოში ჩასმული აზროვნება და შეხედულებები არ მიყვარს იმიტომ, რომ ღმერთი უჩარჩოოა. უფალი ჩარჩოში კი არ ჩააკრეს, ჯვარზე გააკრეს, ამიტომ თუ გვინდა, ჩვენი პიროვნება და ჩვენს გარშემო მდგომი ადამიანები რეალურად აღვიქვათ, ეს ხელოვნური ბარიერები და ჩარჩოები უნდა დავამსხვრიოთ! 

- სასულიერო პირების ნაწილი მრევლს სწორედ ჩარჩოში ცხოვრებისკენ მოუწოდებს! 
- ამას ეკლესია და წმინდა მამათა სწავლებანი არ გვაიძულებს. სასულიერო პირთა გარკვეული ნაწილი კი ჩემთვის ავტორიტეტს არ ნიშნავს! ჩემთვის ავტორიტეტი ისაა, რაც ახალ აღთქმაში წერია! ჩემთვის ავტორიტეტები ის წმინდა მამები არიან, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით მართლმადიდებლობას იცავდნენ და დამახინჯებული ფორმით სხვადასხვა რელიგიას არ ქნიდნენ! ადამიანებისთვის მართლმადიდებლობის დამახინჯებული ფორმით მიწოდება იგივეა, ათეიზმი ვიქადაგოთ! 

- ჩვენი სასულიერო პირების ნაწილი საზოგადოებას მართლმადიდებლობას დამახინჯებული ფორმით აწვდის? 
- იმით, რაც ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში ხდება, კმაყოფილი არ ვარ! ამბობენ, ეკლესია სახელმწიფოს უნდა გაემიჯნოს და პირიქით, სახელმწიფო - ეკლესიას, ორივე დამოუკიდებლად არსებობდეს, ერთმანეთის გადაწყვეტილებებში არ უნდა ერეოდესო, მაგრამ ცივილურ სამყაროში ეკლესიის არსებობა სახელმწიფოს ჩარევის და, პირიქით, სახელმწიფოს არსებობა ეკლესიის იდეოლოგიის გათვალისწინების გარეშე ვერ წარმომიდგენია, მით უმეტეს, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტი ცდილობს, ეკლესიური გახდეს და ეკლესიურად იცხოვროს... ამიტომ სახელმწიფომ ამ 80 პროცენტის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს, სხვა შემთხვევაში, საზოგადოებასთან, ეკლესიასა და სახელმწიფოსთან წინააღმდეგობაში მოვალთ და ქაოსი შეიქმნება. არ ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა თეოკრატიული უნდა იყოს, მაგრამ, როცა ვამბობთ, რომ უმცირესობის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს და როცა უმცირესობის ინტერესი იქნება გათვალისწინებული, უმცირესობა უკვე უმრავლესობაში გადავა, რადგან მას კანონი დაიცავს, ქვეყნის მოსახლეობის, პრაქტიკულად, 80 პროცენტი კი უმცირესობაში აღმოჩნდება - მისი ინტერესები გათვალისწინებული არ იქნება, კანონთან, მიდგომებთან წინააღმდეგობაში მოვა და პრობლემები შეექმნება. ეკლესიის სწავლება კი ისეთივეა, როგორიც პირველ საუკუნეში იყო და ვიდრე ქრისტეს მისტიური სხეული ანუ ეკლესია არსებობს, ასეთი იქნება, მაგრამ ამის გაგება ხშირად არასწორად ხდება. მოდი, ასე ვთქვათ: არასწორი, ეკლესიის სწავლება კი არა, გაგება და მიდგომაა. 

- ვისი მხრიდან? 
- პირველ რიგში, სასულიერო პირების მხრიდან. 

- ეს მიზანმიმართულად ხდება თუ გაუნათლებლობის ბრალია? 
- ეკლესიის მიმართ ფანატიკურად რომ ხარ განწყობილი, ეს არ ნიშნავს, რომ მორწმუნე ხარ, პირიქით, ღმერთთან, ეკლესიასა და, საერთოდ, ადამიანებთან შეიძლება დიდ წინააღმდეგობაში მოხვიდე. ღმერთთან მიმართებაში შენი სუბიექტური დამოკიდებულება შენი გადასაწყვეტია, მაგრამ, როცა სასულიერო პირი ხდები, ეს სუბიექტური დამოკიდებულება უნდა დაგავიწყდეს და, ადამიანებს აზროვნებაში პრობლემა რომ არ შეუქმნა და მათი სული არ დაამახინჯო, ზოგადი საეკლესიო სწავლებიდან უნდა გამოხვიდე. 

- მამა პეტრემ კაბა რომ ჩაიცვა, ღმერთისადმი სუბიექტური დამოკიდებულება დაივიწყა? 
- ამ კითხვას საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ და ვთვლი, რომ ეკლესიასა და ღმერთთან ურთიერთობაში დისკომფორტი არასოდეს შემქნია. ის კანონები, წესები და მოძღვრება, რასაც ქრისტე მასწავლის, ჩემი შემოქმედებითი ბუნებითა და ურთიერთგამომრიცხავი აზრებით ხშირად, შეიძლება, მერთულებოდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მომწონს, სიმშვიდეს მგვრის და არ ვთვლი, რომ რაღაც უნდა შევცვალო და ამ რელიგიას რაღაც დავამატო ან გამოვაკლო, პირიქით, ისეთი უნდა მივიღო, როგორიც არის. 

- წეღან მითხარი, ღმერთთან კოლხეთში მივედიო... მე, რიგით მოკვდავსა და ცოდვილთა შორის ცოდვილს, ღმერთთან შუამავალი მჭირდება? ხომ შეძლება, ღმერთი სხვისი დახმარების გარეშეც ვიპოვო? 
- იცი, რა არის? - ღმერთის პოვნა აბსოლუტურად სხვა რამაა. ღმერთი გულში შეიძლება ნაპოვნი გვყავდეს, მაგრამ კიდევ რაღაცას ამაოდ ვეძებდეთ. ღმერთთან მისასვლელად აუცილებლად გზაა საჭირო - თუ გზა ნაპოვნი არ გაქვს, ღმერთთან მისვლა შეუძლებელია. თუ მეტყვი, რომ საკუთარ თავში ღმერთი გზის გარეშე იპოვე, გიპასუხებ, რომ საკუთარი თავი ღმერთში გიპოვია! 

- და ეს მკრეხელობაა? 
- რა თქმა უნდა, ეს ხიბლის დამოკიდებულებაა. ადამიანი, რომელიც არასწორი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და რომლისთვისაც ათი მცნება არ არსებობს, ამორალური და უზნეოა... 

- მაპატიე, ამორალობას რა ეძახი? 
- ამორალობა ღვთის მცნებების უარყოფა და გმობაა. 

- უფრო კონკრეტულად? 
- არა იმრუშო, არა იპარო... 

- გიმრუშია? 
- ნებისმიერი ადამიანი ცოდვით თუნდაც გონებაში ეცემა. ფიზიკური ქმედება და გონებაში ცოდვით დაცემა ერთი და იგივეა - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. 

- მითხარი, ძარღვიანი შეკითხვები დამისვიო. ჰოდა, როგორც საერო მოძღვარს, გეკითხები: გონებით გიმრუშია? 
- ხშირად... 

- გონებით როგორი, ასე ვთქვათ, ტიპის ცოდვა ჩაგიდენია? 
- მშვენიერება და ესთეტიკა მომწონს - შემოქმედი ვარ და მშვენიერების აღქმას, სილამაზეს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. სამყარო მშვენიერია, სამყარო მშვენიერებისთვის შეიქმნა და არც უარვყოფ, რომ ვიზუალურად კარგი ადამიანები მომწონს. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანში კარგი მხარე დავინახო. 

- ადამიანში კარგის დანახვა, არ მგონია, მრუშობა იყოს... 
- ეს მრუშობა არაა... 

- ანუ კარგის დანახვას ვნება მოყვება? 
- რა თქმა უნდა... შემოქმედი ვარ და ლექსებს ვწერ... 

- უბრალოდ, ლექსებს კი არა, ჩემი აზრით, ძალიან კარგ ლექსებს წერ... 
- თუ სილამაზეში რაღაც ისეთი არ დავინახე, რაც ჩემში ემოციას არ გამოიწვევს, ვერაფერს დავწერ! როცა დღეს უკვე ჰიტადქცეულ ლექსს - ,,შენ თვალებიდან აპრილი გცვივა' ვწერდი, შთაგონების წყარო, რა თქმა უნდა, მყავდა. რახან სასულიერო პირი ვარ, ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი, ყველა ჩემი ლექსი მეუღლეს ეძღვნება- მეთქი, ასე არაა... 

- გიფლირტავია? 
- რაც სასულიერო პირი გავხდი, არა... 

- ვნებას როგორ თოკავ? 
- ეს რთული არაა - გონებაში უნდა გადავწყვიტო, არ მინდა და მორჩა! ვნებებით სავსე ვარ, ვნებაში მხოლოდ მრუშობას არ ვგულისხმობ. ვნება გაზაფხულისადმი, შემოდგომისადმი, მზისადმი, ზღვისადმი ტრფიალია. როცა შენში სამყარო ასე დუღს და კანში, მით უფრო, სამღვდელო ჩარჩოში ვერ ეტევა, ადვილი არაა, ყველა ემოცია, ფიქრი გააკონტროლო და მხოლოდ ლექსში მოაქციო. ლექსში მოქცევით შენს შინაგან სამყაროს უფრო მეტ გასაქანს აძლევ იმიტომ, რომ ამ ლექსით მხოლოდ შენ კი არა, იმ ადამიანებსაც ამეტყველებ, ვინც შენნაირია, შენეულია, უბრალოდ, ის ნიჭი, რასაც წერა ჰქვია, არ აქვთ და, მათაც გზას უხსნი. ასეთი მიდგომით საკუთარი თავისთვის ხშირად სერიოზული საფრთხე შემიქნია! 

- რას გულისხმობ? 
- მაგალითად, მოუწერიათ, უი, როგორი უცნაური და საინტერესო ხარ; თუ სიყვარულზე ლექსს წერ, მაშინ შეგიძლია, ვიღაც შეიყვარო კიდეცო... 

- რატომ არ შეიძლება, შეიყვარო? 
- სიყვარული სხვა რამაა. ვიღაცას სიყვარული ვნება - ერთჯერადი ურთიერთობა ჰგონია. 

- მე თუ მკითხავ, ვნება სიყვარულის კულმინაციაა! 
- ასე არ ვთვლი. ჩემთვის ვნება კარგი ლექსის დაწერაა და წარმოუდგენელია, ყველასთან, ვინც მომეწონება და ეს მოწონება ლექსს დამაწერინებს, ვნება დავიკმაყოფილო. ეს ამორალიზმია, მაგრამ თუ ვინმე მომეწონა და ლექსი დავწერე, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამის თქმა შევბედე. ეს საზოგადოებამ შეიძლება ვერ მიიღოს ან მიიღოს, მაგრამ ყველას გასაგონად ვამბობ: შემოქმედად დავიბადე, მაგრამ სასულიერო პირი გავხდი და ეს ჩემი თავისუფალი ნება იყო! 

- შეიძლება, ამ თავისუფალმა ნებამ ტრანსფორმაცია განიცადოს და სასულიერო პირობაზე უარი თქვა? 
- არავითარ შემთხვევაში! სასულიერო პირობაზე უარი შეიძლება მაშინ ვთქვა, თუ მეორე უკიდურეს ნაბიჯს გადავდგამ და წასვლა მონასტერში მომინდება! 

- მამა პეტრე, ვერ გავიგე - მონასტერში რომ წახვიდე, მაშინაც ხომ სასულიერო პირი იქნები? 
- კი, მაგრამ ერში კი არა, სადღაც ვიქნები. ყოველთვის მაქვს უკმარისობის განცდა, რომ წიგნებს ისე ვერ ვკითხულობ, როგორც უნდა ვკითხულობდე. კითხვის გარეშე კი, მგონია, სუნთქვა და არსებობა წარმოუდგენელია. სადაც უნდა წავიდე, ექვსი შვილი სულის ძაფზე მეყოლება მობმული, მაგრამ ყველას რაღაც ეტაპამდე რომ მივიყვან და ცხოვრების კარს შევუღებ, პასუხის გაცემა საკუთარ თავთან ყველა შეკითხვაზე მომიწევს - რა, რატომ, აქ და ახლა? ამ კითხვებს ყველაზე სწორად და დამაჯერებლად ქრისტე პასუხობს. წარმართ და ქრისტიანობისშემდგომ ფილოსოფოსებთანაც ვმეგობრობ, მაგრამ ყველაზე კარგი ურთიერთობა ქრისტესთან მაქვს! 

- ქრისტე შენი მეგობარია? 
- ქრისტე ყველას მეგობარია, უბრალოდ, მონები არ უნდა ვიყოთ! ქრისტე და ქრისტიანობა არასწორად გვესმის! თუკი ფეხი გადაგვიბრუნდა, იმას ნუ დავაბრალებთ, რომ ოდესღაც შევცოდე და ახლა სამაგიერო მომეზღო. ასე არაა - ქრისტე არავის სჯის, პირიქით, ცდილობს, ნებისმიერი ადამიანი გადაარჩინოს და სიყვარული დაუმტკიცოს! 

- კაბა რომ ჩაიცვი, რამდენი წლის იყავი? 
- 26-ის ვხდებოდი, ახლა 35 წლის ვარ... 

- სასულიერო პირი იმიტომ ხომ არ გახდი, რომ რაღაცას გაექეცი და ეკლესიას თავი შეაფარე? 
- პირიქით... 

- როგორი იყო პეტრე კვარაცხელია საერო ცხოვრებაში? 
- ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ძალიან აქტიური ვიყავი - ვასწავლიდი, ვრეპეტიტორობდი, ტელევიზიაში ჟურნალისტად ვმუშაობდი, პერიოდულ გამოცემებში ლექსებსა და წერილებს ვაქვეყნებდი, პოეზიის საღამოებს ვმართავდი. 

- აღვირახსნილიც ხომ არ იყავი? 
- არასოდეს... მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შემოქმედებას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ურთიერთობაც ბევრ ადამიანთან მქონდა, თავისთვის უფლება არასოდეს მიმიცია, არასწორად მეცხოვრა და ეს იმიტომ კი არა, რომ მეშინოდა, ღმერთი დამსჯის- მეთქი. ღმერთი არავის სჯის! ყველა თავს თავისი ცხოვრების წესით ისჯის! უბრალოდ, მქონდა განცდა, რომ თუკი არასწორად, აღვირახსნილი ცხოვრებით ვიცხოვრებდი და ისეთ რაღაცებს გავაკეთებდი, რაც შინაგანი ზნეობისთვის მიუღებელია, ვერ დავწერდი. მერჩივნა, ფიზიკურად კი არა, ლექსით ,,მემრუშა'. 

- როგორც წეღან მითხარი, ფიქრით ანუ ლექსით მრუშობაც მრუშობაა? 
- ცუდსა და უარესს შორის ყოველთვის ცუდს ვირჩევ. თავს აზროვნებას არასოდეს ვუზღუდავ. ძალიან ბევრია, ვინც თავს ფიქრს, საკუთარი თავის გაცნობას უკრძალავს იმიტომ, რომ ეშინია, ვაიდა, შიგნით ისეთი რამ არ დაინახოს, რისიც შეეშინდება და იმედი გაუცრუვდება, რაც შეიძლება, ფატალურად დამთავრდეს! 

- ასეთი ადამიანი ხომ ცოდოა? 
- რა თქმა უნდა! 

- სიმბოლურია: ამას წინათ, პატარა ნოველა დავწერე, რომელსაც ასე ვამთავრებ, ფიქრსა და მარტოობას გაუმარჯოს- მეთქი... მამა პეტრე, რა უფრო დიდი ცოდვაა: იყო მკვლელი თუ, ვთქვათ, უმცირესობის წარმომადგენელი? 
- შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ცოდვის აწონ-დაწონა ადამიანს არ შეუძლია. იმაზე უნდა ვიფიქროთ, რატომ მივიდა ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე და რამდენად მძიმეა ჯვარი, რომელიც დაეკისრა. ორივე ცოდვაა, მაგრამ ცხონებისა და იმის საშუალება, რომ ღმერთს არ განუდგეს, ორივე ადამიანს აქვს ანუ ორივე შემთხვევაში, ადამიანი უძღები შვილია, რომელიც მამის წიაღს გაურბის. იცი, რა მახსენდება? - აკაკი წერეთლის ,,ღამურა', ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობაო... როცა ადამიანი საკუთარ თავს უარყოფს, საკუთარი ტყავიდან გამოდის და უნდა, ის გახდეს, ვისაც ქვეცნობიერად ელტვის, საზოგადოებასთან კარგი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არასოდეს ექნება, ორმაგი სტანდარტებით იცხოვრებს და ამ მდგომარეობაში ყოფნა მობეზრდება... 

- ყველაფერი მესმის, მაგრამ მოდი, ღიად ვთქვათ, რომ მკვლელებს, ცალკეულ შემთხვევებს თუ არ გავითვალისწინებთ, ტაბურეტებით არ დავდევთ! ოდესმე პეტრე კოლხი ტაბურეტით ,,შეიარაღდება'? 
- პეტრე კოლხი ქვებითა და ხელკეტით არავის წინააღმდეგ გაილაშქრებს! ჩემი იარაღი რწმენა და ინტელექტია! პატივი რომ ამყარონ, შეურაცხყოფა რომ მომაყენონ და ცილიც დამწამონ, იმას, რაც მხოლოდ ღმერთმა მომცა, ვერასოდეს წამართმევენ! 

- მაშინაც ვერ წაგართმევენ, რომ განგკვეთონ? 
- რა თქმა უნდა, ვერა! ღმერთთან შინაგან კავშირს არასოდეს დავკარგავ! მღვდლობა ჩემთვის ცხონების გარანტია არასოდეს ყოფილა! 

- აბა, მღვდელი რატომ გახდი? 
- იმიტომ, რომ ღმერთთან თავს კომფორტულად ვგრძნობ! სირთულეებისა და ქარტეხილების მიუხედავად, მღვდლობა ძალიან საინტერესოა. საერთოდ, სირთულეები მიყვარს, რადგან მის გარეშე პიროვნების ფორმირება ვერ წარმომიდგენია! 

- ყველაფერ იმის გამო, რასაც მეუბნები, ეკლესიის შიგნით პრობლემები არ გაქვს? 
- თამამად გეტყვი: იმას, რასაც ვამბობ, ზოგიერთისგან განსხვავებით, პოპულისტობისთვის არ ვაკეთებ! 

- ზოგიერთში სასულიერო პირს გულისხმობ? 
- დიახ... მეტიც, ეკლესიიდან, როგორც ორგანიზაციიდან და არა როგორც ქრისტეს მისტიური სხეულიდან წასვლაზე უარი რომ არ ვთქვა, უფრო მეტს ვიტყოდი, უფრო თამამად დავწერდი და უფრო გულწრფელი ვიქნებოდი, მაგრამ როცა ამ ორგანიზმის წევრი ხარ, ეს გბოჭავს და გაკავებს. 

- საუბარი საითკენ მიგყავს? 
- პირველ რიგში, გული ერსა თუ ბერში დაგროვილ ცოდვებზე კი არა, იმაზე მწყდება, რომ მავანნი ჭკუას გასწავლიან და შენი მდინარის კალაპოტს გიწუნებენ, თვითონ კი სული ჭაობში აქვთ დამყაყებული! 

- ისევ სასულიერო პირებს გულისხმობ? 
- დიახ... 

- მამა პეტრე, .. თამამ ადგილებში, მაგალითად, კაფეში დადიხარ. სოციალურ ქსელში არც თამამი ფოტოსურათების გამოქვეყნებას ერიდები. ეს ხომ ერთგვარი გამოწვევაა? 
- არა, მე შინაგანი სახე ვარ! 

- ვისი? 
- ისინი, რასაც დაფარულში აკეთებენ, მე ცხადში ვაკეთებ! 

- კი ბატონო, მაგრამ .. კარის პრინციპი ხომ არსებობს - იმას, რასაც აკეთებ, საჯაროს რატომ ხდი? 
- ზღვის სანაპირო დახურული რატომ უნდა იყოს, როცა 6 შვილი მყავს და აქამდე ერთსაც არ აქვს გადაწყვეტილი, რომ სასულიერო პირი უნდა გახდეს. ეს ჩემი არჩევანის თავისუფალი ნება იყო. ჩემი შვილების არჩევანის თავისუფალი ნების შეზღუდვის უფლება კი არავის აქვს: არც მე და, მით უმეტეს, არც სხვას! 

- ზოგი მოძღვარი ქადაგებს, რომ მაგალითად, ქალმა სუნამო არ უნდა გამიყენოს და ზღვაში საცურაო კოსტიუმით არ შევიდეს. შარშან, თუ გახსოვს, ბათუმისა თუ ქობულეთის პლაჟზე ჯვარიც აღმართეს... ისევ გაუნათლებლობასთან მივდივართ? 
- ეს გაუნათლებლობისა და სარწმუნოების არასწორი გაგების ბრალია! ქრისტე მაცხოვარს მოციქულები და მენელსაცხებლეები ნელსაცხებელს ცხებდნენ და ეს ერთგვარი სურნელება იყო. გამოდის, ქრისტეს უნდა დავუპირისპირდეთ. არ ვამბობ, რომ ქრისტეს ,,შანელი' ესხა, მაგრამ იმხანად, ის კეთილსურნელება, რასაც ,,ნარდი' ერქვა, ,,შანელზე' ნაკლები არ ყოფილა - ,,ნარდი' ერთ-ერთი ძვირადღირებული ნელსაცხებელი იყო და ამით ქრისტესადმი თაყვანისცემას, პატივისცემას გამოხატავდნენ. მირჩევია, რომელიმე სასულიერო პირს ,,შანელის' სურნელი ასდიოდეს, ვიდრე ოფლის და ამით ადამიანები არ დააფრთხოს! 

- ისე, როგორც მახსოვს, ერთხელ, პატრიარქმა დაბანისა და სისუფთავის აუცილებლობაზე იქადაგა... 
- დიახ და როცა აქცენტს ასეთ პრიმიტიულ ქადაგებებზე ვაკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სარწმუნოების ანბანი ვერ გაგვიგია, უმაღლეს თეოლოგიაზე აღარაა ლაპარაკი. ერთმანეთისთვის იმის შეხსენება არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ უნდა დავიბანოთ და სუნით ვინმე არ შევაწუხოთ!
 
- მართალია, შენი მხრიდან პოლიტიკური განცხადება არასოდეს მომისმენია მაგრამ მაინც გკითხავ: ზოგი ამბობს, ეკლესიაზე რუსეთის გავლენა დიდიაო... ეს გიგრძნია? 
- ჩემზე ვერანაირი გავლენა ვერ იმოქმედებს და ცილს ვერავის დავწამებ - მცდელობაც არ ყოფილა. როცა პიროვნება ჩამოყალიბებულია და მისთვის იდეალები და ფასეულობები არსებობს, ვერავინ შეეხება, მაგრამ თუ რყევა შეგამჩნიეს, ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება, სამართავი მანქანა გახდეს. 

- მამა პეტრეზე კომპრომატები არსებობს? 
- კომპრომატები მხოლოდ ჩვენი ეპოქის ტრაგედია არაა. კათოლიკურ სივრცეში ამაზე უარესი ხდებოდა და დღემდე ასეა იმიტომ, რომ ეკლესია ქვეყნის ნაწილია და სასულიერო პირებიც ქვეყნის შვილები არიან. გარდა იმისა, რომ ვთქვათ, მამა პეტრე კაფეში შევიდა და ყავა დალია, სხვა კომპრომატს ვერ მომინახავენ! როცა აქცენტს ამაზე აკეთებ, ვთვლი, რომ იაფფასიანი პოლიტიკოსი ხარ და შენი მიდგომებიც პრიმიტიული და მარტივია, რადგან ქრისტე, ზომიერების ფარგლებში, სუნთქვასა და არსებობას არ გვიკრძალავს!
 
- რითი ცხოვრობ, 6 შვილს როგორ ინახავ? 
- (იღიმება) ტაძრიდან ყველაზე ნაკლები შემოსავალი მაქვს და, მიუხედავად იმისა, რომ 6 შვილი მყავს, არასოდეს მიწუწუნია - წუწუნი არ მიყვარს და ვცდილობ, შემოსავალი ჩემი ინტელექტუალური შრომით მქონდეს... 

- ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური შრომა მაინცდამაინც არ ფასობს! 
- ბოლომდე ვერ დაგეთანხმები - ორგან ლექციებს ვკითხულობ, გაკვეთილებს ვატარებ, წიგნების გამოცემაშიც აქტიურად ვარ ჩაბმული... ყველაზე მაგარი არ ვარ, მაგრამ ჩემი ბრალი არაა, რომ საზოგადოებას ჩემი პოეზია ძალიან მოსწონს - ერთ პრეზენტაციაზე შეიძლება, 300 წიგნი გაიყიდოს და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი დამრჩეს. 

- ...შური და კონკურენცია სასულიერო პირებს შორისაც არსებობს? 
- არც ვმალავ და არც უარვყოფ, რომ ძალიან დიდი შური არსებობს, მაგრამ სწორედ ეს მაძლიერებს და დიდი გეგმებიც მაქვს. შეიძლება, ყველაფრის გარეშე დამტოვონ, მაგრამ იმას, რაც ჩემშია და ღირებულია, არ ვიცი, თუ ტყვიას მესვრიან, თორემ სხვანაირად ვერ წამართმევენ! 

- პატრიარქის თანადგომას გრძნობ? 
- ის, რომ დღეს მამა პეტრე ფეხზე დგას, თუნდაც დაჭრილი და ქვებნასროლი, მისი უწმინდესობის დამსახურებაა! 

- ქვა ვინ გესროლა? 
- (დუმილი) ალბათ, იცი და დაკონკრეტება არ მინდა. მადლობა მათ, ძალიან დიდ ძალასა და ენერგიას მაძლევენ! არ ვიცი, რამდენად ნუგეში იქნება, მაგრამ მათ, ვინც ყოველთვის კრიტიკის თვალით მიყურებს, ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდები! 

- სასულიერო პირი რომ არ იყო, პოლიტიკაში წახვიდოდი? 
- ჩემთვის რელიგიაც და პოეზიაც პოლიტიკაა!.. ისე, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მაგარი ელჩი და რეიტინგული შემეცნებითი გადაცემის წამყვანი ვიქნებოდი! 

- შეგიძლია, გადაცემა ახლაც წაიყვანო... 
- ვაპირებ, რადგან ჩემი სამღვდელო მოღვაწეობით, არ შემიძლია, ოჯახი ვარჩინო. როგორც აღმოჩნდა, არც საპატრიარქოს აქვს იმის ,,რესურსი', მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმაროს.. თუ ვიღაც ეპისკოპოსს შვილი უცხოეთში სწავლობს, მამა პეტრეს შვილმა და ქართულ ეკლესიაში უამრავი მამა პეტრეა, აქ, თუნდაც კერძო სკოლაში, რატომ არ უნდა ისწავლოს? არ ვთვლი, რომ სასულიერო პირი სიღარიბეში უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ეს სიღარიბე ეკლესიის სულიერი სიღარიბითაა გამოწვეული... 

- შეგიძლია, შენც, როგორც მოძღვარმა, ფული იშოვო? 
- ეკლესიაში ფულის შოვნა ძალიან მარტივია, მაგრამ სასულიერო პირი ორიენტირებული ამაზე არ უნდა იყოს! ჩემი ყველაზე დიდი კაპიტალი ჩემი სულიერი შვილები არიან, რომლებიც არაორდინალური აზროვნებით, ხედვითა და მიზნებით გამოირჩევიან. ისინი ეკლესიაში იმიტომ არიან, რომ მამა პეტრე ყველა კითხვაზე გულწრფელად პასუხობს და ქრისტეთი დაინტერესდნენ. ჩემი მრევლის უმეტესობა მწერალი, პოეტია ანუ შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ჩემი მრევლი საყველპურო სამარხვო მრევლი არაა, ის სამყაროს აბსურდულობის იდეითაა შეპყრობილი! 

- ანუ, შერეკილები არიან! მაგარია! 
- გიჟები! როცა ვამბობ, რომ გიჟი ვარ, ზოგიერთ ერთუჯრედიანს ეს არანორმალური მდგომარეობა ჰგონია, ჩემთვის კი, არანორმალური მდგომარეობა თვითონ ისაა! არანორმალური ადამიანების კალაპოტში ჩასმა ბევრად რთულია, მაგრამ საინტერესო, ვიდრე იმ ადამიანებისა, ვისაც ვერ გაურკვევია, რატომ, მაგრამ ოთხშაბათსა და პარასკევს მაინც მარხულობს!
 
- ეს ხომ მონობაა? 
- რა თქმა უნდა. მე კი არ მინდა, ვინმეს მონა ვიყო ან მონა მყავდეს! ისე, ქრისტემ თავისი მოსვლით ძველ აღთქმაში ყველაფერი შეცვალა და საფუძველი ახალ აღთქმას ჩაუყარა! ამით ყველაფერი ნათქვამია!