საზოგადოებამ უკვე იცის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილებმა რევოლუციამდე მაღალჩინოსნებმა - ლევან მამალაძემ, სულხან მოლაშვილმა და ემზარ კვიციანმა სახალხო მოძრაობა შექმნეს და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ქუჩაში გამოსვლას გეგმავენ. ვიდრე საელჩოების წინ ხალხმრავალი აქციები დაიწყება და პროკურორებსა თუ მოსამართლეებს სახლების წინ ბანერს - “მოღალატე” დაუკიდებენ, ემზარ კვიციანი “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს: “სააკაშვილი და მისი “მეგობრები” უკვე გაიშიფრნენ - ისინი როგორც რუსულ, ასევე, ამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, მაგრამ სპეცსამსახურებს მათი უკრაინაში მუშაობა აღარ აწყობთ, ამიტომ შეიძლება “ჩააჩოჩონ” - ციხეებში გაუშვან ან, სულაც, მათი ლიკვიდაცია დაგეგმონ”. კვიციანის თქმითვე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახლა თავის გადასარჩენად იბრძვის, რაზეც სააკაშვილ-ადეიშვილის აბანოში ჩაწერილი საუბარიც მიანიშნებს, რომელიც უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.
- ბატონო ემზარ, ახალი მოძრაობის შექმნისა და სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეთ, რაც სააკაშვილ-ადეიშვილის აბანოში საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა?
- ყველაფერი გროვდება და პრობლემები ყოველდღიურად ერთმანეთს ემატება, მაგრამ ზენიტი ის თავხედობა იყო, როცა სააკაშვილისა და ადეიშვილის აბანოში საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. ეს უკვე იმის დასტურია, რომ ის, რასაც მოსახლეობა ფიქრობს, მართალია.
- მოსახლეობა რას ფიქრობს?
- იმას, რომ საქართველოში სიტუაციას სააკაშვილი მართავს. უკრაინაში მთელი “ნაციონალური” ბანდა იყო ჩასული და სააკაშვილთან ერთად პოზირებდა. ისიც გახსოვთ, რომ ჩემთან დარეკვის გამო ადამიანებს აწამებდნენ, რადგან ძებნილი ვიყავი. არადა, მართალი ვიყავი და ეს გამოჩნდა. ჩემთან შეხვედრას ის სამხედროები ვერ ბედავდნენ, რომლებთან ერთადაც ვმსახურობდი. ახლა, საინტერესოა, ესენი ძებნილ სააკაშვილთან შეხვედრას როგორ ბედავენ და მათ რატომ არავინ არაფერს ეკითხება? სააკაშვილთან, როგორც ძებნილთან ურთიერთობის გამო, ყველანი უნდა დაკითხონ, თორემ გამოდის, რომ სააკაშვილი საქართველოს დღესაც მართავს, ოღონდ - კულუარებიდან. ისინი ამბობენ, საქართველოს ბიძინა მართავს, მაგრამ ეს ტყუილია. ქვეყანას ბიძინა კი არა, სააკაშვილი მართავს!
- გამოდის, რომ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა უნდა, მაგრამ ამის უფლებას სააკაშვილი არ აძლევს?
- დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენა ბიძინასაც უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს.
- ბატონო ემზარ, ამბობთ, ამ საქმეში სააკაშვილს მხოლოდ რუსული კი არა, ამერიკული სპეცსამსახურებიც ეხმარებიან. ასეთ დასკვნას რის საფუძველზე აკეთებთ?
- სააკაშვილი რუსული სპეცსამსახურის, სავარაუდოდ, უკვე გენერალია - “კა-გე-ბე”-ში 18 წლიდან მსახურობს და უფლება აქვს მინიჭებული, რომ “ცე-რე-უ”-სთანაც ითანამშრომლოს. გამოდის, რომ ორი სპეცსამსახურის წარმომადგენელია, მათ დავალებებს ასრულებს და მათ მიერ საქართველოს დასაღუპადაა შექმნილი. ამის გამო ძალიან დიდი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი ქართულ სპეცსამსახურებს - თავიანთი სიტყვა უნდა თქვან და ღირსება დაიცვან, მით უმეტეს, დღევანდელ ქართულ სპეცსამსახურებში არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე რეპრესირებულები იყვნენ. სააკაშვილის ფაშისტური მმართველობა, პირდაპირ თუ ირიბად, ხომ თითქმის ყველას შეეხო.
- წლების განმავლობაში, თავს რუსეთს აფარებდით. მეტიც, მავანისთვის თქვენც რუსულ სპეცსამსახურებთან ასოცირდებოდით...
- ამაზე ყველაფერი ნათქვამი მაქვს - რუსეთში ტყვეობაში ვიყავი. რუსეთიდან შემოგზავნილი ჯაშუში და რუსეთში ტყვეობაში მყოფი ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. რომელი იყო საქართველოსთვის საზიანო? - მე რომ რუსეთში ვიყავი თუ სააკაშვილი საქართველოში რუსეთისა და აშშ-ის სასარგებლოდ რომაა შემოგზავნილი? ვინ ჩაიდინა სიგლახე და რომელი აისახა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე უარყოფითად?
- ბატონო ემზარ, კოდორის გუბერნატორად სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც მუშაობდით. თუ ხვდებოდით, რომ სააკაშვილი აგენტი იყო, თანამდებობა რატომ არ დატოვეთ?
- განცხადება ორჯერ დავწერე, მაგრამ არ გამათავისუფლეს - გაფორმებული ვიყავი, ხელფასს ვიღებდი, მაგრამ არანაირ ფუნქციას არ ვასრულებდი. მხოლოდ ერთი შემოდგომა მოვამარაგე ხეობა პროდუქტით.
- არგათავისუფლების მიზეზი არ გითხრეს?
- არა. მათი წესია - როცა რამის გაკეთება არ უნდათ, მიზეზს არ გაცნობენ. უბრალოდ, დროს წელავენ. ახლაც დროის გაწელვის პროცესი მიდის. ხომ იცით, მათ, ვინც უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, როგორი წესი აქვთ.
- საიდან უნდა ვიცოდე? მითხარით!
- თავიანთი სპეცსამსახურების ხელმძღვანელობასთან წერილს დაწერენ, ისინი ინსტიტუტებს გადასცემენ. ვიდრე დამუშავდება და გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ წერილს რა უნდა უქნან და როგორ უნდა იმოქმედონ, ამასობაში, დრო გადის. ამიტომაა, რომ ყველა საქმე იწელება. თუ რომელიმე სამსახური დიდი ხნის განმავლობაში პასუხს არ გცემს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი წერილი “შორსაა” წასული და შენი საქმეც იქ უნდა გადაწყდეს. მაგალითს გეტყვით: პროკურატურაში დიდი ხანია, კოდორის ხეობის საჩივარია შეტანილი, მაგრამ პასუხი დღემდე არაა იმიტომ, რომ ის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, სადღაც, შორს წყდება. გეუბნებით: საქართველოში არაფერი წყდება. ამიტომ ხალხი უნდა გამოვიდეს და ერთად დავდგეთ. სწორედ ამის შიში აქვთ უცხოელებს. გახსოვთ, ადეიშვილმა როგორ თქვა? - გაჭედილი გვყავდა კვიციანი, მაგრამ ხალხი გამოყარეს ქუჩაში და ამათ შეეშინდათო.
- ვის შეეშინდა?
- გამოდის, რომ ხელისუფლებას შეეშინდა. ამის მერე კითხვები კიდევ არსებობს? ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და ქუჩაში გამოვიდეთ. მთელ საქართველოში დავდივარ და მოსახლეობის აზრი ვიცი.
- ზემოხსენებული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ თქით, შეიძლება, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროსო. სააკაშვილის ინტერესებში თქვენი ლიკვიდაცია რატომ უნდა შედიოდეს?
- მაგათზე არაა ლაპარაკი - არც ადეიშვილი და არც სააკაშვილი არავის მალიკვიდირებელი ძალა არაა. ისინი მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ თავი გადაირჩინონ. ახლა ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რასაც ვლაპარაკობ და სხვა ქვეყნის აგენტობაში ვამხელ. იმ ქვეყანას, რომლებსაც ისინი აგენტებად ჰყავდა, აღარ დასჭირდება იმიტომ, რომ გაიშიფრნენ. შესაბამისად, ისინი უკრაინაში აღარ აწყობთ, ან ლიკვიდირებული იქნებიან, ან “ჩააჩოჩებენ” და ციხეში ჩასვამენ. ამის შიში აქვთ და იმიტომ ფაფხურობენ. ვინც ამის შესახებ იცის, არ უნდა გაჩუმდეს. ამის შესახებ ყველაზე კარგად ქართულმა სპეცსამსახურებმა იციან, მაგრამ გაჩუმებულები არიან. რატომ? - იმიტომ, რომ ვიღაც ამუხრუჭებს.
- ვინ “ვიღაც”?
- მხოლოდ ჩემი აზრი არაა და მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს აშშ-ის საელჩოა. რუსეთის სპეცსამსახურებიც ჩუმად არიან. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, მათ შორის რუსეთთანაც, აშშ-სთანაც და ჯანდაბასთანაც, მაგრამ ღიად და არა - კულუარულად. როცა ვიღაცას მოსალაპარაკებლად ფარულად დაუჯდები და მისი აგენტი ხარ, მისი საქმე კეთდება. როცა ამას კაცურად გააკეთებ, რაღაცა პროცენტი შენი საქმეც გაკეთდება. ბოლო წლებში, საქართველოს სასარგებლოდ რამე გაკეთებულა? - არაფერი და ეს იმიტომ, რომ იქ ჩვენი მოყვანილი არავინ დამჯდარა! ვერ მოვიყვანეთ ჩვენი კაცი ხელისუფლებაში. ერთადერთხელ იყო ზვიადი, მაგრამ რაც მოხდა, კარგად ვიცით. ზვიადიც რომ ვერ შევინარჩუნეთ, ესეც ქართული სპეცსამსახურების “დამსახურებაა”.
- რატომ გგონიათ, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა პროცესებს შემოაბრუნებს?
- როცა 18 წელი მომისაჯეს, მერე, ამნისტიით 6 მომიხსნეს და 12 დამიტოვეს, ხალხი ქუჩაში ხომ გამოვიდა, დაახლოებით 25 ათასი კაცი? ხომ დადგა შედეგი? - დადგა, მაგრამ სასურველი მაინც არა. მაგიდას და სკამებს არ მიბრუნებენ, ეს ხომ მათ ხელშია და სპეცსამსახურები ამას რატომ არ უყურებენ? - იმისთვის, რომ გამაღიზიანონ და რამე ცუდი ჩავიდინო, საქართველოს წინააღმდეგ გამომიყენონ. ამას არც მე გავაკეთებ და არც - ის ხალხი, ვინც რეჟიმის გამო დაზარალდა. ჩვენ ერთად შევიკრიბებით და საქართველოს საქმეს გავაკეთებთ - საქართველოს იმ მოღალატეებისგან გავათავისუფლებთ, ვისაც სააკაშვილი და მისი ბანდა ჰქვიათ! “ნაცმოძრაობა”, როგორც პარტია საერთოდ უნდა აიკრძალოს და მაშინ წავა ქვეყანა უკეთესობისკენ. იმ გზით სიარული, რომლითაც ისინი დადიოდნენ, ვერავინ უნდა გაბედოს!
- ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რომ რევოლუციამდე ჩინოვნიკები ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავთ...
- დამისახელონ, თუ მქონდა რამე პრივილეგია? თუ პრემია ამიღია, ან სამივლინებო თანხები დამიხარჯია ან, სულაც, გაარკვიონ, ხელფასი რამდენი მქონდა და რას ვაკეთებდი. მაშინ პოლიტიკაში არ ვიყავი. ჩემი პოლიტიკა იქ მთავრდებოდა, სადაც კოდორის ხეობის საზღვრები გადიოდა. ახლა კი, პოლიტიკაში ვარ ჩართული, მაგრამ ამ მოძრაობას ვუერთდები არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც დაზარალებული და ამ ადამიანებისაგან შეურაცხყოფილი. მათ ცხოვრება მთლიანად დამინგრიეს და ამიტომ, ჩემი უფლებები უნდა აღვიდგინო!
- განცხადებაში, რომელიც თქვენი მოძრაობის სახელით გავრცელდა, ხარძიანის საქმეცაა ნახსენები. ერთ-ერთ ინტერვიუში კი თქვით, რომ უდესიანს ხარძიანის მოკვლა არ აწყობდა, რამაც ბევრი გააკვირვა.. ეს რატომ თქვით?
- ვიდრე ვინმეს განსჯი, ადამიანს მის ადგილას საკუთარი თავის დაყენება უნდა შეგეძლოს. მე რომ უდესიანის ადგილზე ვყოფილიყავი, ამას არ გავაკეთებდი. დააყენეთ თქვენი თავი მის ადგილას, გაითვალისწინეთ, რომ ორივე სვანია, ეს მტრობა თაობებში გადადის და მიხვდებით, რატომ არ აწყობდა უდესიანს, ვიღაცას რამე დამართოდა და ეს მას დაბრალებოდა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უდესიანი აქ არაფერ შუაშია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი მეგობრები, რომლებიც “ნაცმოძრაობასა” და სხვადასხვა სპეცსამსახურებში იმყოფებიან, ასევე, სუფთები არიან. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს უდესიანისა და ხარძიანის საწინააღმდეგოდ მათი გაკეთებულია!
- ეს მხოლოდ ვარაუდია თუ ხელში კონკრეტული ფაქტიც გიჭირავთ?
- ეს დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნაა, თუმცა ისიც მაინტერესებს, გამოძიება ასე მალე რატომ გაჩერდა და საქმე გახსნილი რატომ არაა? - იმიტომ, რომ ამ საქმეში ვიღაც ისეთი ურევია, ვისზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ყოველთვის ასეა - საქართველოში ნებისმიერი ტერაქტი თუ მკვლელობა, სადაც სტრუქტურების ინტერესი იყო ჩადებული, არ იხსნებოდა. იქ კი, სადაც ადგილი ჩვეულებრივ კრიმინალთან გვქონდა, საქმე ორ საათში იხსნებოდა. საგამოძიებო სამსახურები ტექნოლოგიურად წინ ისე არიან წასულნი, რომ ყველა დეტალს ერთ-ორ საათში ადგენენ და საქმესაც ხსნიან, მაგრამ ასეთი საქმეები ყოველთვის შეჩერებულია. ამ საკითხზე არც პოლიტიკური პარტიები აქტიურობენ იმიტომ, რომ ამ საქმეს ისეთი სახე მისცეს.
- როგორი?
- ოჯახური კონფლიქტი დაარქვეს და ეს იმისთვის გააკეთეს, რომ ხალხი “დაენაყრებინათ”. ეს არაა ოჯახური კონფლიქტი, ეს სპეციალური დაკვეთაა! ბესიკ ხარძიანი ისევე, როგორც ვაზაგაშვილი სამართლიანობის აღდგენას შეეწირა.