“ივანიშვილს უთქვამს, შენზეც და ირაკლიზეც ჩემთან უამრავი ამბავი მოაქვთო...”

“ივანიშვილს უთქვამს, შენზეც და ირაკლიზეც ჩემთან უამრავი ამბავი მოაქვთო...”

რატომღაც მგონია, რომ ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ქობულეთის საკრებულო საგანგებო სხდომას გამართავს და ირაკლი ალასანიას თანაგუნდელ, “თავისუფალ დემოკრატალექსი პეტრიაშვილს დაგმობს! ახლა, იკითხავთ, სად ქობულეთის საკრებულო და სად - ალექსიო, მაგრამ განა, არ იცით, რომ ქობულეთელი კანონმდებლები საქართველოს გასცდნენ და უკვე აშშ-ის სახელმწიფო საქმეებს განაგებენ? მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს და, გთავაზობთ ინტერვიუსთავისუფალი დემოკრატებისერთ-ერთ ლიდერთან, ალექსი პეტრიაშვილთან, რომელთან საუბარიც მისივე თანაპარტიელის, ნინო გოგუაძის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებით დავიწყე, ანუ ამას წინათ, გოგუაძემ თქვა, ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში ვიცოდი, რომ ირაკლი ალასანიას კოალიციაში პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს და ამის თაობაზე პარტიისსტაფიცგავაფრთხილეო...  

- ბატონო ალექსი, თუკი 2013 წლის იანვარში იცოდით, რომ ირაკლი ალასანიასთვის პოლიტიკური განაჩენი გამოტანილი ჰქონდათ, კოალიცია 2014 წლის შემოდგომამდე რატომ არ დატოვეთ?

- არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ხალხი ამაყობს და იკვეხნის, რომ პარტიული ინტერესები გვერდზე აქვს გადადებული და მხოლოდ საქვეყნო ინტერესებიდან მოქმედებს. თუ ასე ვინმე მოქმედებს, ეს “თავისუფალი დემოკრატები” - ირაკლი ალასანია და მისი გუნდია.

- ვერ გავიგე, მოდით, უფრო მარტივად მითხარით...

- ის, რაც 2013 წლის იანვარში მოხდა, ჩვენთვის ძალიან შეურაცხმყოფელი და სერიოზული განსჯის საგანი იყო, მაგრამ ირაკლის საქებრად უნდა ითქვას, რომ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო - პირადულზე ზემოთ სახელმწიფო ინტერესები დააყენა, ოღონდ მინდა, გითხრათ, რომ ამაზე საჯაროდ არ ულაპარაკია, თორემ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა და მაშინ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა.

მოკლედ, გადავწყვიტეთ, რომ ის, რაც მაშინ მოხდა, ისე მიგვეღო, როგორც მოცემულობა და იმ მიზნებისკენ სვლა, რაც ნატო-ს, ჯარის გაძლიერებისა და სამხედრო-პოლიტიკური განმტკიცების მიმართულებით გვქონდა, გაგვეგრძელებინა. რეალურად, კონკრეტული შედეგიც დადგა - ხელმოწერილი იქნა ასოცირების ხელშეკრულება, რომლიდანაც 27 ივნისს ერთი წელი გავიდა.

- ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, ასოცირების ხელშეკრულებას ამ ერთ წელში თვალშისაცემი სიკეთე არ მოუტანია...

- ეს მარტივი არაა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება...

- სახელმწიფო ხელს უწყობს?

- მაგალითად, ჩემი უწყება ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით მაქსიმალურად იყო მობილიზებული, თუ რას ნიშნავს 500-მილიონიან ბაზარზე საქართველოს და ქართული პროდუქციის გასვლა. ვინაიდან ოპოზიციონერი ვარ, არ მინდა, ყველაფრის და ყველას მიმართ კრიჭაში ჩადგმულის პოზიციიდან ვილაპარაკო. ერთიანი კომუნიკაციის სტრატეგია გვქონდა შემუშავებული...

- ეს სტრატეგია მას მერეც მუშაობს, რაცდემოკრატებმახელისუფლება დატოვეთ?

- იმ ძალითა და ენერგიით - აღარ. სახელმწიფო ნება არ ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებას.

- ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო დონეზე, მაგრამ აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების კანონი მიიღეს. მეტიც, ქობულეთის საკრებულომ ეს კანონი დაგმო! ისიც ითქვა, ერთსქესიანთა ქორწინებას საქართველოში მხარსნაციონალებიდათავისუფალი დემოკრატებიუჭერენო...

- (იცინის).

- ბატონო ალექსი, ყველაფერ ამით აშშ-ის და, საერთოდ, მთელი დასავლეთის დემონიზაცია ხდება?

- დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით და ამ კუთხით საქართველო გამონაკლისი არაა - მოლდოვასა და უკრაინაშიც ყველაფერი ამ სცენარითა და მითებით მიმდინარეობს. პუტინის პროპაგანდისტული მანქანა ახალს არაფერს იგონებს.

- ანუ, დასავლეთის დემონიზაციის უკან პუტინის პროპაგანდისტული მანქანა დგას?

- შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, საზოგადოებაში იმის დამკვიდრება, რომ ევროპული ღირებულებები და ფასეულობები მხოლოდ ერთსქესიანთა ქორწინებაა, სწორედ პუტინის პროპაგანდისტული მანქანის დამსახურებაა.

ვანო, ძალიან კარგია, ეს შეკითხვა რომ დამისვით და მინდა, ჩემი და მთელი პარტიის პოზიცია დავაფიქსირო: ჩვენთვის ცალსახად ნათელია, რომ ერთი ადამიანის დისკრედიტაციაც არ უნდა მოხდეს და ამიტომ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მომხრეთა რიგებში ვიყავით, მაგრამ ჩვენთვის ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგნი ვართ!

- ესე იგი, ბატონო ალექსი, ამ კუთხით პრემიერის მხარდამჭერები ხართ? მოგეხსენებათ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ყველაფერს გავაკეთებ, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობლიობააო...

- ამ პოზიციას მხარს მაშინაც ვუჭერდით, როცა კოალიციაში ვიყავით, თუმცა კონსტიტუციაში ამის ჩაწერის გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობს. იუსტიციის მინისტრს დავესესხები და ვიტყვი, რომ სამოქალაქო კოდექსში ამ მხრივ ყველაფერი დაფიქსირებულია. ისე, თუკი აუცილებელი გახდა, წინააღმდეგი არ ვარ, რომ ამ თემაზე რეფერენდუმი ჩატარდეს. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გაწევრიანდა, ხორვატიაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება-არდაკანონებაზე რეფერენდუმი გაიმართა და ხორვატმა ხალხმა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. მოკლედ, არავინ არაფერს გვახვევს, გარდა იმისა, რასაც რუსული პროპაგანდისტული მანქანა ცხვირში გვტენის...

- რუსულ პროპაგანდას, ალბათ, საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგებიც დაემატება, აი, ბერძნებმა ევროკავშირზე უარი თქვესო...

- ცხადია...

საერთოდ, მთელი მსოფლიო ხომ უნდა გავაოცოთ და ეს გაოცება არ უნდა შევწყვიტოთ: ქობულეთის საკრებულო ადგა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო. არადა, ამ გადაწყვეტილებაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულება არც აშშ-შია - ტეხასის შტატის გუბერნატორმა და პროკურორმა განსხვავებული პოზიცია გამოხატეს. ველოდი, რომ ქობულეთის საკრებულო ტეხასის შტატის გუბერნატორსა და პროკურორს მიესალმებოდა და მხარს დაუჭერდა.

- ყველაფერი წინაა... ისე, როგორ ფიქრობთ, ქობულეთის საკრებულო ასე რატომ მოიქცა?

- ამის თქმა ძალიან მერიდება, მაგრამ ჩვენი პრობლემა არაკომპეტენტურობა და “არამკითხე მოამბეობაა”. იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხმა ქობულეთის პრობლემებზე იმუშაოს, ზის და ასეთ დადგენილებებს იღებს.

- ქობულეთის საკრებულო ამ დაგმობით, ეგებ, პრემიერის ზემოხსენებულ განცხადებას გამოეხმაურა?

- არც მაამებლობას გამოვრიცხავ, რაც მაღალი და დაბალი რანგის ჩინოვნიკებსაც ახასიათებთ, მაგრამ ჩემი მწვავე კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ამას მთავრობაში ისეთივე იუმორნარევი სიბრაზით შეხვდებოდნენ, როგორც მე შევხვდი. ტურისტული სეზონია და იმის მაგივრად, რომ ამაზე იფიქროს, ქობულეთის საკრებულო საქართველოს გასცდა და აშშ-ს მიადგა.

- ორიოდ დღის წინ, როგორც ითქვა, გურიაშინაციონალებმადათავისუფალმა დემოკრატებმაერთი ფრაქცია შექმნეს. ამასაც პუტინის პროპაგანდისტული მანქანით ხსნით?

- არა. ეს თვითშემოქმედებაა. საერთოდ, გადაბირება ყოველთვის იყო და იქნება. სხვათა შორის, ეს ყოფილი პრემიერის მესიჯის დაბალი დონიდან განხორციელებული ქმედებაა - აი, ეგენი მაინც ერთნი არიანო.

- იმას, რომნაცებიდა თქვენმაინც ერთნი ხართ”, მაშინაც გეუბნებოდათ, როცა კოალიციაში იყავით?

- არა. ბიძინა ივანიშვილთან ძალიან გულწრფელი საუბრები მქონია. მწვავედაც გვიკამათია... მისი გადმოსახედიდან, ეს ძალიან მკაფიო პიარული გათვლაა, ანუ იციან, რომ “თავისუფალ დემოკრატებს” სერიოზულ ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბების სერიოზული რესურსი გვაქვს. მათ სცენარში, “ნაცმოძრაობა” მტრის ხატია. ამიტომ პარალელებს ავლებენ და ადამიანებს მუდმივად თავში უბეჭდავენ, “ნაციონალები” და “დემოკრატები” ერთნი არიანო...

- ალექსი ბატონო, მომიტევეთ, მაგრამ ამ მსჯელობაში არ გამოგყვებით და აი, რატომ: თუ გახსოვთ, ამას წინათ, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, ხალხს მიშას დაჭერა აღარ აინტერესებსო. შესაბამისად, არ მგონია, “ნაცებისადა თქვენი გაიგივებაოცნებისპარტიული სტრატეგია იყოს...   

- ვანო, მსჯელობაში მე გამოგყვებით: უნდოდათ, დასავლეთისთვის ეთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილს “გაეშვნენ”. ასეა თუ ისე, ჩვენი და “ნაციონალების” გაიგივება არ გამოუვათ, მიუხედავად იმისა, ჩვენგან გარიცხული წევრის მხრიდან ადგილი თვითშემოქმედებას ჰქონდა თუ სპეციალური სამსახურების დახმარებას.

- სპეცსამსახურების დახმარებაში ფინანსებს გულისხმობთ თუ, ვთქვათ, მუქარა-ზეწოლას?

- ნებისმიერი სახის “დახმარებას”. წინა ხელისუფლების დროს, მუშაობა ძალიან სასტიკი მეთოდებით მიდიოდა - ოჯახის წევრების დაჭერის მუქარა, ჩაწერა, დაშანტაჟება...

- დაშანტაჟება ინტიმური კადრებით?

- დიახ, დიახ...

- “ნაციონალებსინტიმური კომპრომატებითავისუფალ დემოკრატებზეცჰქონდათ?

- ერთ-ერთ კოორდინატორს, რომელიც სამეგრელოში, ბრძოლაში, ჩვენთან ერთად იყო, პირდაპირ უთხრეს, თუ არჩევნების დღეს უბანზე მივიდოდა, მის შვილს ტყეში წაიყვანდნენ და გააუპატიურებდნენ. დღეს ზეწოლა შედარებით რბილი ხერხებით მიმდინარეობს.

- მაგალითად?

- უკეთესი სამსახურის პერსპექტივა, ან ოჯახის წევრისთვის უკეთესი სამსახურის შეთავაზება...

- ესე იგი, პრინციპი - იმას, რასაც ვერ იყიდი დიდი ფულით, იყიდი ძალიან დიდი ფულით - კვლავ აქტუალურია?

- რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს თავისი მიდრეკილება აქვს, მაგრამ მინდა, თქვენი გაზეთით ვუთხრა: ეს “თავისუფალ დემოკრატებზე” არ იმუშავებს! “ნაცმოძრაობასთან” თანამშრომლობაზე ჩვენი პოზიცია კარგად იციან. დარწმუნებული ვარ, მას მერე, რაც ოპოზიციაში ვართ, მოსასმენი საშუალებები მობილიზებული აქვთ...

- იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი ოფისი ისმინება?

- ოფისიც და ტელეფონიც.

- რაღა დაგიმალოთ და, არ მჯერა, რადგანოცნებისშემქმნელები სწორედ ფარულ მოსმენებს ებრძოდნენ...

- (იცინის) ამას მაშინ ებრძოდნენ, როცა ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ხელში იყო.

- ბატონო ალექსი, სიტყვამ მოიტანა და, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრი თითქმის ორი წელი იყო, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს, ასე ვთქვათ, ბაზაში, კერძოდ, ოქროყანაშიოთახისხელამოსასმენი აპარატურა თინა ხიდაშელმა აღმოაჩინა...

- გზავნილის კორექტირება, თუ რა აპარატურა იყო და ვის რა გადაეცა, თინას მოუწია.

- ალასანიამ ამ აპარატურის არსებობა იცოდა თუ არა?

- მინისტრობის პირველივე დღეებში, შესაბამისი წერილობითი გაფორმების შემდეგ, ირაკლიმ ყველა ის აპარატურა, რომელითაც ხალხს უშუალოდ უსმენდნენ, შსს-ს გადასცა. ეს კი, სხვა, სატელიტური კომუნიკაციისთვის განსაზღვრული აპარატურაა, ოღონდ - კომპლექსის ნაწილი, ანუ ამ აპარატურით რომ მოუსმინო, დამატებითი ელემენტები გჭირდება, მაგრამ ამ ელემენტების შესყიდვა ვერ მოასწრეს. შესაბამისად, ამ აპარატურის დოკუმენტური მოკვლევა მიდიოდა...

- მარტივად მიპასუხეთ: ამ აპარატურის არსებობის შესახებ ირაკლი ალასანია ინფორმირებული იყო თუ არა?

- ინფორმირებული იყო, აბა, რა!

- ესე იგი, ოქროყანაშიოთახისხელა მოსასმენისაღმოჩენა პიარი იყო და მეტი არაფერი?

- აბა, რა?!

- სხვათა შორის, თინა ხიდაშელმა განაცხადა, საფრანგეთთან ალასანიამ, უბრალოდ, მოლაპარაკებები დაიწყო, თორემ ყველაფერი მინდია ჯანელიძემ გააკეთაო, ანუ ამ განცხადებით ხიდაშელმა მოსაზრება, რომრესპუბლიკელებიდადემოკრატები” “მონათესავე სულებიარიანო, გააქარწყლა?  

- საქმე ისაა, რომ თინა განცხადებების ტონალობას ცვლის ხოლმე.

- ეს დიპლომატიაა?

- მუშაობის მეთოდია - ყოფილმა პრემიერმა ის განცხადება მოისმინა, რისი მოსმენაც სურდა.

- ახლა, თქვენდაუნებურად, ხიდაშელისთამაშის წესებიგაშიფრეთ...

- რა ძნელი გასაშიფრი ესაა? “რესპუბლიკელებს” კოალიციის შიგნით პოზიციები გაუმყარდათ და იმედოვნებენ, რომ პოზიციას კიდევ უფრო გაიმყარებენ.

- კულუარებში გავიგე, შემოდგომაზე ხიდაშელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენო. ამის შესახებ თქვენც გსმენიათ?

- ღმერთმა ხელი მოუმართოს! თინას იმის კორექტირება და გასწორება მოუწევს, რასაც კოალიციის სხვა სუბიექტები ამბობენ.

- ისე, კოალიციაშირესპებისპოზიციების გამყარება, მგონი, თქვენთვისაც კარგია - სხვა თუ არაფერი, დასავლური პოლიტიკის კუთხით მეკავშირეები ხელისუფლებაშივე გეყოლებათ!

- კოალიციაში “რესპუბლიკელებს” სერიოზული ბრძოლები მოუწევთ და სხვა სუბიექტებთან აქვთ კიდეც.

- მაგალითად, ვისთან?

- იგივე, “მრეწველებთან”. ისე, ამ ადამიანებმა დეკლარაცია დაარღვიეს და ამბობენ, ევრაზიული კავშირიც რატომ არ ვცადოთო. ეს უკვე თინა ხიდაშელის, დავით უსუფაშვილის, ლევან და დავით ბერძენიშვილის თავსატკივარია.

- შეიძლება, მაგრამ ანტირუსული კუთხით, “რესუბლიკელებიკოალიციაში ერთგვარი მუხრუჭის როლსაც ასრულებენ...

- მუხრუჭი სადამდე იქნებიან? პარტია “ქართული ოცნების” წევრებიც ამბობენ, მაგალითად, ზაზა პაპუაშვილი, ამ აშშ-მ რა მოგვიტანა, პამპერსების მეტი ვერაფერი მივიღეთო. ნუკრი ქანთარიაც ამ კონტექსტში საუბრობს...

- თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით, ჩემთან ყველაზე ახლოსრესპუბლიკელებისიდეოლოგია დგასო...

- დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილმა აშშ-სთან პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ფასი ძალიან კარგად იცის! ამაზე გვიმსჯელია და მგონია, რომ გულწრფელი იყო, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია.

- ვერ ვხვდები, რაში?

- მიხვედრა რთული არაა, მაგრამ შევეცდები, განვმარტო: როცა თავდაცვის უწყებაზე მიზანმიმართული შეტევა მაშინ ხდება, როდესაც ამ უწყების ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ხელმძღვანელი ნატო-ს ორი წევრი ქვეყნის დედაქალაქში უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებზე იმყოფება და ამ დროს მის თანამშრომლებს აპატიმრებ, თან ყველა ფურცელი, რომელიც თავდაცვის საქმიანობას ეხება, გაგაქვს, ეს, რეალურად, შტურმია, ანუ ან ვერ ათვითცნობიერებ, ეს შეტევა რას ნიშნავს, ან ძალიან კარგად აცნობიერებ და იმ ჯაჭვს, რომელიც ქვეყანასა და ნატო-ს შორის უმნიშვნელოვანესია, მიზანმიმართულად ურტყამ!

არც ის აწყობთ, რომ ირაკლი ალასანია, როგორც პოლიტიკური ფიგურა გაძლიერდეს. ალასანია სამიზნეში იმიტომ ჰყავთ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა, რომლის უკანაც მზარდი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა დგას. ყველა გამოკითხვაში, 2011 წლიდან მოყოლებული, ირაკლი ალასანიას რეიტინგი ძალიან მაღალია და მუდმივად სამეულშია. ხალხი სწორედ ისეთ ლიდერს ეძებს, რომელიც ქვეყნის საქმეს გააკეთებს და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაზე იქნება ორიენტირებული.

- ერთი ვერსიით, ივანიშვილსა და ალასანიას შორის დაპირისპირების რეალური საბაბი ის ფარული ჩანაწერი გახდა, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე გავრცელდა და რომელშიც ალასანია ივანიშვილს არაკორექტულად მოიხსენიებს...

- ამ ვერსიის ორი რამის გამო არ მჯერა: ჯერ ერთი, ეს ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს არ ეხება.

- აბა, ვის ეხება?

- ამას მნიშვნელობა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ეს საუბარი მას არ ეხება. უბრალოდ, კომპილაცია გაკეთდა.

- არაკორექტულად ალასანია კოალიციის რომელიმე წევრს მოიხსენიებდა?

- არა... ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს... ამ ჩანაწერის გარეშეც, ივანიშვილის კარზე ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ინტრიგების ქსოვა სხვადასხვა ლიდერის მხრიდან მუდმივად ხდებოდა. სხვათა შორის, ივანიშვილს უთქვამს, შენზეც და ირაკლიზეც ჩემთან უამრავი ამბავი მოაქვთ, მაგრამ ხომ არ დავიჯერებო, მაგრამ ადამიანს, თუ სურვილი გაქვს, რაღაც პერიოდის განმავლობაში, დაიჯერებ.

- ბატონო ალექსი, რა ამის პასუხია და, რაფალიანცის ტრაგედიის დროს, ალასანია კახეთში როგორ აღმოჩნდა?

- ეს კოალიციის გადაწყვეტილება იყო.

- ანუ, შტაბმა დაავალა, რომ ტრაგედიის ადგილას ჩასულიყო?

- დიახ.

- წეღან ინტრიგები ახსენეთ და, ეგებ, კახეთში სპეციალურად გაუშვეს?

- ვანო, ეს უკვე კონსპირაციაა.

- შეიძლება, მაგრამ ამ კონსპირაციას არსებობის უფლება აქვს...

- რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო და იმის თქმა, ვიღაცამ მოიფიქრა, მოდი, ალასანია კახეთში გავუშვათ და მერე, შარში გავხვიოთო, ზედმეტია. ამას თვით ნიცშეზე მაღლა მდგომსაც არ დავაბრალებ!

- ისიც კონსპირაცია იქნება, რომ ვთქვათ, ალასანია კოალიციაში მიზანმიმართულად შეიტყუესო?

- (იღიმება) შესატყუებელი არაფერი გვჭირდა! ძალიან მკაფიო პრაგმატული ინტერესი გვქონდა, არაფერი პიროვნული, მხოლოდ ბიზნესი!

- ბიზნესი? - ამას ხალხი ცუდად გაიგებს.

- ასეთი გამოთქმაა - არაფერი პიროვნული, მხოლოდ ბიზნესი! ურთიერთდამოკიდებულება ბრძოლაში გამოვლინდა, თორემ მანამდე ბიძინა ივანიშვილი ნანახიც არ მყავდა. ადრეც მითქვამს და ახლაც ხაზს გავუსვამ: ადამიანს მადლიერების გრძნობა ყოველთვის უნდა გქონდეს. იმ ბრძოლაში, რომელშიც ერთად ვიყავით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე იმართებოდეს, როგორც ერთი ადამიანი მოიფიქრებს. დედას გეფიცებით, მართლა ვწუხვარ, რომ ეს ქმედება ინსტიტუციების დანგრევისა და ქვეყნის იმიჯის დაკნინებისკენაა მიმართული, საქართველოში განსაკუთრებული არაფერია, ბალახზე უფრო დაბლა და წყალზე უფრო ჩუმად ვიყოთ, არავის არეალში არ მოვხვდეთ და მთავარია, ბუნტი ნუ იქნებაო. ეს არასწორი პოზიციაა! მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მხოლოდ გამარჯობით ვიცნობ, მაგრამ ის, რაც ხდება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ეს შემთხვევითი გაფრთხილება ხომ არაა?! ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შემცირება არ შეიძლება!

პროკურატურის პოლიტიზირება უმაღლეს ხარისხშია, შესრულება კი, უმდარესი ხარისხისაა. დარწმუნებული ვარ და ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება, რომ “კაბელების საქმეზე” ირაკლი შოთაძის “თავი გაგორდება”!

- მთავარი პროკურორისთავის გაგორებასაცელით?

- ბადაშვილი მეორეხარისხოვანია. პროკურატურის ამ ჯგუფს, რეალურად, ოთარ ფარცხალაძე კურირებს - არსად წასულა და აღიარა, პირადული სალაპარაკო მაქვსო. მართლა მაინტერესებს, ცალი თვალით შემახედა, რა პირადულზე საუბრობენ.

- ...ბუნტი იქნება?

- როგორ გეკადრებათ! გამორიცხულია, თუმცა თუკი ხელისუფლება ასე გააგრძელებს, უკმაყოფილების ხარისხი უმაღლესი იქნება.

- “დემოკრატებიამ უკმაყოფილებას წაუფითილებთ?

- არავითარ შემთხვევაში! ჩვენი მთავარი ამოცანა, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაა!

- ისე, ბატონო ალექსი, გირჩევთ, ხელისუფლებაზე ცუდი აღარაფერი თქვათ, თორემ ქობულეთის საკრებულო დაგგმობთ!

- ძალიან მაინტერესებს, ამ დაგმობას როგორი სახე ექნება - განცხადებას გაავრცელებენ თუ საჯარო სახე ექნება. საერთოდ, კარგია, როცა ინტელექტუალთა ნაკრები გმობს!

- რა ამის პასუხია და, საგარეჯოსა და მარტვილის არჩევნებშიდემოკრატებიმონაწილეობას გეგმავთ?

- ვფიქრობთ... გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენს გადაწყვეტილებას გავახმოვანებთ...

- ასეა თუ ისე, ბატონო ალექსი, მაინც არ მეუბნებით, პუტინის პროპაგანდისტულ მანქანას რას უპირისპირებთ?

- ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ სოფლად გლეხს და დიდ ქალაქებში მწარმოებელსა თუ ბიზნესმენს დაანახო, თუ რისი გაკეთება შეიძლება და სადაა სახელმწიფოს როლი, რომ ევროპულ ბაზარზე პროდუქცია გაიტანოს, მაგრამ იმის დემონსტრირება არ ხდება, ევროპულ ბაზარს თუ რა სიკეთე მოაქვს.

- ხალხს თქვენ როგორ აჩვენებთ, რომ დასავლეთი რუსეთს სჯობია?

- ადამიანებს, პირველ რიგში, მწვავე პრობლემებზე ველაპარაკებით, მერე კი, საუბარი სიღრმეში მიდის. მაგალითად, შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში, ადამიანებს განსაკუთრებული სიმწვავით აინტერესებთ, თუ როგორი იქნება ჩვენი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთთან კონფრონტაცია ავიცილოთ, მაგრამ ევროატლანტიკურ ოჯახში შესასვლელად უკან ერთი ნაბიჯითაც არ უნდა დავიხიოთ. რუსეთი უზარმაზარი მონსტრია, რომელსაც იმპერიული წარსული და სურვილები აქვს. მის სათავეში კი ის კაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მისტირის. ამას წინათ, რუსეთის პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო, თუ რამდენად სწორად მოხდა ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება. საქმე, მგონი, უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გვაქვს. ქობულეთის საკრებულოს ეს არ დაუგმია. ასევე, არ დაუგმია, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელმა დედაქალაქის აეროპორტის არქიტექტორი რომ დახვრიტა. იუმორი იქით იყოს და, ხალხს მნიშვნელოვან საგარეო პრიორიტეტებზე ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ელაპარაკებოდეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები კი, ხელისუფლებამ გადადგას.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა 15 დეკემბერია. თუკი მთავრობა დაელოდება და ევროპის დედაქალაქებში კოლეგებს კარს არ აუტალახებს, 15 დეკემბერი მოვა და აქაურობა სულ რომ გადაალაგონ, უარის სათქმელად მიზეზს ისევ იპოვიან.

- ასეა თუ ისე, გადავრჩებით?

- აბა, რა?! ყველაფერი კარგად იქნება!