ცივილური მსოფლიო, ხატოვნად რომ ვთქვათ, ელადელებზე გაბრაზებულია. კმაყოფილი მხოლოდ კრემლის მმართველი ჩანს - დიახ, პუტინს უხარია, რომ საბერძნეთმა ევროკავშირის წინააღმდეგ ერთი ნაბიჯი გადადგა. ქართველი რუსეთუმეებიც დავლურს უვლიან და იმის იმედით, რომ მკვდრადშობილ ევრაზიულ კავშირს ოდესმე “პულსი გაესინჯება”, პუტინის სახელზე სულ დაუჯდომელ ლოცვებს აღავლენენ... რა გავლენას მოახდენს ბერძნული რეფერენდუმის შედეგები კავკასიაზე? - უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე ამბობს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებით რუსეთი ისარგებლებს და აქტიურ ქმედებაზე გადავა. ამასთან, “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლის 71-ე, როგორც იტყვიან, გამოშვებაში, ქართველი სპეცსამსახურელი იარაღის უკანონო ბიზნესის ახალ დეტალებს შიფრავს და აცხადებს, რომ თუკი საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამ საქმის გამოძიებას არ დაიწყებს, საქართველო, შესაძლოა, მორიგ საერთაშორისო სკანდალში გაეხვას. მაშ ასე, ვინ არის სლობოდან ტეშიჩი, რა საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ბაჩო ახალაიას იორდანიასთან და რატომ მიდის საქართველოს ბიუჯეტიდან გადარიცხული 25 მილიონის კვალი ერაყსა და სირიამდე? - “ქართული სიტყვა” აგრძელებს საუბარს კონსტანტინე ფორჩხიძესთან.
- ბატონო კოტე, ბერძნული რეფერენდუმის შედეგი რუსული გავლენით აიხსნება?
- ეს რუსული გავლენა კი არა, უფრო არსებული ვითარებით სარგებლობაა, ანუ საბერძნეთში, რამდენიმე წელია, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისია - წინა მთავრობის დროს, ქვეყანა დეფოლტის წინაშე იდგა, რასაც ხელისუფლებაში დიდი რყევები მოჰყვა. ახალმა ხელისუფლებამ კი, ევროზონიდან გამოსვლის გადაწყვეტილება და იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ევროპა უყენებდა, თავის თავზე არ აიღო და რეფერენდუმი ამიტომაც ჩაატარა.
- იზიარებთ მოსაზრებას, რომ რეფერენდუმის შედეგების გამო, ევროკავშირი საბერძნეთს გარიცხავს?
- პირველი და მეორე ომებიდან მოყოლებული, ყველაფერი ბალკანეთიდან იწყება. ბალკანეთზე კი, მთავარი ქვეყანა საბერძნეთია. ამიტომაც, ევროკავშირი მასთან თამაშს მოერიდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ სახელმწიფოზე რუსეთის გავლენის ზრდა არ დაუშვას - თუკი ბალკანეთზე რუსეთის გავლენა გაიზარდა, ეს ავტომატურად სხვა ქვეყნებზეც - რუმინეთზე, უნგრეთსა თუ ბულგარეთზეც გავრცელდება.
- ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროკავშირი საბერძნეთს სერიოზულ საფრთხეებს დაუწესებს და შესაძლოა, ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მიიყვანოს...
- არ მგონია, საქმე დეფოლტამდე მივიდეს. უფრო მგონია, რომ ევროკავშირი საბერძნეთის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მით უმეტეს, ისეთი პირი უჩანს, რომ რუსეთი თვითონ მოიკლებს და საბერძნეთს მისცემს, რამეთუ თავისი გავლენა გაზარდოს.
- მაშასადამე, ძველ ელადას კრემლის ფინანსური დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს?
- ყოველ შემთხვევაში, გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა საბერძნეთს ეკონომიკური პროექტები შესთავაზოს, მაგალითად, ე.წ. სამხრეთი პროექტი, რომელიც ბულგარეთზე გაზსადენის გატარებას ითვალისწინებს...
- ასეა თუ ისეა, დარწმუნებული ვარ, რომ ბერძნული რეფერენდუმის შედეგებს, ჩვენებური რუსეთუმეები ხელზე დაიხვევენ, აი, ესეც ევროკავშირიო...
- რა თქმა უნდა, რუსეთზე დამოკიდებული ძალები, რომლებიც ბოლო დროს საქართველოში ფეხს იკიდებენ, გამოხტებიან და ერთ ამბავს ატეხენ. სხვათა შორის, შემთხვევითი არც ისაა, რომ ერთი კვირის წინ, რუსეთმა საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა...
- პატიმართა გადმოცემას გულისხმობთ?
- დიახ და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი აქტიურ მოქმედებებზე გადადის, მათ შორის, კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში.
- პატიმართა გადმოცემის გაუქმებას აქტიურ მოქმედებებთან რა საერთო აქვს?
- ამ ხელშეკრულების გაუქმებისკენ კრემლს, ჩემი აზრით, სომხეთში ატეხილმა ერთკვირიანმა ბუნტმა უბიძგა.
- ანუ?
- რუსეთი მიხვდა, რომ თუკი გამოსვლები დროზე არ იქნებოდა ლოკალიზებული, ეს კავკასიაში რუსეთის ინტერესებს საფრთხეს შეუქმნიდა.
რაც შეეხება პატიმრების გადმოცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაუქმებას, შეიძლება, ზოგმა ვერ შეაფასოს, ეს რას ნიშნავს, მაგრამ თუკი ამას წმინდა ძირგამომთხრელი საქმიანობის განხორციელებისა და ამ საქმიანობის დაფარვის კუთხით შევხედავთ, ყველაფერი ნათელი გახდება.
- ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ...
- თუკი, ვთქვათ, რუსეთის აგენტურა საქართველოში უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავა და იმის შესაძლებლობა ექნება, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობის განხორციელების შემდეგ, თავი რუსეთს შეაფაროს, ეს, პრაქტიკულად, კარდ-ბლანშის მიცემა იქნება, რომ აგენტურა უფრო გააქტიურდეს და საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა, როგორც იტყვიან, ახალი ენერგიით დაიწყონ.
- მაშასადამე, საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგები კავკასიასა და, მათ შორის, საქართველოზეც უარყოფითად აისახება, არა?
- რა თქმა უნდა. არ დაგვავიწყდეს, რომ საბერძნეთიც შავი ზღვის რეგიონია. ამასთან, საბერძნეთში საქართველოს ძალიან დიდი დიასპორაა...
- ერთი სიტყვით, ერევნის, საბერძნეთის მოვლენები და საქართველოში რუსული აგენტურის გააქტიურება ერთი ჯაჭვია?
- დიახ, ასეა. ვანო, არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კარგა ხნის წინ დააანონსა, რომ ევრაზიული კავშირების საბოლოო კონტურები 2015 წლის დეკემბერში უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
- თუკი პუტინი ევრაზიული კავშირის სახით ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას გეგმავს, დასავლეთი მის წინააღმდეგ უფრო აქტიურ ნაბიჯებს რატომ არ დგამს?
- იმიტომ არ დგამს, რომ ევროპას აქვს მწარე გამოცდილება, თუ რა შეიძლება რუსეთმა მის წინააღმდეგ მოიმოქმედოს. ე.წ. გამძვინვარებული დათვის სინდრომი ევროპაში, განსაკუთრებით, გერმანიაში ისევ არსებობს. ევროპაში, მოგეხსენებათ, წამყვანი სახელმწიფოები გერმანია და საფრანგეთია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ევროპას ის შედეგი, რაც დღეს არსებობს, სწორედ ამ ორი სახელმწიფოს რუსეთისადმი შემრიგებლურმა პოლიტიკამ მოუტანა.
- სხვათა შორის, რეფერენდუმის შემდეგ, საბერძნეთის პრემიერმა პირველი რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა...
- ეს ვაჭრობაა...
- საბერძნეთი რუსეთს რაზე ევაჭრება?
- საბერძნეთი რუსეთს კი არა, ევროპას ევაჭრება.
- რაზე?
- ამ სატელეფონო ზარით საბერძნეთის პრემიერმა ევროპას, ალბათ, მესიჯი გაუგზავნა, თუ ჩვენი წინადადებები მიღებული არ იქნება, შესაძლოა, სხვა ურთიერთობებზე ვიფიქროთო.
- არსებობს თეორიული ალბათობა, რომ საბერძნეთი ევრაზიული კავშირის წევრი გახდეს?
- არა, მაგრამ თურქული ფაქტორიდან გამომდინარე, საბერძნეთს ნორმალური ურთიერთობა საბჭოთა კავშირთანაც ჰქონდა.
- “თურქულ ფაქტორში” რას გულისხმობთ?
- ბერძნებისა და თურქების ურთიერთდამოკიდებულებას, რაც რამდენიმე საუკუნეა, გრძელდება. მათ პრობლემა კვიპროსის საკითხზეც აქვთ და მათთვის, ვინც დიპლომატიის ისტორიას იცნობს, ეს საკითხი შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ.
- ერთი სიტყვით, იმის თქმა გინდათ, კოტე ბატონო, რომ საბერძნეთი ყოველთვის პრორუსული იყო და ამ ტრადიციას ახლაც არ ღალატობს?
- პრორუსულს ვერ ვიტყვი, მაგრამ რუსეთის მიმართ ყოველთვის ლოიალობით გამოირჩეოდა. ისე, რუსეთში საკმაოდ ბევრი ბრძენი ბიზნესმენი მოღვაწეობს, მათ შორის, “გაზპრომსა” და “როსნეფტშიც”. ასევე, ცნობილია, რომ ბერძნებსა და რუსებს ურთიერთობა ნანოტექნოლოგიების სფეროშიც აქვთ...
- ბერძნები იარაღის იმ არალეგალურ ბიზნესშიც ხომ არ მონაწილეობენ, რომლის უკანაც, როგორც არაერთხელ გითქვამთ, რუსი საქმოსნები დგანან?
- იარაღის ბიზნესის სქემაში, რამდენიმე წლის წინ, დიახ, ბერძნული გემიც გამოჩნდა, თუმცა ბერძენი ბიზნესმენები მხოლოდ “რუხი სქემებით” შემოიფარგლებიან.
სხვათა შორის, ახლახან, ჩემი მეგობრებისგან ჩემთვის იარაღის ვაჭრობის ახალი სქემა გახდა ცნობილი. ეს სქემაც ისეთივეა, რომელ სქემასაც სააკაშვილის ხელისუფლება 2004-დან 2010 წლამდე უკრაინასთან აწარმოებდა. საერთოდ, ვანო, ამ თემაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ ახალი დეტალი ისაა, რომ ყველაფერ ამაში სერბული და იორდანული მხარეებიც იყვნენ ჩართულნი.
- ბატონო კოტე, მოდით, დეტალებზე გადადით...
- კი ბატონო... სეიშელის კუნძულებზე სერბული ფირმა “მელვერ კორპორეიშენია” დაფუძნებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქმე იარაღის უკანონო ვაჭრობის იმ სქემასთან გვაქვს, რომელსაც საქართველოს წინა ხელისუფლება ანხორციელებდა. სხვათა შორის, “ბელტრეიდინგის”, “უკრსპეცექსპორტისა” და “მელვერ კორპორეიშენის” ოფისები ერთმანეთისგან სულ ას-ასი მეტრითაა დაშორებული.
- შეიძლება, მაგრამ ის, რომ ოფისები მეზობლად მდებარეობს, კომპრომატი არაა!
- დიახ, მაგრამ ამ შემთხვევაში, უბრალოდ, მოქმედი პირია შეცვლილი, ანუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ფული “მელვერ კორპორეიშენში” მიდიოდა...
- ეს რომელ წელს ხდებოდა?
- 2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომ პერიოდში, ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს. ყოველ შემთხვევაში, ის დოკუმენტი, რომელიც მოვიპოვე, ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროსაა გაცემული.
- და ეს დოკუმენტი რას ეხება?
- რას და, - იმ დროს, როცა თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, საქართველოში იორდანიიდან თითქოს დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი და საარტილერიო ჭურვებია შემოტანილი.
- დიდი რაოდენობა რამდენია?
- ზუსტი ციფრები ვიცი, მაგრამ ვინაიდან ეს შეიძლება, სახელმწიფო საიდუმლო იყოს, არ დავასახელებ.
ისე, საინტერესოა, თავდაცვის სამინისტროს იმ კომპანიასთან, ვისგანაც შესყიდვები უნდა განეხორციელებინა, “მელვერ კორპორეიშენის” შუამდგომლობა რისთვის სჭირდებოდა.
- წეღან სიტყვა “თითქოს” ახსენეთ, ანუ ამით ხაზი იმას გაუსვით, რომ იარაღი საქართველოში არ შემოსულა და ყველაფერი ეს ჩვეულებრივი “ატკატი” იყო?
- დიახ...
- იორდანია იარაღს აწარმოებს?
- იმ ტიპის იარაღს, რა ტიპის იარაღზეც ახლა ვლაპარაკობთ, იორდანია კი არა, სერბეთი აწარმოებს, სადაც საბჭოთა დროიდან იარაღის ისეთივე დიდი საწყობებია დარჩენილი, როგორიც უკრაინაში დარჩა.
მოკლედ, იარაღი სერბეთიდან იორდანიაში შედიოდა, საიდანაც საქართველოში უნდა წამოსულიყო.
- იორდანია ტრანზიტი იყო?
- დიახ.
- ქართული მხარე ხელშეკრულებას პირდაპირ სერბებთან რატომ არ აფორმებდა?
- კარგი შეკითხვაა. დიახ, შეეძლოთ, ხელშეკრულება პირდაპირ იარაღის მომწოდებელ კომპანია “იუგო იმპორტ მონტთან” გაეფორმებინათ.
- ეს სერბული კომპანიაა?
- დიახ, მაგრამ თითქოს რუსებს ერიდებოდნენ, ანუ ოფიციალური საბაბით, სერბებს არ უნდოდათ, რუსებს ამბავი აეტეხათ, აი, სერბეთი საქართველოს იარაღს აწვდისო. ხედავთ, როგორი ერთნაირი სქემაა? - “ბელტრეიდინგი” სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული უკრაინული კომპანიაა, მაგრამ ძირითადი მომწოდებელი “უკრსპეცექსპორტი” გახლდათ. აქ კი, ძირითადი მომწოდებელი “იუგო იმპორტ მონტია”, შუამავალი კი - სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული სერბული “მელვერ კორპორეიშენი”.
ამ სქემაში ახალი დეტალი მხოლოდ იორდანიაა, რომელიც გარკვეულ ეჭვს აჩენს.
- მაინც, რა ეჭვს?
- სავსებით შესაძლებელია, რომ იარაღი საქართველოში სულაც არ შემოსულა და იორდანიიდან მის მეზობელ ქვეყნებში გაიგზავნა.
- კერძოდ, რომელ ქვეყნებს გულისხმობთ?
- მაგალითად, ერაყს ან, სულაც, სირიას!
- ესე იგი, ამ შავ თამაშში უკვე ტერორისტების თავშესაფრად აღიარებული ქვეყნები გამოჩნდნენ. საქართველო ამ “შავ სქემებში” ვიღაცამ გამოიყენა?
- რა თქმა უნდა, გამოიყენა.
- ეს “ვიღაც” ვინაა, ან აქცენტი მაინცდამაინც საქართველოზე რატომ გააკეთა?
- ვანო, გირჩევთ, ეს შეკითხვა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვათ და ისიც ჰკითხოთ, იარაღის უკანონო ბიზნესში რატომ მონაწილეობდნენ.
- დოკუმენტებზე, რომლებიც განახეს, მხოლოდ ბაჩო ახალაიას ფაქსიმილეა?
- დიახ, ასევე, სერთიფიცირების გამცემის, მამუკა მუჯირის ხელმოწერაცაა. წინა სქემებშიც, თუ გახსოვთ, მამუკა მუჯირი ფიგურირებდა. საერთოდ, ირაკლი ოქრუაშვილის მერე, მამუკა მუჯირი თავდაცვის ყველა მინისტრის მოადგილე გახლდათ და ყველა ასეთ დოკუმენტზე ხელს აწერდა.
გარდა ამისა, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დიდი რაოდენობის ე.წ. “სმერჩის” ტიპის რაკეტებია შეძენილი.
- იორდანიიდან?
- ეს დეტალი არ ვიცი, მაგრამ საკვირველი იცით, რა არის? “სმერჩის” დანადგარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ აქვს და ბაჩო ახალაიას “სმერჩის” ტიპის რაკეტების შეძენა რისთვის დასჭირდა? სხვათა შორის, ეს ჭურვი ყველაფერს სპობს. ევროპაში შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულება, რომელიც სტამბოლში მიიღეს და რომელსაც ხელს საქართველოც აწერს, ევროპის ტერიტორიაზე ასეთი ტიპის იარაღის გამოყენებას კრძალავს.
- თუკი ასეა, აბა, რატომღა შევიძინეთ?
- მეც ეს მაინტერესებს. გარდა ამისა, ამ ჭურვების გამოსაყენებელი სპეციალური დანადგარიც არ გვაქვს, სხვა შემთხვევაში, რაკეტა გინდ გქონია, გინდ - არა, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ეს რაკეტები საქართველოში საერთოდ არ შემოუტანიათ.
- სად წავიდა?
- ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მით უმეტეს, ასი პროცენტით ვიცი, რომ ამ შესყიდვაზე გაცემული სერთიფიკატი, ასევე, ხელშეკრულებაც დღემდე თავდაცვის სამინისტროში, კერძოდ, შესყიდვების სახელმწიფო დეპარტამენტშია.
ყველაფერ ამაში ყველაზე საინტერესო ის პიროვნებაა, რომელიც “მელვერ კორპორეიშენის” უკან იდგა.
- ეს პიროვნება ვინაა?
- სლობოდან ტეშიჩი, რომელმაც არ ვიცი, როგორ, მაგრამ შეძლო, რომ ე.წ. ბუტის სკანდალიდან მოახერხა გამოსვლა. ბუტი, ალ კასართან ერთად, როგორც ადრე გითხარით, ლიბერიის დიქტატორს, ჩარლზ ტეილორს იარაღს აწვდიდა. გაეროს მიერ ლიბია ემბარგოდადებული ქვეყანაა, მაგრამ ტეშიჩმა, როგორც აღვნიშნე, ამ სკანდალიდან თავის დაღწევა შეძლო. არადა, დადასტურებულია, რომ ტეშიჩს ბუტსა და ალ კასართან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.
- უკაცრავად, ბატონო კოტე, ყველაფერი ეს გავიგე, მაგრამ ბაჩანა ახალაიას ბრალს რატომ, ან რაში სდებთ?
- “მელვერ კორპორეიშენი” არალიცენზირებული კომპანიაა. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ახალაიას არალიცენზირებულ კომპანიასთან რა საერთო ჰქონდა, ან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები რა უფლებით ირიცხებოდა?
- რა თანხაზეა ლაპარაკი?
- მაგალითად, იორდანიისგან იარაღის შეძენა, მინიმუმ, 20-25 მილიონი დოლარი დაგვიჯდა. “სმერჩის” რაკეტებზე კი, ჩემი ინფორმაციით, 15 მილიონი იყო გადახდილი. ყველა დეტალი რომ გაირკვეს, თავდაცვის სამინისტროში აუდიტი უნდა ჩატარდეს და საბუთები ამოიღონ. თუკი აღმოჩნდება, რომ იარაღი საქართველოში არაა, მაშინ საქმე, მინიმუმ, საბიუჯეტო თანხების უკანონო ხარჯვასა და კორუფციასთან გვაქვს, რაც საერთაშორისო სკანდალი იქნება, რომელშიც სააკაშვილის ხელისუფლება აღმოჩნდება გარეული. სხვათა შორის, “ნაციონალები” ვერ იტყვიან, რომ აგვისტოს ომის დროს, ეს შეიარაღება რუსებმა წაიღეს, რადგან იორდანიასთან იარაღის შესყიდვაზე ხელშეკრულება აგვისტოს ომის მერეა გაფორმებული.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: სლობოდან ტეშიჩი სირიელი ამბოხებულების, ანუ “აი-სი-სი”-ს იარაღით მომარაგებაში იყო გარეული. ვინაიდან სირია ემბარგოდადებული ქვეყანაა, “აი-სი-სი”-სთვის იარაღის მიწოდება მეზობელი ქვეყნებიდან ხდებოდა. ამიტომ, მაინტერესებს, საქართველოს იორდანიიდან იარაღის შემოტანა რისთვის დასჭირდა, როცა იგივე ჭურვების შემოტანა უკრაინიდანაც შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ “უკრსპეცექსპორტთან” თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობა უკვე ჰქონდა.
- ბატონო კონსტანტინე, იორდანიასთან, თუ იცით, დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს?
- როგორც მახსოვს, იორდანიის პრინცთან მიხეილ სააკაშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა...
- ვთქვათ, ამ თემაზე გამოძიება დაიწყო, ვინ უნდა დაიკითხოს?
- ბაჩო ახალაია, მიხეილ სააკაშვილი, ასევე, პარლამენტის ნდობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი გივი თარგამაძე, ალექსანდრე ნინუა, ასევე, ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც დღეს რომელიღაც ქვეყანაში, მგონი, ელჩია. უშუალოდ ბაზის ხელმძღვანელები უნდა დაიკითხონ. კომპლექსური გამოძიების ჩატარებაა საჭირო და თუ ასე არ მოხდა, ერთ მშვენიერ დღეს, სლობოდან ტეშიჩი, შეიძლება, ამერიკულ ციხეში აღმოჩნდეს და საქართველო უფრო დიდ სკანდალში გაეხვევა.
- რატომ?
- რატომ და, - თუკი დადასტურდება, რომ ტეშიჩთან მიხეილ სააკაშვილსა და მის მაღალჩინოსნებს ურთიერთობა ჰქონდათ, ეს აშშ-სთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს, რადგან იარაღით უკანონო ვაჭრობა ამერიკელების ზურგს უკან ხორციელდებოდა...
- ბატონო კოტე, თუკი ყველაფერი ეს ქართული კონტრდაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა გაიგეთ, ევროპელები და ამერიკელები ვერაფერს ხვდებიან?
- ვინ გითხრათ, რომ ვერ ხვდებიან? სურათი ნათელია: უკრაინასთან, ბელორუსიასთან და, საერთოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შუამავალი კომპანია “ბელტრეიდინგი” იყო, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული; ამერიკულ კომპანიებთან შუამავალი “პასტლოჯისტიკი” იყო, ბალკანეთის ქვეყნებთან კი, - “მელვერ კორპორეიშენი”.
- ეს გასაგებია, მაგრამ ხან ამბობთ, ამერიკელებმა მიშაზე გული აიცრუესო, ხან, პირიქით, - უკრაინაში მიშას აფინანსებენო...
- მიშას მხარს ამერიკელი ნეოკონსერვატორები მფარველობენ და ამაზე ადრეც მისაუბრია.
- “ოცნების” ის წარმომადგენლები, ვისაც ამ სქემებზე ელაპარაკებით, რას გეუბნებიან?
- ამბობენ, საინტერესოაო...
- არ ეკითხებით, გამოძიებას რატომ არ იწყებენ?
- ვეკითხები...
- მერე?
- არაფერი... არადა, ყველაფერი ძალიან მარტივი გამოსაძიებელია, მაგრამ პოლიტიკური ნებაა საჭირო...
- და ეს პოლიტიკური ნება რატომ არ არსებობს?
- ვანო, ეს “ქართულ ოცნებას” ჰკითხეთ!