ვის ადანაშაულებს ჯეფრი სილვერმანი და რა ვერდიქტს გამოიტანენ ნაფიცი მსაჯულები
ამერიკელი ჟურნალისტი, გამოცემა ,,ვეტერანს- თუდეის' საქართველოს ბიუროს წარმომადგენელი, ჯეფრი სილვერმანი, ,,ვერსიას' საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმეზე, ახალ სკანდალურ დეტალებს აწვდის. სილვერმანის განმარტებით, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე კონსპირაციულ ბინაში არსებული ყველანაირი ნივთმტკიცებულება, მათ შორის ანაბეჭდები, აშშ-ს ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბრაინ პარმანმა გაანადგურა. ეს მან აშშ-ს დაკვეთით გააკეთა, რადგან ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჟვანია ერთადერთი გავლენიანი ადამიანი იყო, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო. სილვერმანის განმარტებით, პრემიერის მკვლელობისთვის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, რომ ჟვანიას არ სურდა, იარაღის ბიზნესში საქართველო ტრანზიტული ქვეყანა ყოფილიყო. საუბარია იმ იარაღზე, რომელიც აშშ-ის არიზონას შტატიდან ჯერ საქართველოში იგზავნებოდა, შემდეგ თურქმენეთში იქიდან კი აზიის ქვეყნებში ნაწილდებოდა. სილვერმანის განმარტებით, ეს ის იარაღია, რომელიც თალიბანს, ისლამურ სახელმწიფოსა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს მიეწოდებოდათ.
- სად გაიცანით აშშ-ის ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი ბრაიან პარმანი?
- მას ვაკეში ერთ-ერთ ბარში შევხვდი, თუმცა მანამდე ამ საქმეს სხვა მოვლენები უსწრებდა. ხშირად ვწერდი არალეგალურ იარაღზე, პანკისში არსებულ მდგომარეობაზე და ვაწარმოებდი სხვადასხვა სახის გამოძიებას, რაც რა თქმა უნდა, ბევრს არ მოსწონდა. ერთხელაც, დიდუბეში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები თავს დამესხნენ. ჩამსვეს მანქანაში და ორთაჭალაში, შსს-ს შენობაში გადამიყვანეს. იქიდან მოდულის შენობაში, სადაც ერთ-ერთმა მათგანმა სასტიკად მცემა და კბილები ჩამიმტვრია. ჩემს ცემას 5-6 ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ამბობდა. მიზეზსაც არ მეუბნებოდნენ, რამდენიმე წუთში ოთახში ქალბატონი შემოვიდა. აშშ-ს წარმომადგენელი იყო და საქართველოში ამერიკის მოქალაქეების მონიტორინგი ევალებოდა. მითხრა, რომ აშშ-ის იმდროინდელი ელჩი მოკითხვას მითვლიდა. მითხრეს, რომ არ მოსწონდათ ჩემი კრიტიკული სტატიები. დამემუქრნენ, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, ამერიკაში ბორკილდადებულს გამიშვებდნენ. მაშინდელი ელჩი რიჩარდ მაილსი საქმის კურსში იყო. სხვათაშორის მასთანაც გარკვეული ნაცნობობა მაკავშირებს. ის ჩემს ლექტორს, ჯონ სტემპელსაც კარგად იცნობდა, რომელიც ყოფილი ჯაშუში იყო.
- ვინ იყო ის ქალბატონი, რომელიც დაკითხვის ოთახში გესაუბრებოდათ ან ის ადამიანი, ვინც გცემათ?
- ცემის ფაქტი არაერთხელ გავასაჩივრე, მაგრამ სააკაშვილის მთავრობაში მის წინააღმდეგ რას მივაღწევდი? ვინ მცემა, არ მახსოვს. იმ ქალბატონის ვინაობის გამხელისგან ახლა თავს შევიკავებ. ჩემი ინფორმაციით, ის ახლაც საქართველოშია და აშშ-ს საელჩოში მუშაობს.
- რა კავშირი აქვს ბრაიან პარმანს ჟვანიას საქმესთან?
- ჩემი მეგობრების მეშვეობით მალევე დავადგინე, რომ ჩემი დაჭერისა და ცემის ბრძანება სწორედ ფედერალური ბიუროს აგენტმა, ბრაიან პარმანმა გასცა. პირადად ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, თუმცა მე ვიცოდი, ის ვინ იყო და მანაც იცოდა ჩემს შესახებ. გადავწყვიტე, პირადად მენახა და მეკითხა, რას მერჩოდა. ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე, რომ პარმანი ხშირად დადიოდა სტრიპტიზ კლუბებში. გამიზნულად მივედი იქ, რომ დავლაპარაკებოდი.
- პროვოკაციაზე წამოგება გინდოდათ?
- არავითარ შემთხვევაში. აუცილებლად უნდა დავლაპარაკებოდი მას და გამეგო, რა იყო პრობლემა. როდესაც მივუახლოვდი, ბართან იჯდა და ლუდს სვამდა. მაშინვე მიცნო, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ნანახი არ ვყავდი. ლუდზე დამპატიჟა. მითხრა, წამიკითხავს შენი სტატიები, სიმართლეს კი წერ, მაგრამ მე ეს არ მომწონს და მსგავსი რამეები აღარ უნდა დაწეროო. შემდეგ საუბრის თემა შეცვალა და თავისი მეგობარი გოგონა, სლავური გარეგნობის ვიქტორია გამაცნო, რომელიც ძალიან ვულგარულად იყო ჩაცმული. მითხრა, ეს ჩემი გოგოაო. მე კი რუსულად ვუპასუხე, ეს მხოლოდ შენი კი არა, ყველას გოგოა- თქო. მან ვერაფერი გაიგო, მაგრამ სამაგიეროდ, მისი დაცვის წევრი, რომელმაც რუსული იცოდა, მოგვიახლოვდა, რაღაც ჩასჩურჩულა პარმანს და ლუდის ბოთლი პირდაპირ თავში ჩამარტყა. შემდეგ მეც იგივე ვქენი. ორივენი დავსისხლიანდით. მე შინ წამოვედი. როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ პოლიცია მივიდა, მაგრამ ამერიკელები არაფერს ყვებოდნენ, ქართველებმა თქვანო. არავის არაფერი გამოუძიებია, თუმცა ვინ რას გამოიძიებდა, პარმანი ხომ ხელშეუხებლობის მანდატით სარგებლობს.
- თქვენ პარმანის შესახებ არაერთი პუბლიკაცია გაქვთ. როგორ განვითარდა მოვლენები ბარში მომხდარი ჩხუბის შემდეგ?
- ბარში მომხდარი შემთხვევის შემდეგ დავიწყე იმის გამოძიება, ვინ იყო რეალურად ეს ადამიანი. ძალიან ბინძური საქმეები ამოვქექე. საერთოდ, ჩემი გამოცდილებით, ღირებული ინფორმაცია სწორედ უბრალო ადამიანებისგან უნდა მოიპოვო. ასეც მოვიქეცი. ბაკურიანში, მისი ყოფილი საცოლის, ქართველი გოგონას, ეკას კვალზე გავედი. პარმანის ჟვანიას საქმეში მონაწილეობის შესახებ სწორედ მან მიამბო. მითხრა, რომ როდესაც ჟვანია გარდაიცვალა, შემთხვევის ადგილზე, პირველები, სწორედ ამერიკელები მივიდნენ. კერძოდ კი - ბრაიან პარმანი. მან გაასუფთავა შემთხვევის ადგილი ყველა ნივთმტკიცებულებისგან: ნერწყვისგან, ნათითურებისგან, თმის ღერებისგან... ამიტომ იყო, რომ გამომძიებლებს ანაბეჭდების პოვნაც გაუჭირდათ. როგორც ჩანს, ზედმეტი მოუვიდა. ამის შემდეგ გაჩნდა ის მოსაზრება, რომ რეალურად ჟვანია იმ სახლში არ მომკვდარა.
- მოსაზრება, რომ ჟვანიას გვამი შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გადაიტანეს, მართლაც არსებობს, თუმცა დაცვის წევრები, რომლებსაც სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან, აცხადებენ, რომ ჟვანია იმ სახლში ნამდვილად იყო. ერთ-ერთი დაცვის წევრი მაღაზიაშიც შევიდა და პროდუქტები იყიდა. ამის არ გჯერათ?
- ჩემი აზრით, დაცვის წევრები ჟვანიასთან საერთოდ არ ყოფილან. როგორ უნდა დაეტოვებინათ ის ადგილი, სადაც არ მისულან? როდესაც იცავ პრემიერ- მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ შენს ცხოვრებას საფრთხის ქვეშ აყენებ და ეს არის 24-საათიანი სერვისი. შენ ხარ პასუხისმგებელი არა მხოლოდ მის, არამედ მთელი ქვეყნის წინაშეც. ეს დაცვის რიგითმა თანამშრომელმაც იცის. რადგან მათ დავალებული ჰქონდათ პრემიერის დაცვა, ესე იგი, პროფესიონალები იყვნენ და ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდათ. ვერ გეტყვით, რომ დაცვის თანამშრომლები მის სიკვდილში არიან გარეულები. უბრალოდ, მგონია, მათაც ვიღაც, მაღალმა თანამდებობის პირმა უბრძანა, რომ იმ დღეს ჟვანიასთან არ ყოფილიყვნენ.
- ისევ ფედერალური ბიუროს აგენტს დავუბრუნდეთ. ბრაიან პარმანს სერიოზულ ბრალდებას უყენებთ. რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ სწორედ მან გაწმინდა სახლი ნივთმტკიცებულებებისგან?
- შეგიძლიათ, პირდაპირ მოახდინოთ ჩემი სიტყვების ციტირება - პარმანი ლაჩარია. თუ ,,დაგუგლავთ', ნახავთ, რამდენი პუბლიკაცია მაქვს მის შესახებ. მინდა ყველამ იცოდეს, რასაც წარმოადგენს. ჩემი ნათქვამის დამტკიცება არ შემიძლია. ეს არის ინფორმაცია, რომელიც წყაროებზე დაყრდნობით მოვიპოვე. ერთ-ერთი წყარო იყო ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ქართველი გოგონა, რომელიც პარმანმა მოატყუა, ცოლად მოგიყვანო და შემდეგ, რუს ვიქტორიაში გაცვალა, რომელთან ერთადაც დღეს ამერიკაში ცხოვრობს. ვიქტორიას პირველი მეუღლე რუსეთის დაზვერვაში მუშაობდა. გაბრაზებული ადამიანი საუკეთესო რესპოდენტია. მას არასდროს ეშინია და ამბობს იმას, რაც რეალურად არის.
- შემთხვევის ადგილის ,,გაწმენდა', თქვენი აზრით, მაინცდამაინც პარმანს რატომ დაავალეს?
- იმიტომ, რომ ამ საქმის პროფესიონალი იყო.
- თუ ასეა, გამოდის, არ იზიარებთ პრემიერის გაზით გაგუდვის ვერსიას. თქვენი ინფორმაციით, რა ვითარებაში დაიღუპა ზურაბ ჟვანია?
- ამის დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებით, ჟვანია სხვაგან გარდაიცვალა და იქ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მიიყვანეს. ვიცი, რომ ჟვანია ძალიან გონიერი კაცი იყო. ის ქმნიდა სახელმწიფოს სახელმწიფოში. ერთადერთი იყო, ვისაც შეეძლო რუსეთთან მდგომარეობის დარეგულირება, კომპრომისზე წასვლა, ლავირება და ქვეყნისთვის სასიკეთო, ნაციონალურ ღირებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ასლან აბაშიძესთან. იქ, სადაც სააკაშვილი ვითარებას ძაბავდა, ჟვანია აბალანსებდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან და უნდოდა ეპოვნა ის ოქროს შუალედი, რომელიც ამერიკულ მხარეს არ აწყობდა. ჟვანია პროქართული პოლიტიკის მატარებელი იყო. სწორედ ამიტომ დაინახა აშშ-მა საფრთხე და ის თავიდან მოიშორა. მეორე ძალიან მნიშვენლოვანი ფაქტი ის არის, რომ ჟვანიამ იცოდა არალეგალური ბიზნესის შესახებ. საუბარია იმ იარაღზე, რომელიც არიზონას შტატიდან საქართველოში შემოდიოდა, შემდეგ თურქმენეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა, მათ შორის, აზიაში. ჟვანია ეროვნული კაცი იყო და არ უნდოდა, რომ საქართველო არალეგალური იარაღის სატრანზიტო ქვეყანა გამხდარიყო. მან იცოდა, რა საფრთხის შემცვლელი შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. დიდი ალბათობით, ეს ის იარაღია, რომელსაც ახლა ისლამური სახელმწიფო და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები იყენებენ.
- ჟვანიას საქმის გამოძიებისას, პარმანმა ერთ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ის მიერ გაკეთებული გამოკვლევებით დადასტურდა, რომ პრემიერი ნამდვილად გაზით იყო მოწამლული.
- დიახ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, თუ ასეა, რატომ არაფერი თქვა იმ ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც მთელმა ქვეყანამ იხილა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოებში? რატომ არ ისაუბრა ამის შესახებ? გჯერათ, რომ ამერიკულმა მხარემ ამ დაზიანებების შესახებ არაფერი იცოდა? მე ერთადერთი პასუხი მაქვს. თუ ყველაფერი გაირკვევა, ქართველები რუსეთისკენ გადაიხრებიან. ახლა კი ამის დრო არ არის, რადგან ამ ეტაპზე რუსეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და კიდევ დიდხანს არ იქნება. სწორედ ამიტომ გაიწელება ჟვანიას საქმის გამოძიება. რაც შეეხება ინფორმაციას ჟვანიას სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ნებისმიერი ტრადიციული ქართული ოჯახისთვის მტკივნეული იქნება ოჯახის წევრზე ამგვარი ინფორმაციის მიღება. ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როგორც ჩანს გარდაცვლილი პრემიერის ოჯახისთვის ეს დიდი დარტყმა იქნებოდა, ეს ყველამ იცოდა და ამიტომ შეეცადნენ მათი ამ დელიკატური საკითხით შეჩერებას. ახალი სასამართლო სხდომიდან ამ დეტალების გაცხადების გარდა, სხვას არაფერს ველი.