რა დაუჯდება ძვირად ხელისუფლებას და რატომ აანონსებს საპროტესტო აქციებს ალეკო ელისაშვილი
თბილისის საკრებულოს უპარტიო დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს ქვეყნის გარეთ იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველ საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს, რომ ე.წ. თბილისური მანჰეტენის პროექტი ყურით მოთრეული იდეაა, რომელიც არავის სჭირდება, საპროტესტო აქციებს აანონსებს და ხალხის უკმაყოფილების იგნორირების შემთხვევაში, ,,ოცნებას' ნაციონალებივით დამთავრებას უწინასწარმეტყველებს, დავით ნარმანიას კი დაბალ ღობედ მიიჩნევს, რომელსაც ყველა ,,ზემოდან აბიჯებს', ვისაც არ ეზარება. ,,ვერსიის' რესპოდენტი, ამ და სხვა მწვავე შეფასებებით, ალექსანდრე ელისაშვილია:
- 2 დღის წინ ომბუდსმენმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ძველი თემა გააცოცხლა - თქვენი აზრით, რა არის საფრთხისშემცველი იმაში, რომ საკრებულომ მერი აკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში, უნდობლობა გამოუცხადოს?
- თავიდანვე ამ კანონის წინააღმდეგი ვიყავი და იგი დისკრიმინაციულად მიმაჩნია. მთელი ქალაქის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი საკრებულოს ორმა მესამედმა არ უნდა გადააყენოს.
- ჰო, მაგრამ საკრებულოს წევრებიც ხომ არჩეულნი არიან?
- დიახ, თუმცა ეს მაინც დისკრიმინაციული კანონია, რადგან საკრებულოს წევრების ნახევარზე მეტს მოსახლეობა არც იცნობს - ისინი პარტიული სიებით შედიან საკრებულოში. მერს კი მისი სახელისა და ბიოგრაფიის მიხედვით ირჩევს ხალხი. ვფიქრობ, ეს ნორმა ,,ოცნებამ', თავის დროზე იმისთვის შემოიღო, რათა მერი ერთგვარ კონტროლსა და შანტაჟში ჰყოლოდა. ალბათ, თვალწინ სულ პრეზიდენტ მარგველაშვილის მაგალითი ჰქონდათ. ნახეს, რომ გიორგი მარგველაშვილი ურჩი გახდა, მათ არ დაემორჩილა და ჩათვალეს, დავით ნარმანიაც ურჩი რომ გახდეს, პოლიტიკური კონტროლი გაგვექცევა ხელიდანო, რადგან თბილისის მერს უზარმაზარი უფლებამოსილება აქვს. კანონში იმპიჩმენტის გარკვეული წესები უნდა იდოს, მაგრამ არა ის, რომ საკრებულოს ორი მესამედი თბილისელების მიერ არჩეულ მერს უშვებდეს პოსტიდან. თუ ასეა, მაშინ მერსაც უნდა ჰქონდეს საკრებულოს გადაყენების უფლება. თუმცა, ცხადია, ეს აბსურდია.
- მაშინ რა რეალური ბერკეტები რჩება საკრებულოს მერიის კონტროლისთვის?
- ყველანაირი ბერკეტი გააჩნიათ საკრებულოებს, რომ მერია ძალიან ეფექტურად აკონტროლონ. სხვა საკითხია, რომ რეალობაა სხვანაირი და მერის კონტროლი თავად საკრებულოს შემადგენლობას არ სურს. თუმცა ესეც ვიწროპარტიული ამბავია, თორემ კანონით, საკმარისზე მეტი ბერკეტი არსებობს, რომ საკრებულომ მერია ფეხისწვერებზე ატაროს.
- მაგრამ ჩვენს რეალობაში, ვინ ვის ატარებს ფეხისწვერებზე?
- ჩვენს რეალობაში, არც საკრებულო დადის ფეხისწვერებზე და არც მერია, რადგან თბილისის საკრებულოს არ სურს, რეალური უფლებამოსილება გამოიყენოს და ქალაქის გამოწვევების ადეკვატური იყოს. ასე იქცევა მერიაც, რაც პიროვნული პრობლემები უფროა, ვიდრე კანონის ხარვეზი.
- ამიერიდან, საკრებულოს გვერდისავლით, მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, მერიას შენობების გაყიდვა რომ შეუძლია, ეს ვისი ხარვეზია?
- ეს პარლამენტის უმრავლესობის ინიციატივა იყო, რომლის ერთი ნაწილი პარლამენტმა უკვე მიიღო. ჩემი აზრით, ეს არასწორია და საკრებულოს დაკნინებაა, რაც ჩემთვის ძალიან გაუგებარი და მიუღებელია. ამით ჩინოვნიკებს ხელფეხი ეხსნებათ. როგორც უგულავამ მოირგო თავის დროზე ყველაფერი და საკრებულოს დეკორატიული ფუნქცია დაუტოვა, ახლაც იგივე ხდება და საკრებულოს ჩაჩოჩება სურთ.
- მერე, საკრებულოს, თუნდაც მისი უმრავლესობის პოზიცია რა არის?
- საკრებულოსა და პარლამენტის უმრავლესობას, როგორც ჩანს, ერთპარტიული პოზიცია აქვთ. ამაზე დეპუტატებთან საუბარი ჯერ ვერ მოვასწარი, თბილისში ახლახან ჩამოვედი, მაგრამ ეს ერთპარტიული გადაწყვეტილებაა და პარტიის გენერალური ხაზია, რაც თვითმმართველობას ძლიერ დააზარალებს.
- ბოლო დროს, მთავრობის მეთაურის განცხადებები არ გენიშნათ, როცა მან რამდენიმე ხნის წინ, სწორედ არჩეულ მერებს შეუტია და აღნიშნა, რომ ხელშეუხებელი არავინაა? საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს ნარმანიას გაფრთხილებად მიიღო.
- ერთი რამ ნათელია - უკვე აშკარად ვხედავ, რომ ცენტრალური მთავრობა უხეშად ერევა თვითმმართველობის საკითხებში. გამოდიან ინიციატივებით, რა დაერქვას აეროპორტს, თბილისში რომელი ძეგლი სად იდგეს. მეტიც, ვერეს ხეობის განაშენიანების სახელმწიფო კომისია შეიქმნა. ეს ძალიან უხეში ჩარევაა მერისა და თვითმმართველობის კომპეტენციასა და საკრებულოს საქმიანობაში. ცენტრალურ მთავრობას ასეთი საკითხების გადაწყვეტას ნამდვილად არავინ ეკითხება.
- მერე, ეს ჩარევა რას ნიშნავს?
- ბოლო დროს, მერია დაბალი ღობესავით იქცა და ყველა ზემოდან აბიჯებს. მიხვდნენ, რომ დავით ნარმანია ძალიან სუსტია და ვისაც არ ეზარება, ყველა მის უფლებებში ერევა. ეს ძალიან მიუღებელია. პიროვნებები ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ აქ უკვე ინსტიტუციებზეა საუბარი - მთავრობა ქალაქის საქმეებში ერევა! რომელიმე კონკრეტული უბნის განაშენიანების გეგმაზე ცენტრალური მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მუშაობდეს.
- თბილისური მანჰეტენის იდეაზე საუბრობთ და აზრი აქაც ორადაა გაყოფილი - ერთნი შიშობენ, რომ ,,მანჰეტენიდან' მხოლოდ კორსპუსები და ბიზნესცენტრი დაგვრჩება, ,,ცენტრალპარკი' კი გაქრება, ვიღაცებს ეს იდეა მოსწონთ. თქვენი პოზიცია როგორია?
- თბილისი 2000 წლის ქალაქია და არანაირი მანჰეტენები და ყურით მოთრეული პროექტები არ სჭირდება. წმინდა ადამიანურად, ძალიან უხერხულია, როცა ჯერ ვერეს ხეობაში დაღუპული მოქალაქეების ცხედრები არ გაციებულა და უკვე რაღაც ბიზნეს- პროექტებზე ვსაუბრობთ. ურბანულად კი, ვერეს ხეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ჩარევები ძალიან საშიშია. რეკრეაციული ზონა მარტო გასეირნების ადგილი კი არაა, არამედ მთელ მსოფლიოში ყველა ცდილობს, მსგავს ხეობაში მცენარეული საფარი აღადგინოს, რათაA სწორედ ამან გაუწიოს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ღვარცოფებსა და წყალდიდობებს. თუმცა იმის გაგება არ გვინდა, რომ ორჯერ ორი ოთხია და არა ცხრა. ეს ,,ცხრა' კი, ჩვენს შემთხვევაში, მაინცდამაინც მანჰეტენია. ეს პროექტი, ე.წ. მანჰეტენი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს - ჩავთვალოთ, რომ ეს ზოგიერთი ადამიანის ძალიან სუსტი ფანტაზიის ნაყოფი იყო და რაც შეიძლება სწრაფად დავივიწყოთ.
- ასეთი ინიციატივაც მოვისმინე, მაშინ საკრებულომ ჩაატაროს ორეტაპიანი კონკურსი, ჯერ ვერეს ხეობის დანიშნულების იდეაზე და შემდეგ პროექტზეო...
- ეგ ცალკე საოცრებაა - თუ საკრებულოს მეტი საქმე არ აქვს, ასეთი კონკურსები ატაროს, მაშინ საერთოდ არ ვიცი, რაზე უნდა ვილაპარაკო!
- და თუ მაინც გადაწყდა, რომ ვერეს ხეობაში მინი- მანჰეტენი შენდება, რაიმე სამართლებრივი მექანიზმი მერიას ან საკრებულოს თუ გააჩნია, რომ ამას შეეწინააღმდეგოს, ან ამ თემაზე აქციებს თუ ელოდებით?
- წინა ხელისუფლება ხალხის პროტესტს რომ არ აქცევდა ყურადღებას და ამბობდა, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო, როგორც დაასრულეს, ყველამ ვიცით. თუ ,,ოცნება' ხალხის პროტესტისა და აქციების იგნორირებას მოახდენს, პოლიტიკურად, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. ამიტომ არ ვურჩევ ამ ხელისუფლებას, მოსახლეობის პროტესტის იგნორირება სცადოს. სამართლებრივ ბერკეტებს რაც შეეხება, სურვილი თქვით, თორემ ბერკეტები მოიძებნება. მინდა, ეს ამბავი პროტესტამდე არ მივიდეს, თორემ მრავალრიცხოვან აქციებს წინ არაფერი უდგას!