თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მუნიციპალური საბავშვო ბაღების მიღმა წელსაც ათასობით ბავშვი დარჩება. კონკრეტული ციფრის დასახელებისგან მან თავი შეიკავა. ტალიაშვილის თქმით, პრობლემები განათლების სამინისტროს მიერ დაწესებულმა რეგულაციამ შექმნა, რომლის თანახმად, 5 წლის ასაკის ბავშვები სკოლებში არ დაიშვებიან. ქალბატონმა თამარმა 13 ივნისის ტრაგედიით დაზარალებულ ოჯახებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საოჯახო პაკეტი, რომელიც წვრილმანებზეც კია გათვლილი, უკვე მზადაა ხელმოსაწერად. დაზარალებულ ოჯახებში სკოლამდელი ასაკის 61 ბავშვი აღირიცხა და ბაღებში მათი მიღება, გამარტივდება.
- ამჟამად ვმუშაობთ წესზე, რომელიც ზარალის კომპენსირების შესაძლებლობას მოგვცემს. ამასთან, ჩვენი ინიციატივით, ბაგა ბაღებში პრივილეგირებული წესით გაივლიან რეგისტრაციას ის ბავშვები, რომლებიც დაზარალებული ოჯახებიდან არიან. ასეთია 61 ბავშვი.
- საუბარი იყო საოჯახო პაკეტზე, რომელიც დაზარალებული ოჯახებისთვის უნდა შეეთავაზებინათ. რას მოიცავს ეს პაკეტი?
- კარგი და ადეკვატური საოჯახო პაკეტი შევიმუშავეთ, რომელიც მცირე დეტალებზეა გათვლილი. მისი საშუალებით, მოვახდენთ ზარალის (ტექნიკა, საოჯახო თუ ჰიგიენის ნივთები) ანაზღაურებას საბაზრო ფასის მიხედვით. წესი უკვე შემუშავებულია და ხელმოწერისთანავე შევა ძალაში.
- ავტომობილების ზარალის ანაზღაურებაც მოხდება?
- პირველი ეტაპია საცხოვრებელი ფართი, რადგან ეს არის სტაბილურობის გარანტი. მანქანებთან დაკავშირებითაც აუცილებლად შევიმუშავებთ შესაბამის წესს და მოხდება მათი ანაზღაურება.
- საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით რა ვითარებაა? 5 წლის ბავშვებს სკოლაში არ ღებულობენ. ბავშვების ეს კატეგორია, საკანონმდებლო რეგულაციის გარეთ დარჩა და მათ არც სკოლაში იღებენ, არც ბაღში?
- ეს ტყუილია. ბავშვი ან სკოლამდელი ასაკისაა, ან - ბაღის. არასწორია, თითქოს თუ 5 წლის ბავშვი არ მიდის სკოლაში, არც ბაღში უნდა იყოს. ჩვენ შევიმუშავეთ წესი, რომლის მიხედვითაც ბავშვებს მიიღებენ ბაღში. ასევე განვსაზღვრეთ იმ ბავშვების პრიორიტეტული ჯგუფები, რომლებიც რეგისტრირდებიან ყოველგარი ბარიერის გარეშე - სოციალურად დაუცველები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარები და ისინი, ვისი და-ძმაც უკვე ირიცხება ბაღში. ჩემი ინიციატივით, ამ ჩამონათვალს დაემატა დაზარალებული ბავშვების ხელშეწყობაც. არც ერთი ბავშვი, რომელიც კანონის ამოქმედებამდე უნდა შესულიყო სკოლაში, არ ამოირიცხება ბაღიდან. ასეთი 4800 ბავშვი გვყავს. უბრალოდ, ისინი გაივლიან სასკოლო მზადების პროგრამას, რომელიც საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდებას თამაშის ფორმატით გულისხმობს. ყველა მასწავლებელი, რომელიც ასეთ ბავშვებთან შევა, 25-საათიან მოსამზადებელ კურსს გაივლის.
- შარშან ათასობით ბავშვი ბაღის გარეთ დარჩა. ვითარება ამ მხრივ წელს თუ გამოსწორდა?
- შარშანდელთან შედარებით 4500 ბავშვით მეტს ვემსახურებით, რადგან მოვახდინეთ ბაღების რეაბილიტაცია. ახლებსაც ვაშენებთ. ამ სასწავლო წელს შევხვდებით რამდენიმე გარემონტებული შენობით. წლის ბოლომდე კი, 4 ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში. მაქვს სია, რომელთა მშენებლობაც უკვე დაწყებულია. ბაღები შენდება მოსკოვის გამზირზე, მანჯგალაძის ქუჩაზე, გლდანის პირველ მიკრო- რაიონში, ქვემო ფონიჭალაში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. თითოეული ბაღი მთლიანობაში 500- ზე მეტ ბავშვს აკმაყოფილებს. დამატებით თითქმის 20 ათასი ადგილი შევქმენით და 50%-ით გავზარდეთ ვაკანტური ადგილების რაოდენობა. თუმცა, 160 კი არა, 200 ბაღიც რომ იყოს, ყველა ბავშვს მაინც ვერ დააკმაყოფილებს. ამიტომ გამოვყავით კატეგორიები და შევქმენით სოციალური პროგრამა ოჯახებისათვის, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, 300-350 ლარი გადაიხადონ. ჩვენ უფასო სერვისს ვთავაზობთ, რაც ნაციონალების დროს ფასიანი იყო. გვინდა, ბავშვები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ, მაგრამ ნაწილს შეიძლება მოუწიოს კერძო ბაღში წასვლა. მაგალითად ჩემი შვილი კერძო ბაღში დადის.
- ვერ დაარეგისტრირეთ თუ უბრალოდ, ასე გადაწყვიტეთ?
- ეს ჩემი სურვილით მოხდა. მაქვს შესაძლებლობა, შვილი კერძო ბაღში ვატარო. ღმერთმა ყველას მისცეს ამის შესაძლებლობა.