ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვა - ეს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმაა. სხვა გეგმებიც აქვს, რომლების შესახებაც, ,,ვერსიას' ექსკლუზიურად ესაუბრება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს და ქვეყნის საგარეო კურსზეც საუბრობს.
- ქალბატონო სალომე, დღეს რა საქმით ხართ დაკავებული და აქტიურ პოლიტიკაში თუ აპირებთ დაბრუნებას?
- ამჟამად, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაარსებულ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად ვმუშაობ, თუმცა ჩემი საერთაშორისო საქმიანობა, ახლო მომავალში დასრულდება. ვარ ასოცირებული პროფესორი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (შჩIENჩEშ PO), ვასწავლი საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრატურის სტუდენტებს. ვაპირებ, იქაც დავასრულო 9-წლიანი საქმიანობა. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ისევ თავისუფალი ვარ. ვაპირებ კიდეც დაბრუნებას, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი: დედაჩემის წლოვანობა, ჯანმრთელობა და ბავშვები, რომლებიც, ნიუ-იორკსა და პარიზში მოღვაწეობენ. გამოდის, აქეთ-იქით ფრენას გავაგრძელებ, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამას ალბათ ვეღარც გადავეჩვევი. საქართველოში გეგმები უკვე მაქვს, რადგან საქმის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია: ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკას უნდა მივხედო, შემდეგ კონკურსი გამოვაცხადო და მისი პიესა დავდგა. ვაპირებ, აკადემიური მოღვაწეობა საქართველოშიც გავაგრძელო. უკვე ვაწარმოებ მოლაპარაკებას ერთ-ერთ უნივერსიტეტთან. უნდა დავასრულო ჩემი სამი ბოლო წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა. ეს წიგნებია ,,ქართული ტრაგედია' (რომელიც ასახავს ჩემს მოღვაწეობას საქართველოში 2003- დან 2008 წლამდე), ,,ერთსახელმწიფოების იარაღები', (წიგნში საუბარია საზღვრების და მათი მნიშვნელობის შესახებ, საერთაშორისო ურთიერთობებსა თუ ერის ჩამოყალიბებაში) და ,,დემოკრატიული მოთხოვნილება' (როგორ ძლებს დემოკრატია კრიტიკოსებისა და სისუსტეების მიუხედავად და რატომ იღწვის მისკენ ამდენი ადამიანი). რაც შეეხება პოლიტიკას. თუ პოლიტიკაში ყოფნად არ მიიჩნევთ მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნას, მაშინ პოლიტიკიდან არასოდეს წავსულვარ.
ჩემი გაგებით, პოლიტიკაში ყოფნა შენი ქვეყნის აწყმოსა და მომავალზე ზრუნვა, მისი მაჯისცემის გაგება, მის პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე უწყვეტი ფიქრია. ამ გაგებით, პოლიტიკაში ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები! ვერ წარმომიდგენია, უცებ გულგრილი გავხდე საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ და როგორც ზოგს სჩვევია, რაიმე მეწყინოს და საქართველო დავივიწყო. ასე რომ, მათ, ვისაც ჩემი წასვლის, არდაბრუნების, მოშორების, დავიწყების იმედი აქვთ, იმედი უნდა გავუცრუო. მე არ წავსულვარ და არც წავალ არსად! ქვეყნიდან ფიზიკური გასვლა, არ ნიშნავს წასვლას.
პოლიტიკური გეგმებიც მაქვს - დაწყებული მაქვს სერიოზული საქმე, რაც გულისხმობს ემიგრანტების უფლებების აღდგენას. მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის გაძლიერებისთვის და მომავლისთვის არ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი თემა. საკითხი - ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნა, არასწორადაა წარდგენილი, რადგან იგი, სინამდვილეში, ერთ მოთხოვნას მოიცავს. როცა ჩვენი ქვეყნიდან სხვა და სხვა მიზეზის გამო წასული თანამემამულეები მიიღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, არ უნდა ჩამოერთვათ ქართული პასპორტი და მოქალაქეობა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონს არ აღწევს. აქედან კი მესამედი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა გასული. ეს ასევე უმნიშვნელოვანესია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც ჩვენივე კანონით, თუ არ შეიცვალა, ქართველებად აღარ ითვლებიან. ამის გამო ჩვენ ვკარგავთ ბოლო იურიდიულ არგუმენტს და ჩვენ მოთხოვნებს ვაცლით ლეგიტიმურობას. კითხვა ჩნდება იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომლებიც ამ საკითხს, რბილად რომ ვთქვათ, გულგრილად ეკიდებიან და არ ანიჭებენ პრიორიტეტს, ან წელავენ მის განხილვას უმიზეზოდ - როცა ბევრი ნაკლებმნიშვნელოვანი საკითხი განიხილება პარლამენტში, რატომ ეწინააღმდეგებიან ასეთ მარტივ და ამავდროულად აუცილებელ გადაწყვეტილებას? წელიწადია ჩემ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და ემიგრანტებთან ერთად ამ საკითხზე ვმუშაობ. თუ მას შემოდგომამდე არ მიეცემა შესაბამისი მსვლელობა, უფრო გავაქტიურდებით. გარემოებები, პრობლემები, პერსპექტივები... ყველაფერი გზა და გზა გაირკვევა. პოლიტიკა ბოლოს და ბოლოს სხვა რა არის, თუ არა სიტუაციების მიმართ ალღო და რეაგირება... წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური სვლები კი, ხშირად არ ხორციელდება ამა თუ იმ გეგმის მიხედვით. ამიტომ მზადყოფნა, გეგმებზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
- რა შეიცვალა ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების' მოსვლის შემდეგ?
- კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყნის გარეთ არ ვგრძნობ თავს. სამ თვეში ერთხელ ჩამოვდივარ. მუდმივად საქმის კურსში ვარ, რაც სოციალურ ქსელში ჩემი აქტიურობიდანაც ჩანს. ,,ოცნების' მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ, თუმცა გაჩნდა ბევრი ახალი პრობლემაც. დადებითია ის, რომ საზოგადოებამ შიში დაძლია. ადამიანებს აღარ ეშინიათ მოსმენის, ზეწოლის, ნარკოტიკის ჩადების, პოლიტიკური ნიშნით ბიზნესის რეკეტის... ეს ეტყობა ოპოზიციასაც, რომელიც ბევრს ყვირის პოლიტიკური დევნა არისო, მაგრამ რეალურად სარგებლობს ბევრად მეტი უფლებით პარლამენტში, მედიასა თუ ქუჩაში, ვიდრე ჩვენი ოპოზიცია მათ დროს. ეს გათავისუფლებული სივრცე არის ალბათ ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც იმედი მაქვს, ვერავინ ვეღარ წაართმევს ქართველ ხალხს. წინ გადაგმული ნაბიჯებია ჯანმრთელობის სფეროში საყოველთაო დაზღვევის კუთხით და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით: ადამიანები დაუცველი სფეროებიდან, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სრულყოფილ წევრებად მოიაზრებიან და არა როგორც მოსაშორებელ ჭირად. იგივე ითქმის დევნილებზე, რომელთა მიმართ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა - გადასცეს ბინები, დახმარებები... მაგრამ ეს და სხვა ბევრი რამ დიდად არ პიარდება. პროგრესად უნდა ჩაითვალოს მედიასივრცის გათავისუფლება, სადაც რეალურად სამთავრობო სიტყვა აღარ დომინირებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს ამ სივრცის განვითარებას. სამწუხაროდ, დღესაც მედიასაშუალებები ვერ თამაშობენ როლს, ხალხს შეუქმნან საინფორმაციო ველი, რომელიც მას დაეხმარება ანალიზში და გარკვევაში. არის პრობლემებიც. მაგალითად, ძალიან დამაფიქრებელია, რომ არ მოხერხდა ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს და არც პოლიტიკური სისტემის გაძლიერება: სააკაშვილმა საქართველო ერთი კაცის გადაწყვეტილებების არეალად აქცია, სადაც პარლამენტს, პარტიებს, მედიას დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებელი არსებობისა და აზროვნების საშუალება. არჩევნების სისტემატური და სისტემური გაყალბებით, მან ასევე დაუკარგა საზოგადოებას ნდობა არჩევნების მიმართ. აღარაფერს ვამბობ სასამართლოზე და პენიტენციურ სისტემაზე, რამაც აპოგეას მიაღწია ,,ცოცხების' სკანდალისას. ამის გამოსწორება ახალი ხელისუფლების ძირითადი მიზანი უნდა ყოფილიყო. ამ მიმართულებით არაფერი მომხდარა. მეტიც, იგივე გრძელდება, ოღონდ სხვა ფორმით. ანუ ერთის გარდა, არავინაა მმართველი. დანარჩენი ინსტიტუტები ისევ უფუნქციოა, როგორც სააკაშვილის დროს. არჩევნებმა დაკარგა ნდობა არა იმიტომ, რომ აყალბებენ, არამედ იმიტომ, რომ წინასწარ ნიშნავენ მათ, ვინც უნდა ავირჩიოთ. პარლამენტიც, მხოლოდ დამტკიცების როლშია და არა ადგილი, სადაც სერიოზული ინიციატივებია წარდგენილი, განხილული და მიღებული. ეს იმიტომ, რომ პარლამენტში წარმოდგენელია ,,დანიშნული' და არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკურო ძალები. ინსტიტუტებისა და მათი ფუნქციების ასეთი აღრევა უარყოფით გავლენას ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, სადაც ასევე, გადაყენების, თუ დანიშვნის მიზეზები კავშირში არ არის საქმიანობასთან.
ანუ, შეიქმნა ახალი პოლიტიკური სისტემა, სადაც დემოკრატიული წარმომადგენლობითი არჩევითი სისტემის ნაცვლად, მივიღეთ, არა ოდიოზური, არა მავნებელი, მაგრამ არავის წარმომადგენელი ხელისუფლება. ეს იმასაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელიც არავინაა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ...
სასამართლოს მიმართ არსებობდა დიდი მოლოდინი. ძნელი სათქმელია, რა დღეშია. ისევ საუბრობენ, რომ აქ ისევ ნაციონალების კადრები მუშაობენ, პოლიტიკურ დევნას აწარმოებს და არ არის დამოუკიდებელი. სამაგალითო პროცესები კი, რომლებიც დაგვარწმუნებდა, რომ მართლა მტკიცელებულებით მოქმედებს სასამართლო, ჯერ არ ყოფილა. გაუმყარებელი ბრალდებები ბოლოს ისევ მის წინააღმდეგ ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, განცდა, რომ გვყავს დამოუკიდბელი და მოქმედი სასამართლო, არ შეიქმნა.
- როგორ აფასებთ საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის საქმიანობას და ხომ არ შეიცვალა ქვეყნის საგარეო კურსი?
- კონკრეტული მინისტრების საქმიანობას ვერ და არ შევაფასებ, რადგან ეს არ არის კორექტული. მინისტრი პიროვნულ და პირად კრიტერიუმებზე დაყრდნობით კი არა, მისი საქმიანობის მიხედვით უნდა შეფასდეს. ჩვენ არ ვიცით რის გაკეთებას ისახავს მიზნად ესა თუ ის მინისტრი, მისი წინამორბედი რისი არგაკეთებისთვის მოიხსნა... არარსებული პროგრამის შესრულების შემოწმება ძნელია და უაზროც კი... მე არ ვიცი საგარეო ან თავდაცვის პრიორიტეტები... კურსის ცვლილებას ვერ ვხედავ, მაგრამ კურსსაც ვერ ვხედავ. ისმის ლოზუნგები, რომლებიც ამდენი წელია არ იცვლება. ამ ლოზუნგების უკან რა პოლიტიკაა? ეს სააკაშვილის დროს ძნელი გასაგები იყო. მისი რუსული კურსის შესახებ ბევრი სერიოზული ეჭვი არსებობდა (სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის მიყიდვა რუსულ კომპანიებზე, ტერიტორიების დაკარგვა, კოდორის უსიტყვოდ დათმობა). დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ეჭვის საგანიც არ არსებობს, რადგან რომელიმე მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იკვეთება!
- არც საქართველო- რუსეთის ურთიერთობებში იკვეთება რაიმე დადებითი შედეგი?
- ამ კითხვას პასუხი არც სჭირდება. რამე შედეგი რომ იყოს, გამოჩნდებოდა და გამოიწვევდა კრიტიკას ან მოწონებას. დუმილი იმის ნიშანია, რომ არაფერიც არ ხდება!
- რომელ ქართველ პოლიტიკოსს გამოარჩევდით, ანუ, დღეს ყველაზე ღირსეული პოლიტიკოსი ვინ არის?
- ისინი, ვინც ჯერ არ გამოჩენილან ასპარეზზე. ვინც პოლიტიკისმიღმა არიან ამდენი წელია, ვისაც აქამდე სიტყვა არ მისცემიათ, ვინც თავისი საქმის პროფესიონალები არიან და არა პარტიიდან პარტიაში გადასვლის... საქართველო ელოდება თავის ახალ ელიტას, რომელსაც გაუგებს, აირჩევს და მომავალში, პასუხს მოსთხოვს.
- როგორ აფასებდით ნაციონალების საქმიანობას უკრაინაში და მათი იქ ყოფნა, უქმნის თუ არა საფრთხეს ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს?
- როგორ შეიძლება დღეს მათი საქმიანობის შეფასება. ეს ჯერ პროპაგანდაა. შედეგებს ყველანი ვნახავთ.