ზოოპარკის ყოფილი თანამშრომელი 13 ივნისის ტრაგედიის მიზეზებს ასახელებს

ზოოპარკის ყოფილი თანამშრომელი 13 ივნისის ტრაგედიის მიზეზებს ასახელებს

იმისთვის, რომ თავიდანვე გაგარკვიოთ, თუ რატომ უნდა წაიკითხოთ ეს სტატია, გეტყვით: ზოოპარკის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ნიბლიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ 13 ივნისს, წარღვნისას, ზოოპარკის განადგურებაში დამნაშავე ახალი სამანქანო გზაა. ამასთან, “ქართულ სიტყვასთანსაუბრისას ბატონი ვლადიმერი დეტალურად ხსნის, ასე რატომაა. ზოოლოგი, რომელმაც ზოოპარკში 20 წელი იმუშავა, სამსახურიდან 15 წლის წინ პროტესტის ნიშნად წამოვიდა. რა გააპროტესტა ნიბლიაშვილმა? ამ საკითხზე ქვევით ცოტა მოგვიანებით გიამბობთ, მანამდე კი, სხვა დეტალებს გაგაცნობთ, რათა თხრობა შეივსოს და ერთიანი სურათი დავინახოთ... ისე, ვლადიმერ ნიბლიაშვილ ში მინი-ზოოპარკი აქვს მოწყობილი: თუთიყუშები, ზღვის ლომები, დეკორატიული მამლები... კატებისა და ძაღლი დანახვა, რა თქმა უნდა, არც გამკვირვებია...

1990-იან წლებში, ჩემზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, ბატონმა ჯანსუღმა ჟურნალისტი გამომიგზავნა და თავის მაშინდელ გაზეთში ჩემთან ინტერვიუ დაბეჭდა, - დაიწყო თხრობა მასპინძელმა. იმხანად ზოოპარკის დირექტორი ბიზნესმენი დავით ნარსია იყო. ეს ის დროა, როცა ცხოველები შიმშილით კვდებოდნენ და ვლადმერ ნიბლიაშვილი მათთვის საკვებს, თურმე, ნაგავში ეძებდა. ნარსიას ზოოპარკი საკუთარი ფინანსებით გადაურჩენია.

“შემდეგ, თანამშრომლებად ისეთი პიროვნებები მოვიდნენ, რომელთაც ზოოპარკი ფულის საკეთებელ ადგილად გადააქციეს. როცა ნარსიას ვუთხარი, ამ ადამიანებთან ვერ ვიმუშავებ-მეთქი, მითხრა, მაგას დირექცია წყვეტსო. მეც, პროტესტის ნიშნად, წამოვედი. ცნობილი ფაქტია და ყველამ იცის, რომ გარკვეული ხნის მერე, ნარსია დააკავეს, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ეს საკითხი ზუსტად არ ვიცი. ამიტომ იმაზე ვილაპარაკებ, რაც ვიცი - ცხოველებზე, - ამბობს ბატონი ვლადიმერ და თხრობას აგრძელებს, - როცა დირექტორად ზურაბ გურიელიძე დაინიშნა, მივედი და ვუთხარი, ზოოპარკზე წიგნი მაქვს დაწერილი, ქალაქს სჭირდება და იქნებ, გამოვცეთ-მეთქი. ადამიანებს ცხოველების მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ზოგმა ისიც არ იცის, მათ როგორ უნდა მოექცეს. ამ წიგნით საზოგადოებას ჩემს გამოცდილებას გავუზიარებდი და ვეცდებოდი, ქართველებისთვის ცხოველები შემეყვარებინა. ისიც ვუთხარი, ზურა, თუ ზოოპარკს დავჭირდი, მითხარი და დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ არავინ შემხმიანებია. ეტყობა, საჭიროდ არ ჩათვალეს. გურიელიძემ კარგად იცოდა, ზოოპარკისთვის რას წარმოვადგენდი.

- ზოოპარკის თანამშრომლებმა ხომ იციან, ცხოველებს როგორ უნდა მოექცნენ?

- ეჰ... ძალიან იშვიათმა. 20, 30, 40 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც ცხოველების არაფერი გაეგებოდათ და იქ მხოლოდ ხელფასის ასაღებად იყვნენ. ამაზე ყოველთვის გული მიკვდებოდა და ჩემი ცხოველები მეცოდებოდნენ. მათ სხვანაირი ყურადღება სჭირდებათ, სხვანაირი სითბო...

იცით, იქიდან რომ წამოვედი, ზოოპარკთან ახლოს გავლა და გახედვაც მიჭირდა, თან მერე, ყველაფერი აირია - ვოლიერები და ატრაქციონები თითქმის ერთმანეთს შეურიეს, ეს ჩემი ზოოპარკი აღარ იყო...

ამ ტრაგედიამ - ჩამხრჩვალმა და ჩაცხრილულმა ცხოველებმა გამანდგურა და როცა იმ კადრებს აჩვენებდნენ, ტელევიზორსაც ვერ ვუყურებდი.

- ბატონო ვლადიმერ, ზოოპარკი წყალმა რატომ წალეკა?

- იმიტომ, რომ ვერეს კალაპოტი შეუცვალეს; იმიტომ, რომ ახალი გზა პირდაპირ ვოლიერებზე გადაატარეს. რომ არა ეს დაწყევლილი გზა, ზოოპარკის ტრაგედია არ მოხდებოდა! ამ გზის გაკეთება ცხოველების ცოცხლად დამარხვას ნიშნავდა და ასეც მოხდა!

- მაშინ, როც გზას აკეთებდნენ, რა მოიმოქმედეთ, ბატონო ვლადმიერ?

- ვოლიერებზე ტრასა გადაატარეს და ზოოპარკი გაანადგურეს. ამბობდნენ, ქალაქს  მანქანებისგან განვტვირთავთო. მე კი ვწერდი, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანდა და ვერეს ხეობას ჩაკეტავდა. 20 წელი იმ ადგილას ვიმუშავე, ვერეს ხეობას ისე კარგად ვიცნობდი, რომ ვიცოდი, რომელი ხე სად იყო; ისიც ვიცოდი, რომ ხეობა წყალს თავისუფლად ატარებდა. თავი ვალდებულად ვიგრძენი, რომ მეთქვა და ყველაფერი ეს დავწერე - „ცოცხლად დამარხული ჩვენი ზოოპარკი“. იქნებ, ვინმემ გაიზიაროს-მეთქი, მაგრამ...

ახლა, როცა ეს ტრაგედია უკვე დროს მიაქვს და ისტორიას ბარდება, ყველა მხოლოდ იმის მცდელობაშია, პასუხისმგებლობა როგორმე აირიდოს და სხვას გადააბრალოს: ახალმა მთავრობამ - ძველს, ძველმა - ახალს, მშენებლებმა - ბუნების სისასტიკესა და დაუნდობლობას... ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ დამნაშავენი, თურმე, თავად ცხოველები ყოფილან... თითქოს მათ თავად გაითხარეს  სამარე და იქვე, მათივე სურვილით ჩასაფრებული მესაფლავე ელოდა, რომელმაც 13 ივნისს საკუთარ მოვალეობას თავი „წარმატებით“ გაართვა.

- ამით რისი თქმა გინდათ?

- იმ გაუაზრებელი თხრილის მიუხედავად, რომელშიც მტაცებელი ცხოველები ცხოვრობდნენ, იმ ავბედით ღამეს, თავის გადარჩენა მაინც სცადეს, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს და ჩაცხრილეს. ჩემთვის გაუგებარია, თავის გადარჩენის მცდელობისას რატომ ამოწყვიტეს?!

- ბატონო ვლადიმერ, ეს, ალბათ, იმიტომ გააკეთეს, რომ ადამიანებისთვის საშიშნი არ გამხდარიყვნენ...

- ასე სადისტურად და მასობრივად არ უნდა გაეჟლიტათ. ყველაზე მარტივი გამოსავალი ნახეს. სპეციალისტებს უნდა სცოდნოდათ, რომ ამ დროს გაქცეული ცხოველი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში, გალიაშია, სახიფათო არაა და საკუთარი სურვილით თავს არავის დაესხმებოდა, პირიქით, ადამიანებს უფრთხოდა. ამიტომაც დარბოდა.

- ზოოპარკი ადრეც ხომ დატბორა...

- ამ ადგილას ზოოპარკი 20-იან წლებში გერმანელებმა გააკეთეს. თავიდან მისი ტერიტორია, როგორც ზოოპარკის ძველი, ასაკოვანი თანამშრომლებისგან ვიცი, 70 ჰექტარი ყოფილა. „მზიურიც“ მას ეკუთვნოდა, „გმირთა მოედანიც“ და ა.შ.   მსგავსი წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 1960 წელს მომხდარა და გალიებში ჩაკეტილი ცხოველები ამომხრჩვალან.

- მაშინ ვერ ბუნებრივი კალაპოტი ჰქონდა. აბა, რაღატომღა დაიტბორა ზოოპარკი, რაღატომ ამოიხრჩვნენ ცხოველები? ასე რომ, ახალი გზა რა შუაშია?

- მაშინ ზოოპარკსა და მდინარეს შორის დამცავი კედლის სიმაღლე საკმარისი არ იყო და წყალი ამიტომ შემოვიდა. ცხოველები კი, წლევანდელი 13 ივნისისგან განსხვავებით, იმიტომ დაიხოცნენ, რომ ჩაკეტილი გალიებიდან ამოსვლის საშუალება არ ჰქონდათ, თორემ ამოსულები კი არ ჩაუცხრილავთ... მას მერე კედელიც, რა თქმა უნდა, აამაღლეს. კიდევ ვიმეორებ: რომ არა ვოლიერებზე გადატარებული ტრასა და მდინარის შეცვლილი ბუნებრივი კალაპოტი, ზოოპარკი გადარჩებოდა!

მსგავსი წვიმა 1960 წლის შემდეგ, ჩემი მუშაობის დროსაც ყოფილა და როცა „გმირთა მოედანი“ დატბორილა, ზოოპარკს არაფერი დაშავებია.

ბუნებას არ უნდა ებრძოლო და ხეობა არ უნდა გაჩეხო. ვეღარაფერს ვიზამთ, მაგრამ ამით ჭკუა უნდა ვისწავლოთ. დაუბრუნონ მდინარეს ბუნებრივი კალაპოტი!

- ისე, ზოოპარკიდან წამოსვლა არ გინანიათ?

- იქ რომ ჩავივლიდი, თავს ვერ ვატრიალებდი და ცრემლები მომდიოდა...  მახსენდებოდა, თუ როგორ დავდიოდი ლომის ბოკვერებსა და მაიმუნებთან ერთად... ყველაფერი მახსენდებოდა. ამ ტრაგედიამ კი, საერთოდ გამანადგურა.

არასოდეს ვინანებ ზოოპარკში გატარებულ წლებს - იქ ჩემი თავი ვიპოვე. ის იყო ჩემი ადგილი. დღესაც ცხოველებთან ერთად ვცხოვრობ და მათ გარეშე არ შემიძლია. თავიდან რომ დავიბადო, ისევ ასე ვიქნები და ისევ ცხოველებს ავირჩევ.

- ცხოველებთან მოქცევის კულტურა არ გვაქვსო, ამბობთ... თქვენი აზრით, რატომ?

- იმიტომ, რომ ბავშვობიდან არ გვასწავლიან. მაგალითს მოვიყვან და მიხვდებით: ერთ ბებიას ზოოპარკში შვილიშვილი დაჰყავდა ხოლმე. ბავშვს ჯიბეები სულ ქვებით ჰქონდა გამოტენილი. დააყენებდა ბებია ვეფხვის გალიასთან და ბავშვი ქვებს ესროდა, თან უხაროდა. ერთხელ, იმ ქალს ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? - აქ ცხოველი ხომ იმიტომაა, რომ ბავშვი გაართოს და გააცინოსო.

- ახალი ზოოპარკის აშენებაზე რა ფიქრობთ?

- ზოოპარკზე მაშინ უნდა ვიფიქროთ, როცა მის რეალურ მნიშვნელობასა და ჩვენს ცხოვრებაში ცხოველების ადგილს გავაცნობიერებთ. თუ მაინც ჩავთვლით, რომ ზოოპარკი გვჭირდება (და ნამდვილად ასეა), უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ, რადგან გარეულ ცხოველებს სულ სხვანაირი მიდგომა ესაჭიროებათ. მშენებლობის დროს ყველა ის პირობაა გასათვალისწინებელი, რომელიც ზოოპარკს ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელთან მაქსიმალურად მიაახლოვებს.