დიდი ხანია ვიცით, ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლებს რომ არ აფასებენ - განათლების სფეროში, დაბალი ანაზღაურების გარდა, სხვა ბევრი პრობლემაცაა. უსიამოვნებაში თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ნინო გაჩეჩილაძეც გაეხვა - ჯანდაცვის მინისტრის N87/ნ და განათლების მინისტრის N576 ბრძანებების გამოისობით, ქალბატონ ნინოს, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სკოლაში 10 დღე ვერ დადიოდა, ჯამაგირიდან 60 ლარი დაექვითა. ბიულეტინის წარდგენის მიუხედავად, განათლების სამინისტრო უკან დახევას არ აპირებს და ზემოხსენებულ ბრძანებულებას ჯიუტად იშველიებს.
ნინო გაჩეჩილძე: - წელს პირველი კლასი მყავდა, რომელიც სწავლას 15 ივნისს ამთავრებდა. სამწუხაროდ, მთელი წლის განმავლობაში, ცუდად ვიყავი - ართრიტი მქონდა... მოკლედ, სასწავლო წელი დავამთავრეთ, ყველა საქმე გაკეთებული მქონდა - წიგნები ჩავიბარე, ჟურნალი და სხვა დოკუმენტაციაც წესრიგში იყო... აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. ამიტომ ბიულეტინი ავიღე და სკოლიდან 10 დღით გავთავისუფლდი.
- თუკი სწავლა დაამთავრეთ, სკოლაში 15 ივნისის მერეც უნდა გევლოთ?
- დიახ, რადგან სკოლა ოფიციალურად 15 ივლისამდე მუშაობს, მაგრამ კლასი უკვე გავუშვი და საქმე არაფერი მაქვს - მივდივარ და, უბრალოდ, ხელს ვაწერ. გარდა ამისა, სკოლას ბიულეტინიც ჩავაბარე.
მიზეზი, რის გამოც ოპერაციის გაკეთება 15 ივლისამდე გადავწყვიტე, ისაა, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ამ სახის სამედიცინო ჩარევა რეკომენდირებული არაა...
- ესე იგი, სამსახური უმიზეზოდ არ გაგიცდენიათ?
- ბიულეტინი, აღებისთანავე, სკოლას ჩავაბარე. სამედიცინო პროცედურებისთვის 300 ლარი მჭირდებოდა და ეს ფული ვისესხე, ხელფასის აღების შემდეგ, ვალი გავისტუმრე და 60 ლარი დამრჩა. ამ თანხით, განმეორებითი ანალიზები უნდა გავიკეთო...
- ქალბატონო ნინო, ხელფასის ნაწილი რა მიზეზით დაგიკავეს?
- ბიულეტინი მქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, დროებით შრომისუუნარო მასწავლებელს დანამატი, რომლის რაოდენობაც, ალბათ, გაცდენილი დღეების პირდაპირპროპორციულია, ექვითება. ხელზე 440 ლარი უნდა ამეღო, მაგრამ 58 ლარი დამიქვითეს. ამის შემდეგ რესურს-ცენტრში წავედი, თუმცა იქაც მითხრეს, რომ დაქვითვების შესახებ ზემოხსენებული ბრძანებულება ჯანდაცვის სამინისტრომ კვიტაშვილის მინისტრობის დროს გამოსცა.
- ასეთი შემთხვევა სხვა დროსაც ყოფილა?
- დიახ...
ბიულეტინის ჩაბარების მიუხედავად, 58 ლარი მაინც გექვითება. როგორც ჩანს, ყველა პროცედურა კანონიერია და ეს თანხა უნდა ჩამომჭროდა, მაგრამ მორალური მხარე ხომ უნდა იყოს გათვალისწინებული, ან კანონი გადაიხედოს, ან რაღაც მოიმოქმედონ? ასეთი სიტუაცია სხვა სტრუქტურებში არაა. ყველასთან, ვინც ეს ბრძანება გამოსცა და სისრულეში მოიყვანა, შეკითხვა მაქვს:
სერტიფიცირების ფული ჩემი შრომით მოვიპოვე და ამ თანხას დანამატად რატომ თვლიან? ჩემი სერტიფიცირება და განათლების დონე ჩემს ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?
- სერტიფიცირებული რომ არ იყოთ, ეს თანხა არ დაგექვითებოდათ?
- ეს მეც მაინტერესებს... ბრძანებაში წერია, რომ თანხა სადამრიგებლოსა და სერტიფიცირებას აკლდება. თუ არც დამრიგებელი ვარ და არც - სერტიფიცირებული, ესე იგი, პრობლემა არ შემექმნება?
დიდუბე-ჩუღურეთის მასწავლებელთა პროფკავშირების თავმჯდომარესთან, ქალბატონ თამარ ბარისაშვილთან ვიყავი, რომელმაც მითხრა, რომ სკოლის დირექცია კანონიერად მოიქცა. მისივე თქმით, ეს ბრძანება კვიტაშვილის დროს გამოიცა და ახალმა მთავრობამ აღარ გადახედა. არადა, ამ ეტაპზე ჩემთვის ყველა თეთრი მნიშვნელოვანია.
- როცა ეს ბრძანებულება გამოიცა, პროფკავშირმა რატომ არ გააპროტესტა?
- მითხრეს, რომ თამარ სანიკიძეს ესაუბრნენ და, როგორც განათლების მინისტრს უთქვამს, ყველაფერი სექტემბრიდან გამოსწორდება და „დანამატები“ ხელფასს მიუერთდება. ამ ბრძანებებით ძალიან ბევრი პედაგოგი დაზარალდა... თამარ ბარისაშვილმა ისიც მითხრა, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია დამსაქმებლისგან ერთჯერადი დახმარების მიღება. ესე იგი, შემიძლია, დახმარება ვთხოვო სკოლას, დავწერე განცხადება, ჩავაბარე და ვნახოთ, რა იქნება...
N576 ბრძანებულებაზე “ქართულმა სიტყვამ” განათლების სამინისტროს რამდენიმე შეკითხვით მიმართა:
1. რატომ არ გადაიხედა აქამდე ეს ბრძანება და რატომ არ რეაგირებდით იმ ფაქტზე, რომ პედაგოგებს, შრომისუუნარობის პერიოდში, სერტიფიცირებისა და სადამრიგებლო კლასის თანხა ექვითებოდათ?
2. როდის გადაიხედება არსებული ბრძანება?
„დასაქმებულის „ავადმყოფობის ფურცელზე“ ყოფნის პერიოდში, ანაზღაურების საკითხი რეგულირდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N576 ბრძანებით, დამატებით რეგულირებას აღარ საჭიროებს“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ანუ გადაიხედება თუ არა ზემოხსენებული ბრძანება, განათლების სამინისტროსგან “ქართულმა სიტყვამ” პასუხი ვერ მიიღო.
როგორც ჩანს, პრობლემა ისევ პრობლემად დარჩება...