SOS! ქართული კომპანიები თურქეთში 8 თეთრად ნაყიდ კვერცხს საქართველოში 32 თეთრად ყიდიან!

SOS! ქართული კომპანიები თურქეთში 8 თეთრად ნაყიდ კვერცხს საქართველოში 32 თეთრად ყიდიან!

იცოდით, რომ კვერცხი, რომელსაც სუპერმარკეტში იძენთ და რომელზეც “კოდას”, “სავანეთის”, ან თუნდაც “დილას” ლოგოა აღბეჭდილი, ქართული სულად არ არის და არც ისე ძვირადღირებულია, როგორც ეს გგონიათ? იცოდით, რომ ქართული კვერცხი სინამდვილეში თურქული ან უკრაინულია და საერთაშორისო ბაზარზე 1 ცალის ფასი მხოლოდ 8-10 თეთრია. ნუ დაიბნევით, ადგილობრივი კომპანიები თურქეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ბულგარეთიდან შემოტანილ 8, მაქსიმუმ, 10-თეთრიან კვერცხს ყიდულობენ, მერე საკუთარ ლოგოებს არტყამენ და ადგილობრივ ბაზარზე 27-32 თეთრად ყიდიან. ასე ცხოვრება უფრო იოლია და, შესაბამისად, მხოლოდ ერთი ცალი კვერცხიდან, თითქმის 150%-იანი მოგებაც გარანტირებული.

რამდენიმე დღის წინ, რედაქციაში დაგვიკავშირდა პიროვნება, რომელმაც საინტერესო ამბავი გვიამბო: “ორთაჭალაში, საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ ცლიდნენ დიდ, თურქულ ტრაილერს. დავინტერესდი, რა საქონლით იყო დატვირთული მანქანა და დიდი რაოდენობით კვერცხი აღმოვაჩინე.

ტრაილერის მძღოლს გამოველაპარაკე და შევიტყვე, რომ მას სისტემატურად შემოაქვს კვერცხი თურქეთიდან და რომ თბილისის ბაზარზე თურქულ კვერცხზე დიდი მოთხოვნაა. ამ ნაამბობში ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ თურქულ ტრაილერს ადგილობრივი, ქართველი დისტრიბუტორები ცლიდნენ. ისინი, ადგილობრივი, ქართული კომპანიების კუთვნილი მანქანებით იყვნენ და თურქულ კვერცხსაც სწორედ ამ მანქანებში ათავსებდნენ. შესაბამისად, გამიჩნდა ეჭვი, რომ ამ კომპანიებს საქართველოს ბაზარზე რეალიზაციაში თურქული კვერცხი გააქვთ, რომელსაც ამა თუ იმ კომპანიის ლოგოს არტყამენ”.

 “ვერსიის” წყაროს ნაამბობი სკანდალურია, მაგრამ მაინც ძნელად დასაჯერებელი. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გვახარა, რომ კვერცხის წარმოებაში დიდ წარმატებას მივაღწიეთ: “ხუთი წლის წინ, კვერცხის 70% შემოგვქონდა, დღეს კი იმდენ კვერცხს ვაწარმოებთ, რომ სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გაგვაქვს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მოდი და, ასეთი რკინისებური არგუმენტის შემდეგ ეჭვი შეიტანე, რომ სააღდგომოდ, თურქულ კვერცხს შეგვაღებინებენ. მით უმეტეს, რომ “პოულტრი ჯორჯიას”, იგივე “კოდას” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა განაცხადა: “2009-2010 წლებში, ჩვენს მიერ წარმოებული კვერცხის, დაახლოებით, 15% ერაყში, ექსპორტზე გაგვქონდა”. 

ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, რა უფლება გვაქვს პრეზიდენტის ნათქვამში ეჭვი შევიტანოთ. მერე რა, რომ ის სწორედ ჩვენი არჩეულია და ჩვენი, როგორც მისი ამომრჩევლების წინაშეა ვალდებული, პერიოდულად ანგარიში ჩაგვაბაროს. პრეზიდენტის არა, მაგრამ ზურაბ ჭუჭულაშვილის ნათქვამმა კი აშკარად დაგვაეჭვა და ქართული კვერცხის ერაყში იმპორტის ამბავიც ისეთივე ზღაპრად მოგვეჩვენა, როგორც გაგანია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, არაჩვეულებრივად აყვავებული და საქართველოს მდგრადად განვითარებული ეკონომიკა.

“კოდას” გენერალური დირექტორის განცხადებაში საეჭვო სწორედ ერაყში, ექსპორტზე გატანილი ქართული კვერცხის ამბავია, რადგან თუ მსოფლიო რუკას დავხედავთ, ერაყიდან თურქეთი არც იმდენადაა დაშორებული, რომ, მაინც და მაინც, საქართველოდან შეიტანონ ძვირადღირებული კვერცხი. რადგან კვერცხის ფასს შევეხეთ, იმასაც გეტყვით, რომ “ვერსიას” კარგად ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, უკრაინაში, კერძოდ - კიევში, კვერცხის საცალო ფასი 8 თეთრიაო. აქედან გამომდინარე, რაში სჭირდება 30-თეთრიანი ქართული კვერცხი ერაყს, უკრაინიდან ვერ შეიტანდა?

ყველა ეს ინფორმაცია რომ დავალაგოთ, ასეთი სურათი დაიხატება:

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს და ამას “ვერსიის” წყაროებიც გვიდასტურებენ, რომ საქართველოში კვერცხის წარმოება არ არსებობს და ეს ყველაფერი ერთი, დიდი აფერაა. მეტიც, ქართული კომპანიები თურქულ კვერცხს არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ, არამედ - სხვა ქვეყნებში ექპორტისთვისაც იძენენ. მარტივი ლოგიკაა, კომპანიები 1 ცალ თურქულ კვერცხს 8-10 თეთრის ფარგლებში ყიდულობენ და ბაზარზე 27-32 თეთრად ყიდიან. მათი დიდი მოგება კი, აშკარად თვალსაჩინოა.

ასეა თუ ისე, “ვერსიის” წყაროების საფუძვლიან ეჭვს გადამოწმება და გამყარება სჭირდება, ამიტომ სტატისტიკის ეროვნულ დეპარტამენტს დავუკავშირდით და ერთადერთი კითხვა დავუსვით - შემოდის თუ არა უცხო ქვეყნებიდან საქართველოში კვერცხი და თუ შემოდის, როგორია 2009-2010 წლების სტატისტიკა? სიმართლე გითხრათ, ველოდით, რომ ჩვენს კითხვაზე უარყოფით პასუხს გაგვცემდნენ და ჩვენი ეჭვი ეჭვადვე დარჩებოდა, მაგრამ როდის იყო, რომ სურვილები ასე ადვილად სრულდებოდა? სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტიდან ისეთი პასუხი მივიღეთ, რომ ყოჩაღ, ერაყელებს. როგორც ჩანს, ამ ქვეყანას იმდენი ფული აქვს, აღარ იცის, სად და რაში დახარჯოს და მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კვერცხს ყიდულობს. ამაში ახლავე დარწმუნდებით:

კვერცხის იმპორტი  2009 წელი 1 805,5  ათასი აშშ დოლარი   11 151,5  ათასი ცალი . 2010 წელი   1 283,5   ათასი აშშ     დოლარი, 9 698,6 ათასი ცალი     

 მათ შორის:

ბულგარეთი 309,3   943,2   564,8   1 671,1

უკრაინა 210,3       2 721,6      447,8    5 218,6

სომხეთი 261,1   4 023,4   199,6  2 672,6  

თურქეთი 1 004,4   3 431,5   46,1   106,6  

დანარჩენი ქვეყნებ 20,4 31,8 25,2   29,8

როგორც ხედავთ, საქართველოში 2010 წელს, დაახლოებით, 10 მილიონი ცალი კვერცხი შემოვიდა. ყველაზე მსხვილი იმპორტიორია უკრაინა, მეორე ადგილზეა სომხეთი, შემდეგ ბულგარეთი და ბოლოს - თურქეთი. რაც შეეხება 2009 წლის სტატისტიკას, იმპორტიორი ქვეყნების ოთხეულს სომხეთი ლიდერობდა, მეორე ადგილზე იყო თურქეთი, მესამეზე უკრაინა, მეოთხეზე კი - ბულგარეთი.   

ახლა დავთვალოთ,თუკი იმდენი რაოდენობის კვერცხს ვაწარმოებთ, რომ ამით პრეზიდენტიც კეკლუცობს და თავს იწონებს, დაახლოებით, 10 მილიონი ცალი კვერცხის იმპორტი რაღა საჭიროა სხვა ქვეყნებიდან? ან, ბოლოს და ბოლოს, რა დიდი პრობლემაა ქართული კვერცხის წარმოება? როგორც ჩანს, პრობლემა სწორედ ის არის, რომ საკვერცხე ჯიშის ქათმის შენახვა ადგილობრივი მეწარმისთვის ძვირი სიამოვნებაა. გაცილებით მომგებიანია, შემოიტანო, დავუშვათ, 8-თეთრიანი უკრაინული კვერცხი, დაარტყა ქართული დამღა და დამთავრდა - ეროვნული პროდუქტი “დადებულია”. 

 მას შემდეგ, რაც წყაროს ინფორმაცია ოფიციალურად გადავამოწმეთ, “ვერსია” კვერცხის მწარმოებელ კომპანიებსაც დაუკავშირდა. ცხადია, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული და შემდეგ ქართულად გასაღებული კვერცხის ისტორია გვაინტესებდა. თუმცა, ვინმემ რომ არაკომპეტენტურობაში ბრალი არ დაგვდოს და არ თქვას, თურქული კვერცხი კომპანიებს მხოლოდ წიწილების გამოსაყვანად სჭირდებათო, გადავწყვიტეთ, ესეც უშუალოდ კომპანიებში გადაგვემოწმებინა.

“ვერსია” თავდაპირველად, ალგეთის მეფრინველეობის ქარხნის წარმომადგენელს, თორნიკეს დაუკავშირდა, რომელსაც ვკითხეთ, თუ რა რაოდენობის კვერცხით ამარაგებდა ადგილობრივ ბაზარს. ბატონმა თორნიკემ გვიპასუხა, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობდა. თუმცა დაგვპირდა, ყველაფერს დავაზუსტებ და მოგვიანებით გეტყვითო. სამი დღის მცდელობის მიუხედავად, ზუსტი პასუხი მაინც ვერ გაგვცა. ამის შემდეგ კარტი ბოლომდე გავხსენით და ახალი კითხვა დავუსვით - “ალგეთის” ქარხანა იმპორტირებული კვერცხის რეალიზაციას ხომ არ ახდენს? ამ კითხვაზე ბატონმა თორნიკემ ამგვარი პასუხი გაგვცა, ამ საკითხზე ქარხნის დირექტორს, ზურაბ გეწაძეს დაუკავშირდითო და მისი ნომერიც მოგვცა. ბატონ ზურაბსაც ორი დღის განმავლობაში ვურეკავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

“ვერსია” დილის პროდუქტების წარმომადგენელს, ქეთის დაუკავშირდა. (სამწუხაროდ, კომპანიების წარმომადგენლები, გვარების დასახელებისგან თავს იკავებდნენ - ავტ.). მან გვითხრა, “დილა” საკუთარ პროდუქციას თეთრიწყაროს რაიონში აწარმოებს, ახლა (ჩვენი საუბრის დროს - ავტ.) კომპანიის დირექტორები თათბირს ატარებენ, მოგვიანებით, თავად დაგიკავშირდებით და პასუხსაც მოგახსენებთო. ასე დასრულდა “ვერსიის” კონტაქტი “დილის” პროდუქტების წარმომადგენელთან - მათგან კონტაქტზე აღარავინ გამოსულა.

იგივე შედეგი მივიღეთ სავანეთშიც, რომლის წარმომადგენელმა მარიმ “ვერსიის” კითხვაზე - “სავანეთიც” უცხოურ კვერცხს ხომ არ იძენს, გვიპასუხა, დაგიკავშირდებითო, მაგრამ აღარავინ დაგვკავშირებია.

ამის შემდეგ, “ვერსია” ერაყის კვერცხით მომმარაგებელ კომპანია “კოდას”, ანუ “პოულტრი ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო ფოჩიან დაუკავშირდა:

- ჩვენ არანაირი თურქული კვერცხი არ შემოგვაქვს, ეს აშკარად ცუდი ჭორია.

ქალბატონო ნინო, გვინდა, საკუთარი თვალით ვნახოთ და დავრწმუნდეთ, რომკოდამართლაც ეროვნულ პროდუქციას აწარმოებს, რაც მთავარია, გვაინტერესებს, კვერცხის მდებელი რამდენი ფრთა ქათამი გყავთ?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, დაუკავშირდით ბატონი ზურაბის მდივანს და ის შეათანხმებს ყველაფერს...

 

ამის შემდეგ “კოდას” გენერალური დირექტორის, ზურაბ ჭუჭულაშვილის მდივანს დავუკავშირდით, მაგრამ მან ისევ ნინო ფოჩიანთან გადაგვამისამართა. მოკლედ, “კოდაში” მისვლა და კვერცხის მდებელი ქათმების ნახვა, სამწუხაროდ, “ვერსიისთვის” შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, სტუმრად ერაყელები ჰყავდათ, რომლებიც გახარებულები ტვირთავდნენ თურქეთიდან 8 თეთრად ნაყიდ და მერე ქართულად გასაღებულ, თითქმის 150%-ით გაძვირებულ კვერცხს. ჩვენთვის კი ამ დროს, არავის ეცალა.

ასე დასრულდა “ვერსიის” ჟურნალისტური მოკვლევა კვერცხის წარმოების თემაზე. მართალია, ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები მხოლოდ “ლაითი” და თითქმის არაფრისმთქმელი კომენტარებით შემოიფარგლნენ, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ არაფრისმთქმელი და დაბნეული პასუხებიდანაც ჩანს, რომ კომპანიების წარმომადგენლები ჩვენგან, უბრალოდ, არ ელოდნენ ფაქტობრივი ჭეშმარიტების აღიარებას. მეტიც, ისინი არა მარტო იაფად ყიდულობენ უცხოურ ქვეყნებში წარმოებულ კვერცხს და მერე საქართველოში მამასისხლად ყიდიან, არამედ - ყოველი დღესასწაულის (ახალი წელი, აღდგომა...) მოახლოების წინ, ფასს კიდევ უფრო და უფრო უმატებენ.

და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი, ერთ-ერთმა წყარომ ისიც გვითხრა, რომ გასულ წელს, 8-თეთრიანი უკრაინული კვერცხის საქართველოში იმპორტს თავადაც გეგმავდა. როდესაც გადაიანგარიშა, დააპირა, რომ საქართველოს ბაზარზე უკრაინული კვერცხი, მაქსიმუმ, 15 თეთრად გაეყიდა. სამწუხაროდ, ჩვენმა წყარომ კვერცხის იმპორტი ვერ შეძლო, რადგან როგორც გვითხრა, მკაცრად გააფრთხილეს - “კვერცხის იმპორტი სამუდამოდ დაივიწყე და საკუთარ კვერცხებს მიხედეო...”

პრინციპში, გააფრთხილებდნენ, რადგან ერაყელებმაც კი შესანიშნავად იციან, რომ საქართველოში კვერცხის ბიზნესს ქვეყნის ხერხემალი, ვანო მერაბიშვილი “კრიშავს”. “ვერსიის” წყარომ კი ეს ამბავი უკრაინაში შეიტყო და საკუთარ თავზეც გამოსცადა.

პ.ს. “ვერსიის” ჟურნალისტური მოკვლევა ამით არ სრულდება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ, გაზეთის უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ მასალას, საიდანაც შეიტყობთ, კვერცხის მდებელი რამდენი ქათამი ჰყავს საქართველოში მოქმედ ყველა კომპანიას და რა რაოდენობის კვერცხი გააქვთ რეალიზაციაში.