ერთ დროს ამაყი და ძლიერი სახელმწიფო არსებობისთვის იბრძვის. საქართველოს ტერიტორიული პრობლემები 21-ე საუკუნეშიც აქვს და... მხოლოდ ისტორიის წიგნებიდან ვიცით, რომ საინგილო, ტაო-კლარჯეთი თუ ლორე ჩვენი მიწა იყო. ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე ქართული კვალი ჯერაც არ წაშლილა - აზერბაიჯანსა და თურქეთში ძალიან ბევრი ქართულ-მართლმადიდებლური ტაძრის ნახვა შეგვიძლია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ კახის რაიონში წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესიაა, რომლის წინამძღვარს, არქიმანდრიტ დემეტრეს აზერბაიჯანულმა მხარემ 21 ივნისს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა. ამიტომ, ეკლესია დღემდე სასულიერო პირის გარეშეა დარჩენილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანში მოქმედი კანონის თანახმად, ქვეყანაში ღვთისმსახურების უფლება მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს აქვთ და სწორედ ეს გახდა საქართველოს მოქალაქე სასულიერო პირის ქვეყანაში არშეშვების მიზეზი. „ქართულმა სიტყვამ“ მომხდარის დეტალები არქიმანდრიტ დემეტრესთან გაარკვია:
- 22 ივლისს ოთხი წელი სრულდება, რაც მისმა უწმინდესობამ ისტორიულ ჰერეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დამნიშნა. ოთხი წელი ტაძარში მსახურებისთვის შეიძლება, მცირე დროა, მაგრამ უცხო ქვეყანაში ნამოღვაწარი ეს პერიოდი, ალბათ, რამდენიმე ათეულ წელს უდრის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოს და მიდიხარ უცხო ხალხთან, რომელიც არ იცი, როგორ მიგიღებს... ამასთან, ყოველთვის იყო მცდელობა, რომ ღვთისმსახურება შეზღუდულიყო.
- ღვთისმსახურების შეზღუდვას ვინ ცდილობდა?
- აზერბაიჯანული მხარე. ერთადერთი ადგილი, სადაც ქართული სული ტრიალებს, ტაძარია. მრევლი 100-150 ადამიანს შეადგენს და ვცდილობდით, რომ ხალხი ტაძრის გარშემო შემოგვეკრიბა.
- ადგილობრივი მოსახლეობა თქვენს მიმართ აგრესიული იყო?
- ადგილობრივები დიდ პატივს გვცემდნენ არა მარტო კახში, არამედ, ნებისმიერ ადგილას, სადაც დავდიოდით. საზოგადოება ისე მიყურებდა, როგორც ღვთისმსახურს და შესაბამისად, მოწიწებით მექცეოდა. სხვათა შორის, დაძაბული ურთიერთობა არც ადგილობრივ ხელისუფლებასთან გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც არასასიამოვნო ფაქტები არსებობდა... ყოველთვის ვცდილობდი, პრობლემებისთვის გვერდი ამევლო იმიტომ, რომ ჩემს უკან ქართული ეკლესია იდგა, რომელმაც იმ კუთხეში წარმგზავნა, რათა ქართველობა და ქართული სული გამეძლიერებინა.
მახსოვს, ახალი ჩასული რომ ვიყავი, სახლს ქვები დაუშინეს.
- ვინ?
- ისე გაიქცა, ვერც დავინახეთ.
- ესე იგი, ადგილობრივებს თქვენი იქ ყოფნა მაინც არ სიამოვნებდათ...
- მოსახლეობა ასე არ მოიქცეოდა... ოფიციალურადაც, არავინ არაფერს მეუბნებოდა. ახლა კი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუკი ღვთისმსახურება მსურდა, აზერბაიჯანის მოქალაქე უნდა გავმხდარიყავი. მზად ვარ, ღვთისმსახურება იმ შემთხვევაში გავაგრძელო, თუ ორმაგ მოქალაქეობას მომცემენ.
- საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარის შესახებ ვისაუბროთ...
- კახში, დაახლოებით, ერთი თვე ვიყავი ხოლმე და 10 დღით უკან ვბრუნდებოდი. 21-შიც, კახში ჩვეულებრივ უნდა წავსულიყავი - საზღვარზე გადასვლისას ბეჭედი ჩამირტყეს, მაგრამ ამის მერე პასპორტის ფრიალი საეჭვოდ დაიწყეს. როცა ვითარებით დავინტერესდი, პასუხი ვერაფერზე მივიღე. გამოიძახეს საბაჟოს უფროსი, წაიღეს ჩემი პასპორტი და ბეჭედს ანულირება გაუკეთეს. საბოლოოდ, საზღვარზე არგატარების მიზეზი, როგორც საბაჟოზე მითხრეს, ის იყო, რომ “შავ სიაში” ვიყავი გამწესებული და ნაბრძანები იყო, რომ აზერბაიჯანში არ შევსულიყავი...
ვეცადე, აზერბაიჯანული ნომრით აზერბაიჯანში არსებულ საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს დავკავშირებოდი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩემი ნომერი დაბლოკილია. საზღვრიდან რომ წამოვედი, საქართველოს დიასპორის სამინისტროს დავუკავშირდი, რომელმაც თავის მხრივ, საკონსულოსა და ბაქოში არსებულ საელჩოს მიმართა... ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ, გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა და დამირეკეს, მეც ყველაფერი მოვახსენე. საქმის კურსში საპატრიარქოც ჩავაყენე.
- რა გაარკვიეთ, თქვენი საზღვარზე არგატარება ვისი ბრძანება ყოფილა?
- არ ვიცი... აზერბაიჯანის საელჩო შეკითხვებზე პასუხს არ მცემს... Facebook-ზეც მივწერე. გენერალურმა კონსულმა დამირეკა და მხარდაჭერა გამომიცხადა. მინდა, ოფიციალური პოზიცია გავიგო, თუმცა ჯერჯერობით უპასუხოდ მტოვებენ. ინტერნეტის საშუალებით გავეცანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის მოქალაქეობის მისაღებად ვადა 1 ივნისამდე მქონდა და ქართული მხარის თხოვნით, ამ თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია.
- ამ შესახებ წინასწარ არ გაგაფრთხილეს?
- კანონი, რომელიც ღვთისმსახურების უფლებას მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს აძლევს, დიდი ხანია, არსებობს, თუმცა ქართველ სასულიერო პირებზე გამონაკლისს უშვებდნენ. ორმაგ მოქალაქეობას კი, ყოველთვის ეწინააღმდეგებიან, თუმცა ჩემი აზერბაიჯანში არშეშვების ამ კანონის გამართლება არ შეიძლება.
- რატომ?
- აზერბაიჯანული მხარისგან ინფორმირებული უნდა ვყოფილიყავი... ეკითხათ, მოქალაქეობაზე თანახმა ვიყავი თუ არა. მაისში, როცა ჩემთან აზერბაიჯანის რელიგიის კომიტეტის თავმჯდომარე ჩამოვიდა, ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე ვკითხე და მიპასუხა, რომ ორმაგ მოქალაქეობას არ გამიკეთებდნენ. აზერბაიჯანულმა მხარემ, ასევე, მითხრა, მოგვეძებნა სასულიერო პირი, რომელიც მის მოქალაქეობას მიიღებდა. მიუხედავად ამისა, რელიგიის კომიტეტის ქვეორგანოს, „ოცეულის“ ერთ-ერთი წევრი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ გამონაკლისის სახით, შესაძლებელი იყო ორმაგი მოქალაქეობა. ამის შესახებ პატრიარქს ვაცნობე, რომელიც დამთანხმდა, რომ ამ საკითხზე გვემსჯელა.
საბოლოოდ, საზღვარზე მოულოდნელად არ შემიშვეს.
რაც შეეხება აზერბაიჯანის მოქალაქეობას, ეს უსაფრთხოების გარანტი არაა. იყო შემთხვევა, როცა წმინდა მიქაელ ყულოშვილის ხსენების დღე ჩაგვიშალეს და მისი ხსენება დღემდე გვეკრძალება. ამის მიზეზი ისაა, რომ მიქაელი 1917 წელს მუსულმანებმა მოკლეს და ახლა დაძაბულობა არ უნდათ.
9 აპრილს, ჩვენი ეროვნული გმირების მოხსენიების საშუალებაც არ მოგვცეს.
- 9 აპრილს პარაკლისის გადახდა რა მიზეზით აგიკრძალეს?
- გაურკვეველი მიზეზები დაასახელეს.
- ღვთისმსახურების საშუალებას მაინც, ვინ არ გაძლევდათ?
- აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი პირები.
- სახელმწიფო ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად რას აკეთებს?
- რეალურად, - არაფერს.
- ამ ეტაპზე თქვენი მოთხოვნა რა არის?
- კახში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, თუმცა მინდა, იქ წამსვლელმა სასულიერო პირმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.
- საპატრიარქომ სიტუაციის გამოსასწორებლად რა ნაბიჯები გადადგა?
- საპატრიარქო პროცესებში აქტიურადაა ჩართული - გამოსავალს ერთად ვეძებთ. ყველამ ვიცით, რომ კახში ჩემამდე მყოფ ყველა სასულიერო პირს დიდი პრობლემები ჰქონდა და იქ, მაქსიმუმ, წელიწადნახევარი თუ ძლებდნენ. სახელმწიფო კანცელარიას მივმართეთ, რათა დაგვეზუსტებინა ორმაგი მოქალაქეობის მიღების გარემოებები და გაირკვა, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნით, ორმაგი მოქალაქეობა შესაძლებელი აღარაა.
როცა აზერბაიჯანის ელჩს შევხვდით, მანაც იგივე გვითხრა, თუმცა დასძინა, რომ საბაჟოზე მომხდარი დასაგმობია. შევთავაზეთ, დიპლომატიური პასპორტი გაგვეკეთებინა და საქმიანობა ასე გამეგრძელებინა, მაგრამ ამაზე გვიპასუხა, რომ დიპლომატი არ ვარ და თუ კახში ღვთისმსახურება მინდა, აზერბაიჯანის მოქალაქე უნდა გავხდე. შეხვედრის ბოლოს, ელჩს ვთხოვეთ, რომ ვიდრე ახალ სასულიერო პირს წარვგზავნიდით, კახში ღვთისმსახურება მე გამეგრძელებინა, თუმცა აზერბაიჯანის პოზიცია ამ საკითხზე ჯერაც უცნობია.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- სასულიერო პირად ადგილობრივი ქართველი ეკურთხება, რომელიც ამავე დროს, აზერბაიჯანის მოქალაქეა, თუმცა მის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა საჭირო. აზერბაიჯანის მოქალაქეობას მივიღებდით, თუ შეზღუდვები და ბევრი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოქალაქეობა არაფერს შეცვლის. რამდენიმე დღეა, იქ აღარ ვარ და ქართველმა „ოცეულის“ წევრებმა ეკლესიის კონტროლი დაიწყეს. მეტიც, სწორედ ამ ორგანოს ორმა წევრმა არია სიტუაცია - ყველაფერი მათი ხელით კეთდება.
ვითარების უფრო მკაფიოდ აღსაწერად ვიტყვი, რომ აზერბაიჯანში ყველა რელიგიურ კონფესიას თავისი „ოცეული“ ჰყავს, რომელსაც ზედამხედველობითი ფუნქცია აკისრია. მართლმადიდებლური ეკლესიის „ოცეულში“ ქართველები არიან, თუმცა მათ აზერბაიჯანელები ნიშნავენ.
- თუ „ოცეულში“ ქართველები არიან, სიტუაციას რატომღა რევენ?
- ქართველობა ეროვნებით კი არა, საქმით განისაზღვრება.
- „ოცეულის“ ხსენებული ორი წევრის ვინაობას დაასახელებთ?
- კი ბატონო... „ოცეულის“ თავმჯდომარეა იაგო... გვარს ვერ ვიხსენებ... მისი მოადგილე კი, მადონა ბოლოშვილი. რაც ეს ხალხი ეკლესიაში მოვიდა, თავი პრობლემებმა იჩინეს. ადგილობრივი ხელისუფლება გადასახადებს არ გვახდევინებდა, ამ „ოცეულის“ მოსვლის შემდეგ კი, 2005 წლიდან დაგროვილ ყველა გადასახადს გვახდევინებენ. ერთადერთი თონე შეგვრჩა, რომლის მეშვეობითაც გაჭირვებულებს ვეხმარებით. გარდა ამისა, ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელსაც ვერ ვიტყვი...
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, როგორც ჩანს, საკმაოდ ბუნდოვანია და სახელმწიფო სტატისტის როლშია. ისე, ინტერნეტში ისტორიულ ჰერეთში ერთ-ერთი მცხოვრების ყურადსაღებ კომენტარს წავაწყდი: „იმოქმედეთ! სანამ საკმაოდ მარტივად მოგვარებადი პრობლემა გადაქცეულა ქაოსად“.