ისჯება თუ არა ერთჯერადი ,,მაზავშჩიკობა' - რა ინფორმაცია აქვთ ოფიციალურ უწყებებს ,,ფოთოლას ცოდვის ბუნაგზე'
პარასკევ საღამოს, სამსახურის მერე, ლომბარდში წავედი... მოლარე ზერელედ მითვლის დასაბრუნებელ ხურდას, თან მეკითხება, 5-თეთრიანი ხომ არ გაქვსო. არა-მეთქი, თავაზიანად მივუგე. ჰოდა, არც მე მაქვს და შემდეგ რომ მოხვალ, დაგიბრუნებო... ამხელა ლომბარდის მოლარეს 5 თეთრზე ხომ არ ვაწუწუნებდი... ის იყო, ლომბარდიდან გამოსვლას ვაპირებდი, ჯიხურში შუახნის მამაკაცი შემოვარდა. არც დოლარის კურსი იკითხა, არც დალომბარდების პირობები. მწვანე ცელოფნიდან ბრჭყვიალა ოქროულობა სულ რახარუხით გადმოყარა. კარგი გარეგნობის კაცი იყო - მაღალი, ცისფერთვალება, შავი კლასიკური შარვალი, ტყავის წვეტიანი ფეხსაცმელი და ცისფერი პერანგი ეცვა. სანდომიანი და საქმიანი კაცის იერს ტოვებდა. ვიფიქრე, რახან ასე ფაციფუცობს, ალბათ, დიდად გაუთვალისწინებელი ამბავი შეემთხვა და ფული სასწრაფოდ დასჭირდა-მეთქი.
მოლარე ეუბნება: - ოქროს ორ ბეჭედში, სამ ,,ცეპსა' და ბრილიანტებით გაწყობილ სამაჯურში 2500 დოლარზე მეტს ვერ მოგცემთ!
- მაგდენს დინამოზეც მაძლევდნენ. ცოლის ნივთებია, ნამდვილი რუსული ოქროა და თავიდან შემიფასეთ! - პასუხობს სიმპათიური მამრი. მოლარე შეიჭმუხნა, არ შემიძლიაო. მერე, მენეჯერს დაუძახა. დახედეს კალკულატორთან დაყრილ ძვირფასეულობას, ოქრო აწონეს და ბოლოს, დაასკვნეს: კიდევ 200 დოლარის დამატებას შევძლებთო.
მოეწონა ჯენტლმენს შეთავაზებული თანხა. მოაწერა დოკუმენტებს ხელი და ჯიხურიდან ელვის სისწრაფით გავარდა. მე, როგორც არამკითხე მოამბე, გავყევი. ვიფიქრე, რამე შარს არ გადაეყაროს და თუ გადაეყრება, პოლიციას მაინც გამოვიძახებ- მეთქი. გასცდა ერთ შუქნიშანს, გაიარა ,,მზეჭაბუკი- ფოთოლა', შეჩერდა მეორე შუქნიშანთან. გაიფერთხა შარვალი, გაისწორა ,,გასლიპინებული' თმა, გადაკვეთა გზა და პირდაპირ კაზინოში შეაჭრა. დაცვამ არც კი შეხედა, ისე შეუშვა - ეტყობა, იქაურობის ხშირი სტუმარია. ძალიან გავბრაზდი.
როგორც წესი, სპორტის სასახლესთან ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც მიწევს გავლა. მახსოვს, ბავშვობაში სასტუმრო ,,აჭარის' პირველ სართულზე, პეკინის მხარეს, ჩამოსასხმელი ნაყინი იყიდებოდა - მთელ ქალაქში ყველაზე გემრიელი ნაყინი იყო. სად იყო მაშინ ,,მაკდონალდსი', ,,საბვეი' და ასეთები... ჩემი თაობის ბავშვებისთვის ჩამოსასხმელი ნაყინიც კი ფუფუნებად ითვლებოდა. მოკლედ, ჩაგვსვამდა ხოლმე ბაბუა გაწკიპინებულ ,,ვოლგაში', ჯერ ზოოპარკს მოგვატარებდა, მერე ნაყინის საჭმელად გაგვაქროლებდა. სხვათა შორის, ის ამბავი, ვასილ მჟავანაძემ ხრუშჩოვის გასაცურებლად ქათქათა მარმარილოს კიბეები შავად რომ შეაღებინა, პირველად აქ მოვისმინე. ისე, ,,გაცურების' ტრადიცია აქ დღესაც აქტუალურია.
სპორტის სასახლესთან გეგონებათ, მთელი ქალაქი სამას მეტრშია ჩაკუჭულიო - ორი კაზინო, ტოტალიზატორი, სლოტ კლუბი, მეტრო, მარკეტი, სასტუმრო, ,,მაკდონალდსი'... ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. აქ ,,გამცურებლებიც' უხვად არიან: კაცი კაზინოში რომ წააგებს, ფიქრობს, ყველაფერი აქ არ დასრულებულა, გადავალ ტოტალიზატორში და დარჩენილი 10 ლარით 100-ს მაინც მოვიგებო. იქაც რომ წააგებს, გარეთ გამოვა, დადგება მეტროს ,,ბირჟასთან' და ფიქრობს, ჯანდაბას ჩემი თავი, კაზინოსა და ტოტალიზატორში კი წავაგე, მაგრამ ხელზე ,,გავმაზავ' და აქ მაინც მოვიგებო. აქაც რომ აგებს, დიდი ალბათობით, ლომბარდში გადაირბენს და რაც კი ხელზე ,,უბნევია', ალომბარდებს. მერე თავიდან მიდის ბედის საცდელად, თუმცა დიდი ალბათობით, ისევ აგებს. მოკლედ, ,,მაზავშჩიკები' მეტროს მოაჯირზე არიან აყუდებულნი. ნაწილი ზის და კარტით ,,ყომარობს'. ვინ თქვა, თბილისში აღარ ,,მაზაობენო'? ,,მზეჭაბუკი- ფოთოლას' დაბლა ხდება ყველაფერი ეს. ჰკითხეთ ,,ფოთოლას', ჩემი თუ არ გჯერათ - ყველაფრის მომსწრეა. ისე, დავიჯერო, მხოლოდ ის და მეტი არავინ? აგერ, ამ წამს, ჩემს თვალწინ გადაუთვალეს ახალგაზრდა ბიჭებმა ერთმანეთს ფული. ეჭვი მაქვს, მოსწავლეები არიან. მათი დიალოგიდან ირკვევა, რომ 5 ლარით დაუწყიათ და 30-ზე ასულან. სურათის გადაღება მინდა - უბრალოდ, რომ დავაფიქსირო, რამდენნი არიან, მაგრამ ეჭვის თვალით მიყურებენ. დაბეჯითებით იმის თქმა, რომ ,,მაზავშჩიკობა' თბილისში ისევ ჩვეული ამბავია, არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია: სპორტის სასახლესთან შეკრებილი ახალგაზრდები ფულზე თამაშობენ და ,,ერთჯერადი გატაცება' შესაძლებელია, ,,საქმიანობადაც' ექცეთ.
საქართველოს კონსტიტუციით, ,,მაზავშჩიკობა' დასჯადია და თავისუფლების 1-დან 3 წლამდე აღკვეთას გულისხმობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, მიხეილ გოგაძემ ,,ვერსიასთან' საუბრისას განმარტა, იმისთვის, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, საჭიროა გამოვლინდეს ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ საქმიანობას ორგანიზებულად და სისტემატურად ახორციელებს. ერთჯერადი ,,მაზავშჩიკობა' დასჯადი არ არისო:
,,პიროვნება, რომელიც რაიმე ქმედებით იღებს შემოსავალს, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს, როგორც მეწარმე. სხვა შემთხვევაში, ეს დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 192-მუხლით, რაც ჯარიმას ან თავისუფლების 1-3 წლამდე აღკვეთას გულისხმობს. თუ გამოიკვეთა ფაქტი, როდესაც კონკრეტული პიროვნებები ორგანიზებას უწევენ ასეთ თამაშებს. მაგალითად, ხდება ფულის განაწილება, მოგება, წაგება და რიგი საკითხების გადაწყვეტა, მაშინ ეს ითვლება უკანონო სამეწარმეო საქმიანობად, თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ ეს ერთჯერადია, დანაშაულად არ ითვლება. ვიღაცა ვიღაცას, ასე ვთქვათ, დაენიძლავება და მიიღებს რაღაც სარგებელს - ეს დანაშაული არაა. ვიმეორებ, მთავარია, ამას არ ჰქონდეს სისტემატური ხასიათი. ალბათ, გახსოვთ ცნობილი ფაქტი, როდესაც სპორტსმენები დააკავეს. მაშინ ფეხბურთის თამაშებზე ხდებოდა გარკვეული გარიგებები. ის ადამიანები ტოტალიზატორის ფუნქციას ასრულებდნენ და ამას სისტემატურად ახორციელებდნენ. ერთხელ სანაძლეოს დადება და ერთხელ თამაში არაფერს ნიშნავს'.
ის, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა კანონით დასჯადია, შსს-შიც დაგვიდასტურეს. კითხვაზე, არიან თუ არა ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ სპორტის სასახლესთან შესაძლოა ,,მაზავშჩიკობას' ჰქონდეს ადგილი, განგვიმარტეს, რომ ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობენ:
,,ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, თუ ვინმეს აქვს კონკრეტული ფაქტები, მაშინ ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სამართალდამცველებს და ისინი აუცილებლად მოახდენენ შესაბამის რეაგირებას'.
იმედია, სამართალდამცავები ამ საკითხს შეისწავლიან და გაარკვევენ, აქვს თუ არა სპორტის სასახლესთან ,,მაზავშჩიკობას' სისტემატური სახე.