თბილისის საკრებულო დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის წესის თაობაზე კვირას განიხილავს. დოკუმენტი კომპენსაციის ორ ვარიანტს მოიცავს და დაზარალებულები თავად გადაწყვეტენ რომელ ვარიანტზე შეაჩერონ არჩევანი. რა ტიპის კომპენსაციას მიიღებენ სტიქიით დაზარალებულები?
69 წლის ციური ბექაური 1960 წლიდან 13 ივნისის ღამემდე ვერეს ხეობაში, წყნეთის გზატკეცილის პირველ ნომერში, ცხოვრობდა. მისი სახლი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ადიდებულმა მდინარე ვერემ უკვალოდ გააქრო. არ დამრჩა ნემსიც კიო, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში. ამჟამად ის დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ოთხსულიან ოჯახთან ერთად სასტუმრო „444“ - ში ცხოვრობს:
„ორსართულიანი სახლი მქონდა, დაახლოებით 200 კვ.მ, და მე ახლა რაში მაწყობს კომპენსაციის აღება ოთხ ადამიანზე - 65 კვ.მ. ზოგს აწყობს ეს წესი და, როგორც ვიცი, ახლა სწორედ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა“.
ქალაქის საკრებულო 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის წესის დოკუმენტს მერიისგან ჯერ კიდევ 1 ივლისს ელოდა. დოკუმენტის გადაგზავნამ საკრებულოში ორი დღით დაიგვიანა. რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ, ქალაქის მერიამ სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის ორი ვარიანტი შეიმუშავა. წესებს რადიო თავისუფლებას ქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე განუმარტავს, რომლის თქმითაც, სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის მთავარი პრინციპი იმ ქონების საბაზრო ღირებულების შეფასებასა და მაქსიმალურად ანაზღაურებაში მდგომარეობს, რაც მოსახლეობამ სტიქიის შედეგად დაკარგა. მერიის მიერ შემუშავებული ორი ვარიანტიდან ერთია ზიანის ანაზღაურების სქემა, მეორე კი - განსახლება.
ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, თანხა გაიცემა სულადობის მიხედვით: ორსულიანი ოჯახისთვის 45 კვ.მ ფართის ადეკვატური ღირებულების თანხა, სამსულიანი ოჯახისთვის - 60 კვ.მ ღირებულების და ა.შ. ანუ, თუკი, მაგალითად, ორსულიანი დაზარალებული ოჯახი სტიქიამდე პირობითად ცხოვრობდა 100 კვ.მეტრ ფართში, მათი კუთვნილი ქონება გამრავლდება საბაზრო ფასზე. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე კი, სტიქიის ზონაში 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 1000 დოლარს შეადგენს და შემდეგ უკვე დაზარალებული ოჯახი თავად გააკეთებს არჩევანს:
„მე შემიძლია პირდაპირ გადავცე ჩემი ქონება სახელმწიფოს და ეს ფული პირდაპირ მივიღო, ან მეორე ვარიანტი - მაგალითად, ვთქვა, რომ მე ახლა მჭირდება საცხოვრებელი ფართი, ვარ ორსულიანი ოჯახი და მეკუთვნის 45 კვ.მეტრი ფართის ოდენობის თანხის მიღება, და მივიღო 45 ათასი დოლარი და ჩემს მფლობელობაში დარჩეს ასევე ჩემი დანგრეული სახლი და მიწა იმ დრომდე, სანამ სახელმწიფო არ მეტყვის, რომ იქ ცხოვრება აღარ შეიძლება და შენ უნდა განსახლდე. სხვაობა რაც არის ამ ჩემს ქონებასა და უკვე მიღებულ თანხას შორის, ეს თანხაც ამინაზღაურდება და ეს მიწა გადაეცემა სახელმწიფოს. თუ მეუბნება სახელმწიფო, რომ სახლი, სადაც შენ ცხოვრობდი, საცხოვრებლად ვარგისია და იქ საფრთხე არ გემუქრება, მრჩება თავისთავად ზიანის ასანაზღაურებლად მიღებული თანხაც და ის მიწაც, რომელიც ჩემს მფლობელობაში იყო. ანუ ძალიან მარტივია - ადამიანს აქვს არჩევანის საშუალება. მთავარია, რომ საბაზრო ღირებულებით ხდება ქონების შეფასება, რომელიც განადგურდა“.
როგორც საკრებულოს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე ამბობს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული დაზარალებულთა უფლებები, დედაქალაქის მერიამ კომპენსაციის ორ წესზე შეაჩერა არჩევანი:
„როცა ჩვენ ვფიქრობდით, რომ სულადობის მიხედვით ყოფილიყო ანაზღაურება, გარკვეული კატეგორია დაზარალებულებისა ამ წესს იწუნებდა, რადგან მათ სტიქიამდე ჰქონდათ ძალიან დიდი საცხოვრებელი ფართი და, თუკი კომპენსაციას მხოლოდ სულადობის მიხედვით აიღებდნენ, ისინი ზარალდებოდნენ. ზოგს, პირიქით, სულადობის მიხედვით ერჩივნა კომპენსაციის აღება. ამიტომ ჩვენ ორივე წესი დავტოვეთ“.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მისი ფრაქცია მხარს მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, თუკი ის უზრუნველყოფს დაზარალებულთათვის ზარალის 100 %-იან ანაზღაურებას. მისთვის ასევე გაუგებარია, თუ რატომ გაჭიანურდა დოკუმენტის შემუშავება, მაშინ როდესაც მერიის ანგარიშზე 25 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული სწორედ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით:
„ჩვენ ერთადერთ ვარიანტში დავუჭერთ ამ წესს მხარს, თუკი სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველანაირი მატერიალური ზარალი, რაც ამ ადამიანებმა დაკარგეს. იმედი გვაქვს, რომ ასეთი წესი იქნება შემოტანილი საკრებულოში“.
3 ივლისს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემისა თუ განსახლების განხორციელების პროცესს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან ქალაქის მერიასა და საკრებულოს მოუწოდა დაზარალებულების დაბინავება მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს:
„ყურადღებით ვადევნებთ თვალს დაზარალებული მოსახლეობის განსახლების გეგმას და მათ დაბინავებას. მე მინდა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს. ახალი სახლები შევუძინოთ მათ, გავურემონტოთ დაზიანებული სახლები“.
რაც შეეხება 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის წესის დოკუმენტს, მისი განხილვა საკრებულოში კვირას იგეგმება. როგორც რიმა ბერაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ზიანის ანაზღაურების წესს საკრებულოს დეპუტატები 5 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ, ორშაბათს კი დოკუმენტი ძალაში შევა. ამის შემდეგ სპეციალური კომისია სტიქიის შედეგად ავტომობილებისმფობელთა ზარალის ანაზღაურების საკითხზეც იმსჯელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე მობილიზებული თანხის რაოდენობას აქვეყნებს, რომელიც, 3 ივლისის მონაცემებით, 24 მილიონ ლარს, 700 ათასსზე მეტ აშშ დოლარსა და 14 ათას ევროს შეადგენს. დაზარალებულ ოჯახთა რაოდენობა კი 161-ია.