სირიაში ქართველები მეგის ქარდავას გადაჰყავს!

სირიაში ქართველები მეგის ქარდავას გადაჰყავს!

სად არის და რა ბიზნესშია სამხედრო პოლიციის ძებნილი ექსხელმძღვანელი  

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე ირწმუნება, რომ გლდანის ციხეში მისი მეუღლე თავდაცვის ექსმინისტრმა, ბაჩო ახალაიამ და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის უფროსმა, მეგის ქარდავამ აწამეს. ახალაია დიდი ხანია ,,მატროსოვის ციხეშია'. სად არის მეგის ქარდავა, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა? თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, ერთ-ერთ საიდუმლო ბუნკერში იმალებოდა, მერე ითქვა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე უნდა დანიშნოსო. ბოლოს ერთ-ერთმა სამხედრო ექსპერტმა ისიც კი თქვა, მეგის ქარდავას უკრაინის სასჯელაღსრულების სპეცრაზმის ხელმძღვანელად დანიშნავენო, მაგრამ არც ეს ,,ვარაუდი' გამართლდა. ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, ,,ვერსიას' სკანდალურ ინტერვიუს აძლევს და ირწმუნება, რომ მეგის ქარდავა თურქეთშია და აქტიურადაა ჩართული იარაღის ბიზნესში. ჟურნალისტი იმ იარაღს გულისხმობს, რომელიც თურქეთიდან სირიასა და ავღანეთში გადის. სილვერმანის მტკიცებით, ქარდავას საქართველოსთანაც აქვს მჭიდრო კონტაქტი - სამეგრელოდან მასთან ყოველთვე მღვდელი დადის, რომელსაც ფულის გარდა ინფორმაცია და სამოქმედო გეგმა მიაქვს. სილვერმანის განმარტებით, ქარდავას თურქეთსა და უკრაინაში მოღვაწე მაღალჩინოსნები მფარველობენ, რადგან ის დღეს განსაკუთრებით საჭირო კაცია და ძველებურად, ,,შავ სამუშაოს' ასრულებს; შესაბამისად, მისი თავიდან მოშორება დღეს არავის აწყობს. სილვერმანი იმასაც ამტკიცებს, რომ ქარდავას მჭიდრო ურთიერთობა აქვს თურქეთის სადაზვერვო სამსახურთან უკრაინაში, ნაციონალური მოძრაობის წევრებთან და მხარს ამერიკის საელჩოც უჭერს.

- ბატონო ჯეფრი, ამერიკის საელჩოს ან, თუნდაც, თურქეთის სადაზვერვო სამსახურს რა სარგებელი აქვს ქარდავას მფარველობით? 
- მეგის ქარდავა დღესაც ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრია, მაგრამ მისი ჩრდილში ყოფნა ახლა უფრო ხელსაყრელია - ბინძური საქმის საკეთებლად იყენებენ. აქტიურადაა ჩართული იარაღის ბიზნესში. ეს ის იარაღია, რომელიც ავღანეთსა და სირიაში მიდის. როდესაც სირიაზე ვსაუბრობ, ,,ისლამურ სახელმწიფოს' ვგულისხმობ. 

- ამ საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციას რის საფუძველზე ავრცელებთ?
- ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მაქვს ჩანაწერების სახით და თუ გამოძიება დაინტერესდება, აუცილებლად წარვადგენ. 

- არსებობდა ინფორმაცია, თითქოს ქარდავა წალენჯიხის რაიონში იმყოფებოდა. 
- დიახ, ეს სიმართლეა. გასულ ზაფხულს სამეგრელოში 2 თვე დავყავი. იქ ნამდვილად ვნახე სამალავები, სადაც იარაღი ინახებოდა. ჩემი ინფორმაციით, იმ პერიოდში მეგის ქარდავაც სამეგრელოში იყო, მოგვიანებით კი, თურქეთში გადავიდა. ამას ჩემთან საუბარში წყაროები ამბობდნენ, თუმცა ახლა ამის დადასტურება აღარ შემიძლია. 

- თქვენი ინფორმაციით, ქარდავას საქართველოში თუ აქვს ვინმესთან კონტაქტი? 
- აქვს, თანაც, ძალიან მჭიდრო. სამეგრელოში არის ერთი მღვდელი, რომლის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ, არ მინდა, საფრთხე შევუქმნა, თუმცა შესაბამისი უწყებები თუ დაინტერესდებიან, ამის გარკვევა, არ მგონია, გაუჭირდეთ. შარშან ეს ადამიანი თვეში ერთხელ სტუმრობდა თურქეთში მეგის ქარდავას. ჩაჰქონდა ფული, ინფორმაცია და რა თქმა უნდა, მითითებები. ჩემი ინფორმაციით მათ დღესაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ. 

- ეს მღვდელი ქარდავას ვის მითითებებს აწვდის? 
- მგონია, რომ ქარდავა ახლა ძირითადად აშშ-ს მითითებებით ხელმძღვანელობს. ის აქტიურადაა ჩართული იარაღის ბიზნესში. 

- თქვენ როგორ შეიტყვეთ მისი და მღვდლის საიდუმლო კავშირის შესახებ? 
- სამეგრელოში ყოფნისას ჩემი ერთ-ერთი წყარო აპირებდა ამ მღვდლის ცალკე გატყუებას და მის წამებას იმ მიზნით, რომ დაედგინა, სად იმყოფებოდა მეგის ქარდავა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხი მეც მაინტერესებდა, ჩემმა წყარომ იფიქრა, რომ ამ საქმეში ჩავერთვებოდი. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ჩემი ინფორმაციით, ეს გეგმა არ განახორციელა. 

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის დღეს მეგის ქარდავა ჩრდილში, როცა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების დიდი ნაწილი უკრაინაშია დასაქმებული? 
- მეგის ქარდავას სამეგრელოში დღესაც დიდ პატივს სცემენ, მისი ეშინიათ კიდეც, ამიტომ მის წინააღმდეგ არავინ წავა. ,,მფარველებისთვის' კი ეს ადამიანი, საჭიროსთან ერთად, საშიშიცაა - თუ მას დაიჭერენ, ალაპარაკდება და ყველას ჩაძირავს. ამ ეტაპზე ძალიან საჭირო ადამიანია. ჩემი ინფორმაციით, ის ორგანიზატორობს ქართველების სირიაში გადაყვანას. სამ წელზე მეტია ამ ბიზნესშია ჩართული, თუმცა 3-4 წლის წინ, ქართველების ,,ისლამურ სახელმწიფოში' ჩართულობაზე არავინ საუბრობდა. მე მყავს წყაროები, რომლებიც ამას დაადასტურებენ. 

- მეგის ქარდავას ბრალი აქვს წაყენებული სერგო თეთრაძის წამებისთვის. მასზე ძებნაა გამოცხადებული. როგორ ფიქრობთ, როდემდე შეძლებს, თან ჩრდილში იყოს და თან, როგორც ამბობთ, ბინძური საქმეები აკეთოს? 
- დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უმნიშვნელოვანესია, უკრაინაში არსებული ვითარება გააკონტროლოს, რასაც ვერ შეძლებს მხოლოდ აქმყოფი ადამიანებით, ამიტომ სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც რეზერვად ეყოლება. ქარდავა ასეთია. შესაძლოა, მოგვიანებით რომელიმე თანამდებობაზეც დანიშნონ, მაგალითად ოდესაში, მაგრამ არ მგონია, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. ამ ეტაპზე, უკრაინაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ქართული გუნდი წარმატებებს აღწევს. ამის დამადასტურებელია სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბარი, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. სააკაშვილმა იცის, რომ შეუძლია უკრაინელების გაოცება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. მაგრამ იცით, ასე რატომ ხდება? იმიტომ, რომ უკრაინას დასაკარგი არაფერი აქვს, სააკაშვილს კი აქვს. თუ უკრაინაში წარმატებებს ვერ მიაღწევს, საერთოდ გააქრობენ.