ხუთი სამინისტრო, რომელთა გაუქმება ბიუჯეტს 601 მილიონ ლარს დაუზოგავს!

ხუთი სამინისტრო, რომელთა გაუქმება ბიუჯეტს 601 მილიონ ლარს დაუზოგავს!

რას ნიშნავს მცირე მთავრობის, ანუ სამინისტროების ოპტიმიზაციის რეფორმა, რატომ უნდა შეიმუშაოს ამ რეფორმის კონცეფცია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა და მიზეზი, რის გამოც ლევან კალანდაძე ამ ჯგუფში სიამოვნებით იმუშავებს!   

უკვე გადაწყდა, რომ 1 აგვისტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახური გამოეყოფა და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება. დრო გვიჩვენებს, რამდენად საჭირო და დროული იყო ძლიერი ძალოვანი სტრუქტურის გაყოფა, რომელიც ,,ვარდების რევოლუციის' შემდეგ გაერთიანდა. თუმცა სამინისტროების ოპტიმიზაცია ეკონომიკური პროფილის უწყებებით რომ დაგვეწყო, ურიგო არ იქნებოდა. ცალკეული ექსპერტები სამინისტროების ოპტიმიზაციაზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ კითხვაზე, კონკრეტულად რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს, პასუხს გაურბიან. როგორც ჩანს, ამა თუ იმ მინისტრის ხათრით მათ განაწყენებას ერიდებიან. ,,ვერსიისა' და ეკონომიკის ექსპერტის, საზოგადოება 20/30-ის სპეციალისტის, ლევან კალანდაძის ერთგვარი ,,ექსპერიმენტი' სწორედ ამ საკითხს ეძღვნება. ოღონდ, ჩვენი მიზანი რომელიმე მინისტრის საქმიანობის შეფასება კი არა, იმაზე დისკუსიაა, რამდენად რეალურია მცირე მთავრობის შექმნის იდეა? არის თუ არა სამინისტროების ოპტიმიზაცია მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსავალი? კონკრეტულად რომელი სამინისტროები უნდა გაუქმდეს და რა დანაზოგს მოგვიტანს ეს პროცესი სახელმწიფო ბიუჯეტში?    ,,ვერსიამ' ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამინისტროების ფუნქციებს გადახედა და იმ უწყებების ხუთეული შეადგინა, რომლებიც, ჩვენი აზრით, ბიუჯეტს ტყუილად აწევს მძიმე ტვირთად. თუ ეს უწყებები ერთ, კონკრეტულ სამინისტროში გაერთიანდება, რეალურად, ამით არაფერი დაშავდება და ბიუჯეტში თანხაც დაიზოგება. თავის დროზე, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სპეციალურად ,,მწვანეთა მოძრაობის' წევრების ანუ თავისი თანამოაზრეების დასასაქმებლად შექმნა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად ლადო ვარძელაშვილისთვის ,,გამოიგონა' სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სადაც ახალგაზრდა ნაციონალები დასაქმდნენ. 

ხელისუფლებაში სწორედ ნაციონალების ყოფნის დროს ,,გამოშიგნეს' ორი უწყება _ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებიც, რომლებიც ფორმალურად, მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ. ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტი ჩამოაცალეს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთეს. სხვათა შორის, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ,,ქართული ოცნების' ერთ-ერთი დაპირება ისიც იყო, რომ ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტი დაბრუნებოდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. შესაძლოა, ნაციონალები აჩქარდნენ და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის აღორძინებასთან ერთად, მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების ფუნქცია დაუტოვეს, მაგრამ ფაქტია, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტის არსებობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ქოლგის ქვეშ უფრო გამართლებული აღმოჩნდა, რაც ,,ოცნებამაც' კი ვერ შეცვალა. 

,,ვერსიის' მოსაზრებით, ურიგო არ იქნება, თუ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების, ასევე ეკონომიკის, ენერგეტიკის სამინისტროები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად (სსიპ) გარდაიქმნება და ფინანსთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ მოექცევა. ფორმაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, შეიძლება დეპარტამენტი იყოს, ან სსიპ, ეს სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ. ამ სამი უწყების გარდა, საინტერესოა, რა ფუნქცია აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს? პასუხი მარტივია - არაფერი. კულტურასა და სპორტში სახელმწიფო პროგრამები ისედაც არსებობს და ლოგიკური იქნება, თუ ამ ორ უწყებასაც დეპარტამენტად გარდავქმნით, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდება.

,,ვერსიის' ამ იდეას ექსპერტი ლევან კალანდაძე მხარს უჭერს, ოღონდ მნიშვნელოვანი და ლოგიკური შესწორებით. მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ ეკონომიკური პროფილის სამინისტროები, ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდება. ლევან კალანდაძის მოსაზრებით, ეკონომიკის სამინისტროში უნდა გაერთიანდეს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები. რაც შეეხება სპორტისა და კულტურის სამინისტროებს, ექსპერტი ჩვენს პოზიციას თავიდან ბოლომდე იზიარებს, ოღონდ მცირე შესწორებით - შესაძლოა, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტები უშუალოდ პრემიერ- მინისტრის აპარატსაც დაექვემდებაროს. 

ახლა ვნახოთ, რამდენი მილიონი ლარი აქვთ ამ უწყებებს გამოყოფილი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში: ენერგეტიკის სამინისტრო - 135 000 000 ლარი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო - 35 000 000 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 291 000 000 ლარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 85 000 000 ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - 55 000 000 ლარი. თუ ამ თანხას დავაჯამებთ, გამოდის, რომ სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი 601 000 000 ლარს დაზოგავს, რაც რეალური კორექტირება და ნამდვილად ქამრების შემოჭერა იქნებოდა. 

ლევან კალანდაძე: ,,მცირე მთავრობის იდეა ფუნქციონალურ სეკვესტრს, ანუ მთავრობის ფუნქციების შემცირებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესსა და რეგულაციებში სახელმწიფო ნაკლებად ერევა და მესამე კომპონენტი, ე.წ. სახელმწიფო ფუნქციების დელეგირებაა საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, ან თავად ბიზნესზე. როდესაც ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის ოპტიმალური მოდელის ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობთ, ამოსავალი წერტილი სწორედ ეს სამი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს. ერთი ის, რომ ხარჯების შემცირებაა მთავარი, მეორე _ გარკვეული ფუნქციები დელეგირებული უნდა იყოს და მესამე _ სახელმწიფო ბიზნესში მინიმალურად უნდა ჩაერიოს. ამ ხედვაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფო შპს-ები და სსიპ-ები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს ქოლგის ქვეშ მრავლადაა. შესაძლოა, რომელიმე ოპონენტმა თქვას, რომ სახელმწიფო ფუნქციის დელეგირების გარკვეული კომპონენტი სწორედ ამ სსიპ-ებში მოიაზრება. თუმცა სოფლის მეურნეობისა და ბევრ სხვა სამინისტროში, შპს-ები და სსიპ-ები შექმნილია არა იმისთვის, რომ სახელმწიფომ საკუთარი ფუნქციის დელეგირება კერძო ან საჯარო სექტორში განახორციელოს, არამედ იმიტომ, რომ გარკვეული სამეურნეო ფუნქცია შეასრულოს. მხედველობაში მაქვს სასოფლო- სამეურნეო, სავაჭრო საქმიანობის განხორციელება, იგივე მელიორაციის სახელმწიფო სისტემა, კომპანიები, რომლებიც ხვნა-თესვას ახორციელებენ. პრინციპში, ეს ყველაფერი სახელმწიფოს ფუნქცია არ არის და სამინისტროს ,,ქათინგზე' (მოჭრა, შეკვეცა) საუბრისას, სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ. ოპონენტებმა ისიც შეიძლება გვითხრან, რომ მორწყვა, ხვნა-თესვა და ბევრი საკითხი, შპს-ებისა და სსიპების სახით, წამგებიანია და ამიტომ ეს ტვირთი სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ არასწორია. ამ კომპანიების მომგებიანობა და ხარჯთეფექტურობა განისაზღვრება იმით, რომ არასწორადაა ორგანიზებული. ამ თვალსაზრისით, კარგი მოდელი აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სადაც PUBLIC PRIVATE PARTNEESHIP-ის, ანუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელი შეიმუშავეს, რომელზეც ამ სფეროების პრივატიზაციის პროცესი დაფუძნდა. საბოლოოდ, კარგი ტრანსფორმაცია განიცადა, კარგად მუშაობს და ახლა არავინ წუწუნებს, რომ ეს მომგენიანი სფერო არ არის. საქართველოში კი, ასეთი ტიპის საწარმოებს დამოუკიდებელი შემოსავალიც აქვთ იმ სერვისებზე, რასაც ახორციელებენ, საბიუჯეტო შემოსავალიც აქვთ და მაინც წამგებიანი ორგანიზაციები არიან. 

რაც შეეხება სამინისტროებს. ხშირად, სწორედ არჩევნების წინ ვსაუბრობთ ხოლმე, რომ უწყებების ოპტიმიზაცია აუცილებელია. ეს ერთიანი სისტემის ნაწილი უნდა იყოს, მათ შორის, სსიპებისა და შპს-ების ჩათვლით. სახელმწიფომ კონცეპტუალურად, ერთიანი ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს, რომლის ფარგლებში, ოპტიმალური სახელმწიფო მოწყობის ჩამოყალიბების გარკვეული გეგმა უნდა შეიმუშაოს. ჯერ მოდელი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა დავაფიქსიროთ საწყისი მდგომარეობა და ისიც უნდა ვთქვათ რა გვინდა, მაგალითად, 5 წლის შემდეგ. სწორედ ამ პერიოდზე უნდა გაიწეროს თანმიმდევრული ნაბიჯები. გეთანხმებით, შესაძლოა, გარკვეული სამინისტროები არ არსებობდნენ და მათ ხარჯზე, გარკვეული ეკონომია გაკეთდეს, თუმცა ხაზგასმით გეუბნებით, ამ შემთხვევაში, მთავარი ეკონომიის გაკეთება კი არა, ის შედეგი უნდა იყოს, რაც ზოგადად, მცირე მთავრობის იდეას მოაქვს. მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტისა და ვერტიკალის ფუნქციონალური სრულყოფა უნდა იყოს. ეს უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, ამ რეფორმას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებინებდი სახელმწიფო ჩინოვნიკებს. ამისთვის, დავიქირავებდი უცხოელ ექსპერტებს, საქართველოში რამდენიმე ჭკვიან ადამიანს მოვძებნიდი, რომლებსაც დღევანდელ ხელისუფლებასთან უშუალო ბმა არ აქვს, ანუ მეტ-ნაკლებად, დამოუკიდებელ ჯგუფს შევქმნიდი. ერთი წელი სრულიად საკმარისია, რომ კარგი პროექტი შეიქმნას და შემდეგ, 3-დან 5 წლამდე პერიოდია საჭირო, პროექტის განსახორციელებლად. არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაფერს ჩავეხსნებოდი და ამ ჯგუფში სიამოვნებით ვიმუშავებდი. უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი, რადგან ეს ერთ-ერთი, ყველაზე საინტერესო პერიოდი იქნებოდა ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში. ამ ჯგუფში მუშაობის შემდეგ, მემუარების წერას დავიწყებდი. არ ვხუმრობ, ეს მართლაც ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან ზუსტად იცი, რომ სწორედ იმ მოდელს აყალიბებ, რომელზეც შენი შვილებისა და შვილიშვილების ქვეყანა უნდა განვითარდეს'.

 ,,ვერსიასთან' საუბრისას ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც 2016 წლის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, საკუთარ საარჩევნო პროგრამაში, სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაციის მოდელის მისეული ხედვა წარადგინოს. საზოგადოება 20/30-ის მიწვეულ ექსპერტს ამ მხრივ, განსაკუთრებით ,,ქართული ოცნების' ხედვა აინტერესებს: ,,ბუნებრივია, ოპტიმალური სახელმწიფო მოდელის ჩამოყალიბება ნომერი პირველი გამოწვევაა ყველასთვის, ვინც ქვეყნის პოლიტიკურ სათავეშია. რეალურად, ამაზეა დამოკიდებული ყველა პრობლემა, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებასა თუ საბიუჯეტო პროცესთან, ლარის კურსთან და ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება. ამ საკითხზე ვსაუბრობთ. არ დაგიმალავთ, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ ყველა პლატფორმას თავისი არგუმენტები აქვს.  
  

ბუნებრივია, ჩემს ხედვას გარკვეული ბენეფიტები აქვს, მცირე მთავრობის იდეა საკმაოდ კარგი და მოქნილი სისტემაა, გადაწყვეტილებების მიღება მარტივია, ფუნქციები დელეგირებულია, მაგრამ ბევრი საკითხია განსახილველი და კარგი იქნება, თუ განხილვის პროცესში, უცხოელებიც ჩაერთვებიან. ახლა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნება, ხელისუფლებამ დააანონსოს, რომ ამ საკითხზე მსჯელობასა და სახელმწიფოს მოწყობის გარკვეულ მოდელზე მუშაობას იწყებს'.

 ლევან კალანდაძემ ,,ვერსიას' განუცხადა, რომ ერთი, რომელიმე სამინისტროს გაუქმება უშედეგო იქნება. რაც მთავარია, მსჯელობისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რა დადებით შედეგს მოგვიტანს ზოგადად, სამინისტროების ოპტიმიზაციის რეფორმა. მაგალითად, ,,ვერსიის' უხეში გათვლებით, თუ პირობითად, გასაუქმებელი სამინისტროების ბიუჯეტებს გადავხედავთ, მხოლოდ 2015 წელს გამოყოფილი დაფინანსების დაჯამებით, 601 000 000 ლარი დაგვეზოგება. ამის მიუხედავად, ლევან კალანდაძემ, როგორც ფინანსისტმა, შეგვისწორა, რომ მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების ეკონომიაზე აპელირება ამ საკითხის განხილვის დროს, არასწორია:,,ჩემთვის, როგორც ფინანსისტისთვის, მთავარია არა ფულის დაზოგვა, არამედ მისი ოპტიმალური ხარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რა დადებითი შედეგი მოჰყვება სამინისტროების გაუქმებას. თუ რომელიმე სამინისტროს გაუქმებით, ამ უწყების ქოლგის ქვეშ არსებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მიუხედავად იმისა, რომ უწყებების ,,ქათინგით', ბიუჯეტს 601 000 000 ლარი მოაკლდება, ეს ჩემთვის მიუღებელი იქნება. როგორც ხარჯების ოპტიმიზაცია და შეკვეცა, ისე ფუნქციური გადანაწილება და გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბება- განხორციელება, ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მთავარია, რა დადებით შედეგს მივიღებთ, თორემ შესაძლოა, დღეს ხუთივე სამინისტრო გავაუქმოთ და ჯამში, 601 მილიონი ლარი დავზოგოთ, მაგრამ თუ სახელმწიფო ვექტორებს არასწორად ჩამოვაყალიბებთ, შესაძლოა, მეორე, მესამე, ან მეოთხე წლისთავზე უფრო დავზარალდეთ. ზოგადად, ეკონომიკაში, ხვალინდელი ქათამი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დღევანდელი კვერცხი'. 

რა რისკები ახლავს მცირე მთავრობის, ანუ სამინისტროების ოპტიმიზაციის რეფორმას? ლევან კალანდაძე ,,ვერსიასთან' საუბრისას აცხადებს, რომ მთავარია, სწორად დავინახოთ ის ფუნქციები, რაც ამ რეფორმის შედეგად, სახელმწიფოს ექნება. მისი თქმით, დაუშვებელია, სახელმწიფოს კონკრეტული სამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფუნქცია, მაგალითად, ხვნა-თესვის, მორწყვის უფლება ჰქონდეს, რასაც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მისივე თქმით, არ შეიძლება, სახელმწიფო გარგრის ბაღებს ფლობდეს და შემდეგ ამ პროდუქციის რეალიზაციასაც ახორციელებდეს. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი რისკი, სახელმწიფო ფუნქციების სწორად დანახვაშია და სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ ამ პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთონ. კალანდაძის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ სამინისტროების შექმნისა და ახალი უწყებების გამოგონების ისტორია აქვს, მათი გაუქმებისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება არ გვაქვს და ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ პროცესში ის უცხოელი სპეციალისტები დაგვეხმარებიან, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს. 

ზოგადად, ნებისმიერ რეფორმას ახლავს აზრთა სხვადასხვაობა და სირთულე. რაც მთავარია, რეფორმა არაპოპულარული და მტკივნეული პროცესია. ამ თვალსაზრისით, სამინისტროების ოპტიმიზაცია ყველაზე მეტად გართულდება, რადგან ამ პროცესს სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულთა შემცირება მოჰყვება, რასაც საზოგადოება არაერთგვაროვნად მიიღებს: ,,ბუნებრივია, ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება და აბსოლუტურად გეთანხმებით, ბევრი სირთულეც მოჰყვება. ამავდროულად, არაპოპულარული იქნება, რადგან მართალია, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას ქამრების შემოჭერის რეალურ ფაქტად მიიღებს, მაგრამ იმ ნაწილისთვის, რომელსაც შესაძლოა, ეს რეფორმა პირადად შეეხოს, ადვილად გადასატანი არ იქნება. თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოში უკვე დადგა დრო, რომ ხელისუფლებამ არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯები გადადგას. ვიღაცამ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გახსნას, პასუხისმგებლობა აიღოს და შესაძლოა, შემდეგ არჩევნებზე აღარც კი აირჩიონ, მაგრამ დღეს ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს!'