თბილისის პროკურატურამ, ექსპრეტიზის ცენტრ „ვექტორის“-ს დირექტორის, ალეკო გეჯაძეზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მულის მე-2 ნაწილით გამოძიება დაიწყო. ექსპერტი ზეწოლასა და პროვოკაციაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გარემოცვას ადანაშაულებს. მას შემდეგ, რაც ექსპერტმა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გვამზე ჩატარებული ექსჰუმაციის შედეგები გაასაჯაროვა, მას პროკურატურის სახელით ორი პიროვნება დაუკვაშირდა და კულუარულად შეხვედრა სთხოვეს.
გამომდინარე იქიდან, რომ კულუარული შეხვედრებისათვის აქამდე პროკურატურიდან არავინ დაკავშირებია, ექსპერტმა გადაწყვიტა პროკურატურაში მისულიყო და გაერკვია ვინ ითხოვდა მასთან კულუარულ შეხვედრას, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პიროვნებები კახა თავაძე და ირაკლი სუთიძე სინამდვილეში პროკურატურის თანამშრომლები არ იყვნენ.
„მას შემდეგ რაც გავახმაურე სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები, გარკვეულ ძალებს სამართალწარმოების ამა თუ იმ მიმართულებით პრობლემა შეექმნათ. ორშაბათს 18:00 საათისთვის დამიკავშირდა პიროვნება, რომელმაც თავი წარმომიდგინა როგორც პროკურატურის წარმომადგენელი, კახა თავაძე.
მან მითხრა, რომ იგეგმებოდა პოლკოვნიკ თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის წარმომადგენლებთან, ახალაიას ოჯახის წევრებთან, გარკვეულ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა ექსპერტიზასთან დაკავშირებით. შეხვედრის ძირითადი ლაიტმოტივი უნდა ყოფილიყო, თეთრაძის ცხვირის მოტეხილობა და უკანა ტანში დაზიანება იყო თუ არა სიცოცხლისდროინდელი. ჩემმა საექსპერტო დაწესებულებამ თეთრაძის ექსჰუმიურებული გვამის მეორად გამოკვლევაში მიიღო მონაწილეობა სამხარაულის ექსპერტიზის კომისიასთან ერთად.
ბატონმა კახამ მითხრა, რომ სიცოცხლისდორინდელი რომაა ცხვირის მოტეხილობა, კატეგორიულად არ გიწერიათ დასკვნაშიო, რაზეც არ დავეთანხმე. მე მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ახლა ვხდები, რომ ისეთი ტერმინების გამოყენებით მესაუბრებოდა, რაც შექმნიდა იმის შთაბეჭდილებას, რომ ჩემსა და პროკურატურას შორის ალიანსი იყო“, - აცხადებს გეჯაძე.
გეჯაძის თქმით, მას ე.წ. მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი არ უთქვმას, თუმცა, როდესაც დროის შესათანხმებლად ე.წ. გამომძიებელს გადაურეკა, ტელეფონზე უკვე აღარ უპასუხეს.
„ბატონი კახასთვის შეხვედრაზე დასწრებაზე უარი არ მითქვამს. ცოტა ხანში მისი ე.წ. გამომძიებელი დამიკავშირდა, რომელიც როგორც ირაკლი სუთიძე ისე გამეცნო. მან მითხრა, რომ ყოველთვის გვერდით უდგახართ პროკურატურას და გთხოვთ ამ შეხვედრაზე, რომელიც თეთრაძის საქმეზე შედგება, რიხიანად დამეცვა ჩემი პოზიცია ექსპერტიზასთან დაკავშირებით. მან მთხოვა, რომ იქნებ, ცალკე შევხვდეთ, ექსპერტებთან და ახლაიას ოჯახის წევრებთან შეხვედრამდე ასე 12:00 საათისთვისო და პროკურატურაში იქნებ არ იყოს ეს შეხვედრაო.
ჩემს ოფისში შეხვედრა შევთავაზე, რაზეც დამთანმხდა. ცოტა ხანში ბატონ ირაკლის გადავურეკე, რადგან გამახსენდა, რომ 12:00 საათისთვის ოფისში არ ვიქნებოდი, თუმცა მან ჩემს ზარებს არ უპასუხა. რამდენჯერმე დავურეკე ე.წ. მთავარ პროკურორსაც. არც მან მიპასუხა ზარებზე. საღამოს საათებშიც დავურეკე, მაგრამ ისევ არ მიპასუხა“, - აცხადებს ალეკო გეჯაძე.
მისივე თქმით, ყველაფერმა ამან ეჭვი გაუჩინა, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რადგან პროკურატურის ასეთ მაღალჩინოსნებს კულუარული შეხვედრების თაობაზე არასდროს დაურეკავთ და გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება მისი საუბარი ჩაეწერათ და იქიდან ისეთი ნაწყვეტები აეღოთ, რაც გამოავლენდა ალიანსს მასსა და პროკურატურას შორის.
„მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და მივედი პროკურატურაში. დავინტერესდი ეს მობილურები და სახელი და გვარები ნამდვილად ფიქსირდებოდა თუ არა პროკურატურაში. გადაამოწმეს და მითხრეს, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და ეს ხალხი ის ადამიანები არ იყვნენ, როგორც თავი წარმოაჩინეს. ამის მერე, ბუნებრივია, მივეცი წერილობით ფორმატში ინფორმაცია პროკურატურას და ვთხოვე განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული ზომები.
ადგილი აქვს პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ჩემი ცენტრის წინააღმდეგ. ჩემი ვარაუდით, ეს მხოლოდ ახალაიას გარემოცვას აწყობს. იცით, გამიჭირდება იმის თქმა, ამ ყოველივეს შემდეგ არის თუ არა დაცული ჩემი უსაფრთხოება. ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა, მერე რა იქნება ვნახოთ. ჩემი უსაფრთხოების გარანტია ჩემი სიმართლეა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ალეკო გეჯაძე.
აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკ თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების, ახალაიას ოჯახის წევრებთან და გარკვეულ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა ექსპერტიზასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაგეგმილი არ ყოფილა. ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია ვინ არის ირაკლი სუთიძე და კახა თავაძე. რაც შეეხება ალეკო გეჯაძის განცხადებას, ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ახალაიას მხრიდან ექსპერტთან არავის დაურეკავს, თუმცა პროკურატურის და ექსპერტის ალიანსს არ გამორიცხავს. ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის უცობია სატელეფონო ზარის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ იზრუნებენ მოიპოვონ აღნიშნული ჩანაწერი, რათა ჩატარდეს ექსპერტიზა, არის თუ არა მონტაჟი.
„მესმის მისი აღელვების, სავარაუდოდ ვიღაცას ესაუბრა ამის შესახებ და ეშინია, რომ ეს ჩანაწერი გამოჩნდეს. ჩვენ ასეთი ჩანაწერი ჯერჯერობით, არ გვაქვს. დაცვის მხარე მონდომებული ვართ, რომ ყველა ის ცრუ მოწმე და ექსპერტი ვამხილოთ, ვინც ყალბი დასკვნები გასცა. თუ რამე არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ გეჯაძე არის მიკერძოებული, რასაც ჩვენ ვვარაუდობთ, ამას აუცილებლად გამოვიტანთ სააშკარაოდ. რაც შეეხება სატელეფონო ზარს, სიმართლე რომ გითხრათ, ირაკლი სუთიძე არ გამიგია და წარმოდგენა არ მაქვს ვისზე ლაპარაკობს ბატონი ალეკო, მაგრამ მისი პოზიციიდან ჩანს, რომ თავს იზღვევს“, - აცხადებს ველიჯანაშვილი.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ალეკო გეჯაძის მხრიდან იყოს პროვოკაციის მცდელობა.
„სწორედ, რომ მისი მხრიდან გავს პროვოკაციას. იცის, რომ რაღაცა ჩანაწერი არსებობს და წინასწარ თავს იზღვევს, რომ თითქოსდა ეს არის მონტაჟი, რაღაცა დაგეგმილი და ა.შ. სინამდვილეში ეს ყველაფერი გახდება საჯარო. ასეთი ჩანაწერი არ დაიმალება და გამოვა სააშკარაოზე. ბატონმა გეჯაძემ გასცა ყალბი დასკვნა ამ საქმესთან დაკავშირებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მალხაზ ველიჯანაშვილი.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე პროკურატურას მოუწოდებს, უზრუნველყონ ექსპეტრის უსაფრთხოება.
„ბატონმა ალეკომ თავდაყირა დააყენა ახალაიას ადვოკატის განცხადებები და შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს მასზე განხორციელებული ზეწოლა. რადგან ზუსტად ასეთი აგრესია და შეტევა არის ყველა იმ ჟურნალისტზე, ვინც რეპორტაჟი მოამზადა ჩემი მეუღლის შესახებ, მათ შორის ბელა ზაქაიძეზე და ნინო მიქიაშვილზე. ასევე, ზეწოლა ხორციელდება ჩემს ადვოკატზე მაგდა კოტრიკაძეზე.
ნამდვილად გაკვირვებული ვარ, რას ელოედება შსს და პროკურატუარა, რატომ არ ვართ დაცული საკუთარ ქვეყანაში. აუცილებლად უნდა გამოუყონ დაცვა ბატონ ალეკო გეჯაძეს. ასევე, ჩემს ოჯახს. რადგან სასამართლო პროცესის შემდეგ გაისმა მუქარა და ზეწოლა ჩემს ოჯახზე. ჩემი შვილით დამემუქრა ბაჩანა ახალაიას მეუღლე. მინდა გითხრათ, რომ ანი ნადარეიშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ განცხადებით მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე რეაგირება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა თეთრაძე.