ხალიფატმა საქართველო ,,ისლამური სახელმწიფოს' საზღვრებში მოაქცია _ ,,კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია' გვაფრთხილებს
ისლამური ხალიფატი, სირიის შემდეგ, ჩრდილოკავკასიას ღიად პირველად დაემუქრა - ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ,,კავკასიის ვილაიეთის' დაარსება დაანონსა. ,,ვილაიეთის' მმართველი ,,იმარატის' დაღესტნის ფრთის მეთაური მუჰამად ალ კადარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს' ერთ-ერთი ,,მაღალჩინოსანი' პანკისელი ომარ ალ შიშანია, რომელსაც მუქარისშემცველი ვიდეო არაერთხელ გაუვრცელებია. შემთხვევითი, ალბათ, არც ისაა, რომ ამას წინათ, თბილისის ცენტრალურ უბანში, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი ცოცხალი მოწმის, ზელიმხან ხანგოშვილის მოკვლა სცადეს, რომელიც ისლამურ ხალიფატს უპირისპირდება. ხანგოშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე ახმედ ჩატაევი ითვლება, რომელიც დღეს ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ რადიკალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს. რას ნიშნავს ხალიფატის მიერ გამოქვეყნებული რუკა, სადაც საქართველო, საბერძნეთი და სხვა ევროპული ქვეყნები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საზღვრებშია მოქცეულნი, რას იზამს რუსეთი ჩრდილოკავკასიაში, რა როლი ექნება საქართველოს ახალ რეგიონულ გადანაწილებაში და რატომ დუმს ხელისუფლება კარსმომადგარ საფრთხეზე? - ,,ვერსიის' რესპონდენტი, ,,კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის' პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი მოვლენათა განვითარების ტრაგიკულ სცენარზე ლაპარაკობს.
- თავის დროზე, როცა ხალიფატის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისრაელის შემდეგ მისი მომდევნო სამიზნე ჩრდილოეთ კავკასია იქნებოდა, ჩვენმა ორგანიზაციამ განგაშიც ატეხა. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო ფორმალური ორგანიზაციებია - ჩვენს განცხადებებსა და ინიციატივებზე პასუხი აქამდე არ მოგვისმენია, ვერც ქმედით ნაბიჯებს ვხედავთ, დღემდე ვერც საქართველოს ეროვნული უშიშროების კონფენცია მოვისმინეთ და ვერც - ქართული ჯარის მშენებლობის გეგმა თუ თავდაცვის ეროვნული დოქტრინა. არ ვიცით, რეალურად, თავდაცვის რა სისტემა გვაქვს, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით განვითარებას როგორ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა რა ძირითადი საფრთხეების წინაშე დგას და მათი გააქტიურების შემთხვევაში, რა გეგმა გვაქვს, ვინაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ვის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და ა.შ. ყველაფერი ეს აბსოლუტურად გაურკვეველია.
- ჩვენს მეზობლად, ,,ისლამური სახელმწიფოს' მიერ ,,კავკასიურ ვილაიეთის' დაფუძნება ძირითადი საფრთხე არაა? რა გადალაგება მოხდება რეგიონში და და ჩვენი და რუსეთის ურთიერთობაში რა შეიცვლება?
- ისლამური სახელმწიფოს საფრთხე საქართველოს საზღვრებთან კი არა, უკვე საქართველოს საზღვრებშია. ეჭვი მეპარება, ისლამური ხალიფატის ხელმძღვანელობა ჩვენსკენ 40 000-იან ლაშქარს გამოუძღვეს, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ასევე კავკასიაში დასაყრდენი უკვე ჰყავს და არავინ იცის, ამ ხალხის რა მიმართულებასა და დავალებას მისცემს. თუ ისლამური ხალიფატი რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებს, საქართველო ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგება - ან რუსს უნდა დავეხმაროთ, ან ხალიფატს.
- შუალედური პოზიცია არ არსებობს?
- რა თქმა უნდა, არა, რადგან ამ ბრძოლაში ავტომატურად ჩართული აღმოვჩნდებით. ისლამური ხალიფატი თავისი იდეოლოგიითა და ქმედებებით მიუღებელია, რუსეთი კი საგარეო პოლიტიკით და მასთან, პრაქტიკულად, საომარ მდგომარეობაში ვართ.
- ამ ფონს, ალბათ, ისიც ართულებს, რომ დღემდე კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვაქვს ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან, თუნდაც ჩეჩნებთან. აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიშებში, როგორც ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების ,,მეგობარი' ქვეყანა, შესაძლოა, ამის გამოც ვხვდებით ხოლმე, არა?
- ჩრდილოკავკასიაში ძალიან ბევრი კეთილისმსურველი გვყავს, რომლებიც რადიკალური ისლამის წარმომადგენლებთან ფიზიკურად არიან დაპირისპირებულნი. ჩვენი ორგანიზაციის სახელით გეუბნებით: ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ სურვილი არ მაქვს, ეს ხელისუფლებას ვასწავლო. რაც უნდათ, ის აკეთონ! თავი ძალიან ჭკვიანი ჰგონიათ, საშინლად რეაგირებენ კრიტიკაზე, მტერ-მოყვარეს ვერ არჩევენ, ამიტომ ამ ვირტუალური სამყაროს გენერლებმა, კეთილი ინებონ და, დაალაგონ ურთიერთობები - ჩვენ ამას აღარ ვასწავლით, მით უმეტეს, საჯაროდ. ამას, წლების განმავლობაში, სრულიად უანგაროდ ვაკეთებდით. ეს ის შემთხვევაა, როცა არც თვითონ იციან, რა უნდა აკეთონ და არც სხვისი ესმით.
- ხალიფატის სასარგებლოდ, როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი ქისტი იბრძვის. ბატონო ზაალ, ამის მიზეზი რა არის?
- ამ მიმდინარეობის იდეოლოგია მსხვერპლშეწირვა და თვითმკვლელობაა. ასეთები შეიძლება, საქართველოშიც არიან, მათ შორის, - როგორც მებრძოლი მოჯაჰედები, ისე ე.წ. გადამბირებელები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით იეჰოვას მოწმეებს ჰგვანან.
- ისე, ლაფანყურის ოპერაციიდან, სადაც 11 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დააპატიმრს, 3 წელი გავიდა, გამოძიებას კი დღემდე არ უთქვამს, რეალურად რა მოხდა ან დღეს რა ხდება, როცა თბილისში ამ სპეცოპერაციის ცოცხალი მოწმე, ზელიმხან ხანგოშვილი დაჭრეს. ამ ორ მოვლენას შორის რა კავშირს ხედავთ, ვის და რატომ უნდა სურდეს ხანგოშვილის მოშორება?
- ამ თემაზე მკითხაობა ძალიან ძნელია. სპეცსამსახურებისა და გამოძიების საქმეებში ჩარევას ვერიდები, თუმცა არაა გამორიცხული, ხანგოშვილის მოცილება ისე უნდოდათ, როგორც ლაფანყურის ოპერაციის მოწმისა. ასევე, მისი მოკვლა ხელს შეიძლება, რადიკალური ისლამის წარმომადგენლებს აძლევდა, რადგან მათი მოწინააღმდეგეა. ამ კითხვებს პასუხები სამართალდმაცავებმა უნდა გასცენ. დიდი ხანია ვამბობ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში არის გვარები, რომელთა გასაჯაროებაც არ შეიძლება. დამნაშავეთა გვარები კი, პირიქით, უნდა გასაჯაროვდეს და ამ სისხლიანი სპეცოპერაციის დამგეგმავნი დაისაჯონ. ვფიქრობ, ამ საქმის გამოძიებას ორი მიზეზით აჯანჯლებენ: ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის გართულებას ერიდებიან, ან ამ ხელისუფლებამ ბევრი ის ადამიანი, ვინც სპეცსამსახურებში მუშაობდა და ლაფანყურის ოპერაციაშიც იყო გარეული, თანამდებობაზე დატოვა. პირდაპირ გეტყვით: ლაფანყურის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ასაჯაროებენ, რადგან არავის დასჯა უნდათ!
- ეს რომელი უცხო ქვეყნის ინტერესებში შედის?
- ყოველ შემთხვევაში, მაშინ რუსეთისა და თურქეთის სპეცსამსახურების ინტერესები იკვეთებოდა. სპეცოპერაციიდან რამდენიმე თვეში, თურქეთის შსს-მ ოფიციალური ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლები თურქეთში ამ სპეცოპარაციის მონაწილეთა მოკავშირეებს ესაუბრებოდნენ. ამით თურქეთმა ისლამური სამყაროსა და კავკასიელების წინაშე თავი იმართლა, არაფერ შუაში ვარო.
- დღეს თურქეთი იმ ქვეყნების სიაშია, ვისაც ხალიფატი პირდაპირ ემუქრება. ასევე გამოქვეყნდა რუკა, სადაც საქართველო, საბერძნეთი, გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები ისლამური სახელმწიფოს ნაწილადაა მოაზრებული. ეს რას ნიშნავს?
- ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას, აბსოლუტურად უდანაშაულო და დაუცველ ადამიანებს ფიზიკური საფრთხე ემუქრებათ. ჩემი აზრით, ყველაფერი ეს ჩრდილოკავკასიაში რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში გადაიზრდება. ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ომი რასაც ნიშნავს, 1994-99 წლებში უკვე ვნახეთ, ეს ახალი ომი კი წინასგან განსხვავებული და გაცილებით დაუნდობელი იქნება. ვინმე არც მეგობრული საქართველოს ინტერესებს გაითვალისწინებს და არც - ეთნიკური კავკასიელების. დიახ, ეს პირდაპირ შეეხება საქართველოს - ბოლოსდაბოლოს, ჩვენთან 500 000-ზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს, თუნდაც ქვემო ქართლსა და აჭარაში და, რა თქმა უნდა, პირდაპირი საფრთხე გვემუქრება. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მძიმე შეიარაღებას თუ გამოიყენებს, რომელიც შორ მანძილზე მოქმედებს, საერთოდ არ ვიცი, ასეთ ვითარებაში მზად რისთვის ვიქნებით. ახლა ორცეცხლშუა ვართ და სწორედ დროა, მოკავშირეები ქვეყნის გარეთ ვეძებოთ - ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი იქნება ეს თუ სტრატეგიული პარტნიორი აშშ. ცალკე აღებული, ამ პრობლემას ვერცერთი სახელმწიფო ვერ მოაგვარებს. ეს ღია ომი არაა, სადაც მტერსა და მის პოზიციებს ღიად ხედავ - ეს პარტიზანული ომი და თვითშეწირვაა, ამიტომ სად, რა და როდის აფეთქდება, არავინ იცის. ჩვენი ორგანიზაცია სასოწარკვეთილია, რადგან 2009 წლიდან ამ კითხვებს ვსვამთ და პასუხებს ვერ ვიღებთ. ამ კითხვების დასმის ჟამი კიდევ ერთხელ მოვიდა და ახლა უნდა გაცხადდეს, ვინ კაცია და ვინ - არაკაცი, ვინ პატრიოტი, თაღლითი, მამაძაღლი, ,,გნიდა' და ლაჩარია.
- ყველაფერ ამის ფონზე, საქართველოს მეორე სირიად ქცევა ემუქრება?
- საქართველოს, ერთი მხრივ, გარესაფრთხეებისა და მეორე მხრივ, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მიზეზით, სირიიზაცია ემუქრება. ქვეყანა იდეოლოგიურად უკვე გახლეჩილია - ვიღაცას ევროკავშირის წევრობა სურს, ვიღაცას - ევრაზიული სავაჭრო კავშირისა. ეს შეიძლება, შიდადაპირისპირების საგანი გახდეს და სირიაშიც ყველაფერი ასე დაიწყო: ვიღაც რუსეთთან კარგი ურთიერთობის მომხრე იყო, ვიღაც წინააღმდეგი. მერე, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთმანეთთან მიტინგებზე ჩხუბი დაიწყო, ორივემ თოფი ისროლა და ოპოზიციას რადიკალური ისლამი დაეხმარა.
- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხალიფატის კავკასიური ,,ფილიალი' და ისლამური სახელმწიფო, რომელიც ჩვენგან 500 კილომეტრშიც არაა, გაერთიანებას მოახერხებენ?
- ეს, რა თქმა უნდა, რეალური სცენარია, უბრალოდ, დროის წინასწარმეტყველებაა შეუძლებელი. მთელი ამ მოვლენების საბოლოო მიზანიც ეგაა - ამ ორი წარმონაქმნის გაერთიანება.