,,მე და ბატონ ბიძინას ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა!'

,,მე და ბატონ ბიძინას ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა!'

როგორ გახდა ივანიშვილის ,,სპიჩრაიტერი' თავისუფალი დემოკრატი ნინო გოგუაძე 

...აუდიენციაზე ზუსტად დათქმულ დროს - 2 საათზე მივდივარ. მგონია, რომ ლოდინი მომიწევს, მაგრამ ვცდები - ნინო გოგუაძე უკვე ადგილზეა... ცოტა ხანს თავისუფალი დემოკრატების ოფისის აივანზე ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, როგორიც, მაგალითად, მლიქვნელობაა... მერე, საკონფერენციო დარბაზში ჩავდივართ... ნინო გოგუაძეს აქამდე არ შევხვედრივარ, მაგრამ ტელევიზიით ხშირად ვუსმენ. ვთვლი, რომ საინტერესო მოსაუბრეა... ჰოდა, წესით, არა-ჩვეულებრივი ინტერვიუ რამე ,,მსუყე' საკითხით უნდა დავიწყო, მით უმეტეს, ახლა, როცა ალასანიას გუნდისთვის ,,კაბელების საქმე' ყველაზე აქტუალურია, მაგრამ... მასპინძელს მოულოდნელად ვეკითხები:

- ქალბატონო ნინო, შეხვედრაზე ჩემზე ადრე მოსულხართ. ეს შემთხვევით მოხდა თუ, საერთოდ, პუნქტუალური ხართ? 
- პუნქტუალური ვარ, დაგვიანება არ მიყვარს და ვცდილობ, ორი-სამი წუთით ადრე მივიდე, რადგან გაურკვეველი ამბები არ შემემთხვას და შეხვედრაზე არ დავაგვიანო. 

- მხოლოდ ბუნებრივად კი არა, პოლიტიკურადაც ძალიან დაცხა. მაღალი ტემპერატურა ხომ არ გაწუხებთ? 
- სიცხე მიყვარს, მაგრამ საქართველოში, პირდაპირი და პოლიტიკური მნიშვნელობითაც, ჟანგბადი არაა, ამიტომ უჟანგბადობა ძალიან მაწუხებს. 

- ესე იგი, პოლიტიკაში თავს ცუდად გრძნობთ? 
- არა - იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც მინდა. პოლიტიკა ჩემთვის მოქალაქეობრივი ცხოვრების წესია, მაგრამ იმ გარემოში, რომელიც პოლიტიკისაგან შორსაა და უფრო ჭორაობა, ადამიანების დისკრედიტაცია, უპატივცემლობის დანერგვაა, თავს ცუდად ვგრძნობ. 

- ქათინაურად არ ჩამითვალოთ და მასების ყურადღების ცენტრში უცებ აღმოჩნდით. ამაში გარკვეული როლი, ალბათ, თქვენმა ხმის ტემბრმაც შეასრულა. როგორც ვიცი, პედაგოგი ხართ... პოლიტიკამდე როგორ მოხვედით? 
- ქიმიკოსი ვარ და არასოდეს მიფიქრია, რომ პოლიტიკაში აღმოვჩნდებოდი... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა და ნებისმიერი ჩარჩო, რომელიც ამ თავისუფლებას მიზღუდავს, მაწუხებს! 

- სხვათა შორის, ქიმიაც გარკვეულწილად ჩარჩოა - ქიმიური ფორმულები თავისუფლებას არ გიზღუდავდათ? 
- არა, რადგან ფორმულებიც სხვა სამყაროა, სადაც შეგიძლია, თავისუფლად იაზროვნო, ოღონდ ფორმულების ენაზე, თუმცა, როცა ვხვდები, რომ რაღაც ამოვწურე, სხვა საქმით ვკავდები ხოლმე. ქიმია მოსწავლეობისას ძალიან მიყვარდა - დედა და დეიდაც ქიმიკოსები იყვნენ და ქიმიის სიყვარული, ალბათ, მემკვიდრეობით მერგო, თუმცა უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, იდეალისტურ- რომანტიკული გარემოდან გამოვედი და ქიმია უკვე ნაკლებად მიყვარდა... მუშაობა ელექტრო ქიმიის ინსტიტუტში დავიწყე, მერე, მოსკოვში, ასპირანტურა გავიარე... 

- უი, უი, არ მეგონა, რუსული ბეგრაუნდი თუ გქონდათ... 
- დიახ, ქიმიური რუსული ბეგრაუნდი მაქვს! 

- არ ნანობთ? 
- (იცინის) მგონი, ხუმრობთ, ხომ? 

- ნაწილობრივ... 
- პასუხი ნათელია: არ ვნანობ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო... თბილისში რომ დავბრუნდი, გავთხოვდი და 21 წლისას უკვე შვილი მყავდა... ამასობაში, საბჭოთა კავშირის ნგრევა დაიწყო... სხვათა შორის, ისეთი ოჯახში გავიზარდე, რომ ბავშვობიდან ვიცოდი, საბჭოთა კავშირი ძალიან ცუდია. 37 წელი და სტალინიც საშინელება იყო. ჩემთვის და ჩემი წრისთვის კომპარტიის წევრობა სირცხვილად ითვლებოდა! მათთან, ვინც კომპარტიას კარიერისთვის იყენებდნენ და ამ სიყალბეში მონაწილეობდნენ, სტუდენტობისას არ ვმეგობრობდი! 

- ქალბატონო ნინო, თქვენს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში იყო პერიოდი, როცა წესით, ჩაკითხვებს უნდა მიჩვეოდით, ამიტომ, ჩაგეკითხებით: ხომ არ დადგება დრო, როცა იტყვით, კოალიციაში გატარებული წლების მრცხვენიაო, ან იმას ხომ არ ინანებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს .. სპიჩებს უწერდით? 
- არა! მოდით, ნაცმორაობასთან ბრძოლისა და ხელისუფლებში მოსვლის პერიოდები დავყოთ. ნაცმოძრაობასთან ბრძოლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ის სასტიკი ხელისუფლება იყო, რომელმაც ბევრი დანაშაული დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების სახელით ჩაიდინა, რითიც დემოკრატია და ევროპული გზა შეარყია. ნაციონალებმა ჩემი ღირებულებების დისკრედიტაცია მოახდინეს! ეს იყო სასტიკი ბრძოლა სიცოცხლის რისკის ფასად და ყოველთვის მადლობელი ვიქნები ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომ მომცა საშუალება, ამ ბრძოლაში საინტერესო როლი შემესრულებინა! 

- ივანიშვილის ,,სიპჩრაიტერი' როგორ გახდით? 
- თავად ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა... 

- მაშასადამე, უფასო ფული თქვენი იდეაა? 
- ჩემს ,,სპიჩებში' უფასო ფული არ ყოფილა! ,,სპიჩებს' მე და მაია მენაღარიშვილი ვწერდით, რომელიც ახლა პრემიერის აპარატში ისევ ,,სპიჩრაიტერად' მუშაობს. 

- ,,სპიჩისთვის' მესიჯებს ივანიშვილი გაძლევდათ? 
- ყველა მესიჯს ჯერ ჩვენ ვაყალიბებდით, მერე კი, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინაც მონაწილეობდა. ამ ,,სპიჩებს' ერთი წამითაც არ ვნანობ და დღესაც, ხელისუფლებას რომ ვაკრიტიკებ, სწორედ ამ ,,სპიჩებიდან' გამოვდივარ! ჩვენს ,,სპიჩებში' სამი ძირითადი დაპირება იყო - უფასო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობისა და განათლების პროგრამები. სხვათა შორის, ,,სპიჩების' წერა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ დემოკრატებში ,,სპიჩების', იდეოლოგიური დოკუმენტებისა და მესიჯების მომზადება მევალებოდა. ბატონ ბიძინასთან მწერლები და ცნობილი ლიტერატორები დამხვდნენ... 

- კონკრეტულად? 
- რატი ამაღლობელი, ბასა ჯანიკაშვილი...
 
- დათო მაღრაძე? 
- დათო ამოდიოდა, მაგრამ ყოველდღიურ მუშაობაში ის კი არა, დათო ზურაბიშვილი მონაწილეობდა... 

- დათო ზურაბიშვილისთვის ეს ჩვეული ამპლუაა - თავის დროზე, შევარდნაძის პროგრამებსაც წერდა! 
- დათო ძალიან კარგად წერს... ჩვენი ჯგუფი ჩემგან, მაია მენაღარიშვილისა და დათო ზურაბიშვილისგან შედგებოდა. მნიშვნელოვან პიართათბირებს ვესწრებოდით... 

- პიარს ხომ თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობდა? 
- თავიდან კი, მერე - ხუხაშვილი, უფრო მერე - მაია ფანჯიკიძე. 

- თავდაპირველად, ამ ჯგუფის ხელმძღვანელობა ივანიშვილმა მართლა თეა წულუკიანს დაავალა? 
- თეა ჩვენგან ბატონ ბიძინასთან სულ პირველი წავიდა - დაგვემშვიდობა. 

- პარტიაში, როგორც ახლა ირკვევა, მაინც მარტო იყო და უნდა წასულიყო, აბა, რა უნდა ექნა?! 
- მის სულიერ მდგომარეობაზე ვერ ვიმსჯელებ!

- ოდესმე თქვენც ხომ არ იტყვით, თავისუფალ დემოკრატებში მარტოსული ვიყავიო? 
- არა, ესენი ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან და ეს ბედნიერებაა... თეა, მერე უკან დაბრუნდა, მოგვიანებით კი, კოალიციაში იურისტების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 

- ისე, ერთხანობა ითქვა, განათლების მინისტრად გნიშნავდნენ... 
- არ მინდოდა: ისეთ პასუხისმგებლობას, რომელიც მიმაჩნია, რომ სხვამ შეიძლება, უკეთ შეასრულოს, არასოდეს ავიღებ! მინდა, ის საქმე ვაკეთო, სადაც ჩემს თავისუფლებას არავინ შეზღუდავს! საბედნიეროდ, ჩემს პარტიაში პიროვნული თავისუფლება არ მეზღუდება! მოკლედ, ბატონ ბიძინასთან საინტერესო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. საერთოდ, მასთან საუბარი ნამდვილად საინტერესოა. ზოგჯერ შეუსაბამო ფრაზებით ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან ძლიერი რაციონალური აზროვნება აქვს და ზუსტად იცის, რა კარგია და რა ცუდი, თუმცა ამას ცხოვრებაში როგორ იყენებს, ვერაფერს გეტყვით... იმაში, რომ ქვეყანა ისე არ განვითარდა, როგორც გვინდოდა, დამნაშავე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არაა. 

- თავს დემოკრატებიც იდანაშაულებთ? 
- ჩვენც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს!.. შეიძლებოდა, რომ ადამიანები თანამდებობებს კი არ გაფრთხილებოდნენ და იმის სურვილი კი არ ჰქონოდათ, ბატონი ბიძინას ყურადღება და კეთილგანწყობა მოეპოვებინათ, არამედ, მათზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებები შეესრულებინათ და პრინციპები არ შეეცვალათ, მაგრამ სამწუხაროდ, ის მოხდა, რაც მოხდა. დღეს საქართველო დემოკრატიული, სამართლებრივი ქვეყანა არაა და საბრძოლველი ძალიან ბევრი გვაქვს, თუმცა ამაში, ვიმეორებ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს კი არა, ყველა იმ ადამიანს ვადანაშაულებ, ვინც ოფიციალურ თანამდებობებს იკავებენ, მოვალეობები აქვთ, მაგრამ მათი შესრულების უფლება - არა! 

- მაინც, ვისზე ლაპარაკობთ? 
- ყველაზე, ვინც ოფიციალური თანამდებობის პირი და ინსტიტუტის ხელმძღვანელია, მაგრამ პიროვნული უნარები არ აღმოაჩნდათ, ის გააკეთონ, რაც სწორად მიაჩნდათ! როცა ბატონი ბიძინას ორბიტაში ხვდები, რაღაცნაირად იმ მიმართულებით მიგექაჩება, რომ მთლიანი სურათი კარგად ვერ დაინახო... 

- მაშასადამე, ივანიშვილი კოალიციისთვის მზეა... თავისუფალი დემოკრატები მზესთან ძალიან ახლოს ხომ არ მიხვედით და ამიტომ დაიწვით? 
- მოდი, ასე ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ბიძინასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა და თანამშრომლობა მქონდა, დისტანციას ყოველთვის ვინარჩუნებდი და თავისუფალი აღქმის უნარი რომ არ დამეკარგა, ოლიმპოდან თვითონ წამოვედი! საერთოდ, მახასიათებს: იმ ადამიანების სიახლოვეს ყოფნა, ვინც მაღალ თანამდებობებს იკავებენ, არ მიყვარს, მით უმეტეს, როცა აკვირდები, მათკენ სხვა ადამიანები როგორ იძვრებიან და რიგიც კი დგება, რომ ხელისუფლებაში მოსული მაღალი სტატუსის მქონე პიროვნების გვერდით ადგილი დაიმკვიდრონ. ეს ყველას არაერთხელ გვინახავს... შეიძლება, უცნაურია, მაგრამ პიროვნულად თავს კომფორტულად ოპოზიციაში ვგრძნობდი. ხელისუფლებაში რომ მოვედით და ზურგს ძალაუფლება მიმაგრებდა, თავს ისე კარგად ვეღარ ვგრძნობდი, რადგან ძალაუფლების ძალით ლაპარაკი არ მიყვარს! 

- ახლაც ოპოზიციაში ხართ... ქალბატონო ნინო, მაშინ კი, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაიცავით, ხელისუფლებაში იყავით. ამის გამო ივანიშვილმა ხომ არ გაგაკრიტიკათ? 
- არა, ბატონი ბიძინაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს ზუსტად ისე უყურებდა, როგორც მე, თუმცა კოალიციაში ძალიან მძიმე შეფასება და შეჩვენება იყო. ეს ჩემთვის ბუნებრივი გამოსვლა გახლდათ და ადამიანებს ვუთხარი, რომ ყველაზე დიდი ღირებულება ერთი ცალკეული ადამიანია, სხვისი ღირსების შელახვა შენი ღირსების შელახვაა და არ შეიძლება, ჯოგის პოზიციიდან იმოქმედო! 

- მაპატიეთ, ლგბტ მეგობრები გყავთ? 
- სტუდენტობის პერიოდში მყავდა და მათთან ურთიერთობა საინტერესო იყო... 

- თვლით, რომ ქალი და კაცი თანასწორია? 
- დიახ, ვთვლი, რომ ქალი და კაცი ცხოვრებაში და პოლიტიკაშიც თანასწორი უნდა იყოს! ისე გავიზარდე, არ მეგონა, ჩვენს ქვეყანაში ამ თანასწორობის პრობლემა თუ არსებობდა. საერთოდ, გენდერზე ამდენი ლაპარაკი მაღიზიანებდა, რადგან ყოველთვის ძალიან ბევრი ბიჭი მეგობარი მყავდა და თავი მეორეხარისხოვან როლში არასოდეს მიგრძნია. აქედან გამომდინარე, ის ფუნდამენტური პრობლემა გამომეპარა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში, თურმე, არსებობს! ამაზე თვალი იმ ძალადობის კასკადმა ამიხილა, რაც ქალების წინააღმდეგ განვითარდა, შეფასებებმა კი მთლად გადამრია, ეს ოჯახური საქმეა, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არავინ უნდა ჩაეროს და ეს სახელმწიფოს საქმე არააო. - ქალბატონო ნინო, ყოფილი პრემიერი ირაკლი ალასანიას პირად ცხოვრებას რომ შეეხო, არ გაბრაზდით? - ძალიან! საერთოდ, ჭორაობა არ მიყვარს და ბავშვობიდან მოყოლებული, არავისზე მიჭორავია - სხვა ადამიანის ცხოვრება ჩემი საქმე არაა. ყველაზე მეტად ჭორი და ადამიანის დისკრედიტაცია მაღიზიანებს! ადამიანი, რომელიც სხვის პირად ცხოვრებას პატივს არ სცემს, არ ვიცი, პატივს რამეს სცემს თუ არა... მოკლედ, ეს 2013 წლის იანვარში მოხდა და უკვე მაშინ ვიცოდი, რომ ირაკლი ალასანია მიზანში იყო ამოღებული. 

- საიდან იცოდით? 
- პირადი საუბრების გამომზეურება არ მიყვარს... არ შეიძლება, ეს მეორე და მესამეხარისხოვანი ადამიანებისგან მცოდნოდა. 

- ის მაინც მითხარით, 2013 წლის იანვარში ალასანია მიზანში ვის ჰყავდა ამოღებული? 
- არ მინდა ამაზე პასუხის გაცემა... მგონი, ძალიან ნათლად ვლაპარაკობ... ერთ ადამიანსაც არ დავასახელებ, თუმცა ყველაფერი ნათელი იქნება... ვიცოდი, რომ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სასტიკი კამპანია წარიმართებოდა. ამის და რაღაც საუბრის თაობაზე ირაკლი ალასანიას, ალექსი პეტრიაშვილსა და ვიქტორ დოლიძეს ვუთხარი; ასევე ვუთხარი სხვა პარტიის ორ ლიდერს. 

- დაგიჯერეს? 
- კი, დამიჯერეს... კოალიციის ერთიანობისა და იმისთვის, რომ ნაციონალები ახალი დამარცხებული გვყავდა და ხელისუფლება ჯერ ძლიერი იყო, არ გვინდოდა არასტაბილურობის განცდის შექმნა, ამიტომ თავისუფალმა დემოკრატებმა ამბიცია არაერთხელ უსიტყვოდ დავთმეთ. 

- ,,ოცნების' მინისტრთა კაბინეტში ყველაზე მეტი სავარძელი თქვენ გქონდათ და ესაა ამბიციის დათმობა? 
- ამბიციის დათმობა ამბიციის დათმობაა... ისიც ძალიან საინტერესო ისტორიაა, როცა დაიწყო ლაპარაკი, როგორ გაბედა ირაკლი ალასანიამ და პრეზიდენტობა მოინდომაო. როცა კოალიციაში შევედით, ყველამ ვიცოდით, რომ დათო უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იქნებოდა, ირაკლი - პრეზიდენტი, ბატონი ბიძინა - პრემიერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასოდეს გვითქვამს, ირაკლი კენჭს პრეზიდენტობაზე იყრისო. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ პარტიის წევრებმა იკითხეს, პრეზიდენტობაზე ჩვენი პარტიიდან ირაკლი ხომ არ წარვადგინოთო, მაგრამ ყველამ ვთქვით, არ გვინდა, რადგან ეს ბრძოლა ბატონმა ბიძინამ მოიგო, ვაცადოთ და თუ ეს შეთავაზება მისგან წამოვა, დავთანხმდეთო. 

- ისე, ალასანიას უმოქმედო პრეზიდენტობა რისთვის უნდოდა? 
- პრეზიდენტი სახელმწიფოს მთავარსარდალია! 

- ეს, როგორც იტყვიან, ფურცელზე, ქალბატონო ნინო... 
- ჩვენ, რომლებიც დამოუკიდებელი ინსტიტუტების პატივისცემის ლოზუნგით მოვედით, ხომ არ ვიცოდით, რომ ასეთი პოლიტიკური ცხოვრება გვექნებოდა?! 

- როგორი ცხოვრება? 
- ვამბობდით, ქვეყანას ინსტიტუტები მართავენ და არასოდეს დავუშვებთ, ძალაუფლება ხელში ერთმა ადამიანმა ან ერთმა ინსტიტუტმა ჩაიგდოსო. ამ პრინციპების დღესაც გვჯერა. ,,სპიჩებზე' რომ მეკითხებით, იქიდან უკან ერთ სიტყვასაც არ წავიღებ - ის სწორედ ის სიტყვები იყო, რომლისთვისაც თავისუფალი დემოკრატები ვიბრძოდით. ნაციონალების სისასტიკე ,,ოცნების' ხელისუფლების დროს არაა, მაგრამ ამის იქით არაფერია! 

- ქალბატონო ნინო, სიტყვა გაგვიგრძელდა, მაგრამ რამდენიმე კითხვა კიდევ უნდა დაგისვათ... თქვენ და ირაკლი ალასანიასაც არაერთხელ გითქვამთ, რომ ,,კაბელების საქმე' ივანიშვილის დავალებით ,,შეიკერა'. ვთქვათ, ასეა, მაგრამ ყოფილ პრემიერს ეს რისთვის უნდა სდომებოდა? რა, ალასანიას წინააღმდეგ შურისძიება ამოძრავდება? 
- ამას ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: 2013 წლის იანვარში ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოუტანეს! ისინი, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით, გრძნობდნენ, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური განაჩენი გამოტანილი ჰქონდა და ფიქრობდნენ, ირაკლიზე კომპრომატების შეგროვებით კეთილგანწყობას მოიპოვებდნენ. ამ საქმიანობაში ბატონ ბიძინასთან კონკურენცია იყო. 

- ამ ,,საქმიანობაში' რესპუბლიკელებიც მონაწილეობდნენ? 
- ცალსახად ვამბობ - არა! 

- არც, მაგალითად, ზვიად ძიძიგური? 
- მთავარი ისაა, რომ ,,კაბელების საქმის' მერე, ადამიანებმა, იმ კოალიციის წევრებმა, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით და რომლებიც ჩვენი მეგობრები გახდნენ, იმის მაგივრად, რომ თანამებრძოლის მხარე დაეჭირათ და გაკვირვებდათ მაინც, თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად, ლაპარაკი დაიწყეს, დიახ, აქ კორუფციააო. ის საქმე, რომელსაც საიდუმლო გრიფი ედო, თურმე, წაკითხულიც ჰქონდათ... 

- საგანელიძეს გულისხმობთ? 
- არა მხოლოდ... ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია და ასეთ ადამიანებთან არაფერი მესაქმება! 

- თუკი ყველაფერი, რასაც ამბობთ, მართალია, ხელისუფლებამ უკან რატომ დაიხია და პროკურატურამ ,,კაბელების საქმეზე' დაჭერილთა გირაოთი გათავისუფლება რატომღა მოითხოვა? 
- გაცილებით გულწრფელები იქნებიან, თუ ამ საქმეზე ლაპარაკს 2014 წლის ივნისით კი არა, 2013 წლის იანვრით დაიწყებენ. 

- ქალბატონო ნინო, იქ, სადაც ალასანიას 2013 წლის იანვარში პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს, აგენტები გყავდათ თუ როგორ გაიგეთ? 
- აგენტები, რა თქმა უნდა, არ მყავდა. იქ თვითონ ვიყავი და სხვადასხვა შეფასება მესმოდა...
 
- ეს შეფასებები ივანიშვილისგანაც გესმოდათ? 
- მე და ბატონ ბიძინას ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა. 

- ალასანიასთან დაკავშირებით?
- დიახ... 

- გთავაზობდათ, თავისუფალი დემოკრატები დაგეტოვებინათ? 
- მეტს არაფერს ვიტყვი... ეს ლაპარაკი 2013 წლის იანვარში იყო და უკვე ვიცოდი, რომ ალასანიას პოლიტიკური განაჩენი გამოტანილი ჰქონდა. 

- ქალბატონო ნინო, რისი იმედი გაქვთ, გააზაფხულებთ? 
- აუცილებლად! სიმართლისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!